ლილიანის "ეკლიანი გატაცება" - კვირის პალიტრა

ლილიანის "ეკლიანი გატაცება"

"ვისაც ყვავილები მოსწონს და შეგროვებას გადაწყვეტს, პილარგონიებით დაიწყოს - იოლი მოსავლელი და სასარგებლოა - სპობს მავნებლებს და ძალიან ლამაზიცაა"

29 წლის გერმანისტ ლილიან მეტრეველს აივანზე საუცხოო ბაღი აქვს, რომელიც დიდუბეში ერთ-ერთი ულამაზესია. ლილიანმა თავისი კოლექციის შესახებ გვიამბო:

- 3 წლის წინ ყვავილების შეგროვებას მოვკიდე ხელი. მერე გავწევრდი რამდენიმე ჯგუფში. ძალიან მიყვარს კაქტუსები და სუკულენტები, თუმცა მაქვს სხვა ყვავილებიც. სულ 120 ქოთანი მექნება.

თავდაპირველად კაქტუსები ბებიაჩემს ჰქონდა. მისი მოვლა იოლია, ბევრ წყალსაც არ ითხოვს. ერთი შეხედვით შეუხედავ, ეკლებიან კაქტუსს ზღაპრული ყვავილები აქვს. წელიწადში ერთხელ ყვავილობს, მაგრამ მოლოდინს ნამდვილად ამართლებს. ყველაზე ლამაზი სანახაობა კი, მისი ტრანსფორმაციაა, როგორ ამოდის კვირტი და როგორ იშლება, როგორ მიდის სრულყოფილებამდე.

- რა ჯიშის კაქტუსები გაქვთ?

- მაქვს მამილარიის 5 სახეობა, განსაკუთრებული ჯიშებიდან კი, ასტროფიტუმები, რომლებსაც ძალიან ვუფრთხილდები, რადგან ორივე სახეობა იშვიათია. მაქვს ოპუნციაც. ისინი ნარიყალასთან ხარობენ.

- მრავლად გაქვთ სუკულენტიც...

- სუკულენტები კაქტუსების მონათესავე მცენარეებია. საინტერესოა მათი მრავალფეროვნება. ერთმანეთისგან ფოთლის ფორმითა და შეფერილობით განსხვავდებიან. მათ სილამაზისთვის ყვავილი არ სჭირდებათ. კარგი განათების შემთხვევაში, ზოგიერთის ფოთოლი წითლდება, ზოგიერთისა კი, მუქი შინდისფერი ხდება. მთავარია, ხშირად არ მორწყათ, არ უყვართ პირდაპირი მზეც. სუკულენტებიდან განსაკუთრებით მიყვარს ეჩევერიები - "ქვის ვარდები", მათ ვარდის ფორმა აქვთ, არსებობს ბრტყელ და ხავერდოვანფოთლებიანი, ბატის ჭუკებივით არიან. ყველაზე მეტად მიყვარს ეჩევერია "შავი პრინცი", რომელსაც მზეზე ფოთლები უშავდება.

- რას მომიყვებით ყვავილოვან მცენარეებზე?

- ყვავილოვან მცენარეთაგან მაქვს ფუქსიები, გარდენია, რომელსაც საუცხოო სურნელი აქვს. გავახარე ვარდებიც. სამწუხაროდ, ჯუჯა ვარდები ძნელი გასახარებელია. ვარდი რომ ოთახში გაახაროთ, 2-3 წლის ნერგი მაინც უნდა გქონდეთ. ერთწლიან ნერგს ვერ გაახარებთ, ის არ უნდა იყოს მოწყვეტილი დედა ნერგს, მასთან ერთად უნდა იზრდებოდეს. საუკეთესო სასუქი ვარდებისთვის ნაკელია. უსიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ მცენარისთვის ყველა საჭირო ნივთიერებას შეიცავს.

მაქვს იები და სტრეპტოკარპუსებიც, მათ დიდი სიფრთხილე სჭირდება, წყალი მთავარ ღეროს არ უნდა მოხვდეს, თორემ დალპება. გრილ ოთახში მიდგას, რადგან ზაფხულის სიცხეს ვერ უძლებს, მზეზე ფოთლები ეხრუკება, სასუქი კი, ჯერ არ მიმიცია. ვისაც ყვავილები მოსწონს და შეგროვებას გადაწყვეტს, პილარგონიებით დაიწყოს - იოლი მოსავლელი და სასარგებლოა - სპობს მავნებლებს და ძალიან ლამაზიცაა.

ეკა გადახაბაძე