ქართველთა თავდაცვითი აღჭურვილობა - კვირის პალიტრა

ქართველთა თავდაცვითი აღჭურვილობა

"ქართველთა თავდაცვითი აღჭურვილობის წყალობით, ქართველი მეომრის დამარცხება ძნელი საქმე იყო"

"შატილში ბავშვებიც კი ატარებდნენ ნესტარს - მავთულისგან დამზადებულ საბრძოლო ბეჭედს"

საქართველოს ისტორიიდან ცნობილია, რომ ჩვენს წინაპრებს ხშირად უწევდათ მრავალრიცხოვან მტერთან შებრძოლება. ბრძოლის ველზე ისინი არა მხოლოდ ძალისა და სიმამაცის წყალობით იმარჯვებდნენ, არამედ იარაღიც საუკეთესო ჰქონდათ და განსაკუთრებული სამოსი მტრის მახვილისგანაც იცავდა. ამის შესახებ ქართული იარაღის ოსტატი ზურაბ ბიჩინაგური გვიამბობს.

- ჩვენი წინაპრების სიცოცხლეს ბრძოლის დროს იცავდა როგორც აქტიური თავდაცვის იარაღი - ფარი, ასევე პასიური თავდაცვის იარაღი: ჯაჭვის პერანგი, ჩაჩქანი, ხელის დამცავი ნავები, საბარკლულები, საჩერანები და სხვ... თუ მეომარი სრულყოფილად იყო აღკაზმული, მისი დამარცხება ძნელი იყო.

- როგორ იყენებდნენ ფარს?

- ჩვენებური ფარი მცირე ზომისა იყო. მიზეზი ის გახლდათ, რომ მეომარს აღჭურვილობა სულ თან უნდა ეტარებინა, მთაში კი დიდი ფარებით სიარული შეუძლებელია. მეომარი დაშნისა და ხმლისგან ფარით კარგად იცავდა თავს.

მცირე ზომის მიუხედავად, ჩვენებური, ხევსურული ფარიკაობის ტექნიკის წყალობით, ფარი საუკეთესოდ ასრულებდა თავის ამოცანას. პატარა ფარები ჰქონდათ რაჭველებს, სვანებს და ოსებსაც. ეს ფარები დიდად არ განსხვავდებოდა ხევსურულისგან.

ჯერ კიდევ ძვ.წ. V საუკუნეში ჰეროდოტე წერდა, რომ "მოსხებს თავზე ხის ქუდები ეხურათ, ხოლო იარაღად მცირე ზომის ფარები და შუბები ჰქონდათ. მაკრონები და მოსინიკები ბრძოლაში მოსხების მსგავსად შეიარაღებული მიდიოდნენ.

საქართველოს მთიანეთში ადგილობრივი ოსტატები საუკეთესო ფარებს ამზადებდნენ ფურცლოვანი რკინისგან. როგორც წესი, ჩვენებურ ფარზე არ გვხვდება არანაირი წარწერა ან გრავიურა... ეს სისადავე დამახასიათებელია შუა საუკუნეების ევროპული და აღმოსავლური ფარებისთვის: მხოლოდ ზოგიერთზე შეგხვდებათ ჯვრები ან სწორი კუთხეები. ფარის ფუძეს ძველად წარმოადგენდა ხარის ტყავი, ხოლო მოგვიანებით - ლითონფურცლოვანი რკინა ან სპილენძი. ფარზე აკეთებდნენ ე.წ. გუმბათს, ზოგჯერ - რომბის ფორმით.

ხევსურების აზრით, გუმბათი კარგად იცავდა მაჯას დარტყმისგან. ფარის უკანა მხარეს გადაჯვარედინებული ღვედებია ხელის მოსაკიდებლად. მას საბღუჯს უწოდებენ. გარდა თავდაცვისთვის განკუთვნილი ფარისა, არსებობდა უბის ფარი, რომელიც თავდასხმისთვის გამოიყენებოდა. მას მალულად ატარებდნენ ტალავრის უბეში.

