მიწის სიყვარულმა რუსთაველ რაჭველს თბილისში მწარე გოგრა გააზრდევინა - კვირის პალიტრა

მიწის სიყვარულმა რუსთაველ რაჭველს თბილისში მწარე გოგრა გააზრდევინა

ხემ მოისხა ორშიმო

რას ვიფიქრებდი, თუ აყიროს (ყელიანი მწარე გოგრა), რომლისგანაც ჭურიდან ღვინის ამოსაღები ჭურჭელი - ორშიმო (ხრიკა) მზადდება, შუაგულ მარჯანიშვილზე წავაწყდებოდი. ეს უჩვეულო მცენარე სადაცაა, უნდა დამწიფდეს. მისი აქ დამრგავ-მომყვანი გოგი ფოჩხიძეა.

აყირო უმეტესად დასავლეთ საქართველოში გავრცელებული მცენარეა, მას აგრეთვე ეძახიან გოგრას, მწარე კვახს, ხაპს. გოგრისგან ჭურჭლის დამზადებისა და საღვინედ გამოყენების ტრადიცია დასავლეთ საქართველოში დღემდე ცოცხალია...

ბატონი გოგი 22 წელია, ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსულ ეკლესიასთან, თბილისური ეზოს ჯიხურში მეწაღედ მუშაობს. ოქროს- უბანს (როგორც ამ ადგილს უწოდებენ) დაუზარებლად ემსახურება, თუმცა იქაური არ არის, სამსახურში ყოველდღე რუსთავიდან დადის... ეზო, სადაც ბატონი გოგის ჯიხური დგას, მოასფალტებულია, მაგრამ მონდომებულმა კაცმა მაინც იპოვა ფართობი, რათა რამდენიმე კულტურა დაეთესა...

- ამ მცენარის ნაყოფისგან რაჭაში ხრიკას აკეთებენ, - ტარს უკეთებენ და ქვევრიდან ღვინოს იღებენ... იმერეთში ამ ჭურჭელს ხრიკის გარდა ორშიმოსაც ეძახიან. გარდა იმისა, რომ ქვევრიდან ღვინის ამოსაღებად გამოიყენება, საწყაოცაა...

- რამდენი ლიტრი ჩადის?

- არის ოთხლიტრიანი, ხუთლიტრიანი და მეტიც... მოკლედ, წლეულს, გვიან გაზაფხულზე, მეგობარმა აყიროს 3 ჩითილი მიწილადა და დავრგე... ეზოში მოვძებნე ადგილი - რამდენიმე ქვა ამოვაგდე. მერე პომიდვრის ჩითილებიც მოვიტანე, ყვავილების თესლიც ჩავყარე მიწაში... ყველაფერი მალევე ამობიბინდა, გაზაფხულზე აყვავდა და გამწვანდა აქაურობა. ექვსი-შვიდი ძირი პომიდორი მქონდა და ზაფხულის განმავლობაში მოსავალი ორ-სამჯერ მოვკრიფე.

- აყირო ჯერ კიდევ მწვანეა. როდის უნდა დაკრიფოთ?

- ჩალისფერი რომ გახდება და კანი გაუმაგრდება, მოვკრეფ. შემდეგ გაბერილ მუცელზე პატარა სამკუთხედი იჭრება, საიდანაც გამოიფხიკება მისი თესლი და გული. აყიროს მაღალი ყელი თავში იჭრება. სამკუთხა ამონაჭერში კი თხილის ტოტის, ან ბამბუკის ტარი მაგრდება და ორშიმოც მზად არის.

აყირო მწარეა, ამიტომ გამოხარშვა სჭირდება. ჭაჭის არყის გამოხდის შემდეგ საარყე ქვაბში რჩება სითხე, რომელსაც დასავლეთ საქართველოში რახს ეძახიან. სწორედ ამ რახში გამოხარშავენ გამზადებულ-გამოჭრილ ხრიკას. თუმცა გამოხარშვა ჩვეულებრივ წყალშიც შეიძლება.

-  სულ რამდენი ნაყოფი გამოისხა?

- შვიდი ება, ერთი ჩამოვარდა და ექვსი შერჩა...

- რამდენ ხანში გაჩალისფრდება?

