სოფელი, სადაც მოსავალს აღარ ელოდებიან - კვირის პალიტრა

სოფელი, სადაც მოსავალს აღარ ელოდებიან

რამდენიმე დღის წინ კაჭრეთს ვესტუმრე. სოფელში ჩასვლისთანავე ტაქსი ვიქირავე. გოჩა ადგილობრივი ტაქსის მძღოლია, სოფლის გასაჭირი ყველაზე კარგად იცის. მისი მოძველებული ავტომობილით ოღროჩოღრო აღმართს მივუყვებით. სოფელში სამი თვეა, წვიმა არ მოსულა, კაჭრეთი მოსავლის გარეშე რჩება. არადა, აქაურების შემოსავლის წყარო, როგორც მთელ კახეთში, ვენახი და მარცვლეული კულტურებია.

სოფლის ცენტრში, მთავარ ბირჟაზე შეკრებილ რამდენიმე ასაკოვან მამაკაცთან ვჩერდებით. ვიდრე მანქანიდან გადავალ, გოჩა იქ მყოფთ ეუბნება, - ჟურნალისტია მოსული, რა გიჭირთ და გილხინთ, სათითაოდ მოახსენეთო. თამაზა პაპა, გვალვის სავალალო შედეგებზე საუბრობს.

- კარტოფილის ამოღება დავიწყე. ერთი ბუდიდან სულ სამი-ოთხი კარტოფილი ამოდის და ისიც დამჭკნარია. როგორ უნდა გავიტანოთ მთელი წელი თავი?! თქვენმა სტუმრობამ თითქოს რაღაც იმედი მოგვეცა. ამბავი მაინც წაიღეთ, კაჭრეთი რა გასაჭირშია... "

საუბარში შალიკო ბაცანაძე ერთვება - უკვე ნახევარი საუკუნეა, სოფლის პარიკმახერია. ბევრი კარგიც ახსოვს და ცუდიც.

- უწყლობით დაიწვა ყველაფერი, არც დასალევი წყალია და არც სარწყავი. უპატრონოდ ვართ მიგდებული, პატრონი არა გვყავს, არც გამგეობას აქვს ჩვენი დარდი და არც მთავრობას...

- წყალი გრაფიკითაც არ მოდის?

- რეზერვუარში ყოველდღე აგროვებენ წყალს და დილაობით თითო უბანში თითო საათით უშვებენ.

საუბარს ჩემი "ექსკურსიამძღოლი" გოჩა გვაწყვეტინებს.

- დღეს ლიტრა-ნახევარი წყლის აღება მოვასწარი. ვისაც მანქანა გვყავს, გაგვიმართლა, ვისაც არა და ხელით ეზიდებიან.

- საიდან მოაქვთ?

- სოფლის თავში ჯიქურაანთ წყაროა. ზოგი ბურღის წყლიდან ეზიდება.

საუბარს ისევ შალიკო პაპა აგრძელებს.

- უკვე რამდენიმე თვეა, ცას წვეთი არ ჩამოუგდია. ჩვენს ადგილებში რომ ჩაგიყვანოთ, განახოთ გადამხმარი ბოსტნეული და მტევანზე აქა-იქ მიმოფანტული დაკნინებული მარცვალი, გული დაგეწვებათ... მთელი წლის წვალებას აღარ ვჩივით, რაც დავხარჯეთ, იმასაც რომ ვერ ამოვიღებთ?

- სარწყავი არხი არ არის?

- მე ვენახი სოფლის თავში მაქვს, იქ მსგავსი არაფერია. მოსახლეობის უმეტესობას ადგილი ცენტრალური გზის ქვემოთ აქვს. იქ კი მოდის ივრის წყალი, მაგრამ ერთ ჰექტარზე 75 ლარია გადასახადი. სოფელში სულ ალბათ რამდენიმე კაცი რწყავს ნათესებს. მოსახლეობის 80%-ს ფული სად აქვს! ჰოდა, არც ხორბალი მოვიდა, არც ქერი, არც მზესუმზირა, არც ლობიო და არც სიმინდი... გადაიწვა ყველაფერი. ეს მხარე უდაბნოდ იქცა, აგერ ვაზიც რომ გახმობის პირასაა...

ვენახში უნდა წამოხვიდეო, - მეუბნება შალიკო პაპა. - უწყლობით დამშეულ მტევნებს რამდენიმე მარცვალი აქვს შემორჩენილი. გადამხმარ პამიდორსა და სიმინდს აღარ ვდარდობ, იქნებ ვაზი მაინც გადამირჩესო, - წუხს შალიკო პაპა.

