დაფნის ბიზნესმა, შესაძლოა, "გვირგვინი" საქართველოშიც დაიდგას - კვირის პალიტრა

დაფნის ბიზნესმა, შესაძლოა, "გვირგვინი" საქართველოშიც დაიდგას

50-60 წლის წინ ბებიის დარგულმა დაფნამ შვილიშვილს დღეს ხელი გაუმართა

კეთილშობილი დაფნის გვირგვინი, მითური გადმოცემით, ოლიმპოს ღმერთებსაც უმკობდა თავს, თუმცა, მისი სამშობლო საბერძნეთი ნამდვილად არ არის. მრავალ ქვეყანაში ის ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან გავრცელდა, თუმცა, დაფნა საქართველოში ველურადაც იზრდება და ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ დაფნის სამშობლო საქართველოც არის. დაფნას მთელ მსოფლიოში იყენებენ კვების მრეწველობაში, პარფიუმერიაში. ათეული წლების წინ ჩვენგან დაფნა დიდი რაოდენობით გაჰქონდათ, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოდან. მოგვიანებით,  მისი გატანა შეწყდა. თუმცა, რამდენიმე წლის წინ დაფნის შესყიდვა კვლავ დაიწყეს. გაჩნდა დაფნის ზეთის მცირე საწარმოებიც. ამ კულტურაზე მოთხოვნამ ოზურგეთშიც მოიმატა, სადაც მოსახლეობა ათეული წლების წინ დარგულ დაფნის ფოთოლს აბარებს. იმ ფონზე, რა მდგომარეობაშიც ჩვენი გლეხია, ესეც იმედია...

ოზურგეთში კობა დონაძის ოჯახი დაფნის მწარმოებელია. მათ ეზოში დაფნის მარადმწვანე ხეები სპეციფიკურ სურნელს აფრქვევენ.

კობა დონაძე: - სულ 100 ძირი დაფნა გვიდგას და ყველა ბებიაჩემის დარგულია, დაახლოებით 50-60 წლის წინ. მაშინ დაფნას საკმაოდ მაღალი ფასი ჰქონდა და ყველა რგავდა. ჩვენს მიწაზე დაფნა კარგად ხარობს, თესლიდან თითქმის ყველა ყლორტი ამოდის. დაფნა ციტრუსოვანი მცენარეა და სწორედ იქ ხარობს კარგად, სადაც ციტრუსი მოდიოდა. მავნებლების მოსაშორებლად დაფნასაც იმავე ხსნარით წამლავენ, რითაც მანდარინის მავნებლებს ებრძვიან, მაგრამ ამჟამად მანდარინიც არ გვაძლევს იმდენ შემოსავალს, რომ შევწამლოთ და დაფნას როგორღა შევწამლავთ. სამაგიეროდ, ახლა ის სავსებით ნატურალური, ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქტია.

ჩვენმა ოჯახმა დაფნის ჩაბარება შედარებით ინტენსიურად, დაახლოებით 2-3 წლის წინ დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ დაფნის ხეები აღარ დაგვიმატებია. იმ დროისთვის ფასმა მოიმატა და სტიმულიც გაჩნდა. იყო წლები, როცა დაფნას ჩასაბარებლად ვახმობდით, მაგრამ მის წასაღებად კაციშვილი არ მოდიოდა. თუ მაინც მოვიდოდა ვინმე, 1 კგ-ს მხოლოდ 25 თეთრად ვაბარებდით. ამიტომ ზოგმა სულაც ამოძირკვა ან დეკორატიულ ხეებად დატოვა, საჩრდილობლად - დაფნას შეუდარებელი ჩრდილი აქვს.

- ახლა რამდენია მისი ფასი?

- 2-2,5 ლარი. უკეთეს ფასსაც ვისურვებდით, მაგრამ იმ ფონზე, რომ დაფნა წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე იჭრება, ესეც ფულია. თანაც ჩვენს ოჯახს დამატებითი მუშახელიც არ სჭირდება, ფოთოლს ოჯახის ყველა წევრი ვარჩევთ, ბავშვების ჩათვლით.

- ამაში ალბათ, ხარისხიანი ფოთლის ამორჩევა იგულისხმება.

