რძის მდინარე წალკიდან - კვირის პალიტრა

რძის მდინარე წალკიდან

"ჩვენს პირუტყვთან შვეიცარიული ჯიშის შეჯვარებამ უკეთესი შედეგი მოგვცა"

წალკის რაიონი ყოველთვის ითვლებოდა ჩვენი ქვეყნის მეცხოველეობის განვითარების ერთ-ერთ ცენტრად, დღესაც ასეა, - მეცხოველეობის ტრასებზე საგაზაფხულო საძოვრებისკენ დაახლოებით მილიონი სული ცხვარი გაივლის.

ცხვრის საგაზაფხულო საძოვრებზე გადარეკვა ამ ტრასებიდან სულ რამდენიმე დღეში დაიწყება, საძოვრებზე კი წალკელებმა უკვე გარეკეს მსხვილფეხა პირუტყვი, რომელიც აქ მეკარტოფილეობასთან ერთად, ოჯახის შენახვის გარანტია. დარგის სიკეთეში სულ უფრო დარწმუნებული მოსახლეობა მეცხოველეობის გაფართოებას ცდილობს. დღეს წალკის ეთნიკურად მრავალფეროვან მოსახლეობაში ვერ ნახავთ ოჯახს, პირუტყვი რომ არ ჰყავდეს.

მამია თავართქილაძე, წალკის საკონსულტაციო ცენტრის უფროსი: - წალკაში დღეისთვის რძის 12 შემგროვებელი პუნქტი, ყველის 4 ქარხანა და 4 ფერმა გვაქვს - თითოეულს 400 სულამდე პირუტყვი ჰყავს. კიდევ 5 ფერმაში 200 სულამდე პირუტყვია. გარდა ამისა, 70 ფერმერს, სათითაოდ, 100 სულამდე პირუტყვი ჰყავს, 150 ფერმერს კი - 50 სულამდე. მოსახლეობაში 10-15 სული მსხვილფეხა პირუტყვი ჩვეულებრივი მოვლენაა. ოჯახებში 1-2 სული ძროხა ყველას ჰყავს. ჩვენს ალპურ საძოვრებზე გამოკვებილი პირუტყვის რძის პროდუქტი იმდენად გემრიელია, რომ წალკელებს კლიენტი არ დაელევათ. დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი ყველის ქარხნის აშენება. ამაში ჩვენს კოოპერატივებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარება.

- რა სისტემით მუშაობს რძის საწარმო?

- საწარმოებს ემსახურება ტრანსპორტი და მუშახელი. ეს ხალხი ამ საქმიანობით შემოსავალს იღებს და მოსახლეობაში რძეს ყოველდღე ჰიგიენის წესების დაცვით აგროვებს, -

რძე მეტად ფაქიზი პროდუქტია, საკმარისია, ჰიგიენური პირობების ან თუნდაც ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა მიღება-ჩაბარებისას, რომ მაშინვე გაფუჭდეს, აიჭრას.

ლიტრი რძე ზამთარში 1 ლარი ღირდა, ახლა კი, როცა ნორჩი ბალახის შემოსვლით წველადობამ მოიმატა, გაიაფდა  70 თეთრამდე, მაგრამ რაოდენობის გაზრდის გამო, მოსახლეობის შემოსავალი არ შემცირებულა.

გადამმუშავებელ საწარმოებში რძეს მაცივრებში ინახავენ და შემდგომ დედაქალაქში მსხვილ საწარმოებს მიაქვთ.

- ყოველთვის მეგონა, რომ ქარხნული წესით დამზადებულ ყველში დიდი წილი რძის ფხვნილისა იყო.

- რძე თავზე საყრელად გვაქვს და ფხვნილი არაფერში გვჭირდება. წალკის ქარხნებში დამზადებულ ყველში საეჭვო არაფერია და ტექნოლოგიურად იმდენად სუფთად მზადდება, ამ პროცესის ცქერაც კი სასიამოვნოა. დღეს ყველს მოსახლეობაც ჰიგიენური წესების ძალიან მკაცრი დაცვით ამზადებს. გლეხმა იცის, რომ სხვა შემთხვევაში მისი პროდუქცია არ გაიყიდება. ყველსაც რძის მსგავსად აბარებენ, მერე კი ქალაქში სხვები ყიდიან. ზაფხულობით, ყველის სიჭარბის გამო, ჩაბარება ფერხდება, მაგრამ კარგი გზა რომ გაგვიკეთეს, დედაქალაქში საათ-ნახევარში ჩავდივართ - ჩვენებური ყველი უკან გამოსაბრუნებელი არ გახდება. ყველაზე დიდი მოთხოვნა "იმერულ ყველზე" გვაქვს, - ხაჭაპურისადმი სიყვარულის წყალობით.

