მზემ მზესუმზირასაც კი ავნო - კვირის პალიტრა

მზემ მზესუმზირასაც კი ავნო

ბოლო ორი წელიწადია, ფერმერს მზესუმზირას მოსავალი გვალვის გამო უფუჭდება და დიდ ზარალს ნახულობს

"იმდენი მიწა გვაქვს, აქედან უცხოეთში სამუშაოდ არავინ უნდა მიდიოდეს"

"1 წელი რომ ჩაგივარდება, მერე 2 წელი მაინც გინდა,  რომ კარგი მოსავალი მიიღო და მე-3 წელს უვალოდ შეხვდე"

დედოფლისწყაროს სოფელ არხილოსკალოელი ფერმერი შოთა მნათობიშვილი ერთდროულად მისდევს მემარცვლეობას, მესაქონლეობასა და მევენახეობას. მოჰყავს ქერი, ხორბალი და მზესუმზირა. თუმცა ბოლო ორი წელიწადია, მზესუმზირას მოსავალი გვალვის გამო უფუჭდება და დიდ ზარალს ნახულობს.

შარშან აგვისტოში სწორედ ამ პრობლემაზე ვესაუბრე, მაშინ ამბობდა, რომ გვალვამ მოსავლის 90% გაუფუჭა, წლეულს კი მოსავალი, პრაქტიკულად, მთლიანად განადგურებულია...

- გვალვა არც წლეულს გვანებებს თავს. გაზაფხული კი იყო შედარებით წვიმიანი და ქერისა და ხორბლის კარგი მოსავალი მოვიდა.

იმის გამო, რომ მზესუმზირა გაზაფხულის მიწურულს ითესება და მერე წვიმა აღარ მოდის, გვალვა ანადგურებს. მოკლედ, წელს მოსავალი მთლიანად გაფუჭდა. ისიც პრობლემაა, რომ ფასებია ძალიან დაბალი.

- რას გულისხმობთ?

- როგორც კი მოსავალს ავიღებთ, მისი გასაყიდი ფასი თითქმის ნახევრდება (60-დან 35 თეთრზე ჩამოდის), ფერმერს კი ბანკის ვალი აქვს და იძულებულია, ამ პერიოდში პროდუქტი იაფად გაყიდოს. არადა, სოფლის მეურნეობა კრედიტის გარეშე რთული ასამუშავებელია. სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტრო, წესით, ფასებს უნდა აბალანსებდნენ, რომ მეურნემ კვლავწარმოება შეძლოს.

მთელი წელი ვალებით მოდიხარ, ელოდები მოსავლის აღებას, რომ გაყიდო, თანხა აიღო და ახლიდან დაიწყო შემდეგი წლისთვის მიწის დამუშავება. ახლა უნდა ვიწყებდეთ დამუშავებას, მაგრამ პროდუქტის დაბალი ფასების გამო ეს პროცესი ფერხდება.

- გაყიდვას რატომ აყოვნებთ, რას ელოდებით?

- ყველა გვიან გაყიდვას ცდილობს, იქნებ მეტი მოგება ვნახოო, თუმცა ამასობაში დრო გადის და ზარალდებიან, ხვნა გვიანდება. ოქტომბერში გასაკეთებელი საქმე ნოემბერ-დეკემბერში გადადის, რაც დაბალ მოსავლიანობას იწვევს.

- მოკლედ, მიწა ჯერ არ მოგიხნავთ?

- არა, რადგანაც მარცვლეულის გაყიდვა ჯერ ვერ მოვახერხეთ. ხორბალი ძალიან იაფია - 40 თეთრი ღირს. არადა, მარცვლეულის გარდა, ყველაფერი ძვირდება.

პრობლემები აქვთ მცირე ფერმერებსაც. დაახლოებით 3-5-ჰექტრიანი ნაკვეთები დარჩათ მოსახნავი. ლაპარაკია 500-1000-კომლიან სოფლებზე, ხალხმა მიწა უსახსრობის გამო ვერ დაამუშავა.

- მეორე წელია, მზესუმზირას მოსავალს ვერ იღებთ, ზარალი ზარალს ემატება. ასეთ ვითარებაში რა არის თქვენთვის სტიმული?

