"იოსებიძის წალკოტი" ვერეს წალეკილ ხეობაში - კვირის პალიტრა

"იოსებიძის წალკოტი" ვერეს წალეკილ ხეობაში

"მამულ-დედულის" მკითხველთა მრჩეველი ბაღის გაშენებას ახლა აივანზე გვირჩევს

"ასაკის გამო ბაღს ხშირად ვეღარ ვაკითხავ, ჩემი კორპუსის მერვე სართულის აივანზე ამოვზიდე მიწა და იქ გავაშენე ჩემი პატარა ედემი"

მეცნიერების გარეშე შორს ვერ წახვალ, მათ შორის სოფლის მეურნეობაში - როცა ცოდნა ერწყმის შრომისმოყვარეობას, წარმატება გარანტირებულია! სწავლული აგრონომი, ბიოლოგი ნიკოლოზ იოსებიძე კარგი მეურნეა - ბავშვობაში მშობლებს ეხმარებოდა ბაღში, მერე საქმე სამეცნიერო მუშაობასთან ერთად განაგრძო. ბოლო დროს ბუნების სიყვარულით საკუთარი კორპუსის აივანზეც გააშენა ბაღი. ამ გაზაფხულზე ბატონ ნიკოლოზს ვეწვიე და ვკითხე, - თუ მაღალსართულიან კორპუსში შეიძლება ბაღის მოწყობა, მიწაზე რატომ უნდა გაგვიჭირდეს თითო ნერგის დარგვა, მათ შორის ჩვენს დედაქალაქში, რომლის მწვანე საფარი დღითი დღე ღატაკდება-მეთქი!

ნიკოლოზ იოსებიძე: - მთელმა ჩემმა ბავშვობამ ვერეს ხეობაში ბაღის მოვლასა და მოსავლის მოწევაში გაიარა. მამაჩემი ამ ხეობის თავზე, ვაკის პარკის მოპირდაპირედ საგანგებოდ დასახლდა, რათა ხეობაში ბაღი გაეშენებინა. როგორც ჩემი მშობლები მუშაობდნენ, ისე მე და ჩემი ოთხი და-ძმაც. 2 ტონა პომიდორი მოგვყავდა. ნიორს, ხახვსა და სხვა ყველა ბოსტნეულს, კენკროვანებსა და ხილს ხომ თვლა აღარ ჰქონდა, შემოდგომაზე დაბერტყილი კაკლები ტომრებით გვქონდა.

თბილისის განაშენიანების კვალდაკვალ ამ ბაღიდან მხოლოდ პატარა მიწის ნაკვეთი შემოგვრჩა. იქ დღესაც მიდგას 4 ძირი კაკლის ხე, უნაბი და ატამი... თუმცა, ამ პაწია ნაკვეთის შემოსავალმაც კი ჩემს ოჯახს განვლილ მძიმე წლებში ბევრი ყოფითი პრობლემა ააცილა... ასეთია მიწა, ადამიანის გადამრჩენელი! ამიტომაც ვერ ველევი. რადგან ასაკის გამო ბაღს ხშირად ვეღარ ვაკითხავ, ჩემი კორპუსის მერვე სართულის აივანზე ამოვზიდე მიწა და იქ გავაშენე ჩემი პატარა ედემი... ასე რომ, ყოველ გაზაფხულზე, როცა ბუნება აყვავდება, ხეები ჩემს აივანზეც იფურჩქნებიან, ქოთნებში კი მწვანილი ამოდის.

ვერეს ხეობის პრობლემები თუ არ გადაიჭრა, მსგავსი უბედურება კვლავაც არაერთხელ დატრიალდება, რის საფუძველსაც სამწუხაროდ, კვლავ დაგეგმილი კორპუსების მშენებლობა და მდინარეში "ჩადგმული" ნაგვის გროვებიც იძლევა და, რაც მთავარია, მწვანე საფრის სიმწირე. როცა ხეობაში ტრასა გაჰყავდათ, ჩემი სახლიდან ვუყურებდი, როგორ ჭრიდნენ კლდეებზე ჩემს ბავშვობაში გაშენებულ ნაძვებს - 300 ძირი ნაძვი წააქციეს. მე ხომ მახსოვდა, როგორ რგავდნენ ამ ნაძვებს - კლდეებზე თითო ორმოს აფეთქებდნენ, შიგ მიწას ყრიდნენ, ნაძვებს რგავდნენ და მერე რწყავდნენ.

ვერეზე ააშენეს წყალსაქაჩი და ამ წყალსაქაჩიდან აჰყავდათ სარწყავი წყალი. წარსულს არ მივტირი, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება: რატომ არ უნდა გაშენდეს სანაცვლო მწვანე საფარი? ძალიან მაწუხებს ის, რომ ჩვენი ქვეყნიდან მასობრივად გააქვთ სამკურნალწამლო საშუალებები, ამ მცენარეებს ფესვებიანად თხრიან და სპობენ მისი გამრავლების შანსს... სამკურნალწამლო მცენარეებს 20 წელიწადს ვიკვლევდი კავკასიის მთებში. საქართველოში გავრცელებული 127 მცენარის ატლასი შევადგინე და 750 ნახატი დავურთე ამ მცენარეების განვითარების ფაზების აღნუსხვით. ეს საოცარი სამყაროა. წლების განმავლობაში ვსწავლობდი და ვიძიებდი, როგორ უნდა გადამერჩინა მცენარეები, როცა უჭირთ. დღეს კი ძალიან უჭირთ მცენარეებს - უამრავი უცხო სახის მავნებელი უკონტროლოდ შემოტანილ ტვირთებს შემოჰყვა.

