გარგარი და ვაშლატამა ერთი ძირიდან - კვირის პალიტრა

გარგარი და ვაშლატამა ერთი ძირიდან

მცენარეებით მდიდარ ეზო-კარში მყნობის ექსპერიმენტები მიმდინარეობს

იმ ადგილს, სადაც თადარიგის პოლკოვნიკი დიმიტრი ქართლელიშვილი ცხოვრობს, მუხიანის აგარაკებს ეძახიან. საკუთარი ეზო-კარის მოწყობას ბატონი დიმიტრი 80-იანი წლებიდან შეუდგა, დღეს კი მისი სახლ-კარი გულსა და თვალს ახარებს. მაშინვე ხვდები, რომ ყველაფერი დიდი შრომის ფასად არის შექმნილი.

დიმიტრი ქართლელიშვილი  2528 კვმ ნაკვეთს მარტო ამუშავებს და უვლის. ხეხილის მყნობაში ისე დაოსტატდა, რომ ერთ ძირზე ორი ან სამი სხვადასხვანაირი ხილი მოდის. ამას მხოლოდ ცდებითა და დაკვირვებებით მიაღწია...

- ვმუშაობდი გაერთიანება "ჩარხმშენებელში", საიდანაც თანამშრომლებს საბაღე მიწის ნაკვეთებს ურიგებდნენ. ეს ტერიტორია თავდაპირველად ნამდვილი ტრამალი იყო.  კახეთში სახლ-კარი გავყიდე და გვერდით ნაკვეთი შემოვიერთე... წყალი რომ არ გვქონდა,  ვყიდულობდი და ხეებს ჭიქებით ვუსხამდი. ჩემი ხელით მაქვს ყველაფერი გაკეთებული.

- თურმე ექსპერიმენტებს ატარებთ: ამა თუ იმ ნერგზე სხვადასხვა ხეხილის ნერგს ამყნობთ და შედეგად ერთ ხეზე ერთდროულად ხარობს სხვადასხვა ხილი...

- ბაღში 35 ძირი თხილი მაქვს, 25-25 ძირი ვაშლი და ბროწეული, 4-5 უწამლავი ვაზის ჯიში გამომყავს. ვაზის ერთ ძირზე შავი ყურძენიც ხარობს და თეთრიც...  მაქვს თეთრი და შავი ადესა, თეთრი და შავი ალადასტური... 5-6 ჯიშის ატამი, ამდენივე ქლიავი, ორი ჯიშის კომში. ტყემალი, ალუჩა, გარგარი თვითონ გამომყავს. ალუჩა იმდენი მოდის, 5-6 ოჯახს ვუნაწილებ. ჩემს ბაღში ხარობს  ლეღვი, მუშმალა, უნაბი, კაკალი... მაქვს მაიერის ჯიშის ლიმონიც, დიდ ქოთნებში, ოღონდ ზამთარში შინ შემაქვს.

ატამი 12-14 წელიწადს ცოცხლობს, მაგრამ თუ კარგად მოუვლი და ყოველ წელს გასხლავ, მეტხანს იცოცხლებს. ბუჩქოვანი მცენარეებიც მაქვს: უეკლო მაყვალი, მოცხარი, ჟოლო...

- ნოყიერი მიწა არ ჩანს, ამ ნიადაგზე როგორ ახერხებთ ასეთი ხილის გახარებას?

- მარილიანი მიწაა, ამიტომ ნიადაგში ნაცარი შემაქვს, ორ წელიწადში ერთხელ - ნაკელი.

- უფრო დაწვრილებით გვიამბეთ ერთ ხეზე მოწეულ სხვადასხვა ხილზე.

- ნუშის ძირებზე ატამი დავამყნე, ზოგ ძირზე სამი სხვადასხვა ჯიშის ატამი მაქვს დამყნობილი. ნაკვეთში ნუშს ისეც ვახარებ და ატმის დასამყნობ საძირეებადაც. კარგი ატამი გამოდის, საადრეოც და საგვიანოც. სხვათა შორის, ნუშზე დამყნობილი ატამი სჯობს ტყემალზე დამყნობილს. ტყემალზე ალუჩას ვამყნობ.

- თქვენს ეზოში ხე ვაშლატამასაც ისხამს და გარგარსაც...

