ქართული ნაქარგობა და მისი სახეები - კვირის პალიტრა

ქართული ნაქარგობა და მისი სახეები

"მთაში ჯვრებით ქარგვა ფართოდ იყო გავრცელებული. ის, ძირითადად, ხევსურულ სამოსზე გვხვდება"

"მცენარეულ ორნამენტებში იყენებდნენ ყვავილებს, მცენარის ტოტებს და ისეთ სახეებს, რომელთა დახმარებით მქარგველი სიცოცხლის ხის გამოსახულებას ქმნიდა"

ქარგვა ქართველი ქალების საყვარელი საქმიანობა იყო. ხელსაქმის ცოდნა მანდილოსნისთვის სავალდებულოც კი გახლდათ. ჩვენამდე მოღწეული ქართული ნაქარგობები თამამად შეიძლება მივიჩნიოთ ხელოვნების ნიმუშებად, რაც ძველი ქართველი ოსტატების დახვეწილ გემოვნებაზე მეტყველებს. მქარგველები უმეტესად ბუნებრივ საღებავებს იყენებდნენ. ყველა ოსტატის მიზანი იყო, სამოსს წლებისთვის გაეძლო და ძაფი არ გაუფერულებულიყო. ამისთვის ძაფს ძმრით, წიდითა და მარილით ტკიცავდნენ. საბედნიეროდ, ეს ტრადიციები XXI საუკუნეშიც არ დაკარგულა. თანამედროვე ქართველი ქალები არანაკლებ ლამაზ, დახვეწილ ნამუშევრებს ქმნიან, რომლებშიც ძველი ქართული ორნამენტებია გამოყენებული. ამის თაობაზე ხალხური რეწვის ოსტატი იზოლდა გაბიტაშვილი გვიამბობს.

- პირველ რიგში, საეკლესიო სამოსელი უნდა ვახსენო, რომელიც განსაკუთრებული ტექნიკით იქარგებოდა. ეს ტექნიკა ბოლო წლებში პატრიარქის ძალისხმევით აღდგა. იქარგებოდა კაბის გულისპირები, კაბის სარტყლის დეტალები, თავსაბურავები და სხვ.

- თუ არის შემორჩენილი ორნამენტები, რომლებსაც ქართველი ოსტატები ყველაზე ხშირად იყენებდნენ?

- გავრცელებული იყო ქარგვის სხვადასხვა სახეობა, ე.წ. საქარგავი სახეები. მათ შორის შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე, რომლებიც ყველაზე დამახასიათებელია ქართული ნაქარგობისთვის. თავდაპირველად უნდა დავასახელოთ სითვით ნაქარგი, რომელსაც ნაცურით ნაქარგსაც ეძახიან. ნაქარგობის ამ სახეობას, ძირითადად, ატლასზე, აბრეშუმსა და ხავერდზე დასაქარგად იყენებდნენ. ის ძალიან ლამაზია და ჩვენი ოსტატები დღემდე იყენებენ, რადგან ფართო გასაქანს იძლევა: სითვით, ანუ ნაცურით, შეიძლება ნებისმიერი რამ მოქარგო, პეიზაჟებიც კი.

სამოსის გასალამაზებლად ძალიან გავრცელებული იყო მცენარეული ორნამენტები, მათ ხშირად ყაბალახებზეც ქარგავდნენ. მცენარეულ ნაქარგში იყენებდნენ ყვავილებს, მცენარის ტოტებს და ისეთ სახეებს, რომელთა დახმარებით მქარგველი სიცოცხლის ხის გამოსახულებას ქმნიდა. ზოგჯერ მარტო მცენარეული სახეებით ქარგავდნენ, ზოგჯერ კი, სხვადასხვა ორნამენტს ერთმანეთს უთავსებდნენ. ამგვარი ნაქარგით, გარდა სამოსისა, ნივთებსაც ამკობდნენ - ჩანთებს, სათუთუნეებს, ქისებს და სხვ.

- ჯვრულ ორნამენტზე რას გვეტყოდით?

- მთაში ჯვრებით ქარგვა ფართოდ იყო გავრცელებული. ის, ძირითადად, ხევსურულ სამოსზე გვხვდება. ჯვრული ორნამენტები იქარგება ქსოვილზე, რომელსაც ადრე მთაში შილას ეძახდნენ. ქარგვის ეს სახეობა დღემდეა შემორჩენილი და ახლანდელი ოსტატებიც ხშირად იყენებენ. ჯვრულ ნაქარგობაში, სითვით ნაქარგისგან განსხვავებით, უფრო შეზღუდული ხარ სხვადასხვა ფორმისა და ორნამენტის გამოყვანაში. ჯვრულ ნაქარგს უფრო სხვანაირი გეომეტრიული ორნამენტები უხდება. მართალია, შეიძლება მცენარეული ორნამენტების გამოყენება, მაგრამ ეს შედარებით ძნელია. შემხვედრია ნამუშევრები ჯვრული ნაქარგობით, სადაც იყო მცენარეული ორნამენტებიც, განსხვავებული გეომეტრიული ფორმებიც, ფრინველებიც და სხვა გამოსახულებებიც. ასეთი ნაქარგი მრავალფეროვანი და ლამაზია. თუმცა, ხევსურული ნაქარგის მთავარი ფიგურა მაინც ჯვარია.

- როგორც ვიცი, ქართველი ოსტატების ნამუშევრებში მძივებით ნაქარგსაც დიდი ადგილი ეთმობა.

