ფერმის შენებას რა უნდა... - კვირის პალიტრა

ფერმის შენებას რა უნდა...

"ძმა მიდგას გვერდით, ძმობა კი საუკეთესო პარტნიორობაა საქმის ასაწყობად"

"შესაძლოა თავიდან მწვერვალები ვერ დაიპყრო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ადგილიდან დაიძარი და წინ მიდიხარ.. სხვათა შორის, არ მეეჭვებოდა, რომ საქმეს დავძრავდი, - ძმა მიდგას გვერდით, ძმობა კი საუკეთესო პარტნიორობაა საქმის ასაწყობად"

ყველამ კარგად ვიცით, თუკი კაცი მოინდომებს, შეუძლებელს შეძლებს. ასე იყო ამ კაცის ცხოვრებაშიც - 60 წელს მიღწეულმა, იმდენად სერიოზული საქმე წამოიწყო, რომ მოულოდნელად სახელმწიფომაც ხელი გაუწოდა დასახმარებლად. დღეს ლევტერ კუციას ბოლნისში, ხატისსოფელთან 1000 კვმ-ზე ფერმა აქვს, 60 სული კარგი ჯიშის პირუტყვი ჰყავს და ყოველდღე 200-300 ლიტრ რძეს აბარებს ბოლნისის რძის გადამმუშავებელ ქარხანას.

- ოჩამჩირეში ვარ დაბადებული, ზღვის სანაპიროზე პირუტყვი სად იქნებოდა, რომ მოვლა მესწავლა. თუმცა, ცხოველები ყოველთვის მიყვარდა, თორემ ამ ხნის კაცი ამ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებდი. ერთ-ორ სულ ძროხაზე ხომ არ არის ლაპარაკი, ფერმა მოვაწყვე ისე, რომ მომავლის არ შემშინებია. მეგობრებმაც შემიწყვეს ხელი. ხორცისა თუ რძის ნაწარმი აუცილებელია, ამასთან, ეს ის საქმეა, სადაც კაცი საკუთარ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული და არა უფროსზე - ვაითუ, სამსახურიდან გამიშვასო... მოკლედ, ვარკეთილში ვცხოვრობ და ხშირად დავდიოდი მეგობართან ბოლნისში. გარშემო უამრავი ნაყოფიერი ადგილი იყო. მეგობარს ვუთხარი, - მიწის ასე უპატრონობა როგორ შეიძლება, ვიყიდი, დრო მოვა, აუცილებლად გამოვიყენებ-მეთქი. ასე ვიყიდე მოზრდილი ნაკვეთი ხატისსოფლის ახლოს; მერე დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა.

მეგობრების გამოცდილებაც გავითვალისწინე და პროექტიც დავწერე. ასე მივიღე შეღავათიანი კრედიტი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამით, 1000 კვმ-ზე ფერმის ასაშენებლად და 60 სული პირუტყვის შესაძენად.

- შეგაწყვეტინებთ: დაფინანსების სისტემის მიმართ პრეტენზიას ბევრი გამოთქვამს, - სოფლის მეურნეობაში საქმის წამოწყება მინდა, მაგრამ კრედიტის მიღებას ვერ მივაღწიეთ, მხოლოდ ნაცნობებს აძლევენო.

- ჩემთვის კრედიტის მოცემის ძირითადი პირობა მიწა აღმოჩნდა. ალბათ მიიჩნიეს, რომ ამის გამო პირუტყვის მოშენება-გამოკვების პრობლემა არ მექნებოდა. რასაკვირველია, პროექტიც ისეთი უნდა მოიფიქრო, ვინმემ უტოპიად არ მიიჩნიოს. თუკი რამის გეეჭვება, ჯობს, საქმეში გამოცდილი ხალხიც დაიხმარო. ასე რომ, პროექტში ეჭვის მარცვალი არ დავტოვე. მიღებული თანხის ფარგლებში, რაც შემეძლო, საუკეთესო პირუტყვი შევიძინე. მუშაობის დასაწყისში ევროპული ჯიშის პირუტყვზე ვერ ვიფიქრებდი, მერჩივნა, საქმე ადგილობრივი ჯიშით ამეწყო, რადგან უცხოური ჯიშის ჩამოყვანა თანხასთან იყო დაკავშირებული და მეორეც: უკვე გარემოს შეგუებული ადგილობრივი პირუტყვის გამძლეობა უფრო საიმედოდ მივიჩნიე. ამასთან, წველადობაც უნდა გამეთვალისწინებინა.

