ნიკა ვაჩეიშვილმა ატენურ ვაზს "ძეგლი" დაუდგა - კვირის პალიტრა

ნიკა ვაჩეიშვილმა ატენურ ვაზს "ძეგლი" დაუდგა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი ატენში ქართლის ძველ სამეურნეო ტრადიციას იცავს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი ნიკა ვაჩეიშვილი, ამჟამად სამ უმაღლეს სასწავლებელში კითხულობს ლექციებს, ყოველ შაბათ-კვირას ატენის ხეობაში მეურნეობას უვლის, რაც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. აშენებს ვენახსა და ხეხილის ბაღს. "ატენში ყველაფერი გასაოცარი მოდის,  ვენახი ისეთი კოპწია უნდა გქონდეს, მტევნის მოწყვეტა დაგენანოსო", - წერს მამულში გადაღებულ ერთ-ერთ ფოტოზე ჩვენი რესპონდენტი.

- ჩემი მეურნეობა ღირსშესანიშნავ ადგილას არის, ატენის, ანუ ტანას ხეობაში. აქ არის შუა საუკუნეების ნაქალაქარიც, უძველესი მონასტრებიც, ციხეთა ნანგრევებიც და ყველაზე მნიშვნელოვანი - ძველი მეურნეობის ნაშთი, ძველი ტერასები. ეს ადგილი შუა საუკუნეებიდან განთქმულია ვაზის ჯიშებით, ღვინით, მისი დაყენების ტრადიციული მეთოდით, ძველი მარნებით. ამ ყველაფერს დღეს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას უწოდებენ.

როცა ამ ტრადიციულ გარემოში, ფაქტობრივად, იმავეს ვაკეთებ, რასაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში, ბედნიერი ვარ. ძეგლები და ტრადიციული მეურნეობა - ეს არის ჩემი საქმიანობის სფერო, ჩემი სამყარო. ძველი გამოცდილებაც შემორჩენილია, მაგალითად, უძველესი სარწყავი სისტემები, ტერასებზე ვაზის გახარების მეთოდი... სულ სხვა შედეგს ხედავ, როცა იმავე წყლითა და სადინარებით რწყავ საკუთარ ვენახს, რომლითაც წინაპრები  XI-XII საუკუნეებში რწყავდნენ... ასევე მნიშვნელოვანია ღვინის დაყენების წესიც: რამდენი ყურძენი როგორ უნდა დაამუშაო, რა შეურიო სანაქებო ატენური ღვინის მისაღებად. მას მეფეთა სასმელს ეძახდნენ.

ატენურის დაყენება აზარტულიც არის - ფაქტობრივად, ალალბედზე შრომობ. შედეგი დიდი შრომით მოდის, გამოცდილებაც უნდა და ღვთის წყალობაც. მთელი ოჯახი ამ საქმეში სიხარულით მომყვება.

- ამ კუთხიდან ბრძანდებით?

- არა, ჩვენ გურულები ვართ... ამ მხარეში პირველად მერვეკლასელი მოვხვდი, წლების შემდეგ კი ატენელი გავხდი. აქაურებს დავუნათესავდი, ბავშვები მოვანათვლინე, უამრავ ადამიანს დავუმეგობრდი. სტუდენტობისას ატენის სკოლაში ვასწავლიდი და ჩემი სადიპლომო ნამუშევარიც ატენთან იყო დაკავშირებული.

- მოკლედ, დღეს ატენელი ხართ?

- ნახევრად ხუმრობით ვამბობ ხოლმე, რომ ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ ის არის, რომ ატენის სიონის უბნის საკომლო წიგნში ვარ ჩაწერილი. ამ წიგნში ადგილობრივი მცხოვრებლები არიან შეყვანილი.

- მიწას თავად ამუშავებთ და ვენახსაც უვლით?

- რა თქმა უნდა. ტერასებზე გვაქვს გაშენებული მცირე ვენახი, ჰექტარიც არ არის. შესანიშნავი ადგილია. მთავარი ის არის, რომ იშვიათი და გადაშენების პირას მისული ყურძნის ჯიშები მომყავს, მაგალითად, ბუდეშური. დღეს ის მხოლოდ საკოლექციო ნაკვეთებში თუ ხარობს.

გავაშენეთ მივიწყებული დანახარული. ახლა ვაპირებთ ასევე მცირედ შემორჩენილი ატენური საფერავის გამრავლებას. ყოველი ჯიში ძალიან მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა.

მარანიც ავაშენე ძველი ტექნოლოგიით.

- რას გულისხმობთ?

