"რეისი" ბუმერანგის პრინციპით - კვირის პალიტრა

"რეისი" ბუმერანგის პრინციპით

მერცხალზე უამრავი ლექსი და სიმღერა დაწერილა. ეს ფრინველი ერთნაირად ახლობელია მრავალი ქვეყნის მცხოვრებთათვის, რადგან მისი ჭიკჭიკი გაზაფხულსა და ბავშვობის მოგონებებთან ასოცირდება.

"მერცხალს ბევრი საინტერესო და უჩვეულო თვისება აქვს", - ამბობს ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში გავრცელებულ მერცხლებსა და მათ თავისებურებებზე ვესაუბრეთ.

- საქართველოში მერცხლის ხუთი სახეობაა აღნუსხული, საიდანაც ოთხი ფართოდ არის გავრცელებული: მენაპირე მერცხალი, კლდის მერცხალი, ქალაქის მერცხალი და სოფლის მერცხალი. ბოლო დროს წითელზურგა მერცხალიც შენიშნეს.

მერცხლის ყველა სახეობას ერთი საერთო თვისება აქვს, რომელსაც ჰოუმინგს უწოდებენ. ეს არის უნარი, შორს წაყვანილმა ცხოველ-ფრინველმა გზა თავისით გამოიგნოს და შინ დაბრუნდეს. მერცხლებიც თავიანთ ბუდესა და ტერიტორიას უბრუნდებიან, თან მონოგამიური არსებებიც არიან - მხოლოდ ერთ პარტნიორთან ცხოვრობენ.

- ეს ინსტინქტი მერცხლის ბარტყებსაც აქვთ?

- დიახ, მათ ბარტყებსაც აქვთ ჰოუმინგი - ისინი ყოველთვის იქ ბრუნდებიან, სადაც გამოიჩეკნენ და გაიზარდნენ. როგორ ახერხებენ ამას? - მეცნიერები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ფრინველები, ძირითადად, ვიზუალურ ნიშნულებს იყენებენ. შესაბამისად, ისინი მხოლოდ დღისით დაფრინავენ და ორიენტირად გეოგრაფიული ადგილები აქვთ - მთები, ხეობები, მდინარეები და სხვ.

მერცხლები ბუდეს ტალახის ბურთულებისგან აშენებენ, სახლის სხვენზე ან იქვე, ლავგარდანზე. მამალი მერცხალი ტერიტორიას ნიშნავს, სადაც მისი ბუდეა. მერცხლებს ლამაზი და რთული გალობა შეუძლიათ, საფრთხის მოახლოებისას მათი ხმიანობა სხვანაირია, ჩვეულებრივ დროს კი, სხვა. მამალი მერცხალი სწორედ ამ გალობით იზიდავს დედალს, მერე კი ბუდის ერთად შენებას იწყებენ. ბუდეში რამდენიმე კვერცხს დებენ. უმეტესად კვერცხზე დედალი ფრინველი ზის, მამალი ბუდეში მხოლოდ მაშინ ჯდება, როცა დედალი მწერების დასაჭერად ან წყლის დასალევად გაფრინდება.

- რა დრო სჭირდებათ ბარტყებს, რომ გაიზარდონ და ფრენა ისწავლონ?

- 15-20 დღე გამოჩეკას სჭირდება. მერცხალს ერთი საინტერესო თვისება აქვს: გამოჩეკიდან სამ კვირაში ბარტყებს ფრენა უკვე შეუძლიათ და მშობლებიც მათ ბუდიდან აგდებენ. ბარტყები ფრენას თავისით სწავლობენ და დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ეჩვევიან. ბარტყების გადმოგდების შემდეგ ბუდე ცარიელდება და ხშირად მერცხლები მეორე ბუდობასაც ასწრებენ მიგრაციამდე. გადაფრენის წინ მერცხლები დიდ გუნდებად იკრიბებიან და ერთად მიფრინავენ. ისინი ერთ ადგილს ირჩევენ, სადაც ჩერდებიან და ისვენებენ. ყოფილა შემთხვევა, როცა აფრიკის ტერიტორიაზე ერთ ადგილას 1,5 მილიონი ფრინველი დაუთვლიათ.

მერცხალი სასარგებლო ფრინველია, რადგან ათასობით მავნე მწერს ჭამს. ნექტრისმჭამელი მწერები არ უყვარს, მავნებლებს კი სიამოვნებით მიირთმევს. ბუზით დაწყებული, მსხვილი ხოჭოთი დამთავრებული, ყველაფერი შეიძლება დაიჭიროს. მერცხლები წყალსაც ფრენის დროს სვამენ.

- საქართველოში ყველაზე გავრცელებულ მერცხლის სახეობებზე რას გვეტყოდით?

