თქვენ აგიშენოთ ოჯახი... მამლის ყივილმა - კვირის პალიტრა

თქვენ აგიშენოთ ოჯახი... მამლის ყივილმა

"როგორც ამბობენ, რაც მეტჯერ და ხანგრძლივად იყივლებს მამალი, მით მეტი სიკეთე და ხეირი ელის იმ დღეს მის პატრონს. ამგვარი პროგნოზებისა მეტწილად აღმოსავლეთში სჯერათ და ალბათ ამიტომაა, რომ სწორედ იქ დაიწყო ახალი ჯუჯა სახეობების მოშენება"

ჩინური ჰოროსკოპით 2017 წელი წითელი ცეცხლოვანი მამლისაა და წარმატებებს გვპირდება. აღმოსავლეთში სჯერათ, რომ ოჯახში რაც მეტჯერ დაიყივლებს მამალი, ის დღე მით მეტ სიკეთეს მოიტანს. თუ ასეა, ჩემი რესპონდენტის, აბო მანელოვის ოჯახი აშენებულა - მის ეზოში, აეროდრომის დასახლებაში, უამრავი ვოლიერი დგას, რომელშიც რამდენიმე ათეული იშვიათი სახეობის ფრინველი ბინადრობს და მათ შორის მამალიც ბევრია. დამდეგ მამლის წელს მანელოვებს მამლების დასათვალიერებლად ვეწვიეთ.

- ფრინველები ბავშვობიდანვე მიყვარდა, ამიტომაც მყავს ხოხობი, ფარშავანგი, იხვი, მტრედი და ქათამი. მამალი ოჯახისთავი კია, მაგრამ მის გვარ-ჯილაგში მაინც მატრიარქატი მძლავრობს - ყველა სახეობა ქათმისნაირთა სახელითაა ცნობილი. ისინი რამდენიმე კატეგორიად იყოფა. არის მეკვერცხული, მეხორცული, დეკორატიული, მებრძოლი... მე ყველა კატეგორიის წარმომადგენელი მყავს.

მეკვერცხულიდან საინტერესოა არაუკანი და ავსტრალორპი. ავტრალორპები რეკორდსმენი კვერცხისმდებელი ქათმები არიან - წელიწადში 363 კვერცხიც შეუძლიათ დადონ. ფრანგული მარანსიც ამ კატეგორიას მიეკუთვნება, აქვს სქელნაჭუჭიანი მოწითალო კვერცხი.

მეხორცული სახეობებიდან საუკეთესოა ბრამა და ორპინგტონი. თითოეული მათგანის წონა საშუალოდ 5-6 კილოს აღწევს. ორპინგტონებს ჩვენში გოლიათებადაც მოიხსენიებენ.

დეკორატიული სახეობის მამლებიდან გამოვყოფდი ვერცხლის სიბარიტს, ჩინურ აბრეშუმისებრ მამალს. თეთრი სიბარიტი შავი წინწკლებითაა დამშვენებული. აბრეშუმისებრ მამლებს ბუმბულის მაგივრად რბილი ბეწვით აქვთ კანი დაფარული, ხორცი მოშავოა, რის გამოც ხანდახან ზანგადაც მოიხსენიებენ. აბრეშუმისებრ მამალს ფეხებზე 5-5 თითი აქვს.

ფენიქსი იაპონელების მიერ გამოყვანილი ჯუჯა სახეობაა. აქვს ძალიან გრძელი კუდი. რეკორდსმენი ფენიქსის კუდის სიგრძე 12 მეტრამდე იზრდება. ჩემი კოლექციის ფენიქსის კუდი 2 მეტრს აღწევს. ამ სახეობის მამალს კუდი წელიწადში 10-15 სანტიმეტრით ეზრდება.