ასე შევარჩიე კავკასიურ წაბლასთან ნაჯვარი პირუტყვი ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში. ამ ახლომახლო რაიონებიდან არც ტრანსპორტირება იყო ძნელი და არც თავად პირუტყვის თვისებები - ურიგო. მართალია, სუფთა ჯიშის წაბლას დღეს იშვიათად იპოვი, მაგრამ მასთან ნაჯვარი ადგილობრივი პირუტყვიც, სხვა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით, უპირატესობით სარგებლობს - თუ კარგად გამოკვებავ, მისი წველადობა 15 ლიტრამდე ავა. როცა რამდენიმე ათეული მეწველი ძროხა გყავს, ამ წველადობით ერთი ადგილის ტკეპნას არ მოჰყვები და წინაც წახვალ. შესაძლოა თავიდან მწვერვალები ვერ დაიპყრო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ადგილიდან დაიძარი და წინ მიდიხარ. სხვათა შორის, არ მეეჭვებოდა, რომ საქმეს დავძრავდი, - ძმა მიდგას გვერდით, ძმობა კი საუკეთესო პარტნიორობაა საქმის ასაწყობად.

- რძის ნაწარმის სარგებლიანობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ჯანსაღად იკვებება პირუტყვი.

- საბედნიეროდ, სიმინდსაც ვთესავ და იონჯასაც. თუმცა, პირუტყვს მხოლოდ ეს არ ყოფნის. ვყიდულობ ქერსა და შაქრის ჭარხალს, რომელიც იაფიც ღირს და ძალიან მარგებელიც არის პირუტყვისთვის; მიქსერით ერთად ვფქვავ (მეტად მოსახერხებელი ტექნოლოგიაა დღევანდელი ფერმერებისთვის) და პირუტყვს ვაწვდი. პირუტყვს რამდენიმე სასარგებლო ნივთიერება ერთად მიეწოდება და ეს რძის რაოდენობასაც დაეტყობა ხოლმე.

რაც შეეხება წყალს, ფერმაში ჭაც ამოვჭერი, გვერდით მდინარეც ჩაგვდის, სადაც საძოვრიდან მობრუნებული პირუტყვი რწყულდება. მინდა კიდევ ერთ საინტერესო საკითხზეც შევჩერდე - ალბათ ბევრს გვინახავს წინაპრების დატოვებული თუ თანამედროვე ბოსლები, რომელიც ბოლომდეა ამოგმანული, რომ პირუტყვი ზამთარში თბილად იყოს.

ევროპის ქვეყნების ფერმებში ასე არ არის. შენობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს დატანებული კვებო, რომ ნაკელის მკვეთრი სუნი არ დაგუბდეს და ადამიანი არ შეაწუხოს. რაც შეეხება სიცივეს, მართალია, არც ჩვენი ადგილობრივი პირუტყვია მეტისმეტად მცივანა, მაგრამ შვედური ჯიში, რომლის ჩამოყვანასაც ვაპირებ, მინუს 25 გრადუსზეც მშვენივრად ძლებს.

შვედური სუფთა ჯიში უკვე ჩვენთანაც გამოჰყავთ, მაგრამ მის გაზრდა-მაკეობას იმდენ ხანს უნდა ელოდო, სჯობს, ჩამოიყვანო. ამჟამად ამ ჯიშის საქონელი ჩამოჰყავთ ესტონეთსა და ბულგარეთიდან. მათ ტრანსპორტირებას 7-8 დღე სჭირდება. ძვირი კი ჯდება, მაგრამ უკვე გასამრავლებლად ვარგისია და მოგების თვალსაზრისით ეს ძალიან ეფექტურია. ჯერჯერობით ამ ჯიშის 2 ბუღა შევიძინე. მისი ნაჯვარი იმდენად კარგია, რომ გასაყიდად მენანება. ვნახოთ, იქნებ მათ გაზრდას დაველოდო კიდეც. ვაპირებ საკუთარი რძის გადამმუშაAვებელი საწარმოს აშენებასაც.

დაახლოებით 3-4 წელიწადში ფეხზე უფრო მყარად დავდგები და ჩემს ფერმაში მიღებული რძით თავად დავამზადებ რძის პროდუქტებს. კარგ და ჯანსაღ რძის ნაწარმს მყიდველი ყოველთვის ეყოლება და მადლიერიც იქნება.

ეთერ ერაძე