- ალბათ, ნოემბრის ბოლოს.

- როგორ უვლით?

- წყლის დასხმა უნდა კვირაში სამჯერ.

- ძალიან ცხელი ზაფხული კი იყო. როგორ გადარჩა?

- წყალს არ ვაკლებდით. ერთხანს აქ არ ვიყავი, რაჭაში გახლდით, მაგრამ ამხანაგი უსხამდა და კიდევ ის ქალბატონი, აგერ ბოსტნეულითა და ხილით რომ ვაჭრობს... აუცილებელია, ეს მცენარე ხეზე გაუშვა, რომ იცოცხლოს და საცოცავიც ჰქონდეს, გაიზარდოს, განვითარდეს...

- ახლა რას უპირებთ?

- ერთ ცალს დავიტოვებ, დანარჩენს გავაჩუქებ. მეგობრები მთხოვენ და მათ მივცემ... სოფელში ორასლიტრიანი ქვევრი გვაქვს, სადაც მამაჩემი კიბით ჩადის, იმ ქვევრისთვის გრძელტარიანი ხრიკა გვაქვს... პატარა რომ ვიყავი, ბაბუა ქვევრს უჩემოდ არ ხდიდა. როცა მოხსნიდა, მივიდოდი, პირს მოვწმენდდი. საერთოდ, ბევრ რამეს მასწავლიდა. ღვინოს ორშიმოთი რომ ამოიღებდა, პირველად მე გამასინჯებდა.

- წარმოშობით რაჭველი ბრძანდებით, თქვენს კუთხეში მიწასთან თუ გიმუშავიათ?

- რაც მე იქ სიმინდი მითოხნია, ყანაში და ვენახში მიშრომია, მაგას ვინ დათვლის... ისე, ამ ეზოში ვაზიც გავაშენე, მეზობლიდან გადმოვიყვანე ადესა. ხომ ხედავთ, როგორ ასხია. ახლა უნდა მოვკრიფო და მეუღლეს ამ ყურძნით საზამთროდ კომპოტს გავაკეთებინებ. წვენისგან გემრიელი ფელამუშიც კეთდება.

- ეს ყველაფერი მიწის სიყვარულია...

- აბა, რაჭველი გლეხკაცის შვილი ვარ... აქ კი ვზივარ და ფეხსაცმელს ვაახლებ, მაგრამ ფიქრებით სულ ჩემს სოფელში ვარ. მას სიზმარშიც ხშირად ვნახულობ.

- რომელი სოფლიდან ხართ?

- ამბროლაურის რაიონის სოფელ ლიხეთიდან, ქვემო რაჭა გახლავთ... მიწასთან მუშაობა აწყნარებს და ახალისებს ადამიანს. მართალია, ქალაქში ვარ, მაგრამ მაინც მოვნახე ადგილი და რაღაც გავაშენე. ყველას ვურჩევ, პატარა მიწის ფართობი მოძებნონ და როგორც შეძლებენ, მოჩიჩქნონ, ჩარგონ მცენარეები, ყვავილები... გააშენონ ვაზი...

- რუსთავში კორპუსში ცხოვრობთ?

- კი და იქაც მეზობლები ვცდილობთ, ჩვენ გარშემო ყველაფერი გავამწვანოთ და იქაურობას მივხედოთ. მშვენიერი ბაღი გვაქვს გაკეთებული... ასე რომ, შეიყვარეთ მიწა და მცენარეები...

საჭურჭლე გოგრა

აყირო გოგრისებრთა ოჯახის ერთწლიანი, მცოცავღეროიანი მცენარეა, დიდი, გრძელი ფოთლებითა და ულვაშებით (რითაც საყრდენს ეჭიდება). ისხამს მსხვილ, გრძელ ნაყოფს და მრავალრიცხოვანი თესლი აქვს.

განასხვავებენ სქელქერქა და თხელქერქა გოგრებს. თხელქერქა საკვებად გამოიყენება, სქელქერქასგან ღვინის ამოსაღებ ჭურჭელს აკეთებენ. აყიროს ორშიმო სხვა მასალის ჭურჭელზე მსუბუქია და არც ადვილად იმტვრევა.

ლალი ფაცია