"მინდა კარგად ვისწავლო და სოფელს დავუბრუნდე, მაგრამ ამ საქმეს მაინც არ შევეშვები" - კვირის პალიტრა

"მინდა კარგად ვისწავლო და სოფელს დავუბრუნდე, მაგრამ ამ საქმეს მაინც არ შევეშვები"

პირველი ნამუშევარი რომ გავყიდე და ფული ავიღე, გამიხარდა, ამან მოტივაცია მომცა. მერე ნელ-ნელა დავხვეწე და უკვე დამოუკიდებლად ვაკეთებ. თავიდან სულ გადატყავებული მქონდა ხელები. ზოგჯერ ახლაც მეჭრება ხელი, რადგან ბასრ იარაღებთან მიწევს მუშაობა, მაგრამ ეგ არაფერია. სხვანაირად საქმე არ გამოდის, მთავარია, იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს და ჩემი შრომით ვშოულობ ფულს.

14 წლის შალვა სვიანაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიკაურიდანაა. მიუხედავად ასაკისა, შაკო უკვე დასაქმებულია და როგორც ამბობს, კარგი შემოსავალიც აქვს. ის მამა-პაპის ტრადიციას აგრძელებს და კალათებს ქსოვს, რომელსაც იქვე, ცენტრალური გზის პირას ჩამწკრივებულ სავაჭრო დახლებში არიგებს.

- კალათების კეთება მამაჩემმა მასწავლა, მას კი ჩემმა ბაბუამ ასწავლა. თავიდან ამ საქმით არ დავინტერესებულვარ, მაგრამ პირველი ნამუშევარი რომ გავაკეთე და გავყიდე, მივხვდი, შეიძლებოდა, ჩემი შრომით ფული მეშოვა. მერე დავინტერესდი და კალათების ქსოვა ვისწავლე. ეს ოჯახური ტრადიცია იყო. ახლა მხოლოდ მე და მამა ვაკეთებთ, სამწუხაროდ, ბაბუას აღარ შეუძლია, მაგრამ რაც მთავარია, გვასწავლა. მეც აუცილებლად ვასწავლი ჩემს შვილს.

- შაკო, შემოსავლიანია ეს საქმე?

- ადრე არ იყო ასეთი დიდი მოთხოვნა, მაგრამ ახლა ბევრი ტურისტია და კარგად იყიდება. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ საქმით ადამიანი ოჯახს არჩენს. ყველაზე დიდი კალათი 12 ლარი ღირს და მოდის ქვემოთ, ზომის შესაბამისად.

- როგორ ამზადებთ კალათებს?

- მასალა ველური თხილია, რომელიც ტყეში იზრდება და ზამთარში ძნელია მისი მოტანა. ამიტომ ვცდილობ, მოვიმარაგო, თუმცა თუ დიდი თოვლი არ არის, ზამთარშიც მომიტანია. დღეში 2-3 ცალ დიდ კალათას ვაკეთებ. პატარა 5-6 ცალიც შემიძლია გავაკეთო.

- შენი თანატოლები თუ აკეთებენ კალათებს?

- ახლა არავინ, თუმცა მას მერე, რაც ერთ-ერთი ტელევიზიით ჩემზე სიუჟეტი უჩვენეს, ისინიც დაინტერესდნენ და რამდენიმემ სურვილი გამოთქვა, ისწავლოს.

- კალათების დაწვნას დრო სჭირდება. სკოლაში სწავლას როგორ უთავსებ?

- ისე არ გაიგოთ, რომ სულ კალათებს ვაკეთებ - ვსწავლობ და ვერთობი კიდეც. მეგობრებთან ერთად ყოფნა მიყვარს და გასართობ დროს ყოველთვის ვპოულობ. რომ არ მოგატყუოთ, თავიდან არ ვიყავი ბეჯითი მოსწავლე, მერე ოჯახში ამიხსნეს, რომ სწავლა აუცილებელია და მეც სხვანაირად მივუდექი საქმეს. ახლა ვცდილობ, კარგად ვისწავლო. სწავლის გაგრძელება მინდა. ისტორიკოსობა მომწონს და მინდა, ისტორიკოსი გავხდე, მაგრამ ამ საქმესაც არ შევეშვები - ძალიან მიყვარს ჩემი საქმე.

- თავდაპირველად არ გაგიჭირდა კალათის დაწვნა?

- კი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მამა მედგა გვერდით და მოთმინებით მიხსნიდა ყველა დეტალს. პირველი ნამუშევარი რომ გავყიდე და ფული ავიღე, გამიხარდა, ამან მოტივაცია მომცა. მერე ნელ-ნელა დავხვეწე და უკვე დამოუკიდებლად ვაკეთებ. თავიდან სულ გადატყავებული მქონდა ხელები. ზოგჯერ ახლაც მეჭრება ხელი, რადგან ბასრ იარაღებთან მიწევს მუშაობა, მაგრამ ეგ არაფერია. სხვანაირად საქმე არ გამოდის, მთავარია, იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს და ჩემი შრომით ვშოულობ ფულს. ჩემს აღებულ ფულს ვინახავ. უკვე დანაზოგიც მაქვს. როცა ჩავაბარებ, მინდა, ჩემი ფულით ვისწავლო. ვიცი, ჩემი ოჯახი გვერდით დამიდგება, მაგრამ მე მაინც ვაგროვებ. ცოტას საჩუქრებში ვხარჯავ. ჩემს დას ყოველთვის ვჩუქნი რამეს, დედასაც - 3 და 8 მარტს. ვცდილობ, ისეთი რამე ვაჩუქო, რაც გაახარებს.

- როგორც ვიცი, ძირითადად, ახლომახლო აბარებ კალათებს. არეალის გაფართოებაზე არ გიფიქრია?

- როგორ არა, მაგრამ რთულია. მანძილი დიდია და როგორ წავიღო?! ტრანსპორტირება ძნელია. სხვათა შორის, ჩემი დიზაინით დამზადებულ კალათებზეც მიფიქრია და მინდა, მომავალში დავამზადო.

- რაზე ოცნებობ?

- მინდა, უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარო, კარგად ვისწავლო და ჩემს სოფელს დავუბრუნდე. ნასწავლი გამოვიყენო და ჩემი საყვარელი საქმიანობაც განვაგრძო. ყველაზე მეტად მინდა, ჩემი მშობლები გავახარო.

ლადო გოგოლაძე