"ჩვენმა კედარმა გაიხარა, - "მოვეფერე, ჩემი ბიჭი ხარ-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა კედარმა გაიხარა, - "მოვეფერე, ჩემი ბიჭი ხარ-მეთქი"

"თუთიყუშს "შაკო" დავარქვი. 4 წელი ბიჭი მეგონა და წლეულს კვერცხი არ დადო?.."

ცოტა ხნის წინ მკითხველებს თხოვნით მივმართეთ, ვისთანაც შარშან "კვირის პალიტრისგან" საჩუქრად მიღებული თესლისგან ნერგმა გაიხარა, ამის შესახებ მოეთხროთ. ჩვენს თხოვნას თბილისში, მუხიანის დასახლებაში მცხოვრები პენსიონერი ლეილა ქებაძე გამოეხმაურა.

"თქვენ მიერ მოწოდებული კედრის თესლი აღმოცენებულია, ზომით 20 სანტიმეტრამდე, და კარგ მდგომარეობაშია", - გვწერდა ქალბატონი ლეილა.

ცხადია, მაშინვე დავინტერესდით და ქალბატონ ლეილას შინ ვესტუმრეთ.

მიმართვაში იმასაც ვწერდით, რომ კედრის გახარებისთვის "მწვანე თითები" იყო საჭირო და ქალბატონ ლეილასაც სწორედ "მწვანე თითები" ჰქონია.

- შარშან საჩუქრად მივიღე პოლიეთილენის პაკეტში ჩადებული ერთი ცალი კედრის თესლი, რომელიც გაზეთზე იყო მიმაგრებული და ძალიან გამიხარდა. იქვე იყო მითითებული მისი გახარების წესებიც, რომელსაც გულდასმით გავეცანი. საერთოდ, მცენარეების მოვლა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მიყვარს ისინი, სულ ვეფერები და, ალბათ, ისინიც ხვდებიან ამას...

მოკლედ, მეზობელთან გადავედი, მშვენიერი ბაღჩა აქვს და კარგი შავი მიწა გამოვართვი. მერე მასში გამხმარი ნაკელი გადავურიე და ძველ კონსერვის ქილაში ჩავთესე, რადგან ქოთნის შეძენის საშუალება არ მქონდა. კვირა-ნახევარში მწვანე მასამ ამოხეთქა და მიწიდან "გაწეწილი თავი" ამოყო. მაშინვე მოვეფერე, ჩემი ბიჭი ხარ-მეთქი და იქიდან მოყოლებული, სულ ასე ვეფერები. სიმაღლეში რომ წავიდა, ქვედა წიწვები გაუყვითლდა და ისინი შემოვაცალე.

- გვწერდით, რომ კედარი სიმაღლეში 20 სანტიმეტრამდე იქნებაო და მართლაც ასეა. ამასთან, ძირითად ღეროს სამი განტოტება აქვს...

- ახლა გაზაფხულია და მცენარეების გაზრდა-გამრავლებისთვის საუკეთესო პერიოდი, ჰოდა, ვატყობ, "ჩემი ბიჭიც" თავს მშვენივრად გრძნობს...

- არადა, მკითხველების ნაწილს მისი გახარება გაუჭირდა... მე, მაგალითად, სამი ცალი კედრის თესლის გახარება მხოლოდ აგვისტომდე შევძელი, მერე სიცხემ გამიფუჭა.

- შარშან საშინელი სიცხე იყო. ჩემს სამზარეულოს მზე არ ადგება და ამიტომ თავიდანვე აქ დავდგი, აქვე გაღვივდა და აღმოცენდა. მოკლედ, იმ სიცხეებში ყველანაირად ხელს ვუწყობდი. ზამთარში ადგილი შევუცვალე და თბილ და მზიან ლოჯიაში, რაფაზე გადავიტანე, რადგან ზამთარში ეს სამზარეულო ნამდვილი მაცივარია. ყოველ შემთხვევაში, იმას მივხვდი, რომ სიცხე არ უხდება.

ჩემი ყვავილებიც  ამ რაფაზე მიწყვია. სოფელშიც მქონდა ყვავილნარი და აქაც მაქვს. ფეხი რომ არ მაწუხებდეს, დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი სანერგეში.

- გამოდის, კედარს თქვენი მოფერება და მზრუნველობა მოეწონა.

