ვის გააქვს ძველი იარაღი საქართველოს მთიანეთიდან - კვირის პალიტრა

ვის გააქვს ძველი იარაღი საქართველოს მთიანეთიდან

"რამდენიმე ჯგუფი პირდაპირ დაძრწის საქართველოს მთიანეთში...  ჩვენი ანტიკვარული იარაღიც საქართველოდან გაიტანეს და თურქეთში გაყიდეს!"

ქართული იარაღის ოსტატი ზურაბ ბიჩინაშვილი თბილისის ძველ უბანში ცხოვრობს. მის ოჯახში სტუმრობისას თვალში გეცემათ ძველ ქართულ ტალავარში გამოწყობილი "მეომარი" მანეკენი, რომელიც თითქოს შუა საუკუნეებიდან გადმოსულა ჩვენს დროში. ეზოში ჯაჭვის პერანგი კიდია, რომელსაც მასპინძელი დიდი რუდუნებით ქსოვს. მეგონა, ბატონ ზურაბს ეს ხელობა წინაპრებისგან ჰქონდა ნასწავლი, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა.

- თვითნასწავლი ვარ, ცოდნა დიდი ხნის დაკვირვების, შრომისა და გამოცდილების შედეგად შევიძინე. ძველად მემკვიდრეობით გადადიოდა ამა თუ იმ ხელობის საიდუმლო, მაგრამ შემდეგ ეს ტრადიცია დაიკარგა. სხვათა შორის, მეც გვიან დავინტერესდი ამ საქმით... რასაც ვაკეთებ, ჩემი სულის გამოძახილია და თუ ჩემს შვილს გაუჩნდება სურვილი, ქართული იარაღის ოსტატი გახდეს, წინააღმდეგი არ ვიქნები. ყველა სახეობის იარაღი მიყვარს, მაგრამ უფრო ახლოს ჩემს ბუნებასთან ხევსურული იარაღია.

- იარაღის ოსტატები, ალბათ, კარგი მეომრებიც იყვნენ.

- არა, ისინი კარგი მჭედლები იყვნენ. შეიძლება იარაღის ოსტატს გულიც ერჩოდა საომრად, მაგრამ კარგ მჭედელს ომში არავინ უშვებდა, რადგან ის რომ მომკვდარიყო, მთელი მისი თემი და კუთხე იარაღის ოსტატის გარეშე რჩებოდა. ამიტომაც უფრთხილდებოდნენ. მესაჭურვლე მჭედელი ნაკლები იყო, ვიდრე საყოფაცხოვრებო და შრომის იარაღების დამამზადებლები. იარაღის მჭედლები ყოფნა-არყოფნის საკითხს წყვეტდნენ, სხვები კი ყოფით პრობლემებს.

- ქართულ იარაღს ახლა, ალბათ, უფრო კოლექციონერები ყიდულობენ.

- ძირითადად, კოლექციონერები ყიდულობენ, მაგრამ ხშირად საჩუქრადაც უნდათ. ქართულ ფარ-ხმალს პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან გასული ემიგრანტებიც ხშირად ყიდულობენ, იშვიათად -  უცხოელები.

- რა მასალისგან ამზადებთ ხმალს?

- ხმლის პირი მზადდება ფოლადისგან, რომელშიც ნახშირბადის შემცველობა მაღალია. ხმლის პირი აუცილებლად ფოლადისა უნდა იყოს, რადგან მასალა, რომელიც არ იწრთობა, ხმლისთვის არ გამოდგება. რაც უფრო მეტია ფოლადში ნახშირბადის შემცველობა, მით უკეთესია. ხმლის დასამზადებლად, ფოლადს ვაძლევთ ფორმას, მერე კი ვამუშავებთ. პირის მეტისმეტად გათხელება დაუშვებელია, რადგან წრთობისას შეიძლება დაიგრიხოს ან ბზარები გაუჩნდეს. გამოწრთობის შემდეგ საჭიროა ხმლის გამოწვა, ანუ მოლბობა, რადგან გამოწრთობილი ხმალი მაგარია და მყიფე, ანუ მსხვრევადი, ეს რომ გამოვრიცხოთ, უნდა "მოვუშვათ", ანუ გამოვალბოთ 300 გრადუს ტემპერატურაზე.