- დაფნის წარმოება ტოტების ჩამოჭრით იწყება. დაფნა ისეთი მცენარეა, რაც მეტს გაკაფავ, მეტი და უკეთესი ხარისხის ფოთლებით იმოსება. სულ ეგ არის მაგის სელექცია. ისე, როგორც მე ვიცი, დაფნის სელექცია მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მისი განსხვავებული ფორმები - ზეთის შემცველობის მიხედვით. ამ მხრივ დაფნა თვით საქართველოშიც განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, გურიაში უფრო სხვაგვარია, ვიდრე სამეგრელოში ან იმერეთში. როგორც ვიცი, მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა დაფნასა და მის ზეთზე, განსაკუთრებით, კონსერვებისთვის, აგრეთვე პარფიუმერიაში... ჩვენში მისი ნაყენი თმის ცვენის შესაჩერებლად და ორგანიზმის მარილებისგან“ გასაწმენდადაც იხმარება. ამიტომ იმედია, დაფნის ფასი ოდესმე ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ჩვენი გლეხი მისით ისევე დაინტერესდება, როგორც თხილით. დღეს გურიაში გლეხმა თხილის ფასი რომ გაიგო, იქ რგავს, სადაც ადგილს ნახავს. მერე დაფნასაც ასე მოექცევა. მით უფრო, რომ მისი მოყვანა და წარმოება არცთუ მძიმე შრომას მოითხოვს. ერთადერთი სიმძიმე ის არის, რომ სუნი ალერგიულებზე მოქმედებს. მაგალითად, დედაჩემს, რომელსაც მრავალი წელია დაფნა მოჰყავს, ახლა დაეწყო დაფნის ფოთლის სუნზე ალერგიული რეაქცია, თუმცა, კრეფისთვის თავი მაინც არ გაუნებებია. ხშირად ვეხუმრები ხოლმე, დაფნაში სულ 500 ლარს ვიღებთ და ამდენივე წამალი თუ დაგჭირდა, რაღა გამოვიდა-მეთქი. განსაკუთრებით მძაფრია დაფნის ყვავილების სუნი.

დაფნის ყვავილობისას მისი ჩასაბარებლად დამზადება არ შეიძლება, - ყვავილი უარყოფითად მოქმედებს დაფნის არომატზე ნებისმიერ პროდუქციაში. როცა დაფნას გაზაფხულზე ყვავილობამდე, აგრეთვე შემოდგომით მოვჭრით და გადავარჩევთ, ფოთოლს ლაქები არ უნდა ჰქონდეს - ის ფოთლის დაავადებად ითვლება და აღარ იბარებენ. გაშრობით კი დაფნა აუცილებლად ხეზე უნდა გააშრო და მზეც არ უნდა მოხვდეს, რადგან ფოთოლს გააწითლებს და არც ასეთს ჩაიბარებს ვინმე. გახმობისას ფოთოლი წონას კარგავს. ნედლი ფოთლით გატენილი ტომარა გაშრობის შემდეგ 6-7 კილოგრამი ხდება.

- ფოთოლს გლეხისგან ვინ იბარებს?

- ისინი, ვინც დაფნის ჩაბარებით იღებენ შემოსავალს... ეს მარტივი და ჯერჯერობით ნდობაზე აწყობილი საქმეა, - ჩვენ მათ იმ დროს ვურეკავთ, როცა დაფნის ფოთოლი უკვე გამშრალი გვაქვს. შეიძლება ისეც მოხდეს, ამ ხალხმა გვითხრას, რომ ამ საქმეზე მუშაობა შეწყვიტეს და მერე შემცვლელის მოძებნა დაგვჭირდეს. დანარჩენი ჩვენ არ გვეხება. დაფნის გადამმუშავებელი ფაბრიკები ხონსა და ზუგდიდშია. ჩვენ იქ მოსავალს მაშინ წავიღებთ, თუ დაფნას მართლაც დიდი რაოდენობით გავახმობთ და ფასიც ისეთი იქნება, რომ ტრანსპორტირების ხარჯი არ შეგვაშინებს. ასეთ შემთხვევაში დაფნის პლანტაციებს კიდევ გავაშენებთ, ადვილად იზრდება.

- დაფნის ხე რა სიდიდის შეიძლება გაიზარდოს?

- მსოფლიოში დაფნის სულ ორი ჯიშია: კანარის დაფნა და კეთილშობილი (ჩვეულებრივი) დაფნა... საქართველოში მხოლოდ კეთილშობილი დაფნა იზრდება - 2-დან 12 მეტრამდე, იშვიათად, 20 მეტრამდე. მაშინ ღეროს სისქე 1 მეტრსაც აღწევს. გამიგია, რომ 20-მეტრიანი დაფნის ხე ბოლო წლებამდე მარტვილშიც იყო.