მიწის სიყვარულით გაშენებული ბაღი - კვირის პალიტრა

მიწის სიყვარულით გაშენებული ბაღი

"ფული კი არა, გულია საჭირო - ყველაფერი საკუთარი ხელით გავაკეთე"

"ყველა წარმატებული ქვეყანა საქმეს მიწის სიყვარულით იწყებს"

მას მერე, რაც "დედულ-მამულში" დაიბეჭდა სტატია - "ჩემი კარ-მიდამო შენსას სჯობია", სადაც ლანდშაფტის არქიტექტორი გვირჩევს, როგორ უნდა მოვაწყოთ საკუთარი ეზო-კარი, მკითხველი - გია ჭოხური დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ თავისი ხელით გაშენებულ-მოვლილი კარ-მიდამო აქვს, რომელზეც ლანდშაფტის არქიტექტორს არ უმუშავია და თუ ინებებთ, მესტუმრეთო.

ბატონ გიას ავჭალაში ვეწვიეთ (ეს ის ადგილი გახლავთ, სადაც სააკაშვილის მთავრობას შემოვლითი რკინიგზის ხაზი გაჰყავდა). ჩვენი რესპონდენტი წუხს, რომ თუ მშენებლობა განახლდება, ტერიტორია, შესაძლოა, ბუფერულ ზონაში მოხვდეს და მის კარ-მიდამოს საფრთხე დაემუქროს - უბრალოდ, აიღონ... ამის გაფიქრებაც არ უნდა, რადგანაც 10 წელია, ყოველდღიურად შრომობს  და ფუსფუსებს თავის მამულში...

- ახალგაზრდობაში პოლიციაში ვმუშაობდი. ჩინით მაიორი ვარ, ბოლოს პენსიაზე პოლიციის აკადემიიდან გავედი. ახლა ერთ-ერთი ოფისის დაცვის სამსახურში ვმუშაობ... ეს ტერიტორია უწინ ყოფილი კონიაკის ქარხნის მებაღეობას ეკუთვნოდა. 90-იან წლებში ყველაფერი დაიშალა და აქაურობაც გაიყიდა. ეზო რკინიგზის მშენებლობას რომ შეეწიროს, ძალიან დამწყდება გული, რადგან დიდი შრომა მაქვს აქ ჩადებული. უამრავი მცენარე ხარობს, რომლებიც შვილებივით მიყვარს. ამდენი ცოცხალი "არსება" როგორ უნდა განადგურდეს?

- როგორ აღმოჩნდით ამ ტერიტორიაზე?

- აქვე, ავჭალაში, კორპუსში ვცხოვრობდი. სოფელში გაზრდილი კაცი ვარ და ბეტონის კედლებში გაძლება მიჭირდა. მიწასთან, მცენარეებთან სიახლოვე მინდოდა. მინდოდა, თავისუფალი დრო მიწაზე მუშაობაში გამომეყენებინა. ამიტომ კორპუსში ბინა გავყიდეთ და აქ მშენებარე სახლში გადმოვედით.

ბავშვები კარგად სწავლობდნენ, ჩემი ფინანსები მათ განათლებას მოვანდომე და სახლის დასრულება ვეღარ შევძელი, სამაგიეროდ, ეზოს მივხედე, მოვუარე. გავკაფე ეკალბარდები. ეზოში წყალი ჩამოდიოდა და აქაურობა დაჭაობებული გახლდათ, წყლისგან ხეების ძირები გამომპალი იყო, ამიტომ თავდაპირველად სადრენაჟო სისტემა მოვაწესრიგე.

- ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებთ?

- დიახ, ჩემი ხელით ვაკეთებ, აი, ეს მიწაც მარტომ მოვჭერი. მოკლედ, ეზოში ჭაობი და ეკალბარდები მოვსპე. გავაკეთე ტერასები და ათასგვარი მცენარე გავაშენე.

ყველა წარმატებული ქვეყანა საქმეს მიწის სიყვარულით იწყებს. ჯარში გერმანიაში ვმსახურობდი, ლიტვაშიც გახლდით და ყველგან საოცარი გამწვანებაა. ამას უდიდეს ყურადღებას აქცევენ. გერმანიის პატარა სოფელშიც რომ შესულიყავი, რაღაც ახალს მაინც აღმოაჩენდი და გაგიკვირდებოდა. გერმანელს შეუძლია, დაჯდეს და სილამაზეს საათობით უყუროს. აქ, ამ რკინიგზის ხაზის მშენებლობაზე, გერმანელები მუშაობდნენ. ეზოში ხშირად მსტუმრობდნენ, დასხდებოდნენ და რაღაცებს უცქერდნენ, აკვირდებოდნენ და შემდეგ მეკითხებოდნენ...