საინტერესოა ხმლის ვადის დამზადების პროცესიც: ხმლის პირსა და ტარს შორის თავსდება მოწინააღმდეგის ხმლისგან დამცავი ჯვრის ფორმის დეტალი, რომელსაც ვადაჯვარს უწოდებენ. ვადაჯვარი რკინისა უნდა იყოს, თუმცა მისი დამზადება თითბრისგანაც შეიძლება, იშვიათად, ვერცხლისგანაც მზადდება. ტარად დაგებული ხის მასალა ტყავით იფარება, რის შემდეგაც მოირთვება ვერცხლის ან ნაკლებად ძვირფასი ლითონის სტილიზებული სალტეებითა და დაბოლოებით - ე.წ. ვაშლით.

- ხმლის პირის დამზადება უფრო რთულია თუ ქარქაშისა?

- ორივეს თავისებური ტექნოლოგია აქვს. ქარქაშს ხის მასალისგან ვამზადებ, უმეტესად, ცაცხვისგან. ის კარგად იტანს სინესტეს, არ ლპება და ფიჭვის ან ნაძვის მსგავსად, ზეთოვანიც არ არის. მასზე შემოიკვრება ტყავი, ხოლო ტყავზე - საცვეთები, სალტეები და სხვა დეტალები, რომლებიც ქარქაშს ახლავს. ქარქაშის ძირითადი დეტალებია: ორი ჩამოსაკიდი და სათიხარი, რომელიც ხშირად ძირს ეთრევა. ეს ყველაფერი საიმედოდ იცავს ხმალს დაზიანებისგან.

მთავარი მაინც ხმლის პირია, ვადა და ქარქაში შემდეგ კეთდება. ხმლის სატარებლად აუცილებელი ატრიბუტი იყო სამხარიღლიო, რომელიც წელზე ჰქონდათ შემორტყმული და მხარზე გადაკიდებული. სამხარიღლიოს ყაწიმებით ამშვენებდნენ.

- ფარი, ალბათ, ხმალზე ადვილი დასამზადებელია?

- რა თქმა უნდა. ხევსურული ფარი მრგვალია და რამდენიმე დეტალისგან შედგება: ეს არის წრეები, რომლებსაც გირგოლებს ეძახდნენ და შუაში გამობერილი მრგვალი ადგილი. მას ბრძოლაში თავდაცვის მიზნით იყენებდნენ. ფარს ხელში საბღუჯით იჭერდნენ. საბღუჯი ტყავის თასმებისგან კეთდება ფარის შიდა მხარეს.

არსებობს ხელის ფარი, რომელსაც ხელში იჭერდნენ და თავს ასე იცავდნენ, მეორე კი უბის ფარია, რომელსაც ტალავარში იდებდნენ. ეს იყო გულმკერდის ფორმის ფარული დამცავი საშუალება, რომელიც თვალით არ ჩანდა. ხელის ფარი ორნაირად მზადდება: ერთი არის ტყავის ფუძეზე აწყობილი - მისი დამზადებისას დეტალები ტყავის ფუძეზე კეთდება, მერე კი ტყავი ნახშირითა და ფერფლით იღებება. არსებობს რკინის ფუძეზე აწყობილი ფარიც, ისიც შავად შეიმჭვარტლება და შეიღებება. ფარი შეიძლება რკინისა იყოს, ხმალი და სხვა ნებისმიერი ცივი იარაღი კი აუცილებლად ფოლადისგან უნდა დამზადდეს. რკინის გამოყენება იარაღის დასამზადებლად გამორიცხულია.

- საქართველოს რომელ კუთხეში აკეთებდნენ გამორჩეულ იარაღს?