- ვაშლატამასა და გარგარს როგორც ნუშზე, ასევე ტყემალზე ვამყნობ. თუთაზე ვამყნობ მაშარაფს.  მაშარაფისგან კარგი საწებელი გამოდის. სხვათა შორის, ამ მცენარის ნაყოფი სისხლის გამათხელებელიც არის... ახლა რომ დავამყნობ, გაზაფხულზე ნიშანს მომცემს და ორ წელიწადში ისხამს. მსხალზე ვამყნობ გულაბს და ზამთრის სხვადასხვა ჯიშს, ანუ ერთ ხეზე მსხლის რამდენიმე სახეობა იზრდება. ამ შემთხვევაში საძირედ კარგია პანტა.

- როდის უკეთესია მყნობა?

- კალმით მყნობა აპრილის დასაწყისიდან ჯობს, მაგრამ კალმები თებერვლის ბოლოს უნდა აიღო და ქვიშაში ან სადმე სიგრილეში შეინახო. კვირტით მყნობას (რომ გადასერავ ნერგს და მასში მეორეს ჩასვამ) 10 აგვისტოდან ვიწყებ და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. მეზობლებსაც ვეხმარები: ამას წინათ კარგი შავი გოგრაბალი დავუმყნე და კიდევ ტყემალზე - ალუჩა. ასეთი ცდების ჩატარება საოცრად აზარტულია.

მთავრობას წინადადებით მინდა მივმართო - სამხედროებისთვის, რომლებიც სარეაბილიტაციო კურსს გადიან, საგანგებოდ გაკეთდეს პატარა ბაღი. აქ მათ მყნობასაც ვასწავლი და ფსიქოლოგიურ განტვირთვაშიც დავეხმარები...

- თქვენს ეზოში ზეთისხილიც ვნახე...

- კი, ზეთისხილი მაქვს. წელს დაისხამდა კიდეც, მაგრამ აპრილის ყინვამ დაასუსტა. მოყინვის გამო გავანახევრე, 3,5 მეტრი იყო სიმაღლით. ახლა ისევ ამოიტანა ფოთლები. უმეტესად ხეხილს ვაშენებ, მაგრამ ბოსტნეულიც მომყავს:  მწვანილი, ყაბაყი, კიტრი, ნიორი, ხახვი... ყვავილებიც მაქვს, ჩემი ვარდები ახლაც უნდა ყვაოდეს, მაგრამ ისეთი სიცხე იყო, ახალწამოსული თავები მოუწვა...

ზაფხულში დილის 6-ის ნახევარზე ვდგები... სამსახურიდან რომ ვბრუნდები, თავზე მაღაროელის ფარანს დავიმაგრებ და ნაკვეთში გვიანობამდე ვრჩები.

ჩემს ეზოში კაქტუსებიც ხარობს.

ვიცოდი, რომ ტეკილა კაქტუსისგან მზადდება. მერე საგანგებოდ შევისწავლე ეს საკითხი და შვიდი დასახელების შავ ყურძენში, დაწურვისას, კაქტუსიც ჩავწურე. მშვენიერი არომატული სასმელი გამოვიდა, უგემრიელესიცაა და სასარგებლოც.

- ლამაზი პალმების რიგი ჩაგიყოლებიათ.

- ეს პალმები, თავის დროზე, წყალტუბოს სანატორიუმის ტერიტორიიდან მოვიტანე. უკვე იმხელაა, თავიანთი ამონაყარები აქვთ. ასეთივე პალმები ვნახე ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმშიც და სულ სხვანაირად იყო აჭრილი, მომეწონა და ახლა ისე უნდა გავაკეთო.

- ახლა რა სამუშაოებისთვის ემზადებით?

- ახლა  მჟაუნის, კამის, ქინძის, ოხრახუშის თესლი უნდა ავიღო. …მერე ნაკვეთის გასუფთავებას დავიწყებ. ნოემბრის ბოლოს ნიორს დავთესავ...

- რას ურჩევდით მათ, ვისაც ჯერ არ დაუწყია მიწაზე შრომა, მაგრამ დიდი სურვილი აქვს?

- ბოლო წლებში ქართველები მშობლიური მიწის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას ავლენენ, ქართულ მიწა-წყალს უდიერად ეპყრობიან. მიწას რომ ვეფერები, მე ჩემს სამშობლოს ვეფერები. როცა ყველაფერი დაწკრიალებული და აყვავებული მექნება, ეს ნიშნავს, რომ ერის წინაშე ვალმოხდილი ვარ. ნუ ვიზარმაცებთ, საქართველო მიწამ უნდა გადაარჩინოს.

ლალი ფაცია