- როგორც ვატყობ, ეზოს მოსაწყობად თანხა არ დაგიხარჯავთ...

- არა, რა თანხა! ხომ გეუბნებით, ჩემი ხელით გავაკეთე ყველაფერი. მთავარია, რამის კეთება გინდოდეს და შენი კუთხე, მიწა გიყვარდეს. პატრიარქის ქადაგებებს ვუსმენ და სულ ამბობს, მცენარეები გაახარეთ, მიწას ნუ მიატოვებთო...

ამ ეზოში საცხოვრებლად რომ მოვედი, მხოლოდ კომში და კაკალი დამხვდა. უზარმაზარ ხეებს ფესვები ჰქონდა გამომპალი. ისინი ძირიანად ამოვყარე. მერე ეზოში კანალიზაცია გავიყვანე, ახალი ხეხილი დავრგე, ზოგ რაღაცას ვაკალმებდი, ზოგს მჩუქნიდნენ, ზოგს მე ვჩუქნიდი...

ამდენი მცენარე მაქვს და არაფრის გაყიდვა არ შემიძლია. თუ ვინმე მოდის და რაიმეს მთხოვს, ვაძლევ. რამის გაყიდვის ნიჭი არ მაქვს, ეგ საქმე არ გამომდის...

- რამდენი დასახელების ხეხილი გაქვთ?

- ოთხი ჯიშის გარგარი მაქვს, ხუთნაირი ქლიავი, 10-ზე მეტი ჯიშის ვაშლი და 20-მდე ჯიშის ვაზია გაშენებული. აი, იმ ტერასაზე კიდევ ახალი ჯიშის გაშენებას ვაპირებ... მაქვს კარალიოკი, კომში... წყალტუბოს ქუჩაზე მეგობარი ცხოვრობს, გაზონი გააკეთა. ზურაბ წერეთელთან მუშაობდა და მოსკოვში საქართველოდან წასული ქართველი შეხვედრია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობდა. საქართველოდან წასვლისას ვაზი წაუღიათ და იმ კაცს ერთი ძირი მიუცია, საქართველოში რომ ჩახვალ, დარგეო. მოკლედ, იმ ვაზმა ჩემამდეც მოაღწია - მეგობარმა ხუთი ძირი მიწილადა.

ამილახვრების ვაზს ეძახიან და აი, იქ გავაშენე. გამოსავლიანობა (ყურძნის წვენიდან მიღებული ღვინის მოცულობა) 70% აქვს, როცა ჩვეულებრივად, ვაზის გამოსავლიანობა 45-50%-ია. მაქვს ვაზი მუხრანბატონების ზვრებიდან (ჩემი სოფლიდან), რომელსაც ჩინური ჰქვია. ბიძაჩემი მევენახე იყო და მეუბნებოდა, ეს ვაზი მუხრანბატონის ჩამოტანილიაო. არის საგლეხო ჭყაპა - ღვინოს რომ დააყენებ, როგორც შამპანური, ისე ისვრის შხეფებს. მაქვს საოცარი შავკაპიტო, რომლისგანაც ვარდისფერი ღვინო გამოდის.

- დეკორატიული მცენარეებიც გაქვთ: ფოთლოვანები და მარადმწვანე წიწვოვანები, საოცარი ვარდები...

- ეზოს სილამაზეც ეგ არის. სხვადასხვა ჯიშის ვარდი მაქვს. ერთს ზოლიან ვარდს ვეძახი, სხვადასხვა ზოლი დასდევს. აქვეა შავკოპლიანი ვარდიც და მოყავისფრო წინწკლებიანიც...

- სად შეიძინეთ?

- დეზერტირის ბაზართან ბევრი მეყვავილე იყრის თავს, მცენარეებით ვაჭრობენ. როცა ჩავივლი, მეუბნებიან, წაიღე და როცა გინდა, ფული მერე მოიტანეო. მომაქვს და ვამრავლებ. უმეტესად მცენარე რომ გაიხარებს, ვაკალმებ და ასე ვამრავლებ. ზოგს გადაწიდვნის მეთოდით ვაფესვიანებ.

- ეგ რას ნიშნავს?

- გაზრდილ ტოტს გადავკეცავ, ორმოს ამოვთხრი, ტოტს ჩავდებ და ზედ მიწას დავაყრი, წვერს კი ამოვაყოფინებ. ფესვს რომ გაიდგამს, გადავჭრი და უკვე დამოუკიდებელი მცენარეა. ასე ვაფესვიანებ ვარდებს. ვაშლიც მაქვს ასე გამრავლებული.

