ყველაზე მეწველნი კავკასიაში - კვირის პალიტრა

ყველაზე მეწველნი კავკასიაში

”ეს არის ჰოლშტეინურის, შვიცბრაუნისა და ფლეკვეს ნაჯვარი მომთაბარე პირუტყვი. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ საქონელი მთაში 2200 მეტრ სიმაღლეზე ადის. ეს თვისება სხვა მაღალპროდუქტიულ პირუტყვს არ აქვს. ასეთ დროს მათ ჩლიქები უზიანდებათ, წონაში იკლებენ...”

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სომხეთის არზნის საჯიშე მეურნეობას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, ნებისმიერი ფერმერი თუ გლეხი საქართველოში სომხეთიდან მაღალპროდუქტიული პირუტყვის შემოყვანას შეძლებს. არზნის მეურნეობაში გამოყვანილი პირუტყვი სამჯერ მეტს იწველება, ვიდრე საქართველოში გავრცელებული ჯიშები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პირუტყვმა უკვე გაიარა ადაპტაცია კავკასიის კლიმატურ პირობებში.

ნინო ზამბახიძე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე:

- საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემაა მაღალპროდუქტიული პირუტყვის არარსებობა. როცა სახელმწიფომ მიზნად დაისახა ამ პრობლემის მოგვარება, ბევრი ქვეყანა შემოვიარეთ, სადაც მესაქონლეობა განვითარებულია და არჩევანი მეზობელ სომხეთზე შევაჩერეთ. არზნის საჯიშე მეურნეობაში დღეს 3000 სული პირუტყვი ჰყავთ. ეს არის ჰოლშტეინურის, შვიცბრაუნისა და ფლეკვეს ნაჯვარი მომთაბარე პირუტყვი. ყველაზე კარგი ის არის, რომ საქონელი მთაში 2200 მეტრ სიმაღლეზე ადის. ეს თვისება სხვა მაღალპროდუქტიულ პირუტყვს არ აქვს. ასეთ დროს მათ ჩლიქები უზიანდებათ, წონაში იკლებენ და სხვ.

ჩვენი ფერმისთვის უკვე შემოვიყვანეთ 69 მეწველი ძროხა არზნის საჯიშე მეურნეობიდან. პირუტყვი კარანტინზე დავაყენეთ და ურაველის მთაში გავუშვით. გარემოს კარგად შეეგუვნენ და უკვე ხბოს მოგება დაიწყეს. სწორედ ამის შემდეგ გააფორმა საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ არზნის საჯიშე მეურნეობასთან მემორანდუმი, ამიერიდან ყველა დაინტერესებულ ფერმერს შეუძლია ეს მაღალპროდუქტიული პირუტყვი საკმაოდ შეღავათიან ფასად შეიძინოს და საქართველოში ჩამოიყვანოს.

თუ ევროპიდან ასეთი მაღალპროდუქტიული პირუტყვის ჩამოყვანა 2.800 ევრო ღირს, არზნის საჯიშე მეურნეობასთან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ასეთი პირუტყვის ჩამოყვანა 2.650 დოლარად არის შესაძლებელი. ჯერ ერთი, ეს დიდი ფინანსური შეღავათია ფერმერისთვის და მეორეც - ჩვენს კლიმატურ პირობებთან ეს პირუტყვი ადაპტირებულია. გარდა ამისა, ყველა ფერმერს ექნება შესაძლებლობა, ჩავიდეს და ადგილზე ნახოს პირუტყვი. საქართველოდან ავტომობილით სულ ოთხი საათის სავალია.

- საუბარია მეხორცულ თუ მაღალი წველადობის ჯიშებზე?

- ამ შემთხვევაში ჩვენ რძის მწარმოებელ ჯიშებზე ვსაუბრობთ, თუმცა, არზნის საჯიშე მეურნეობა მრავალპროფილიანია და მეხორცული ჯიშებიც ჰყავთ. საქართველოში გავრცელებული პირუტყვი საშუალოდ 7-8 ლიტრს იწველება მაშინ, როცა ეს ძროხები იწველებიან 22-25 ლიტრს. სოფელ წნისში ახლა საერთაშორისო დონის ფერმას ვაშენებთ, სადაც სექტემბერში ჩამოვიყვანთ იმ პირუტყვს, რომელიც ახლა ურაველის მთებშია. ამ რესურსით შემდეგში ვაპირებთ საჯიშე მეურნეობის გაკეთებას. ამას, სულ ცოტა, 7 წელიწადი მაინც დასჭირდება, მანამდე კი მაღალპროდუქტიული პირუტყვის შეძენა ფერმერებს მემორანდუმის ფარგლებში, სომხეთში შეეძლებათ.

- გვახსოვს, წინა ხელისუფლებამაც სცადა ქვეყანაში მესაქონლეობის განვითარება, ჰოლანდიური ჯიშის მაღალპროდუქტიული პირუტყვი ჩამოიყვანეს, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა...

- პირუტყვი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხელისუფლებამ შემოიყვანა, უნდა ყოფილიყო ბაგურ კვებაზე. როგორც კი ასეთ პირუტყვს დღის რეჟიმიდან ერთ კვებას ამოუგდებ, შემდეგ ერთი კვირა გჭირდება, რომ კვლავ საწყის კონდიციას დაუბრუნო.

არის ბევრი დაავადება, რომელსაც უცხოური ძროხები ვერ უძლებენ. ჩვენთან კი ვეტერინარიის სამსახური არასახარბიელო მდგომარეობაშია. ხშირად ვხუმრობ კიდეც შავი იუმორით: უცხოურ ძროხას მიზეზი არ სჭირდება, რომ მოკვდეს. ქართულმა ძროხამ კი შეიძლება პლასტმასის ბოთლი შეჭამოს და არაფერი დაემართოს.

არზნის მეურნეობიდან ჩამოყვანილ ძროხებს კი სწორედ ისეთი მოვლა სჭირდება, როგორიც ახლა, სოფლად გავრცელებულ საქონლის ჯიშებს. თუმცა გასათვალისწინებელია ყველა ის მოთხოვნა, რასაც ფერმერებისგან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითხოვს: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, პირუტყვისთვის დახურული სივრცის მოწყობა, ნაკელის დროულად გატანა და სხვ. თუ პირუტყვს სათანადოდ არ მოუვლიან, ამან შესაძლოა მისი პროდუქტიულობა შეამციროს.

სექტემბრიდან თებერვლამდე ადგილობრივი წარმოების რძის პროდუქტები ვერ აკმაყოფილებს ბაზრის მოთხოვნას და მისი ჩანაცვლება იმპორტით ხდება. ზაფხულში კი რძე ჭარბად გვაქვს, რადგან ყველა ძროხა თითქმის ერთდროულად იგებს ხბოს. ჩვენ დამაკების პერიოდი შევცვალეთ, რათა უწყვეტად, ზამთარშიც გვქონდეს ადგილობრივი წარმოების რძე. თუმცა ეს სტრატეგია უფრო ფართო მასშტაბით უნდა გავრცელდეს, რათა ადგილობრივი რძის პროდუქტების წარმოების უწყვეტი ჯაჭვი მივიღოთ. ამ მიდგომით ჩვენ შევძლებთ, რომ არა მხოლოდ ადგილობრივი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ, არამედ ფართო საექსპორტო ბაზრები გავუხსნათ ქართული ყველის ისეთ სახეობებს, როგორიც ჩეჩილი და ტენილია.

ემა ტუხიაშვილი