ჩვენი ჭკვიანი "შავზღველი" მეგობრები - კვირის პალიტრა

ჩვენი ჭკვიანი "შავზღველი" მეგობრები

საქართველოს აკვატორიაში თეთრი დელფინი პირველად მხოლოდ 2012 წელს გადაიღეს

დელფინები... ამ საყვარელ, ჭკვიან არსებებზე ბევრი რამ თქმულა და დაწერილა, მათ შესახებ არაერთი ფილმია გადაღებული. დელფინებს დიდი თავის ტვინი და დანაოჭებული ნახევარსფეროები აქვთ, საზრიანები და ჭკვიანები არიან, სიტყვების გამეორება შეუძლიათ და ადვილად იწვრთნებიან.

ძველ საბერძნეთში დელფინის მოკვლა მკრეხელობად მიაჩნდათ და ამის ჩამდენი სიკვდილით ისჯებოდა. მეტიც, ბერძნები დელფინს "წმინდა თევზს" უწოდებდნენ, ხოლო ძველი რომის მოსახლეობა ფიქრობდა, რომ დელფინები "წმინდა კუნძულის” მკვიდრნი იყვნენ". ამ საინტერესო არსებებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნათია კოპალიანი გვესაუბრება:

გონიერი აფალინა

დელფინები თითქმის ყველგან ბინადრობენ და არც შავი ზღვაა გამონაკლისი. აქ სამი სახეობის დელფინი გვხვდება: აფალინა, თეთრგვერდა დელფინი და შავი ზღვის ღორი. სამივე ვეშაპისნაირთა რიგს მიეკუთვნება. აფალინა შავ ზღვაში ყველაზე დიდი დელფინია. ისინი ქმნიან სოციალურ ჯგუფებს, სადაც მდედრები თავიანთ ნაშიერებთან ერთად ცხოვრობენ, მამრები კი - ცალკე. მდედრები და მამრები ერთად მხოლოდ გამრავლების პერიოდში შეიძლება ნახოთ. ნაშიერზე არა მარტო დედა ზრუნავს, არამედ ჯგუფის ყველა მდედრი წევრი. დელფინებს, ისევე, როგორც ყველა ვეშაპისნაირს, მხოლოდ 5 წუთით შეუძლია ჟანგბადის გარეშე ყოფნა. აფალინას ცხიმი ფართოდ გამოიყენებოდა კოსმეტიკაში, სპერმაცეტის დასამზადებლად (ცვილისებრი ნივთიერება, რომელსაც იღებენ კაშალოტისა და ზოგიერთი ვეშაპისნაირის თავიდან), რომელიც კანის უჯრედების აღდგენას უწყობს ხელს; იყენებდნენ მანქანათმშენებლობაში, აგრეთვე საღებავებისა და წებოს დასამზადებლად, ძვლებისგან კი სასუქს აკეთებდნენ. ახლა სპერმაცეტი მცენარე ჟოჟობამ ჩაანაცვლა, ხოლო აფალინაზე ნადირობა აიკრძალა. ბუნებაში ის 25-35 წელიწადი ცოცხლობს, ხოლო ტყვეობაში - 45-50 წელი.

გაოცებას იწვევს დელფინების მიერ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის უნარი. მაგალითად, 1980-იან წლებში შენიშნეს, რომ ინდოეთის ოკეანის ბინადარი მდედრი აფალინა ქვიშაში ქექვისას ნისკარტზე ზღვის ღრუბელს წამოიცვამდა, რათა თავისი ხორთუმი ფსკერის შხამიანი ბინადრებისგან დაეცვა.

უნიკალური თეთრი დელფინი ხატია

ეს თეთრი შეფერილობის ზღვის ღორია და ბუნებაში ძალიან იშვიათად გვხვდება. ბოლო 100 წელიწადში დედამიწაზე ნაპოვნია 14 თეთრი შეფერილობის ინდივიდი, აქედან 9 - შავ ზღვაში. 2012 წლის 23 ივნისს ილიას უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა საქართველოს აკვატორიაში პირველად გადაიღეს თეთრი ზღვის ღორი რიონისა და ხობის შესართავებს შორის, კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე. ის პირველად ჩვენმა დოქტორანტმა - ხატია ბასილაშვილმა შენიშნა, ამიტომ ხუმრობით "ხატია" დავარქვით. ჟურნალისტები იმ დღეებში ხშირად გვეკითხებოდნენ - ეს ალბინოსიაო? - და ჩვენც ვპასუხობდით, რომ თეთრი დელფინი ალბინოსი არ არის. ალბინიზმი ნიშნავს მელანინის სრულებით არქონას, თვალებშიც არ უნდა ჰქონდეს პიგმენტი, მაგრამ ამ დელფინს ჰქონდა შავი ლაქები ფარფლსა და თავზე და შავი თვალები. ეს არის არასრული ალბინიზმი (ანუ ლეიციზმი). თეთრი დელფინი იშვიათად ჩნდება და მისი გადაღებაც ძნელია, საბედნიეროდ, ბატონმა ზურაბ გურიელიძემ მოასწრო და გადაიღო. მეორედ თეთრი ინდივიდი 2013 წლის გაზაფხულზე ანაკლიასთან ვნახეთ. თუმცა ფოტოგადაღება ვერ მოხერხდა და მხოლოდ ვიდეოზეა აღბეჭდილი.