ჩვენს ყველს გადამყიდველი 7 ლარად ყიდის, გლეხები კი 5 ლარად აბარებენ, მაგრამ ბაზარში დგომასა და დროის დაკარგვას ასე ურჩევნიათ. ზამთარში კი გასაყიდი ფასი 8 ლარამდე ადის.

რძის სხვა პროდუქტები - ხაჭო, კარაქი, არაჟანი - ჩვენში, ჯერჯერობით, მომგებიანად არ ითვლება, უფრო ოჯახისთვის ამზადებს ხალხი და ბავშვებს ნატურალური პროდუქტით კვებავს. მოხმარების თვალსაზრისით ყველი და რძე ლიდერობენ - წალკაში იმდენ რძეს ვაწარმოებთ, რომ წელიწადში 30 000 ტონა ყველის მიღება შეიძლება. 35 000 სული მსხვილფეხა პირუტყვი გვყავს, რომელთაგან 19 000 მეწველი ფურია. თითო ფური დაახლოებით 15-20 ლიტრს იწველის.

- ეს, ალბათ, უცხოეთიდან შემოყვანილი მაღალპროდუქტიული ჯიშებია.

- როცა აჭარლები და სვანები წალკაში დავსახლდით, თან ჩვენი მთის პირუტყვიც ჩამოვიყვანეთ და ამ ჯიშის ძროხა ახლაც ბევრს ჰყავს, გემრიელი რძე აქვს. თუმცა,

ჩვენს პირუტყვთან შვეიცარიული ჯიშის შეჯვარებამ უკეთესი შედეგი მოგვცა.

ახლა ყველა ცდილობს, ჯიში გააუმჯობესოს. ჩვენ თანდათან ვსწავლობთ, - იყო დრო, როცა წალკაში ფერმების ჩამოყალიბებასა და მესაქონლეობით მოგებას ქართველები ეჭვით უყურებდნენ, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა, წალკის მუნიციპალიტეტის მესაქონლეობის პროდუქტის წარმოების 50% აჭარელ და სვან ეკომიგრანტებს ეკუთვნით, მათ შორის, ფერმები.

- დღეს ყველგან საძოვრების ნაკლებობაა, როგორ აგვარებთ ამ პრობლემას?

- ამ მდგომარეობას ისიც ქმნის, რომ საძოვრების დიდი ნაწილი კერძო საკუთრებაა, მაგრამ სათიბების მსგავსად, ხშირად ქირავდება და ხალხი როგორღაც ახერხებს პირუტყვის შენახვას. ჩვენს მუნიციპალიტეტში 47 000 ჰექტარი საძოვარი და 20 000 ჰექტარი სათიბი გვაქვს.

პირუტყვი საძოვარზე დაქირავებულ მწყემსებს გაჰყავთ. ეს უკვე მომგებიან ხელობად ითვლება, - მწყემსი ერთი სული პირუტყვის ძოვებაში სეზონზე, აპრილიდან ნოემბრამდე, 30 ლარს იღებს. 500 სული პირუტყვის ძოვებისთვის მწყემსის ჯამაგირი 15.000 ლარს აღწევს.

- სათიბებს ტექნიკით თიბავთ თუ ხელით?

- დიდ სათიბებს - მსხვილი ტექნიკით, მომცრო ფართობებს კი თანამედროვე ხელის მოტობლოკებით ვთიბავთ. ის შრომას იმდენად ამარტივებს, რომ ბევრმა კრედიტიც კი გამოიტანა მის შესაძენად. 40 მოტობლოკი ჩვენს კოოპერატივებს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეაძენინა - თითოეულში 23% პროცენტი გადაიხადეს, დანარჩენი კი სახელმწიფომ დაფარა.

მალე სოფლის მეურნეობის სამინისტრო კოოპერატივებს 150 მოტობლოკს კიდევ გადმოსცემს.

- ალბათ, თივის პრესებიც იყიდება.

- დიახ. ჩვენი სათიბების უმეტესობა კერძო საკუთრებაა და თივის პრესები მეპატრონეებისთვის შემოსავლის წყაროა. საძოვრებზე 60 000 ტონა თივა ითიბება, ეს კი 3 მილიონი პრესია. რაც სრულად აკმაყოფილებს მოთხოვნას და 30% წალკის გარეთაც იყიდება.

- მეტყველი სტატისტიკაა...

- მშრომელ კაცს საწუწუნო არაფერი აქვს. წალკაში ყოველწლიურად 15 000 სული მოზრდილი მსხვილფეხა პირუტყვიც იყიდება, უმთავრესად, აზერბაიჯანელები ყიდულობენ, - ალპურ საძოვრებზე გაზრდილ პირუტყვს არა მხოლოდ ყველი, ხორციც უგემრიელესი აქვს.