ალთაიური ბენტამი ძალიან გრაციოზულია. ფეხები ისე აქვს ბუმბულით შემოსილი, გეგონება, ფაჩუჩები აცვიაო. მეტისმეტად მედიდურად და ამაყად დააბიჯებს, თითქოს პოდიუმზე დაბერდაო, მაქსიმალურად გაჭიმული ადგამს ნაბიჯებს, ამ დროს თავი და კუდი ერთ სიმაღლეზე აქვს აწეული. ერთობ ლამაზი სანახავია.

სუმატრა ინდოეთის ოკეანის კუნძულ სუმატრის ველური სახეობაა, აქვს ფუმფულა კუდი. საოცარი შეფერილობისაა. მართალია, შავია, მაგრამ პრიალა ბუმბული აქვს, რომელიც მზის სინათლეზე მოლურჯო-მომწვანოდ ლივლივებს.

არის კიდევ მებრძოლი კატეგორია - ახალი ინგლისური ჯუჯა მებრძოლი და ძველი ინგლისური ჯუჯა მებრძოლი. ისინი გამოირჩევიან გრძელი ფეხებით, მებრძოლი ბუნებით და მართლაც გაწვრთნილი ჯარისკაცებივით დააბიჯებენ. საერთოდ, მებრძოლი სახეობები აზიის ქვეყნებიდან მოდის. ჩემს ბინადრებსაც, მართალია, ინგლისური ჯუჯა ჰქვიათ, მაგრამ ისინიც სწორედ ისე აღმოჩნდნენ ჩინეთიდან ინგლისში, როგორც ჩაი.

- მამლის რომელი სახეობით ამაყობთ?

- ახალი ინგლისური ჯუჯა მებრძოლით, რომელიც 2 წლის წინ შევიძინე. ლამაზია, ამაყი, მამაცი და ფასეულიც - წყვილი 300 დოლარი ღირს.

- ყველაზე "მრავალცოლიანი" მამალი რომელი გყავთ?

- ნებისმიერი მათგანი აუდის 10-12 დედალს. ზოგი მამალი ბუნებით აგრესიულია, ერჩის ადამიანს და ცოცხალ არსებებს, ძაღლი იქნება, კატა თუ სხვა. განსაკუთრებული აგრესიით მებრძოლი სახეობები გამოირჩევიან, თუმცა ნებისმიერი აგრესიული მამალი ყოველთვის ცნობს პატრონს.

ვაპირებ ხმიანი სახეობის ფრინველების შეძენას. ამ სახეობის მამალი ძალიან პოპულარულია რუსეთში და კარგადაც იყიდება. როგორც ორთაბრძოლის წინ დებენ გამარჯვებულის თანხას, ისეთივე პრინციპით აწყობენ ამათ შეჯიბრებასაც. ოღონდ იქ თუ ფრინველებს აბრძოლებენ, აქ აყივლებენ -+ რომელი მამალიც უფრო დიდხანს იყივლებს, გამარჯვებულიც ისაა.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, რაც მეტჯერ და ხანგრძლივად იყივლებს მამალი, მით მეტი სიკეთე და ხეირი ელის იმ დღეს მის პატრონს. ამგვარი პროგნოზებისა მეტწილად აღმოსავლეთში სჯერათ და ალბათ ამიტომაა, რომ სწორედ იქ დაიწყო ახალი ჯუჯა სახეობების მოშენება.

მჭიდროდ დასახლებული ჩინური რაიონების მცხოვრებთათვის საგანგებოდ გამოიყვანეს ტანდაბალი მამლები, რათა ყოველ ოჯახს კარგი ამბის პერსონალური მაცნე ჰყოლოდა. ბევრი ჩინელი ახლაც მამლის ყივილით მინიჭებული დადებითი ენერგიით დამუხტული გადის შინიდან და სჯერა, რომ კარგი დღე ელოდება.

დაე, მშვიდობის, სტაბილურობის, ჯანმრთელობის, ხვავისა და ბარაქის მომასწავებელი იყოს საქართველოსთვის მამლის წელი და მამლის ყოველმა ყივილმა სიკეთე და სიხარული მოუტანოს ჩვენს ოჯახებს.

ეკა სალაღაია