- ბრძოლის ველზე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პასიური თავდაცვის იარაღსაც.

- დიახ, რადგან ამის წყალობით მებრძოლის სხეული იყო დაცული. ჩაჩქანი მეომრის თავს, კისერსა და მთელ სახეს ფარავდა, სხეულს კი ჯაჭვის პერანგი იცავდა. ხევსურებს ხშირად ეცვათ ბექთარი, რომელიც ლითონის ფილებისგან შედგებოდა და გვერდებზე იკვრებოდა. ბექთარი, ძირითადად, მშვილდის ან ცეცხლსასროლი იარაღისგან თავის დასაცავად იყო განკუთვნილი. მეომრის ჩაცმულობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო სამკლავეები, ხელების დასაცავად - ფოლადის ან რკინის ფილები იდაყვიდან მაჯამდე მაგრდებოდა. სამკლავეებს ორივე ხელზე იკეთებდნენ, ზოგჯერ კი, ფარის არქონისას, მხოლოდ მარცხენაზე. მეომრებს ეკეთათ ჯაჭვის საბუხრეები, ანუ მაჯის დამცავი ხელთათმანი. რაკი მარცხენით ფარი ეჭირათ, ჯაჭვის პერანგი მარცხენა ხელის თითებს ვეღარ იცავდა. ხშირად ჯაჭვის პერანგის ხარისხზე მეომრის სიცოცხლე იყო დამოკიდებული.

- რამდენი სახის ჯაჭვის პერანგი არსებობდა საქართველოში?

- არქეოლოგიური გათხრების შედეგად იპოვეს სხვადასხვა სახის ჯაჭვის პერანგები, რომლებიც ძვ.წ. II ათასწლეულით თარიღდება. სულხან-საბას მიხედვით, საქართველოში ჯაჭვის პერანგის ხუთი სახეობა ყოფილა გავრცელებული ("ჯავშანთა გვარნი არიან ხუთ"). ის ხუთივეს ცალ-ცალკე ახასიათებს და იმასაც წერს, როგორი უნდა იყოს კარგი ჯაჭვის პერანგი.

საინტერესო ფაქტია, რომ ქართველებს ჯაჭვის პერანგის გარეთაც სამოსი სცმიათ, რომელსაც იალმაგი ერქვა. ჯაჭვის პერანგის უპირატესობა სხვა დამცავ აღჭურვილობასთან შედარებით ის იყო, რომ იგი უფრო მოქნილი და მსუბუქი იყო, ვიდრე მთლიანი რკინის ფირფიტებისგან შემდგარი აბჯარი.

- რა მოვალეობას ასრულებდა საჩერნები?

- საჩერნი მუხლს ზემოთ, თეძოს წინა ნაწილს და მუხლს ქვემოთ - წვივს იცავდა. ის ფეხზე ღვედით მაგრდებოდა. მეომრის თავს ხშირად იცავდა გირგოლიანი ქუდი - ეს იყო დაბალი ფაფახი, რომელსაც მატყლისგან ამზადებდნენ. ცნობილია, რომ ცხვრის მატყლი ისედაც ამცირებს დარტყმის ძალას, თუმცა, ქუდს დამატებით ჰქონდა ქუდის გირგოლი"- ბეჭდის ან მერცხლის კუდის ფორმის მავთულები, რომელთაც რკინის ან ბრინჯაოსგან ამზადებდნენ (3-4 მმ სისქის და 20-25 სმ სიგრძისა). გირგოლის დასამზადებლად ზოგჯერ ხესაც იყენებდნენ. რბილი ხისგან აკეთებდნენ გირგოლს, რომელიც მეომრის თავს ხმლისგან იცავდა.

თავდაცვის მიზნით ხშირად იყენებდნენ ხის იარაღს, ასევე - დასარტყამ იარაღს და საბრძოლო ბეჭედს ანუ კასტეტს.