- ყველა კუთხეს ჰყავდა ცნობილი ოსტატები, თუმცა ძველი ქართული იარაღის დიდი ნაწილი ხევსურეთში შემორჩა, უფრო სწორად, ფხოვში. ხევსურეთი და ფშავი რამ გაყო ერთმანეთისგან? ეს დაყოფა გვიანდელია, თორემ ფხოვი ისტორიულად ერთ კუთხედ იყო მიჩნეული. თუშეთში, ფშავსა და ხევსურეთში მსგავსი შეიარაღება ჰქონდათ, ოღონდ თუშები ომის დროს ფარს არ იყენებდნენ. ისინი შედარებით მოკლე ხმლებს ირჩევდნენ და ორი ხმლით იბრძოდნენ: თითო ხელში თითო ხმალი ეჭირათ და ასე იბრძოდნენ. მეორე ხმალი თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა, შეტევისთვისაც კარგი იყო და მტრისთვის ორმაგად რთულდებოდა ასეთ მებრძოლთან გამკლავება. კარგ იარაღს ამზადებდნენ კახეთში. კახელები მარჯვედ ხმარობდნენ ფარ-ხმალს, შუბს, მახვილს, ჰოროლსა და სხვა იარაღებს. საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ამზადებდნენ იარაღს, რადგან ეს არ იყო ფუფუნების საგანი, არამედ ყოველდღიური, ფართო მოხმარებისა. იარაღი ჩვენთან ჩრდილოეთ კავკასიიდანაც შემოჰქონდათ, იტალიიდანაც, საქართველოდან უცხოეთშიც გაჰქონდათ ძალიან კარგი იარაღი. ეს კავშირები ადრეული შუა საუკუნეებიდან მოდის. დასავლეთ საქართველოში კი ძირითადად ჩერქეზული სტილის იარაღი იყო გავრცელებული, რომელსაც ჭოლაურს უწოდებდნენ.

- თქვენ გაქვთ ძველისძველი იარაღი?

- დიახ, მაქვს უძველესი ორლესული მახვილი, რომელიც 1600 წელს არის გამოჭედილი. ესე იგი, ახლა 415 წლისაა. ის უცნობი გერმანელი ოსტატის ნახელავია. საქართველოში შემოუტანიათ და მასზე ჩვენებური ყაიდის ვადაჯვარი დაუგიათ. ეს ძველი იარაღი გამორჩეულად მიყვარს.

- როგორც ვიცი, ძველი, ანტიკვარული იარაღი საქართველოში აღარც არის, რადგან უცხოელებმა გაზიდეს.

- კიდევ კარგი, მაინც შემორჩა და გვაქვს ძველი, ღირებული იარაღი, რომელიც უნიკალურია დამზადების თარიღით, გამოყენების ინტენსივობით, მფლობელთა წარჩინებით და სხვ. ასეთი იარაღი ოჯახებშიც ინახება და მუზეუმებშიც, მაგრამ ოჯახებში სულ უფრო იკლებს მათი რაოდენობა. რამდენიმე ჯგუფი პირდაპირ დაძრწის საქართველოს მთიანეთში. მიაქვს იქ იაფი პროდუქტები: შაქარი, ბრინჯი, მაკარონი, ზეთი და სხვა, განსაკუთრებით, გაზაფხულიდან შემოდგომამდე, როცა მთაში გამოსაზამთრებლად ემზადებიან. ისინი სწორედ ამ დროს "ნადირობენ" ძველისძველ იარაღზე. ასე გაიტანეს მთიანეთიდან ძველებური სპილენძის ჭურჭელი და თურქეთში გაყიდეს. ჩვენი ანტიკვარული იარაღიც ასე გაიტანეს საქართველოდან!

- რა უფრო საჭიროა კარგი იარაღის შესაქმნელად: შთაგონება თუ შრომისმოყვარეობა?

- ალბათ, ორივე, მაგრამ გააჩნია, ამ დროს როგორი კოსმოსური ენერგია მოდის, ან შენ როგორი გამტარი ხარ ამ ენერგიისა. რა თქმა უნდა, ოსტატი ყოველთვის ცდილობს ისეთი იარაღის შექმნას, რომელიც წინა ნამუშევარს სჯობია. ეს სპორტული ჟინივით არის, რომელიც მოსვენების უფლებას არ გაძლევს. ფაქტია, რომ ყველა ეგზემპლარი, რომელსაც ვამზადებ, სხვებისგან გამორჩეულია და აღარ მეორდება.

ხათუნა ჩიგოგიძე