ბერგერის ფისო მცენარეებს ემტერება - კვირის პალიტრა

ბერგერის ფისო მცენარეებს ემტერება

დიზაინერ ზალიკო ბერგერის ოჯახში ფლორა და ფაუნა დიდ პატივში ჰყავთ. ქოთნის მცენარეებიც აქვთ და ოთხფეხა მეგობრებსაც უვლიან. ამ პატარა ორანჟერეის შესახებ მეც გაგებული მქონდა და გასულ კვირას ვეწვიე კიდეც მათ. თუმცა დიზაინერის დედა, ქალბატონი ბელა შეწუხებული დამხვდა, რადგან თურმე მათი სახლის ახალმა ბინადარმა, სამი თვის ფისო კუსამ, მცენარეებს ლამის მუსრი გაავლო...

ბელა ვეფხვიაშვილი: - მცენარეების მოვლა-გამრავლება თავიდანვე მიყვარდა. რა ჯობია გახარებული, აყვავილებული და გაფურჩქნილი ყვავილების ცქერას? ამჟამად მცენარეები გამოსაზამთრებლად აივნიდან შინ შემოვიტანეთ და თითქმის ყველა ოთახში, რაფებზე გავანაწილეთ. წინა რიგში სხვადასხვაფრად მოყვავილე ბალბები აწყვია. გაზაფხულიდან ისინი გამორჩეულად ლამაზდება. მე ხომ მახარებს და, აივანსაც ამშვენებს.

- რა ნიშნით არჩევთ ყვავილებს?

- ჩემთვის მნიშვნელოვანია მცენარის სილამაზე. ეს დრაცენაა - მინიატიურული პალმა. ერთი მცენარის სახელი, სამწუხაროდ, არ ვიცი - მეზობელმა გვაჩუქა. გაზაფხულზე ისეთი მშვენიერია, ვერ აგიწერთ. ამ ჩვენს საზიზღარ ფისოს რომ არ გაენადგურებინა, რამდენიმე დღის წინ ყოჩაღად გამოიყურებოდა.

- როგორ აღმოჩნდა თქვენთან?

- კატა, რომელიც ჩვენთან 13 წელი ცხოვრობდა, მოგვიკვდა, ეს ფისო კი ერთმა გოგონამ გვაჩუქა. წამოსაყვანად რომ მივედით, საღამო იყო და ეტყობა, სიბნელეში კარგად ვერ დავაკვირდი. ჩვეულებრივი ეზოს კატა აღმოჩნდა, სახლის პირობებს ვერ ეგუება. ვერც გარეგნობით დაიკვეხნის, თან ძAალიან ცელქია - უკვე მერამდენე ლარნაკი გამიტეხა...

- რას უპირებთ?

- მინდა, პატრონს დავუბრუნო, მაგრამ ზალიკო ვერ დავითანხმე. მეოთხე თვეა, აქაურობას ვერაფრით შეეგუა... არადა, კატას შეჩვეული ვართ - ჩვენი კუსა მშვიდი და წესიერი იყო. პრინცესას, კულტურულ გოგოს ვეძახდი, ეს კი ლამის კედლებზე გავიდეს. ყველაზე მეტად იმას ვწუხვარ, რომ მცენარეებს ემტერება.

ჩაჯდება ქოთნებში, მიწას ჩიჩქნის და აქაურობას ანაგვიანებს. დეკემბერა დამიმტვრია. ზალიკო მეუბნება, სად ჩვენი საყვარელი ფისო და სად - ეს, შედარებაც არ შეიძლებაო, თუმცა, შეეჩვია, ეთამაშება და გასაშვებად არ ემეტება.

- მოკლედ, ფისოს საყვარელ ფლორას სწირავთ?

- სამწუხაროდ, ასე გამოდის... გვაქვს ლიმონი, ალოე, ფიკუსი... ჩინური ვარდი საზამთროდ გავსხალი...

- მიწა საიდან მოგაქვთ?

- ვყიდულობ ყვავილებისთვის განკუთვნილ ტყის მიწას, ამასთან, ნიადაგს მინერალებითა და ვიტამინებით ვამდიდრებ.

- ეს კაქტუსი ლამის ჭერს მისწვდეს...

- 10 წელია, აქ არის. ძალიან მიყვარს. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ყვავილები "გოგონები" არიან.

- ზალიკოც უვლის?

- ძირითადად, მე ვუვლი, თუმცა, თუ საჭიროა, ესეც აქცევს ყურადღებას. როცა ყვავილებით სტუმრები აღფრთოვანდებიან, უხარია, თავს იწონებს. სიამოვნებს, ინტერიერს რომ ამშვენებს.

- თქვენი გამოცდილებით რას ურჩევდით ადამიანებს, ვისაც მცენარეები ჯერ არ აქვთ?

- მოამრავლონ, ოღონდ კატა არ გააკარონ, ანდა ფისო შინ მიყვანამდე კარგად შეარჩიონ...

ზალიკო: - მარტო რომ ვცხოვრობდე, კატას ვერ ვიყოლიებდი - კარგი პატრონობა უნდა, თუმცა, ვაღიარებ, რომ ბევრს ვეფერები. ლამაზია თუ უშნო, მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან მოვიყვანეთ, ოჯახის წევრია, ამიტომ არსად გავუშვებ.

მომწონს ჩვენი ორანჟერეა, თუმცა ბელა რომ არა, ალბათ, ვერ მოვუვლიდი. ძალიან მსიამოვნებს ამ ყვავილების დანახვა. დეკორატიული გამწვანება, სადაც უნდა იყო - ჩვენსავით მერვე სართულზე თუ კერძო ბინაში - ყველგან აუცილებელია. ძალიან მოქმედებს ადამიანის განწყობაზე. ამშვიდებს და კარგი სარელაქსაციო საშუალებაა.

ბელა: - თან გსიამოვნებს, შენი შრომის შედეგს რომ უყურებ, აკვირდები, პატარა ღეროდან როგორ ვითარდება მცენარე. ყველას ვურჩევდი, აუცილებლად შეიძინონ ისინი და მოუარონ. ამით დიდ სიამოვნებას მიიღებენ.

ახლა გვიმრის შეძენა მინდა, ულამაზესია, თუმცა ფისოსი მეშინია - ყველაფერს ეპოტინება. ერთადერთი, რითაც ვაშინებ, მტვერსასრუტია. მის ხმაზე გარბის და იმალება. ამის გამოც მაქვს მცენარეები სხვადასხვა ოთახში განაწილებული. რაც უნდა იყოს, მცენარეებზე უარს არასდროს ვიტყვი.

ლალი ფაცია