"მოთამაშე" თეთრგვერდა

შავ ზღვაში ბინადრობს ძალიან ლამაზი თეთრგვერდა დელფინიც. ისინი აფალინებზე მეტია, მაგრამ ეს სახეობაც საერთაშორისო წითელ წიგნშია შეტანილი. თეთრგვერდა დელფინები დიდ ჯგუფებს ქმნიან - 100-150 ინდივიდით, ეს რიცხვი შესაძლოა ათასამდეც კი გაიზარდოს. ამ სახეობის დელფინის სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებაში 20 წელია, ხოლო ტყვეობაში - 35-40. უფრო ხშირად ერთი ნაშიერი ჰყავთ, იშვიათად - ორი ან სამი ერთდროულად. ახალშობილი დედას არ შორდება. დელფინების რძე ექვსჯერ მეტ ცილასა და ცხიმს შეიცავს, ვიდრე ადამიანის რძე, ამიტომ ახალშობილი წონაში სწრაფად იმატებს. თეთრგვერდა დელფინები ერთად მოძრაობენ, ერთად იკვებებიან, ხანდახან სინქრონულადაც კი სუნთქავენ და წყლის ზედაპირზეც ერთდროულად ამოდიან. მარტო 1961-1983 წლებში ანუ 22 წლის განმავლობაში, მოკლულია 159-დან 161 ათასამდე თეთრგვერდა დელფინი.

ზღვის ღორი

სხვა დელფინებთან შედარებით, ვეშაპებთან ახლოს არის ზღვის ღორი. ჩვეულებრივი ზღვის ღორი მხოლოდ აზოვის, შავ, მარმარილოს ზღვებსა და ეგეოსის ზღვის ჩრდილოეთში ბინადრობს. ზამთარში ზღვის ღორები აზოვის ზღვიდან საქართველოს ტერიტორიულ წყლებში გადმოდიან და აქ იკრიბებიან, რადგან მათი მთავარი საკვები - ქაფშია ზამთარს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ატარებს. ჩვენ წლეულს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში 16 ათასი ზღვის ღორი დავთვალეთ. მათი სხეულის შეფერილობა ინდივიდუალურია, თუმცა ყველაზე გავრცელებულია შავი ან მუქი ნაცრისფერი. დინგი შესამჩნევად მოკლე აქვთ, რაც თავს კონუსისებურ ფორმას აძლევს. ზღვის ღორები, როგორც წესი, ზედაპირთან ახლოს დაცურავენ, ჩასასუნთქად კი ყოველ 25 წამში ერთხელ ამოდიან. თუმცა, როცა საჭმლისთვის ყვინთავენ, წყალქვეშ შეუძლიათ 4-5 წუთის განმავლობაში დარჩნენ. თეთრგვერდა დელფინებისგან განსხვავებით, ისინი გაურბიან გემებს და წყლიდანაც იშვიათად ხტებიან. შავი ზღვის ღორიც შეტანილია საერთაშორისო წითელ წიგნში.

რატომ იხოცებიან დელფინები

შავი ზღვის ყველა ქვეყნის კანონმდებლობით დელფინებზე ნადირობა აკრძალულია, მაგრამ ბრაკონიერობა ადრეც იყო და დღესაც არსებობს. თუმცა, მრავალი საფრთხის მიუხედავად, დელფინებისთვის მთავარი საშიშროება საკვების სიმწირეა. მათ საკვებად სჭირდებათ თევზები - სტავრიდა, ქაფშია, კეფალი, ქაშაყი და სხვ. თევზს დიდი რაოდენობით იჭერენ საქართველოშიც და თურქეთშიც, შესაბამისად, მათი საკვები ბაზა მცირდება. ჩვენ დაღუპულ და გამორიყულ დელფინებს ვზომავთ, ვკვეთთ და საგანგებოდ შევისწავლით. ყველაზე ხშირად ზღვის ღორებს ვაწყდებით. დელფინების სიკვდილი მრავალი მიზეზით არის გამოწვეული. წლეულს აპრილში გამორიყულ ზღვის ღორს სხეულზე ბადის ნაკვალევი ეტყობოდა. როდესაც ფსკერზე ბადეებს აგებენ, ისინი ხშირად ებმებიან, ჰაერზე ვეღარ ამოდიან და იხრჩობიან. 2010-2013 წლებში 33 ზღვის ღორი გამოირიყა, მათგან მხოლოდ ერთი იყო ცოცხალი და ვერც ის გადარჩა. ბადის კვალი სამი ინდივიდის კანზე აღმოჩნდა, კიდევ ერთი ბადეში იყო გახლართული.

ხათუნა ჩიგოგიძე