"საბჭოთა" საპარიკმახერო

ვენახიდან ისევ სოფლის ცენტრში ვბრუნდებით. გზად ჯიქურაანთ წყარო გვხვდება. ბალონებით დატვირთული, რიგში მდგარი რამდენიმე ავტომობილის მძღოლი რიგს ელოდება. ახლა მეზობელი სოფლიდან ვირის ტაჭკით ამოსული ახალგაზრდა კაცის რიგია, ყოველდღე წყლისთვის 4 კილომეტრს რამდენჯერმე გადის...

ისევ სოფლის ბირჟა და შალიკო პაპა, რომელიც სოფლის საპარიკმახეროში მეპატიჟება. შალიკო პაპა აქ ჟორა გოგილაშვილთან ერთად მუშაობს. პარიკმახერების ოთახი საბჭოთა პერიოდის ფოტოებით, ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. ისინი დღემდე 1952 წელს გამოშვებული "მაშინკით" მუშაობენ. სტალინის ფოტოს ამ ოთახში საპატიო ადგილი უკავია. მისი თქმით, ქვეყანას ახლა ბელადი თუ გამოაფხიზლებს. თმის შეჭრაზე ფიქსირებული გადასახადი არ არის, ვისაც რა შეძლება აქვს, იმას გვიხდიან, ნისიაც ბევრიაო, - ამბობს ჟორა პაპა.

ჟორა გოგილაშვილი:"- ამ შენობაში თვეში 40 ლარს ვიხდით. ხანდახან დღეები ისე გადის, ერთი კლიენტიც არ არის.

აქაურებს ბევრი პრობლემა აქვთ. რვა სოფელს კაჭრეთის ერთადერთი სასწრაფო დახმარების ბრიგადა ემსახურება და მოსახლეობა უკმაყოფილოა. მოძველებულ ავტომობილს ხან საბურავი უფუჭდება და ხან ძრავა. ხშირად საწვავიც არ ჰქონიათ.

სოფელში ერთადერთი სამედიცინო დაწესებულება რამდენიმე წლის წინ მიტოვებული და უფუნქციოდ დაჩენილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე აშენებული პოლიკლინიკაა. მისაღებ ოთახში რამდენიმე თანამშრომელი ქალბატონი და სასწრაფოს ექიმი გელა სოლოღაშვილი გვხვდება. იმას, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი მოძველებულია, ექიმებიც გვიდასტურებენ. ეკიპაჟი გამოძახებაზე იყო გასული და მისი გადაღება, სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე.

ძველი სახანძრო

ერთ დროს ამ ფაბრიკაში ორი ათასი ქალი იყო დასაქმებულიო, - მეუბნება გოჩა და სამსართულიან შუშებჩამტვრეულ შენობაზე მითითებს. ცოტა ქვემოთ მიტოვებული შენობაა, ერთ დროს აქ სკოლა-პანსიონი ყოფილა, ამავე ტერიტორიაზეა სახანძრო, ისიც ერთდროულად რვა სოფელს ემსახურება. ღია ავტოფარეხში თეთრწითელი რუსული "გაზ 66" დგას, ჯერ კიდევ საბჭოთა ნომრები აქვს. ეკიპაჟი ორკაციანია, მეხანძრე და მძღოლი...

მეხანძრე:

- 20 წელია, აქ ვმუშაობ. ეს მანქანა ჩემამდე რამდენიმე წლით ადრე მოუყვანიათ. ეს ერთადერთი სახანძრო 8 სოფელს ემსახურება. ძირითადად მინდვრებს უჩნდება ხანძარი. თუ ერთდროულად რამდენიმე გამოძახებაა, მაშინ გურჯაანს ვატყობინებთ და გვეხმარებიან...

- წყალს საიდან იმარაგებთ?

- ჭაბურღილი გვაქვს, ამიტომ რამდენიმე ტონა წყალი მარაგად ყოველთვის გვაქვს.

კაჭრეთულ ვოიაჟს სოფლის ახალდანიშნულ გამგებელთან შეხვედრით ვამთავრებ. ნოდარ ბარნაბიშვილი ამბობს, რომ კაჭრეთში მალე რამდენიმე ჭაბურღილი ამუშავდება. იგეგმება გზის დაგება, კულტურის სახლის ამოქმედება და ახალგაზრდებისთვის გასართობი მოედნის მოწყობა.

მოსავლის გარეშე დარჩენილი 1400-კომლიანი სოფელი ახალ გამგებელს იმედით უყურებს და სახელმწიფოსგან დახმარებას ელის...

თორნიკე ყაჯრიშვილი