"მებაღეობის დიდი ენციკლოპედია" ქართველი მკითხველისთვის - კვირის პალიტრა

"მებაღეობის დიდი ენციკლოპედია" ქართველი მკითხველისთვის

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა როგორც სოფლად მცხოვრებთათვის, ისე ქალაქელებისთვის სამაგიდო წიგნი გახდება

"წიგნში ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული ცოდნაა თავმოყრილი. დასურათებულია უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციებითა და ფოტოებით, რათა თვალსაჩინო გახდეს, პრაქტიკულად როგორ განვახორციელოთ ყველა რჩევა"

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორის, ნინო დეკანოსიძის თქმით, წიგნის უნიკალურობის მთავარი ნიშანი ის არის, რომ პრაქტიკული რჩევებით, რომელსაც ენციკლოპედია გთავაზობთ, გამოუყენებელი მიწის ნაკვეთის მფლობელსაც კი უხვმოსავლიანი და ულამაზესი ბაღის გაშენება შეუძლია.

- მიწასთან შეხება ჩვენში პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს, მათ შორის ქალაქელებსაც - სხვა თუ ვერაფერი შეძლო, ქოთნის ყვავილებს მაინც გაახარებს. სოფლის მეურნეობაში კი სულ უფრო მეტი შესაძლებლობები იკვეთება, მეტი ახალი კულტურა შემოდის. შესაბამისად, ბევრი კითხვაც ჩნდება როგორც მოვლა-მოყვანის, ისე დიზაინის შესახებ. მკვიდრდება კულტურა, რომ მხოლოდ ჩვენი ბაღების სიუხვით კი არ ვტკბებოდეთ, მისი სილამაზეც გვანიჭებდეს სიამოვნებას...

ამ კითხვების საპასუხოდ დიდი ხანია გვინდოდა გამოგვეცა სოფლის მეურნეობის სრულყოფილი ენციკლოპედია, რომელიც ამ დარგში მომუშავე თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი მეცნიერების კვლევებსა და გამოცდილებას დაეყრდნობოდა და სახელმძღვანელოდ იქცეოდა როგორც ფერმერებისთვის, ისე დამწყები თუ მოყვარული მეურნეებისთვის. ვფიქრობ, "მებაღეობის დიდი ენციკლოპედია", რომელიც პოპულარულია ევროპელ მეურნეებს შორისაც, ამ ამოცანას სრულად პასუხობს.

- მაგალითისთვის, იქნებ დაგვისახელოთ, რომელ კულტურებზეა ლაპარაკი?

- ყველაფერზე, რაც ბაღში შეიძლება დაითესოს, ჩვენი ბაღები ან სახლები გალამაზდეს და მოსავალი მივიღოთ - კოინდრით დაწყებული, მრავალწლოვანი ხეებით დასრულებული. ამასთან, მოცემულია უნიკალური რჩევები, როგორ დავთესოთ მცირემიწიან ბაღში ერთიმეორის გვერდით უფრო მეტი კულტურა ისე, რომ მათ ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, ყველა გალაღდეს და გაიხაროს; რომელი ყვავილი ან მცენარე ხარობს ჩრდილში, რომელი - მზისგულზე, რა უნდა გავითვალისწინოთ მცენარის დარგვისას. ისიც კი მოცემულია, მცენარეების დარგვისას ვარჯის რომელ მხარეს უნდა ხვდებოდეს მზის სხივები...

- ჩვენი მკითხველისთვის ეს საკითხები ალბათ ძალიან საინტერესო იქნება.

- ყველაფერი ვითარდება და მათ შორის სოფლის მეურნეობაც, რასაც ჩვენ დიდი ხნით ჩამოვრჩით. ამ წიგნში ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული ცოდნაა თავმოყრილი და არა მხოლოდ სოფლად მცხოვრებთათვის, არამედ ქალაქელი დიასახლისებისთვისაც, რომლებიც სანელებლებისთვის მცენარეებს ქოთნებში თესავენ და კერძებში სიამოვნებით მოიხმარენ. ენციკლოპედიაში დეტალურად არის ნაჩვენები, შინ დათესილი სხვადასხვა სახის ბოსტნეულისთვის ქოთანი სად დავდგათ და რით გავანოყიეროთ, რათა ჯანსაღი ბოსტნეული გვქონდეს. დავამატებ იმას, რომ წიგნი დასურათებულია უმაღლესი ხარისხის ილუსტრაციებითა და ფოტოებით, რათა თვალსაჩინო გახდეს, პრაქტიკულად როგორ განვახორციელოთ ყველა რჩევა. რაც მთავარია, ეს რჩევები მარტივ და გასაგებ ენაზეა გადმოცემული და დაანტერესებს ყველას, ვინც ხელში აიღებს.

ეთერ ერაძე