"ადამიანი არწივის ყველაზე დიდი მტერია" - კვირის პალიტრა

"ადამიანი არწივის ყველაზე დიდი მტერია"

"ზოოპარკი არწივის მართვეებს არ ყიდულობს, რათა მათი ბუდიდან ამოყვანა არ წაახალისოს"

ბექობის არწივი იშვიათი ფრინველია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ის გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპაში, დასავლეთ და ცენტრალურ აზიაში, აგრეთვე, კავკასიაში. ბექობის არწივის გადასარჩენად საქართველოში საგანგებო პროგრამა მოქმედებს, რომელშიც ქართველი სპეციალისტები უცხოელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობენ. გვესაუბრება ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი-ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი.

- საერთაშორისო წითელი ნუსხის მიხედვით ბექობის არწივს "მოწყვლადის" კრიტერიუმი აქვს მინიჭებული. ეს ნიშნავს, რომ ძალიან ცოტა ინდივიდია დარჩენილი. ბოლო წლებში მათი პოპულაცია საქართველოშიც შემცირდა: 20-30 წლის წინ ამ ფრინველის 50 წყვილი აღირიცხა, ახლა კი მხოლოდ 9 ბუდეა დარჩენილი.

- რამდენად კარგად არის შესწავლილი მათი საცხოვრებელი არეალი?

- 2009 წელს მე თვითონ ჩავატარე კვლევა ამ ფრინველზე და ჩემს კოლეგებთან ერთად მხოლოდ 15 ბუდე აღვრიცხე. კვლევას საერთაშორისო ფონდი (Conversation Leadership Programme) აფინანსებდა. გარდა ამ 15 ბუდისა, სავარაუდოდ, კიდევ ორი ბუდე ვერ ვიპოვეთ - ვხედავდით წყვილებს, რომლებიც ვაშლოვნის ნაკრძალის ახლომახლო ტრიალებდნენ, მაგრამ ბუდეები ვერ ვნახეთ. ბექობის არწივი, ძირითადად, ჭალებში თუ დაბლობებზე ბუდობს. მდინარე ივრის ჭალა მათი მთავარი საბუდარია - იმ 15-დან 11 ბუდე სწორედ ივრის ჭალაში იყო. ბექობის არწივი ბუდობს ასევე მარნეულის ტერიტორიაზე, თეთრიწყაროს მიდამოებშიც არის ერთი ბუდე, ორიც საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს რაიონებში. წლეულს კიდევ ერთი კვლევა მოეწყო და 2009 წელს გამოკვლეულ ტერიტორიაზე მხოლოდ 9 ბუდის პოვნა მოხერხდა. ასე რომ, შემცირების ტენდენცია თვალსაჩინოა.

- ამის მიზეზი რა არის?

- არწივები მეტად ნელა მრავლდებიან. ინკუბაციის პერიოდში მის ბუდესთან რომ მიხვიდეთ, გაფრინდება და უკან დიდხანს აღარ დაბრუნდება. კვერცხები და უსუსური მართვეები ვერ უძლებენ მზის, წვიმისა და ქარის ზემოქმედებას და შეიძლება დაიღუპონ. ადამიანი არწივის ყველაზე დიდი მტერია, სხვა მტერი მას არა ჰყავს, რადგან თავის ტერიტორიაზე მტაცებლებში ყველაზე ძლიერია. თუმცა რიცხოვნობის შემცირებას ბუდეების განადგურებაც იწვევს. ბუდეს არწივი დიდი ხეების წვერზე ან ელექტროგადამცემ ხაზებზე იკეთებს და მას მრავალი წლის განმავლობაში იყენებს.

ბუდეები ზოგჯერ წონით 100 კგ-ზე მეტიცაა. უამინდობისა და ქარიშხლის დროს ბუდე შეიძლება ჩამოვარდეს და დაიშალოს. მართალია, გადარჩენილი ფრინველები უკან ბრუნდებიან და ბუდეებს ახლომახლო იშენებენ, მაგრამ ასეთი ფაქტები მათ რაოდენობაზე ცუდად მოქმედებს. თუმცა უმთავრესი მაინც ადამიანის ფაქტორია.

ხშირად მიდიან არწივის ბუდეებთან და იმ ხეებს ჭრიან, სადაც ფრინველი ბუდობს. ასე განადგურდა ბექობის არწივის ერთი ბუდე დედოფლისწყაროში, ჭაჭუნას აღკვეთილის ახლოს - ვიღაცამ ხე თავის ბუდესთან ერთად მოჭრა და სად წაიღო, არავინ იცის.