- ამიტომაც გეკითხებათ ხოლმე "კვირის პალიტრის" მკითხველი უამრავ სასოფლო-სამეურნეო რჩევას, როგორ დარგოს და გაახაროს მცენარეები.

- მხოლოდ ეკოლოგიური საშუალებებით, რის შესახებ უამრავი ცოდნა დაგროვდა მსოფლიოს მემცენარეობაში. მაგალითად, აივანზე რომ მიდგას და შევხარი იმ ჩემს ხომანდულის ჯიშის ვაშლს, წითელი საზიზღარი მწერი ფესვებში ჩაუსახლდა და გახმობა დაუწყო. მეც ავდექი, ერთმანეთში ავურიე კრაზანა, ნაცარი და საპონი და ფესვებში ჩავუსხი. მწერი გადაშენდა, ხომანდულმა კი გაილაღა.

- თქვენს აივანზე ბროწეულის ნერგებიც არის, ატმისაც და მაყვლის ბუჩქებიც...

- ჩვეულებრივი ატამია, ეს კი ჯუჯა ბროწეულებია და ისე ლამაზად ყვავის, თვალს ვერ მოწყვეტ. ვიშოვე თესლი და დავთესე. ამ უეკლო მაყვალმა აივანზე ისე იხარა, შარშან ჩემმა ცოლმა ერთი ძირიდან დაკრეფილი მაყვლით მურაბა გააკეთა.

- კაკალზე ამბობენ, დათესილი მიწაშივე ლპება, ისევ ქარისაგან შემთხვევით ჩათესილი თუ ხარობსო.

- იმიტომ, რომ ხალხმა არ იცის, რა როგორ დათესოს. ბევრი კურკოვანი, მათ შორის კაკალი, გვერდებით (წიბოთი - თესლის ორი ნახევრის შეერთების ადგილით) უნდა ჩაუშვა ნიადაგში, საიდანაც "პირის გახსნა" შეეძლება (როცა თესლის გული ღივდება, აწვება ბუდეს და წიბო იხსნება). ამასთანავე, უმჯობესია, ჩათესო არა გაზაფხულზე, არამედ შემოდგომაზე, რომ სიცივის ადაპტაცია გაიაროს და ამით მის აღმოცენებას შეეწყოს ხელი. ასე რომ, თუ კაკალს თუნდაც ქოთანში ჩათესავთ ამგვარად და მერე სარდაფში ჩაიტანთ ზამთრის განმავლობაში, მშვენივრად აღმოცენდება. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, მცენარეს რამდენი აქვს აღმოცენების პერიოდი. მაგალითად,

კაკალი მეორე წელიწადს აღმოცენდება, ატამი და ქლიავი იმ წელსვე ამოდის. თუმცა კურკოვანების თესვა მაინც ლატარიაა და სჯობს, მწარე საძირეზე დავამყნოთ საუკეთესო ჯიში. ამის შემდეგ საუკეთესო კაკალსაც მივიღებთ. დათესვისას კი შეიძლება მწარე სადედემ იძალოს და კაკლის თესლიდან საუკეთესო კაკლის ნაცვლად ველური ჯიშის კაკალი მივიღოთ. თხილი კი სათესად საერთოდაც არ ვარგა, ყოველთვის ნერგი უნდა დავრგოთ. ახალაღმოცენებულ ნერგს კი ჩვილი ბავშვივით მოვლა სჭირდება, განსაკუთრებით პირველ ხანებში. იმისთვის, რომ ნარგავები წყლით ზომიერად გაჟღენთილიყო, მე პოლიეთილენის ბოთლები გამოვიყენე - აივანზე ნარგავების თავზე დავკიდე და ნემსით გავჩხვლიტე. მორწყვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ სისტემის გაუმჯობესებით ისრაელს, რომელიც უდაბნოშია გაშენებული, საუკეთესო სოფლის მეურნეობის პროდუქცია მოჰყავს, - მიწაში ქვემოდან აქვს მცენარეებს მიბჯენილი ქსელური სარწყავი სისტემა, რომლის გამოშვებული წყალი ნიადაგის ზედაპირამდე ადის და მერე უკანვე ეშვება.

- ლამაზი ხის სამშვენისები გაქვთ...

- ჩემი ნახელავია. საათობით შემეძლო ტყეში მოძიებული ხის უვარგისი ნაჭერი მეფხიკა და მეთალა და საუკეთესო სამშვენისად მექცია. ხატვა მეხერხება და ყოველთვის ვამჩნევდი, რა გამოვიდოდა უბრალო ტოტიდან ან ფესვიდან. ცხოვრებაში დიდი ტრაგედია გადავიტანე და როცა ფიქრი შემომაწვება, ამ ნივთებისა და ჩემი აყვავებული აივნის დანახვა შვებას მაძლევს.