გურული ქალბატონი, რომელმაც თბილისური კარიერა სოფელში ცხოვრებაზე გაცვალა - კვირის პალიტრა

გურული ქალბატონი, რომელმაც თბილისური კარიერა სოფელში ცხოვრებაზე გაცვალა

ჩვენს დროში სოფლიდან ქალაქში წასული ბევრი მინახავს, ქალაქიდან სოფელში დაბრუნებული - ცოტა. "შინის" გურული მასპინძელი, დარეჯან ბერძენიშვილი ის ახალგაზრდა ქალბატონია, რომელმაც თბილისურ კარიერაზე თავისი ნებით თქვა უარი და მშობლიურ გურიას - არაჩვეულებრივ ხიდისთავს დაუბრუნდა.

დაკას (ასე ეძახიან დარეჯანს შინაურულად) სახლში ყველაფერი მისებურია, მისი დიზაინით და დახვეწილი გემოვნებით მოწყობილი. შემოქმედი ადამიანის ხედვა სახლის თითოეულ კუთხე-კუნჭულში იგრძნობა. ლამაზად მოვლილი ეზოც თვალში მოგხვდებათ. ახლა სწორედ აქ მასპინძლობს ნაცნობ-მეგობრებს - კეცებზე გამომცხვარი უგემრიელესი ხაჭაპურებით, სახლში დამზადებული ღვინო-არყით და რაც მთავარია, თავისი ახალი და წარმატებული საქმიანობის შედეგით - ახლებური და მისებური მეთოდით დაჩირებული ნატურალური, სუფთა, სანდო ჩირით. მისი საქმიანობა "აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებშია წამოწყებული და მისმა ჩირებმა უკვე სახელიც გაითქვა, ბაზარზეც შეძლო თავის დამკვიდრება. ყველაფერი კი ასე დაიწყო...

- მე ჩოხატაურიდან ვარ, ხიდისთავში ჩემი მეუღლე ცხოვრობს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ რაიონში წამოვედი და ჩემი პროფესიით, ქიმიკოსად დავიწყე მუშაობა. 90-იანი წლებში ყველანაირი წარმოება გაჩერდა, ჩემი სამსახურიც დაიხურა. ჩემმა მეგობრებმა გაზეთის გაკეთება წამოიწყეს, უფრო სწორად, გააგრძელეს. ჩოხატაურში სარედაქციო ოაზისი შეიკრა. რედაქციაში გვქონდა კომპიუტერი, რაც მაშინ ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. გენერატორის წყალობით დენიც მუდმივად მოგვეწოდებოდა. მე ვაკაბადონებდი. რამდენიმე წლის შემდეგ თბილისში წამოვედი, აქ ჯერ დიდ მედიაჰოლდინგში ვმუშაობდი, მერე ახალ პროფესიას დავეუფლე, ბუღალტრობა ვისწავლე. დღემდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ ფინანსურ მენეჯერად, საბუღალტრო აღრიცხვას ახლა დისტანციურად ვახერხებ. სადაც ინტერნეტი მაქვს, ყველგან სამსახურში ვარ.

იმის მიუხედავად, რომ თბილისში ვმუშაობდი და საკმაოდ კარგი შემოსავალიც მქონდა, სახლში დაბრუნების ნოსტალგია დიდი იყო. თბილისში შინ ყოფნის განცდა არ მქონდა, სახლში მხოლოდ აქ ვგრძნობ თავს. მით უმეტეს, ეს გარემო მე და ჩემმა მეუღლემ შევქმენით ჩვენი გემოვნებით, ნელ-ნელა, წლების განმავლობაში და ახლა ის ჩვენია, ჩვენს სამყაროს მოიცავს, რომელიც ჩვენი მეგობრებისა და ახლობლების საყვარელი ადგილიც გახდა.

- და აქვე დაიწყეთ საქმიანობა, რომელიც წარმატებული აღმოჩნდა...

- სულ მინდოდა, რაღაც ისეთი საქმე წამომეწყო, რომელიც შინ დამაბრუნებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ, ასეთ საქმედ ჩირის წარმოება მივიჩნიე. სოფელში უამრავი ხილი ლპება, იყრება, არავინ იბარებს. თანაც გურიაში ხილს არ ვწამლავთ, ანუ დიდი რესურსია ჩირის წარმოებისთვის. დავიწყე ინფორმაციის შეგროვება ამ თემაზე, წარმოვიდგენდი, როგორი უნდა ყოფილიყო ჩემი შინაური საამქრო და პროდუქცია. ბიზნესგეგმაც დავწერე. შემდეგ მთავრობამ დაიწყო პროექტი "აწარმოე საქართველოში", რომელმაც მომცა საშუალება, ჩემი ოცნება რეალობად მექცია. იმდენად ბევრი ნამუშევარი მქონდა ამ თემაზე, დარწმუნებული ვიყავი, რომ დაფინანსდებოდა და მართლაც ასე მოხდა. დაფინანსება 2015 წლის ნოემბერში მივიღე და წარმოუდგენელ ვადაში, 1 თვეში - საახალწლოდ ჩემი პროდუქცია უკვე გაყიდვაში იყო. ეს ჩემი, ჩემი ოჯახის წევრების და უამრავი მეგობრის თანადგომის შედეგია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მაქვს ჩემი საქმე და გვერდით მყავს ბევრი ადამიანი, რომელთაც უხარიათ ჩემი საქმიანობა და უხარიათ ის, რომ სოფლად ერთი კარგი წამოწყების თანამონაწილენი არიან. მხოლოდ ისინი კი არა, სრულიად უცხო ადამიანები მეხმარებიან, მაკვალიანებენ.

გაგრძელება