ხურმა რომ კარალიოკად არ იქცეს... - კვირის პალიტრა

ხურმა რომ კარალიოკად არ იქცეს...

"ხურმა ძირითადად ახალ წელიწადს იყიდება, როცა ყველას უნდა, რომ სუფრაზე ყველაფერი გემრიელი ჰქონდეს. ეს იმ ქვეყნებშიც ასეა, სადაც ხურმა გააქვთ, ამიტომ მძღოლებიც ახალ წელიწადს "უმიზნებენ"

ბოლო წლებია, რაც კახეთში ინტენსიურად შენდება ხურმის ბაღები. ცხადია, ამას თავისი მიზეზი აქვს, - მიუხედავად იმისა, რომ ხურმა სუბტროპიკული მცენარეა და თავიდან დასავლეთ საქართველოში გაშენდა, უცხოეთში რამდენიმე ათეული წლის წინათაც კი კახეთიდან გაჰქონდათ.

კახეთში ხურმას ყველაზე მეტად ლაგოდეხში ამრავლებენ - აქაური ნახევრად სუპტროპიკული ჰავა არ უშლის ხელს მის გახარებას. ასე რომ, აქ გვიან შემოდგომაზეც იტაცებს თვალს ლამაზად მსხმოიარე ხურმის ბაღები. 8 ჰექტარზე აქვს გაშენებული ასეთი ბაღი ისაბელ სოლოღაშვილსაც. ის ლაგოდეხში განთქმული მეურნეა ეს ხილი არც ერთ სეზონზე არ დარჩენია გაუყიდავი.

- მთელი სიცოცხლე მცენარეებთან მაქვს საქმე და დადასტურებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთწლიანი მცენარე, რამდენ მოსავალსაც უნდა ისხამდეს, იმდენ ნაყოფს ვერასოდეს მოგცემს, როგორც მრავალწლოვანი, მით უფრო, ხურმა, რომელსაც დიდი ნაყოფიც აქვს, გემრიელიც და სასარგებლოც. მის სარგებლიანობაზე რუსებმაც იცოდნენ და საქართველოდან გაჰქონდათ, მათ შორის ჩემი 30 წლის ბაღიდანაც.

ამჟამად ეს ხილი გადის სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდავეთში, უკრაინაში. ბაღებში სამაცივრე მანქანები შემოდის, ნაყოფს სპეციალურ ყუთეBბში ჩააწყობს, მაცივარში შეალაგებს და მერე არცთუ მოკლე გზას მიუყვება. მთავარი ის არის, რომ ახალი ტექნოლოგიების წყალობით, გაფუჭება არ ემუქრება.

მახსოვს, 30 წლის წინ, როცა ხურმის ბაღს ვაშენებდი, ე.წ. იაპონური ხურმა მინდოდა დამერგო, მაგრამ თითქმის ნახევარი ე. წ. აზერბაიჯანული ხურმის ნერგი შემომაჩეჩეს, რომელიც არავის უნდა, გემრიელ იაპონურ ხურმას კი ყველა ყიდულობს. სინამდვილეში ეს ჩვენებური მოგრძო ჯიშის ხურმაა, რომელსაც თითქმის ყველგან შეხვდებით.

8 ჰექტარზე ჩვენებური ხურმა მაქვს გაშენებული და არ ვემდური - ხურმა გაუყიდავი არასოდეს დამრჩენია. წელს 25 ტონა გავყიდე, 10 ტონა კი დამრჩა გაუყიდავი, მაგრამ სოფელ ველისციხეში მაცივრებში მოვათავსე. ახალ წლამდე უთუოდ გამოჩნდება კლიენტი.

ხურმა ძირითადად ახალ წელიწადს იყიდება, როცა ყველას უნდა, რომ სუფრაზე ყველაფერი გემრიელი ჰქონდეს. ეს იმ ქვეყნებშიც ასეა, სადაც ხურმა გააქვთ, ამიტომ მძღოლებიც ახალ წელიწადს "უმიზნებენ".

- რაკი ხურმას ასე ინტენსიურად ყიდით, საკუთარი კლიენტებიც გეყოლებათ.