არის გადაშენების სხვა მიზეზიც: ეს ფრინველი მღრღნელებით, ქვეწარმავლებით, ცხოველებითა და მათი ლეშით იკვებება, ადამიანები კი ზოგჯერ მტაცებლების მოსაშორებლად ლეშს წამლავენ, რაც ხშირად გამხდარა არწივისა და სხვა ფრინველების სიკვდილის მიზეზი. ხშირია ელექტროგადამცემი ბოძების მავთულებთან შეჯახებაც: ახალგაზრდა ფრინველები, ვიდრე ფრენას სწავლობენ, მავთულებს ეჯახებიან და მათ რიცხვს ესეც ამცირებს. ისიც ჩანს, რომ ამ ფრინველით ვიღაცები ერთობიან კიდეც: არაერთხელ ასულან ხეებზე ან ბოძებზე და ბუდეებიდან არწივის მართვეები ამოუყვანიათ, ან კვერცხი ამოუღიათ. თბილისის ზოოპარკშიც ყველა არწივი ბუდიდან არის ამოყვანილი. როგორც ჩანს, მპოვნელები ფიქრობდნენ, რომ მართვეებს ზოოპარკი იყიდდა, მაგრამ ზოოპარკი არ ყიდულობს ამ ფრინველებს, რათა სხვებიც არ წაახალისოს.

- ბექობის არწივი ზოოპარკში კარგი მოვლით ვერ გამრავლდება?

- ტყვეობაში არწივი არ მრავლდება. ფუჭი აღმოჩნდა მართვეების ოჯახში გაზრდის ან კვერცხების შინაურ პირობებში გამოჩეკის მცდელობაც. მსოფლიოში ყველაზე დიდი პოპულაცია უნგრეთშია, სადაც ბექობის არწივის გადასარჩენად რამდენიმე ათეული წელიწადია, უზარმაზარი პროექტი მიმდინარეობს. რამდენიმე კარგი პოპულაცია არის ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაშიც, ყაზახეთსა და რუსეთის ტყე-სტეპებშიც, კავკასიაში კი რთული მდგომარეობაა.

- როგორც ვიცი, უნგრელ კოლეგებთან თანამშრომლობთ.

- ბოლო წლებში ერთობლივად ვზრუნავთ ამ იშვიათი ფრინველის გამრავლებაზე. უკვე 4 მართვეს დავადეთ სატელიტური გადამცემი, რომელიც დედამიწის ხელოვნურ თანამგზავრს უკავშირდება და ნებისმიერ დროს ვიცით, სად არიან. ამ გადამცემებით დავადგენთ ტერიტორიებს, რომლებიც ბექობის არწივებს მოსწონთ და მომავალში ხელოვნურ საბუდრებს სწორედ ამ ადგილებში გავაკეთებთ. უნგრელი სპეციალისტების დახმარებით რამდენიმე ხელოვნური საბუდარი გავაკეთეთ და ხეებსა და ელექტროგადამცემ ბოძებზე დავდგით. მე თვითონ 2 ბუდე ივრის ზეგანზე დავდგი, ხოლო წლევანდელი ექსპედიციის წევრებმა უკვე 5 ბუდის დაყენება მოახერხეს. ეს კარგი ხერხია, მაგრამ ყოველთვის არ ამართლებს - შეიძლება არწივს ხელოვნური ბუდე არ მოეწონოს. არის შემთხვევები, როცა ეს ფრინველები ბუდეებს გარეთ ცხოვრობენ და საცხოვრებელ ადგილს ვერ პოულობენ. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა არწივებს ეხება, რომლებიც ბუდიდან გადმოფრენის შემდეგ აქეთ-იქით დაფრინავენ, რადგან გამრავლებასა და სქესობრივ სიმწიფეს 3-4 წლის ასაკში აღწევენ. დიდია რისკი, რომ ამ წლების განმავლობაში ფრინველი დაიღუპოს და ვეღარ გამრავლდეს. თუ მათ ხელოვნურ საბუდრებს შევუქმნით, შეძლებენ დაბუდებასა და იმ ტერიტორიაზე გამრავლებას.

- რა უნდა იცოდნენ ადამიანებმა, რომ პოპულაცია გამრავლდეს?

- ბევრმა არ იცის, რომ ძალიან ძნელია ოჯახურ პირობებში არწივის გამრავლება. მართვეების გაზრდის მცდელობაც ყოველთვის მათი სიკვდილით მთავრდება! ჩვენი თხოვნაა:

ნუ მოჭრით ხეს, რომელზეც ბექობის არწივი ბუდობს. ნუ ამოიყვანთ ბუდიდან ფრინველის მართვეებს, ნურც კვერცხებს ამოიღებთ. თუ ხეზე არწივის ბუდეს აღმოაჩენთ, აპრილიდან ივნისამდე ხშირად არ იაროთ მის სიახლოვეს. ამ პერიოდში ბექობის არწივი კვერცხებზე ზის და მისი ბუდიდან გაფრენა მართვეების სიკვდილს ნიშნავს. ყველაფერი უნდა ვიღონოთ ამ იშვიათი ფრინველის გადასარჩენად!

ხათუნა ჩიგოგიძე