- ყვავილებს სიამოვნებთ ჩემთან ყოფნა. ერთხელ ერთ ქალს ყვავილი ვაჩუქე. უყვარს მცენარეები, მაგრამ მასთან ორ დღეში მოიწყინა და მოკვდა. ესე იგი, ჩემგან წასვლა განიცადა. მცენარე ცოცხალი არსებაა და ყველაფერს გრძნობს, როგორც ეს თუთიყუში (გალიაში, სარკეში მომზირალ თუთიყუშზე მეუბნება. - ავტ.) ვერ იტანს დაყვირებას, ასევეა მცენარეც. როცა ყვავის, თითქოს მადლობას გიხდის მზრუნველობისთვის. ეს ბარაქის ხე 30 წელიწადია ჩემთან არის, იშვიათად აყვავდება ხოლმე, მაგრამ შარშან სასწაული მოხდა - აყვავდა. ვისაც ვუთხარი, ყველა გაოცდა. მეც გამიკვირდა, პატარა, მოთეთრო ყვავილები მარგალიტებივით ბრწყინავდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ჰოდა, თუ კედარს "ჩემი ბიჭი" დავარქვი, ამას და დეკემბერას - "პატარძლები".

- რატომ გგონიათ, რომ კედარი ბიჭია?

- რა ვიცი, ძლიერი ხეა და რატომღაც ვფიქრობ, რომ ბიჭია... თუმცა, თუთიყუშსაც ბიჭს ვეძახდი, "შაკო" დავარქვი. 4 წელი "ჩემი ბიჭი" იყო და წლეულს კვერცხი არ დადო?.. მაინც "შაკოს" ვეძახი. ძალიან უყვარს კამა, ოხრახუში, ვაშლი და ბოსტნეული. მერე გალიაში საბუდრის ძებნა დაიწყო. მონახა ერთი კუთხე, დაჯდა და ერთ დილასაც გასასუფთავებლად რომ გავაღე გალია, გავოგნდი. კვერცხს ორთქლი ასდიოდა.

- კედარი გაახარეთ, ბარაქის ხე აყვავდა, "შაკომ" კვერცხი დადო... როგორც ჩანს, თქვენს სახლში საუკეთესო გარემოა ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებისთვის...

- აი, ამ ყვავილს სპილოს ყურებს ეძახიან, ესეც იშვიათად ყვავილობს, მაგრამ ჩემთან, ხედავთ, რა დღეშია?..

- კედარს როგორ და რამდენ ხანში ერთხელ რწყავთ?

- ჯერ ძირში, ლანგარზე ვუსხამ ხოლმე, მერე ზემოდან, ცოტ-ცოტას ვამატებ. ეს იმაზეა დამოკიდებული, როგორ შეიწოვს.

- როგორც გავიგე, სოციალურად დაუცველთა სიაში ხართ. მარტოხელა ბრძანდებით და ამიტომ ბინაში კომფორტი არ გაქვთ. ზამთარში თქვენი სახლი ვერ თბება...

- კი, მაგრამ არ ვწუწუნებ. ვცდილობ, ყველაფერს შევეგუო. ისეთი ამბები გადავიტანე და ცოცხალი ვარ, რაღა უნდა ვთქვა?! ღმერთს მადლობას ვეუბნები და ვეხვეწები, ნურავის ხელში შემყურეს ნუ გამხდი, ისე მიიბარე ჩემი სული-მეთქი. უკვე 71 წლის ვარ...

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- 37 წელი აბრეშუმის ფაბრიკაში ვმუშაობდი... ახლა ჩემი დილა "შაკოს" მოკითხვითა და მცენარეებთან საუბრით იწყება...

- ყველა მცენარე კონსერვის ქილაში გაქვთ ჩარგული, მაგრამ თავს მშვენივრად გრძნობენ...

- კი, ასეა, ესენიც, ჩემსავით ებრძვიან გაჭირვებას. ჩემი ყვავილები არ მტკენენ გულს, თორემ როდინდელი თუნუქის ქილებია, ვინ იცის...

რედაქციისგან: ჩვენ კვლავაც ველით გამოხმაურებას მკითხველებისგან, ვისთანაც კედრის თესლებისგან ნერგები ამოვიდა. გთხოვთ მოგვწეროთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე mamul-deduli@palitra.ge შეგახსენებთ, რომ სპეციალისტების რჩევით, წლეულს მათი გადარგვა არ შეიძლება, რადგან ნორჩი ნერგები ჯერ უნდა მომაგრდნენ.

ლალი ფაცია