- ცხადია. თუმცა დღეს ხურმის ბაღებს ბევრი აშენებს და კლიენტი რომ ჭირდეს, არავინ გააშენებდა. შესაძლოა, კლიენტი მაშინ ვერ გამოჩნდეს, როცა ხურმის დაკრეფის დროა, მაგრამ ამისთვის მაცივრები არსებობს. ამას დამატებითი ხარჯი აქვს, მაგრამ სხვანაირად არ გამოვა. იმ კლიენტებიდან კი რომელთაც ხურმა გააქვთ, ბევრი კიდეც დამიახლოვდა. მათ შორის ერთი უკრაინელია, ჩემთან სტუმრადაც რჩება ხოლმე. ეს ურთიერთობა პატიოსნებასა და წესრიგზეა აწყობილი - ორივემ ვიცით, რომ ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ, თორემ შემოსავლის წყარო მოგვესპობა.

- უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორი დაკრეფილი და შენახულია ხურმა, დაჭყლეტილ ხურმას იშვიათად ყიდულობენ.

- ეგ ჩვენც ვიცით. ამიტომ, ხურმას ძალიან ფრთხილად ვკრეფთ. ამას ყველა ვერ გააკეთებს, მომზადებული ხალხი სჭირდება. ხურმა საკმაოდ მაღალი იზრდება. ბიჭები ნაყოფს კრეფენ და სავსე ჭურჭელს თოკით უშვებენ დაბლა... წელს ხურმა ლარად და ათ თეთრად გავყიდე. ნახევარი ხილის აგროტექნიკასა და მოყვანაზე იხარჯება.

- თუმცა, 8 ჰექტარზე მოწვეული მოსავალი მაინც იძლევა იმის გარანტიას, რომ, მოგება უმნიშვნელო არ იქნება.

- ჩემი ბაღები დაახლოებით 10 წლის არის, ანუ ხე ჯერ კიდევ პატარა და შედარებით ნაკლებ მოსავალს იძლევა, ვიდრე ზრდასრული. პარალელურად, ზრდასრულ ხურმას ნაკლები მოვლა სჭირდება, ძირში ნაკლებად მოითხოვს სასუქის შეტანასაც. მოსავალს კი უფრო მეტს იძლევა. ასე რომ, მოსავლის გაუმჯობესებას ველი,

ჰექტარზე ხურმა დაახლოებით 25 ტონა მოსავალს იძლევა. 8 ჰექტარზე, თუ მშვიდობა იქნა, 200 ტონაც უნდა მომივიდეს.

- მშვიდობაზე გამახსენდა, რამდენადაც ვიცი, ხურმა მეწლეური მცენარეა. ანუ ერთ წელიწადს თუ კარგი მოსავალი აქვს, შესაძლოა, მეორე წელიწადს არც დაისხას. გარდა ამისა, თუ გარშემო კარალიოკის ბაღია და ხურმის ხე დაიმტვერა, შესაძლოა, კარალიოკადაც იქცეს.

- ეს ნამდვილად ასეა. სწორედ იმიტომაც არის საჭირო დიდი ფართობის ბაღი, რომ თუკი ნაწილს არ ასხია, მეორე ნაწილმა კარგად დაისხას და მოსავალი გაათანაბროს. რაც შეეხება დამტვერვას, ესეც ასეა, - კარალიოკით დამტვერილი ხურმა, ერთ მშვენიერ დღეს კარალიოკად იქცევა. სხავათა შორის, კარალიოკიც კარგად იყიდება და ისიც გავაშენე ერთ ჰექტარზე; მაგრამ რად გინდა, მეზობელს მახლობლად ხურმის ბაღი აქვს და ჩემი კარალიოკი ხურმად იქცა. ამას არაფერი მოუხერხდება და მეც ხელი ჩავიქნიე. შევეცდები, სადაც ხურმის ნარგაობა არ არის, ბაღი იქ გავაშენო.

- ახალა ისიც მითხარით, ხურმის კარგი ნერგები სად შევიძინოთ.

- ლაგოდეხში, სადაც განთქმული მენერგეები ცხოვრობენ და რასაც ეტყვი, იმ ჯიშს ერთგულად და პატიოსნად გამოიყვანენ.

ეთერ ერაძე