- რა ტიპის იარაღს უწოდებენ ე.წ. თეთრ იარაღს?

- თეთრი იარაღია: ხმალი, დაშნა, ხმალჯოხი და წელის დანა ანუ ურსა. მთაში ხმლები შემოდიოდა ჩრდილო კავკასიიდან, ირანიდან, თურქეთიდან და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან. გარდა ამისა, ქართულ ხმლებსაც იყენებდნენ.

ხევსურები უფრო სწორ, ბრტყელ ხმალს ანიჭებდნენ უპირატესობას. ხმლისგან განსხვავებით, დაშნა მსუბუქი იარაღია. მასთან ერთად არც ხმალი ეკიდათ და არც ხანჯალი. ასევე გამოიყენებოდა საიდუმლო იარაღი - ხმალ-დაშნა, რომელსაც სახელოში მალავდნენ, როგორც უბის ფარს - მკერდში. ამ იარაღს არასოდეს იცილებდნენ, დანარჩენ იარაღს კი, სტუმრად მისულები, მასპინძელს აბარებდნენ.

ძველად ქართველები ხშირად ატარებდნენ ხანჯალსა და ურსას. ხანჯალი თითქმის ყველას უნახავს, ურსა კი მოკლე და მჭრელი დანაა, რომელსაც ქამარზე ტყავის ბუდით იკიდებდნენ 50 წელს გადაცილებული მამაკაცები. მას, უმეტესწილად, თავდაცვის მიზნით იყენებდნენ.

საინტერესო თავდაცვის იარაღი გახლდათ ხმალ-ჯოხი: ეს არის კომბინირებული იარაღი-ტროსტი, შუაში დამალული ხმლით, რომელსაც ხანში შესული ხევსურები ატარებდნენ. ის საყრდენად გამოიყენებოდა, აუცილებლობის შემთხვევაში კი თავდაცვის იარაღადაც იყენებდნენ.

ხმალ-ჯოხი სიგრძით 1,5 მ იყო. ჯოხის ქვედა წვერი ლითონისგან იყო დამზადებული და კონუსისებრი ფორმა ჰქონდა. ხმლის პირი ჩვეულებრივზე ვიწრო იყო, რათა ჯოხში ჩასულიყო. მის გასაკეთებლად იყენებდნენ გადამტვრეულ ხმლის პირებს, რომელიც სხვადასხვა ფორმისა იყო, ხშირად - კაუჭივით მოხრილიც.

- რას გვეტყვით დასარტყამ იარაღზე, რომელიც ასევე იყო გავრცელებული?

- დასარტყამი იარაღი ანუ საბრძოლო სათითენი მზადდებოდა რკინისგან, ძველი ნალების ან თითბრისგან. საბრძოლო ბეჭდების სხვადასხვა ვარიანტი არსებობდა. ამ ბეჭდებს ფშავ-ხევსურები ატარებდნენ სპეციალური ჯიბით, რომელიც შიგნით ჩასაცმელ პერანგს ჰქონდა გულთან, ან მარჯვენა გვერდზე, ტყაპუჭის ჯიბეში. მძიმე ბეჭდებს ქამარზე დაკიდებულსაც ატარებდნენ, ხოლო საბრძოლო ბეჭდებს მარჯვენა ხელის ცერა თითზეც იკეთებდნენ. ასევე ჰქონდათ დამხმარე ბეჭედი - საჩიკე. იგი გამოიყენებოდა შემთხვევითი ჩხუბისას, ქეიფის დროს, როცა იარაღი უკვე ჩაბარებული ჰქონდათ ოჯახის პატრონისთვის. სხვათა შორის, შატილში 10-12 წლის ბავშვებიც კი ატარებდნენ ნესტარს ანუ მავთულისგან დამზადებულ საბრძოლო ბეჭედს, რომელსაც ასევე მტრისგან თავდასაცავად იყენებდნენ.

ხათუნა ჩიგოგიძე