- მოგება ხშირად არ რჩება, მაგრამ როცა სოფელში ცხოვრობ, ხომ ვერ აიყრები? კაცი იმედით ცოცხლობს. ფერმერობას ასეთი რამ ახასიათებს: თუ ამ სფეროში ერთი ცხვირი შეყავი, სულ გინდა, მიწასთან ახლოს იყო. 1 წელი თუ ჩაგივარდა, მერე 2 წელი მაინც გინდა, რომ კარგი მოსავალი მიიღო და მესამე წელს უვალოდ შეხვდე.

- როცა მოსავალი ამინდის გამო გიფუჭდებათ, რაიმე კომპენსაცია თუ გაქვთ?

- არავითარი კომპენსაცია არა გვაქვს.

მიწის გადასახადი მაინც ჩამოგვაჭრან, რომ სათესლე მასალა შედარებით იაფად შემოვიტანოთ. არადა, როგორც ვიცი, ამას კანონი ავალდებულებთ: როცა მოსავალი 50%-ზე ნაკლები მოდის, მიწის გადასახადი უნდა ჩამოიწეროს. ამისთვის კი ვიბრძოლეთ, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა.

- მესაქონლეობასაც მისდევთ. ამ მიმართულებით როგორი ვითარებაა?

- ეს დარგი ყოველთვის წამგებიანი იყო, მით უმეტეს, ახლა, როცა გვალვაა და საქონლისთვის საკვები არ არის. ნატურალურ რძეს დაბალი გასაყიდი ფასი (1 ლიტრი - 50 თეთრი) აქვს. ხორცის ფასიც დავარდა. ჩასაბარებელი ფასი 11 ლარი იყო და 7 ლარზე ჩამოვიდა. ეს კი თვითღირებულებას ვერ ფარავს. ამიტომ ფერმერები წაგებაზე მუშაობენ და საქონლის გაყიდვას აპირებენ.

- მოსახლეობას ვაუჩერები რომ დაურიგეს, არაფერში წაადგა?

- ვაუჩერები მიწას მოსახლეობის 5%-მაც არ მოახმარა... გლეხს რომ ვალი აქვს, უნდა, დროზე გაისტუმროს. ვაუჩერები თითო სოფელს 200 ათას დოლარამდე უწევდა. ამიტომ შევთავაზე, იმ თანხით ტრაქტორები შეეძინათ. 1 ძლიერი ტრაქტორი 3 სოფელს ეყოფოდა და გლეხებისთვის დიდი დახმარება იქნებოდა.

- ანუ ტექნიკა პრობლემა იყო და კვლავაც რჩება?

- კი, თან ძვირია და ამას კიდევ ძვირი საწვავი და აგერ, გვალვაც ემატება. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ სოფლის მეურნეობა სულს ღაფავს.

- ისე, მემარცვლეობა-მესაქონლეობა-მევენახეობას ერთდროულად რომ მისდევთ, რამდენად ხელსაყრელია?

- დარგებს ხშირად ვიცვლით, რაც წამგებიანია, მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ იქნებ ერთ-ერთმა მაინც გაამართლოს. არის მომენტები, როცა ყურძნის ფასი უეცრად ავარდება ხოლმე, მეორე წელს კი, პირიქით, დაბალია. თავი ხომ უნდა გადავირჩინოთ? თორემ ამ ყველაფრის ერთდროულად გაძღოლა ვის უნდა, მირჩევნია, ერთ რომელიმე დარგს მივხედო.

- მზესუმზირას გაისად ისევ დათესავთ?

- 2-3 წელია, სიტუაცია ძალიან გართულდა. შარშან მოსავალი 100 ჰექტარზე ისე გამიფუჭდა, რომ კომბაინი ვერ შევიყვანე. წლეულს უარესი მდგომარეობაა. ამიტომ ამ კულტურას აღარ დავთესავ, სხვა რამეზე უნდა ვიფიქრო. იმდენი მიწა გვაქვს, აქედან უცხოეთში სამუშაოდ არავინ უნდა მიდიოდეს. ბევრი რამის მოყვანა შეიძლება, თუნდაც ისეთი კულტურის, რასაც მაინცდამაინც წყალი არ სჭირდება, მაგალითად, ბროწეულის, კაკლის, ნუშის, თხილის... ადვილი გასაშენებელი კულტურებია, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს...

ლალი ფაცია