- მძივებით იქარგებოდა ქისები, მომცრო ყოფითი ნივთები და საულვაშეებიც კი, სადაც მამაკაცები ხელოვნურ ულვაშს ინახავდნენ. მძივებს განსაკუთრებით ხშირად იყენებდნენ საეკლესიო სამოსლის ქარგვისას, ის აუცილებლად მარგალიტის მძივებითა და ძვირფასი თვლებით უნდა მოქარგულიყო. ქარგვის ასეთი ტექნიკა დღესაც პოპულარულია.

- თუ იგრძნობა ქართულ ნაქარგებში მეზობელი ქვეყნების გავლენა?

- რა თქმა უნდა, XVIII საუკუნიდან ჩვენში უკვე გრეხილი ორნამენტებიც შემოვიდა, რაც აღმოსავლური სამყაროს გავლენით აიხსნება. ჩვენი მქარგველები ხშირად იყენებდნენ სხვა ქვეყნების ოსტატთა გამოცდილებას.

- ოქრომკედით ნაქარგზეც მოგვიყევით...

- ოქრომკედი გამორჩეული იყო სილამაზითა და მდიდრული ელფერით. ოქრომკედით ქარგვის მრავალი სახეობა არსებობს. საქარგავად იყენებდნენ აბრეშუმის ძაფსა და ოქრომკედს. ოქრომკედის ძაფში ოქრო იყო გამოყენებული. საქართველოში ამ ძაფის დამზადებაც იცოდნენ, თუმცა სხვა ქვეყნებიდანაც შემოჰქონდათ. გასულ საუკუნეებში ოქრომკედით ქარგვა წარჩინებული ქალების ხელსაქმე იყო. ცნობილია, რომ თამარ მეფე მოცალეობის ჟამს ყოველთვის ხელსაქმობდა, ქარგავდა და უპოვრებს მათი გაყიდვით აღებული ფულით შეეწეოდა ხოლმე.

- დღეს თუ ქარგავენ ქართველები ამ ტექნოლოგიით?

- ოქრომკედით ქარგვა მეტად შრომატევადი საქმეა. საბედნიეროდ, ქარგვის ამ სახეობას სამების სამრევლო სკოლაში ასწავლიან. დღეს ბევრმა მქარგველმა იცის ოქრომკედით ქარგვა. ისინი სპეციალურ ლითონის ძაფებს იყენებენ. ადრე ჰქონდათ რბილი ძაფი, რომელიც აბრეშუმთან იყო შეგრეხილი და კარგი მასალაც იყო. არ შემიძლია, არ ვახსენო დედა თამარი, რომელიც სამრევლო სკოლაში წლების განმავლობაში მოღვაწეობდა, ამ საქმეს უანგაროდ ემსახურებოდა. სამწუხაროდ, ის ცოცხალი აღარ არის... ასეთი ადამიანების დამსახურებით გვაქვს სამებაში ქარგვის ძლიერი სკოლა. დღეს საქმე აღდგენილია და სასიხარულოა, რომ XXI საუკუნის საქართველოში უძველესი ქართული ორნამენტებითა და სახეებით ქარგავენ. ბევრი კარგი მქარგველი აღიზარდა ეთნოგრაფიულ მუზეუმთან არსებულ სკოლაშიც. ისინი გამოფენებშიც მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.

- საეკლესიო ნაქარგობის გარეშე ქართული ნაქარგობის ისტორია წარმოუდგენელია.

- გეთანხმებით, საეკლესიო ნაქარგობას საქართველოში საუკუნეების ისტორია აქვს. ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საეკლესიო ნივთი თუ რელიკვია იქარგებოდა. აღდგომის დღესასწაულის წინ აუცილებლად ქარგავდნენ გარდამოხსნას, წითელი პარასკევის საეკლესიო რიტუალისთვის. გარდამოხსნაც საეკლესიო კანონიკის მიხედვით იქარგება და საეკლესიო ნივთებიც, რომლებსაც აღდგომის თუ სხვა დიდი დღესასწაულების დროს რიტუალური დატვირთვა ენიჭება. ქართველი ოსტატები ქარგავდნენ და დღესაც ქარგავენ ხატებს, მაგრამ ეს საფრთხილო საქმეა. მოძღვრის კურთხევის გარეშე ხატის ქარგვა არ შეიძლება. მე, მაგალითად, ამ ყველაფრის მიმართ ისეთი მოკრძალება მაქვს, რომ ხატი არასოდეს მომიქარგავს.

- თქვენს ნამუშევრებზეც გვიამბეთ.

- საბედნიეროდ, ჩემი წინაპრები ქსოვდნენ, ქარგავდნენ და ამ საქმეს მეც მასწავლიდნენ. ძირითადად, ნაქსოვზე ვქარგავ, რაც საკმაოდ რთულია, რადგან ნაქსოვი ქსოვილი წელვადია და ქარგვისას დიდი სიზუსტე და სიფრთხილეა საჭირო სასურველი შედეგის მისაღებად. ნაქსოვზე ქარგვა ადრეც არსებობდა, მაგრამ რასაც მე ვაკეთებ, ეს შედარებით მსხვილი ნაქარგია. ქსოვილი უკვე მოქსოვილი უნდა იყოს, რომ განსაზღვრო, როგორი ორნამენტები უნდა დაქარგო მასზე და რამდენად სიმეტრიული იქნება ისინი.

ადრე ქსოვასა და ქარგვას სკოლაშიც ასწავლიდნენ, დასანანია, რომ დღეს ხელგარჯილობა აღარ ისწავლება. წლების წინ ნებისმიერმა გოგონამ ქსოვისა და ქარგვის ანაბანა მაინც იცოდა. ეს ტრადიცია არ უნდა დაიკარგოს.

ხათუნა ჩიგოგიძე