"პატარა ჰოლანდია" კასპში - კვირის პალიტრა

"პატარა ჰოლანდია" კასპში

"ახლა ყვავილებია ჩემი ოჯახი"

ლია ბეგლარიშვილმა მეყვავილეობას მშობლების ხსოვნის პატივსაცემად მოჰკიდა ხელი.

კასპის რაიონის სოფელ დოესში, მის ბაღში უამრავი ფერისა და ჯიშის ყვავილი მთელი წლის განმავლობაში ყვავის.

ყვავილებს შვილებივით უვლის და მათ წარმომავლობას სწავლობს. სტუმარიც აღტაცებული რჩება ყვავილების მრავალფეროვნებითა და მის ბაღში მოწყობილი "პატარა ჰოლანდიით"...

- ადრე ცოტა ყვავილი მქონდა, მხოლოდ ეზოს გასალამაზებლად, მაგრამ მშობლების გარდაცვალების შემდეგ მივხვდი, მწუხარებას რაღაცით უნდა მოვრეოდი და ყვავილების მოშენება დავიწყე. ქართულთან ერთად ჰოლანდიური ჯიშების მომრავლებაც გადავწყვიტე.

ეს საქმიანობა მშობლების ხსოვნას მივუძღვენი. ახლა ეს ყვავილებია ჩემი ოჯახი. როცა მათი მოშენება განვიზრახე, მეყვავილეებს დავუკავშირდი და შევისწავლე ყველა ყვავილის წარმომავლობა, სახელწოდების ისტორია. მაგალითად, პიონის (იორდასალამი) სახელი ბერძნული მითოლოგიიდან მოდის, მედიცინისა და ჯანმრთელობის ღმერთის, ასკლეპიოსის სახელიდან. ეს ყვავილი ასევე იაპონიის ფლორისტიკის სიმბოლოა და მას ხშირად შეხვდებით ძველ იაპონურ მხატვრობაში. პიონი სიყვარულისა და სილამაზის სიმბოლოა, მიჩნეულია, რომ პატარძლის თაიგულში ან საქორწინო მორთულობაში პიონებს წყვილისთვის სიყვარულისა და დღეგრძელობის მოტანა შეუძლია. ვარდი კი, რომელსაც თაყვანს უძველესი დროიდან სცემდნენ, ყველა ერში პოპულარობით სარგებლობდა. ერთ-ერთი ცნობით, ვარდი დედამიწაზე 25 მილიონი წელია არსებობს. ხოლო ხელოვნურად 5 ათასი წელიწადია, აშენებენ. ვარდის სამშობლოდ მიჩნეულია სპარსეთი. სპარსულად ვარდი სულს ნიშნავს. ის უძველესი დროიდან ყვავილების დედოფლად ითვლებოდა.

- რამდენი ფერისა და სახეობის ყვავილი გაქვთ და რომელი რა დროს ყვავის?

- ვარდის რამდენიმე სახეობა მაქვს, ფერების მიხედვით, ჰოლანდიური და ქართული ჯიშებიც. ქართულ ჯიშს სხვა სურნელება აქვს, ჰოლანდიური კი მყნობით გამოყვანილი ჯიშია. დაახლოებით 22 ფერის ვარდი მაქვს, პიონი - 6 ფერის. მაქვს გეორგინის სახეობები, ჰოლანდიურ გიგანტებს ეძახიან. დაახლოებით 20 ფერია, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ყვავილები აქვს. ჩემს ბაღში 6 ფერის ალსტრომერია ხარობს.

ყველა სეზონს თავისი ყვავილი აქვს: ვარდი მთელი წელი ყვავის, ჯერ შემოდის ია - მაქვს სხვადასხვა სახეობის ია, შემდეგ სუმბული, ნარცისი, ტიტა, პიონი... შემდეგ უკვე დარგვის დროა, ამ პერიოდში ირგვება გეორგინა, გიგანტები. მათთან ერთად ირგვება გლადიოლუსი, მაგრამ გლადიოლუსი ეტაპობრივად, ყოველი ორი კვირის შემდეგ ირგვება. ერთად იცის შემოსვლა და მთელი სეზონი - ნოემბრის ბოლომდე რომ იყვავილოს, ყურადღება სჭირდება. სანამ 7 ფოთოლი არ გაუხდება გლადიოლუსს, მანამ კვირტს არ ამოიტანს. მწვანე ქრიზანთემები გვიან შემოდგომაზე ყვავის, როცა დაათოვს...

მაქვს დაახლოებით 100 ჯიშის ყვავილი და თითოეულის სახეობები ფერის, ზომისა და ფორმის მიხედვით.

- ყვავილების მოსავლელად საჭიროა თუ არა განსაკუთრებული უნარები?