- ტრადიციული წესით, ძველი ქვებითა და კირით ავაშენე, ცემენტის გარეშე. სუფთა და ჯანსაღი შენობაა, სადაც ღვინოც ფანტასტიკურად ინახება და ხილიც.

- ღვინის დაწურვის ოსტატიც ხართ?

- კი, მთელ ციკლში ვარ ჩართული - ვენახის მოხვნაში, პატივის შეტანაში, მორწყვაში, გასხვლაში, რთველში, დაწურვაში და რა თქმა უნდა, ღვინის გასინჯვაშიც...

- რამდენ ლიტრს წურავთ?

- 700 ლიტრი გამოდის, მაგრამ მოიმატებს... შაბათ-კვირას ატენის ხეობაში ვარ. არ არის შორს, გზას საათ-ნახევარი სჭირდება. რაღა დაგიმალოთ და აქაურები მეხმარებიან, მთელი სანათესავოც გვერდით მიდგას, თუმცა, მეც ვშრომობ.

- გორის რაიონი საუცხოო ხილით არის განთქმული...

- სამი წლის წინ გადასარევი ატამი, ალუბალი, ბალი ჩავყარეთ. ყველანაირი ხილი გვაქვს, რითაც აქაურობა განთქმულია და მოწეული ხილი მთელ ჩვენს ოჯახსა და ნათესაობასაც ჰყოფნის. ახლა ტყლაპის გაკეთებასაც უნდა მივყო ხელი - ატენში ძალიან გემრიელ ტრადიციულ ტყლაპს ამზადებენ. მას კლდეზე აშრობენ და საუცხოო არომატი და გემო აქვს.

- როგორ კეთდება?

- სამხრეთით, კლდეზე, დაფები კეთდება, მოგეხსენებათ, ზაფხულში კლდე მხურვალეა. მასზე დასხმული ხილის თხელი მასა მალეც შრება და გემრიელიც გამოდის. კლდე თავის გემოს აძლევს.

- ქვითკირის მარანში რა ტემპერატურაა და ატენურ ღვინოს როგორ აყენებთ?

- ძირითადად იქ "საცივის" მარნებია - ასე ჰქვია, რადგან ისეა აშენებული, რომ ზაფხულში ცივი ჰაერი შედის, ზამთარში კი თბილი. ჩემი მარანიც კირით არის აგებული და სამი მხრიდან მიწაშია...

რაც შეეხება ატენურის დაყენებას, როცა ტანას ნაპირები იყინება, იქიდან ჩამოტანილ ნაკადულებს ყინულები ჩამოაქვს. ღვინოში იმ ყინულს მცირე რაოდენობით ვაზავებთ. სხვათა შორის, ეს ტექნოლოგია ეთნოგრაფიულ ჩანაწერებშიც არის აღწერილი - ღვინო ასეთ დროს განსაკუთრებულ სიკვასკვასეს იძენსო. ადგილობრივებიც კვასკვასა ღვინოს ეძახიან, ანუ ის ყინული ღვინის დაყენებაში თავის როლს ასრულებს. მეც ამ წესს ვიყენებ, როგორც ტრადიციულსა და იქაურობისთვის ორგანულს. გემრიელი ღვინო გამოდის.

- მართლა ძველთაძველ სარწყავ სისტემებს იყენებთ?

- ეს ნამდვილი ფანტასტიკაა - ბაგრატ III-ისა და ბაგრატ IV-ის დროს ამ მხარეში საოცარი აღმშენებლობა იყო. დავით აღმაშენებელსაც ხეობაში სახელმწიფო ხაზინა ჰქონდა და შესაბამისად, სამეფოს ეკონომიკაც ყვაოდა. ციხეების, ხიდების, მონასტრების, სოფლებისა და გზების გარდა, სარწყავი არხებიც გაჰყავდათ; ზოგიერთი მათგანი დღემდე მოქმედია. მაგალითად, ჩემი ვენახი ნათლისმცემლის წყაროს წყლით ირწყვება და ეს წყალი X-XIII საუკუნეების მონასტრის ტერიტორიიდან მოედინება. არის რუებიც, რომლებიც კილომეტრებზე გადის და იმათაც ვიყენებთ.

მოკლედ, ტრადიციულია გარემო, ყურძნის ჯიშები, ღვინის დაყენების წესი და ისტორიული სივრცეც. თან, ატენელი ვარ, ეს ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია.

- ამ საქმეში შვილები და მეუღლეც გეხმარებიან?

- სამივე შვილი. ყველაზე პატარას ახლა ვნათლავთ. უფროსსა და შუათანას ძალიან უყვართ იქაურობა. მეუღლეც მუშაობს და 80 წლის მამაჩემიც, რათა რჩეული ატენური დადუღდეს.

ლალი ფაცია