- საიდან იცით ეს ყველაფერი?

- საქმე როცა გიყვარს, მერე ყველაფერი თავისით მოდის - სპეციალისტებს ვეკითხები, ლიტერატურას ვკითხულობ, ზოგს თავად ვხვდები. რაც მიწასა და მიწათმოქმედებას ეხება, ყველაფერი მაინტერესებს.

- განსაკუთრებით რომელი მცენარე მოგწონთ?

- კლიმატისი ჰქვია, გაზაფხულზე ყვავის. ულამაზესია. ხვიარა მცენარეა, სხვადასხვა ფერის ყვავილი აქვს. ფერისცვალების მერე ახალი ნამხრევი მოაქვს, ანუ ფოთლის შიგნით კიდევ ფოთოლი ამოდის. ძალიან მიყვარს გლიცინიები, ხუთი ფერის მაქვს...

ბაღში ზოგი ისეთი მცენარეა, რომლის სახელიც არ ვიცი, მაგრამ საოცარ სურნელს აფრქვევენ... რამდენიმენაირი სურო მაქვს, ასევე - სხვადასხვა ჯიშის ნაძვი.

- არ იღლებით ბაღის მოვლით?

- არა, რას ამბობთ? აქ ტრიალი ჩემთვის სიამოვნებაა. სამსახურიდან დაბრუნებულს, ერთი სული მაქვს, ბაღში დავჯდე და განვიტვირთო. აქ ჩემს სამყაროში ვარ.

- რა ფართობზეა ბაღი გაშენებული?

- 1000 კვადრატულ მეტრზე მეტია.

- ოჯახის წევრები გეხმარებიან?

- მეუღლე ბაღში ქალის საქმე რაც არის, ყველაფერს აკეთებს. შვილები კარგი სტუდენტები არიან და სწავლაში ხელს არ ვუშლი... ისე, თუ დრო აქვთ, უარს არაფერზე ამბობენ, მცენარეები უყვართ.

- უეკლო მაყვალი თუ გაქვთ ბაღში?

- კი და კარგადაც ვახარებ. მაქვს ასევე ჟოლო, მარწყვი... ყოველ ზაფხულს მწვანილეული და ყველანაირი ბოსტნეულიც მომყავს, ჩემი მაქვს ყველაფერი.

- წყაროც გაგიკეთებიათ და პატარა ფანჩატურიც...

- სურვილი რომ გაქვს საქმის კეთების, ფანტაზიაც გეხსნება, სულ ფიქრობ, რა შექმნა. აქ წყალი მუდმივად მოდის, თუმცა, ისე მაქვს გაკეთებული, თუ მინდა, გადავკეტავ. წყალი მილებით აქამდე შემოვიყვანე. მილები დავხვრიტე და წყალი ახლა იქიდან გამოდის, მაგრამ ეს ყველაფერი მიწის შიგნით არის და გარედან არ ჩანს. პატარა ბუნებრივი ჩანჩქერის იმიტაციას ქმნის. ახლა აქ თევზები უნდა გავუშვა.

ეს ფანჩატურიც საკუთარი ხელით გავაკეთე. ფიცრები სამსახურიდან მოვიტანე - მინის პაკეტები იყო შეფუთული და მინები რომ ამოიღეს, ფიცრებს ყრიდნენ. ვთხოვე და წამოვიღე. მერე ზედ ხვიარა მცენარეები გავუშვი და ალამაზებს.

ეს "მაგიდა" ალვის ხის კუნძია, სკამები კი პატარა კუნძებია - შეშა რომ მოვიტანე, იქიდან ავარჩიე... ყველაფერი ბუნებრივი რაღაცებისგან გავაკეთე, ასე უფრო სასიამოვნოა. ბორდიურებად სპეციალური მცენარეები, ბალახები გამოვიყენე.

- ბაღს ბილიკები ყოფს...

- მგონია, რომ ასე უკეთ აღიქვამს ადამიანი ბაღსაც და ეზოსაც... ბილიკებზე ფილები დავდე და თეთრი დეკორატიული ხრეში დავყარე. ღამით თუ გამოხვალ, გზას თვითონ გაჩვენებს. აი, ეს მშენებარე ფანჩატურია და ამის ქვით ამოშენება მინდა. ვისაც სურვილი ექნება, მოვიდეს და ნახოს. აქედან უკმაყოფილო არავინ წასულა. ქვეყანა ვერ აშენდება, თვითონ თუ არ ვიშრომეთ და შევქმენით. დაიწყე მიწასთან შრომა და მერე ის სტიმულს თავად გაძლევს, კარგ საქმეებს გაკეთებინებს.

ლალი ფაცია