- ყვავილების მოვლა რთულია და შრომატევადი, მაგრამ ძალიან სახალისოა. ხელიც მაქვს ისეთი, უკუღმა რომ ჩავრგო, წაღმა აღმოცენდება, იმიტომ, რომ ვეფერები. წყალი, მზე, სითბო და მოფერება ყველაფერს სჭირდება. ყვავილი რატომ უნდა იყოს გამონაკლისი? ნიადაგი თუ ხელს არ მიწყობს, ნაკელი შემაქვს. ვარდი ღია გრუნტშიც მაქვს და სათბურშიც, სადაც სხვაგვარი მოვლა სჭირდება. თუმცა, ვარდი - ქართულიც, ჰოლანდიურიც და ჩინურიც, ჩვეულებრივ კლიმატურ პირობებში, ღია გრუნტშიც მშვენივრად ხარობს. მეყვავილეები ამბობენ, ღია გრუნტში ვარდი ვაზის ტირილის დაწყებამდე უნდა გადარგოო. ვარდს ყოველდღე წყლის დასხმა უნდა. არ უყვარს ბალახი, ისევე როგორც ნებისმიერ ყვავილს. არც სიცხეში დანამვა უყვარს, რადგან ფოთოლი ჭკნება და კვდება. ყველა ყვავილი ფოთლიდან იკვებება. თუ ფოთოლი ხასხასა და ბიოლოგიურად აქტიურია, ყვავილი უფრო ლამაზია.

გეორგინის ბოლქვები კარტოფილივით ითესება. თუ კარგად მოუვლით, 1-1,5 მ სიმაღლისა იზრდება. მისი ყვავილის ღირებულება სიმაღლე და სილამაზეა. გლადიოლუსისგან განსხვავებით, გეორგინას გასხვლა-გაკვირტვა სჭირდება. მიწიდან სამი ფოთლის ზემოთ უნდა შეიკვირტოს. ერთი ბოლქვი 70-75 ყვავილს გვაძლევს. ანუ ბიზნესის თვალსაზრისით, ამ ლამაზი ყვავილის ერთ ბოლქვს ასმაგი მოგება მოაქვს. ვერანაირ ბიზნესს ვერ დამისახელებთ, ამხელა მოგება ჰქონდეს. მაგრამ თუ ყვავილთან ურთიერთობა არ იცი, არ გაგიმართლებს.

- ყვავილების მოვლა ძვირი ჯდება?

- გვარჯილა, რომლითაც მიწას ვანოყიერებ, არ ჯდება ძალიან ძვირი - აქამდე 1 ტომარა 50 ლარი ღირდა, 6 000 ძირს კი ამდენი არ სჭირდება, მაგრამ ზამთარში გათბობაა ძვირი. ჩემს სოფელში გაზი არ არის. ნახერხის ღუმელიც ვცადე, სხვაც, რაც შედარებით იაფი დამიჯდებოდა, მაგრამ ლამაზი, ბუნებრივთან მიახლოებული ყვავილის მისაღებად ელექტროდენზე გადავედი. ჯამში დანახარჯი თვეში 400 ლარი გამოვიდა. ზოგჯერ შეიძლება ვიღაც დავასაქმო, მაგრამ გროშებს ხომ არ გადავუხდი!..

- სად ყიდით ყვავილებს და რომელზეა განსაკუთრებული მოთხოვნა?

- სალონი არ მაქვს, თუმცა, გაკეთებას ვაპირებ. ჩემი გასაღების ბაზარი არის გორი, კასპი და საკმარისად რომ მქონდეს, თბილისის ზოგიერთ სალონსაც მოვამარაგებდი. მოთხოვნა დიდია. სალონების მეპატრონეები თვითონ მოდიან და მიაქვთ.

- ყვავილების ფასი რის მიხედვით განისაზღვრება?

- ახლა მაგალითად, ვარდი 2 ლარი ღირს. მაგრამ ზამთარში 6-7 ლარია. ეს არის ჩასაბარებელი ფასი.

- თესლი როგორ ჩამოგაქვთ ჰოლანდიიდან?

- ინტერნეტით მხოლოდ ვარდის თესლი გამოვიწერე, რადგან აქ "ცისარტყელას" ჯიშისა ვერ ვიშოვე. დათესილი მაქვს და 2-3 თვეში უკვე ამოვა. ჩემი მეგობარი ცხოვრობს ჰოლანდიაში და მიგზავნის.

- ყვავილების ბიზნესი მომგებიანია?

- ძალიან. კასპის რაიონში მხოლოდ მე მაქვს ეს ბიზნესი. მოთხოვნა დიდია, რამდენიმე ახლობელმაც გააშენა ყვავილნარი. ეს ჩემი საქმის გაფართოებაა. მუშახელის დასაქმება და შემოსავლის გაჩენა პატარა ამბავი არ არის...

- ძნელია მეყვავილეობა?

- გვიან შემოდგომაზე, ყვავილი რომ მოილევა და ქრიზანთემებს თოვლი დაედება, ალსტრომერიებს შესცივდებათ და მიწაში დაიბუდებენ, ხალისს ვკარგავ. მხოლოდ სათბურში გრძელდება ვარდებთან ურთიერთობა. გაზაფხულს სულმოუთქმელად ველოდები. ყვავილს რომ ვუყურებ, მის კვირტს რომ ვეფერები, ახალი ძალით და სიცოცხლით ვივსები.

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ სიუჟეტი Palitratv.ge-ზე