თბილისიდან სოფლად გადასახლებული წყვილის ფერმერული ცხოვრება და ფრანგული ტექნოლოგიით დამზადებული თხის ყველი - კვირის პალიტრა

თბილისიდან სოფლად გადასახლებული წყვილის ფერმერული ცხოვრება და ფრანგული ტექნოლოგიით დამზადებული თხის ყველი

პროფესიით არქიტექტორმა ლევან ცაგურიამ შვიდი წლის წინ ოჯახთან ერთად დედაქალაქიდან სოფელში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და მისი ფერმერული საქმიანობაც აქედან დაიწყო. თელავის რაიონის, სოფელ შალაურის ბუნებამ, სიმშვიდემ და ქალაქის ხმაურისგან შორს ყოფნამ იმდენად მოხიბლა, რომ უკან დაბრუნებაზე აღარც უფიქრია.

სამი წელია "მარლეტას ფერმა" აქვს, მეუღლესთან, პროფესიით მხატვარ სოფო გორგაძესთან ერთად, თხებს უვლის და ყველს აწარმოებს. მარლეტა იმ ძროხის სახელია, რომელიც ოჯახს წლების წინ აჩუქეს და რომლის წყალობითაც, წყვილი ფერმერულ საქმიანობას შეუდგა.

სოფომ და ლეომ,  მათ თელავში ასე იცნობენ, სოფელ შალაურში სახლი ააშენეს და საკუთარი მეურნეობაც შექმნეს...

როგორც ირკვევა, თავის დროზე დედაქალაქიდან გადასახლების იდეა სწორედ სოფოს ეკუთვნოდა. ერთ-ერთ გამოცემასთან ის აი, რას ყვება: "კახეთში სახლს დიდხანს ვეძებდით, აქაურობას განწყობისა და აურის მიხედვით მოვაგენით. წინ დათოვლილ კავკასიონს რომ უყურებ, სადღაც სხვა განზომილებში ხვდები! დავდიოდი და რა სახლებიც ვნახე, მთები ყველგან ზურგს უკან მქონდა, ქურდულად უნდა გაგეხედა, რომ დაგენახა, მე კი მინდოდა წინ გადაშლილიყო და ლაღად მეყურებინა... ბევრი რამ, მაგალითად, ის, რომ ყველის კეთებას დავიწყებდით, აბსოლუტურად არ იყო გეგმაში. ვფიქრობდით, რომ პირველი ნაბიჯი უნდა გადაგვედგა და დანარჩენს მომავალი გვიჩვენებდა. გვინდოდა სასურველი და ჩვენს ხასიათს მორგებული გარემო შეგვექმნა, რომელიც სამომავლო საქმიანობის პერსპექტივას შექმნიდა..." (წყარო)

მათ ეს მოახერხეს...

ცდამ გაამართლა. წარმოებული პროდუქცია ძალიან სწრაფად ეყიდება. თხის ყველი ,,ბონა" სპეციალიზირებულ მაღაზიებში 65 ლარად, ძროხის ყველი ,,აშმელო" კი 45 ლარად ფასობს. ამჟამად 12 დედა თხა, 18 ციკანი და ერთი მამალი თხა ჰყავს. საწარმო სახლთან ახლოს თავისივე ხელით ააშენა. ყოველდღიურად 20 ლიტრ თხის რძესა და 50 ლიტრ ძროხის რძეს აწარმოებს.

როგორც თავად ლევანი ამობს, ფერმერობა ცხოვრებამ მოიტანა. სოფელში ყოველგვარი გეგმებისა და გარკვეული მიზნების გარეშე წავიდა. იმერული ყველის ამოყვანაც კი მეზობელმა ასწავლა. ამ საქმიანობით თანდათან დაინტერესდა. ყველის ფრანგული ტექნოლოგიით წარმოებას ინტერნეტის საშუალებით გაეცნო. შემდეგ შესაბამისი კურსებიც გაიარა და სერტიფიკატიც აიღო. (იხილთ სრულად)