- ყველაზე ცნობილი საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც ორი სახეობაა: სოფლის მერცხალი და ქალაქის მერცხალი. სოფლის მერცხალს გრძელი, წვეტიანი, ორად გაყოფილი კუდი აქვს. ის ბუდობს სოფლებშიც და ქალაქებშიც, ოღონდ შედარებით პატარა სახლებზე. სოფლის მერცხალი მწერებს ფრენის დროს იჭერს.

ქალაქის მერცხალი ქალაქებში, მრავალსართულიან კორპუსებზე ბუდობს. საქართველოში გვხვდება ისეთი ქალაქის მერცხალიც, რომელიც ბუნებრივ გარემოში, კლდეებზე ბინადრობს. მას ისეთი გრძელი კუდი არა აქვს, როგორც სოფლის მერცხალს და კოლონიებად ბუდობს. ამიტომ კორპუსებთან ხშირად ნახავთ ერთად შეკრებილ მერცხლებს, ეს ქალაქის მერცხლისთვის დამახასიათებელი თვისებაა. ვაშლოვნის ეროვნულ პარკში, პანტიშარის ხეობაში არის ცნობილი კლდე, სადაც ქალაქის მერცხლების უზარმაზარი კოლონია იკრიბება.

- ქალაქის მერცხალი შეიძლება რეგიონებშიც შეგვხვდეს?

- რა თქმა უნდა, ისევე როგორც სოფლის მერცხალს შეიძლება შეხვდეთ ქალაქში, 2-3-სართულიანი სახლის სხვენზე. მათი სახელები დიდწილად პირობითია.

- სხვა სახეობები რა ნიშნებით გამოირჩევიან?

- ქალაქის მერცხალთან ყველაზე ახლოს კლდის მერცხალია. ისინი უფრო პატარ-პატარა კოლონიებად ცხოვრობენ და მათი ბუდეებიც უფრო დაშორებულია ერთმანეთისგან. ქალაქის მერცხლების ბუდეები კი, შესაძლოა, ერთმანეთსაც იყოს მიტყუპებული. კლდის მერცხალი ბუდეს კლდის გადმოშვერილ ქიმზე იკეთებს, მათი ბუდეების ფერიც კლდეს ეხამება. ამ სახეობას მოყავისფრო შეფერილობა და თეთრი წინწკლები აქვს და, როგორც წესი, მაღალ კლდეებს ირჩევს. საქართველოში მას ყველაზე ხშირად ვარძიაში ნახულობენ. თუ ზაფხულში მოხვდებით ვარძიაში, აუცილებლად ნახავთ იქ კლდის მერცხლებს.

მენაპირე მერცხალს ადამიანი ყველაზე იშვიათად ხედავს, რადგან მდინარეებისა და კლდეების ნაპირებზე ბუდობს, ადამიანების სამოსახლოს ახლოს არ ბინადრობს. თუ მდინარის პირას კარგ კლდეს იპოვიან, უზარმაზარ კოლონიებს ქმნიან. ბუდეს ხშირად კლდეში თხრიან, ოღონდ რბილი, თიხნარი ადგილი უნდა იყოს, რადგან ქვას ვერ გამოთხრის. საქართველოში ყველაზე ადრე, მარტის ბოლოს, სწორედ მენაპირე მერცხლები მოფრინავენ.

- წითელზურგა მერცხალი რით გამოირჩევა სხვებისგან?

- მერცხლის ეს სახეობა საქართველოში ადრე არ შეუნიშნავთ. მას ბოლო ოცი წელია ნახულობენ და მხოლოდ ერთი შემთხვევა აღირიცხა, როცა ტერიტორიაზე დაიბუდეს, დედოფლისწყაროს რაიონში, თუმცა იქ მეორედ აღარ დაბრუნებულან. წითელზურგა მერცხალი საქართველოში მხოლოდ გადაფრენის დროს გვხვდება, ასეთ დროს ის შეიძლება ნახოთ შავი ზღვის სანაპიროზე, კახეთში, ჯავახეთში. ერთხელ ქუთაისთან ახლოსაც იპოვეს.

- სულ რამდენი სახეობის მერცხალია ცნობილი?

- არსებობს მერცხლების 90-ზე მეტი სახეობა და ყველაზე მეტი აფრიკაშია. მერცხლების წარმოშობის ადგილადაც ამ კონტინენტს მიიჩნევენ. ჩრდილოეთის ქვეყნებს სხვა სახეობის მერცხლები ირჩევენ, სამხრეთისას - სხვა. აფრიკაში რომ ბუდობენ, ის სახეობები ჩრდილოეთის ქვეყნებში იშვიათად ბინადრობენ.

ხათუნა ჩიგოგიძე