"ჩემს ჯუჯებს მილიონადაც არ გავყიდი" - ეგზოტიკური ქათმები ქობულეთიდან - კვირის პალიტრა

"ჩემს ჯუჯებს მილიონადაც არ გავყიდი" - ეგზოტიკური ქათმები ქობულეთიდან

"ჩინურ აბრეშუმას წვიმა "თმას" ისე გაუფუჭებს, აღარ ივარგებს; აღარც ჰოლანდიური თეთრქოჩორები ივარგებენ - ეს ჯიში კანიბალია, თუ დასველდნენ, თავი უტიტვლდებათ და ისინიც ერთმანეთის კორტნას იწყებენ"

- მეზობლის მშობლები შვილებს თეფშით და კოვზით დასდევდნენ, შენი ჭირიმე, ერთი კოვზი კიდევ შეჭამე და მერე კანფეტს მოგცემო, მე ეგ არ მჭირდებოდა: გამიყვანდნენ ჩვენს დიდ ეზოში, დამაყენებდნენ წიწილებში და იმათ მიჩერებული რატომ ორ თეფშს ერთად არ ვჭამდი! ალბათ, ასე დაიწყო ჩემი სიყვარული ფრინველ-ცხოველებისადმი...

ერთ დილას მშობლებმა ოზურგეთის ბაზარში დააპირეს წასვლა - წიწილებს ვიყიდით და ოჯახისთვის დავზრდითო. მე ავღრიალდი, გინდა თუ არა, მეც წამიყვანეთ-მეთქი! რაღას იზამდნენ, წამიყვანეს. იქ მოხუც ქალს ჯუჯა დედალ-მამალი დავუნახე ხელში. ფეხი იქამდე არ მოვიცვალე, სანამ მამას არ ვაყიდვინე, არადა, ძალიან ძვირი 30 ლარი ღირდა. შედარებისთვის: იმხანად 9 ლარად კარგ ჩასუქებულ დედალს იყიდდი.

იმის შემდეგ, წლებია, ჯუჯა ქათმებს ვაგროვებ და ვსწავლობ. ლამის მთელ მსოფლიოში ვეძებ, რომ გავამრავლო და ჯიშები შევინარჩუნო. მათთან სხვა ჯიშის შერევა დანაშაულად მიმაჩნია - თუ შინაური ქათმებისაგან ვერაფრით განვასხვავე, ასეთი კოლექცია რად მინდა!

- როგორც ცნობილია, შიდა, "ნათესაური" გამრავლებაც არ შეიძლება.

- ნათესაური გამრავლება 4-5 თაობის შემდეგ ჯიშს აავადებს და აკნინებს. 140-გრამიანი ქათამი რომ დაკნინდება, რაღა უნდა დარჩეს! ჩვენში სუფთა ჯიშის ჯუჯა ქათმების შოვნა თითქმის შეუძლებელია, ამიტომაც ინტერნეტით ვეძებ მსოფლიოს ყველა კუთხეში იმ ჯიშს, რომელიც გამრავლებისთვის გამომადგება, მერე იმ ქვეყანაში ვეძებ ქართველებს, რომლებიც ჩემი გაგზავნილი ფულით ქათამს იყიდიან და გამომიგზავნიან. ინტერნეტით ყიდვა, ცოტა არ იყოს, სარისკოა. შემირჩევია, ფული გამიგზავნია, იქიდან კი სულ სხვა ქათამი ჩამოსულა. სუფთა ჯიშის ჯუჯა ქათმები რუსეთიდან და უკრაინიდაც ჩამომყავს, ძალიან უჭირთ აკლიმატიზაცია, მაგრამ 10-15 დღით ადრე ვატყობ, რა დასჭირდებათ და ვშველი.

- ბევრი შრომა გიწევთ...

- სხვადასხვა ჯიშის ულამაზესი ქათმები მყავს, მაგალითად, ინგლისური სებრაითი, რომლის დედალი დაახლოებით 300 გრამამდე, მამალი კი - 400 გრამამდე იწონის. ყოველ თეთრ ბუმბულზე შავი არშია აქვთ შემოვლებული, რომელიც თევზის ქერცლივით უზუსტესად და ლამაზად არის ჩაწყობილი. მყავს ჰოლანდიური თეთრქოჩრიანი მამლები, მათი ბუმბული მზეზე ლურჯად პრიალებს, თავზე კი მჯიღისხელა ულამაზესი თეთრი გვირგვინი ადგათ. მყავს ჩინური აბრეშუმა ქათმები, რომელთაც ბუმბულის ნაცვლად აბრეშუმისნაირი ბეწვი ეზრდებათ...

ჯუჯა ქათმების საშუალო წონა 500 გრამია. მე ათი ჯიშის ეგზოტიკური ქათამი მყავს და მათგან რვა ჯიშის წონა 140 გრამიდან იწყება...

მყავს საუკეთესო საფოსტო მტრედები. შემიძლია ვიტრაბახო - ისეთი "პროფესიონალები" არიან, ქობულეთიდან თელავში დილის 10 საათზე რომ გავუშვი, 6 საათზე უკან 11 მტრედი დამიბრუნდა, მხოლოდ ერთი ჩამორჩა...

ჩემს ქათმებს არ სიამოვნებთ უცხოს სიახლოვე. საჭმელი აუცილებლად მე უნდა ვაჭამო, ან, იშვიათად, დედაჩემმა.

8 წლის ვაჟი მყავს და 3 წლის გოგონა. ბიჭს არა, მაგრამ გოგონას ჩემსავით უყვარს ფრინველები... ასე რომ, ჩემს საქმეს ის გააგრძელებს.

- თქვენს კოლექციას ბევრი ხარჯი სჭირდება?

- შრომაც ბევრი სჭირდება და სიფრთხილეც. ზოგიერთი ჯიში არ უნდა დასველდეს. მაგალითად, ჩინურ აბრეშუმას წვიმა "თმას" ისე გაუფუჭებს, აღარ ივარგებს; აღარც ჰოლანდიური თეთრქოჩორები ივარგებენ - ეს ჯიში კანიბალია, თუ დასველდნენ, თავი უტიტვლდებათ და ერთმანეთის კორტნას იწყებენ.

ჩემს ქათმებს სჭირდებათ ვიტამინური და შერჩეული საკვები, მაგრამ თუ სწორად კვებავ, ხარჯი ძალიან მცირეა.

თუ კარგად მოუარე, ზოგიერთი ჯიში მარტის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე დაახლოებით 120 ცალ კვერცხს დებს... ასე რომ, ოჯახში ჯუჯა ქათმების კვერცხს მივირთმევთ... რაც შეეხება საკრუხე ქათმებს, ისინი მხოლოდ იმდენ კვერცხს დებენ, რამდენსაც ფრთებით გაათბობენ. ამ წიწილების ნახვა ერთ სიამოვნებად ღირს.

- ყიდით?

- ერთხელ ერთი კაცი გამოჩნდა, ამ საქმეში ჩემზე ფანატიკოსი იყო; ინგლისური სებრაითის ჯიში მოეწონა და მომყიდეო. უარი ვუთხარი. ეგონა, ფასის გამო არ ვყიდდი და მიმატა და მიმატა ფული. ბოლოს ისეთი თანხა მითხრა, ნებისმიერს გააოგნებდა, მაგრამ მაინც უარი ვუთხარი. მილიონიც რომ ეთქვა, მაინც არ მივცემდი - ჩემს ქათმებს ვერასოდეს შეველევი.