ძროხა სვეტა, ნაგაზი არზანა და 11 წლის კეთილმატყუარა ფერმერის სამომავლო გეგმები - კვირის პალიტრა

ძროხა სვეტა, ნაგაზი არზანა და 11 წლის კეთილმატყუარა ფერმერის სამომავლო გეგმები

2016 წლის მიწურულსა და 2017-ის დასაწყისში, კახეთი უჩვეულოდ მზიანი იყო. ოქროსფერი სხივებით გაცისკროვნებული კავკასიონის მწვერვალები თუშის ფაფახებივით გამოფენილიყო ჩრდილოეთით. ალაზნის ველზე საჯეჯილე ყანები მზის სითბოს ხარბად იკრებდა და წალამგადასხლული ზვრები მხრებდასხეპილები ელოდებოდნენ გაზაფხულის მაცოცხლებელ ძალას. მდინარე ავანისხევი კავკასიონიდან თავგამოდებულად მოემართება, თითქოს, ესწრაფვის კახეთის დედა-მდინარესთან დამოყვრებას და კასპიის ზღვაში უკვალოდ ჩაკარგვას. ავანისხევი ძველ გავაზს წყლით ამარაგებს.

ავანისხევის გასწვრივ, ბევრი ტაძარი აუგია მარჯვე მკლავს. მეექვსე საუკუნიდან დღემდე, ათამდე საყდარი თუ ნატაძრალია შემორჩენილი ხეობაში. სულ მაღლა, ლამაზ კორტოხზე თავწმინდა გიორგის ტაძარია, ცხრაას წელზე მეტი ხნის. მეგზური მიხსნის, რომ ოდესღაც, წმინდა გიორგის 365 წმინდა ნაწილიდან ერთი - თავის ქალა აქ დიდი პატივით მიუბრძანებიათ და ეკლესიაც აუგიათ. თავწმინდა გიორგიც ამიტომ ეწოდებაო, - მეუბნება დაუეჭვებლად თანამგზავრი.

ძველ გავაზში (კომუნისტებმა რატომღაც ახალსოფელი დაარქვეს) დაბრუნებულს, მასპინძელი მეუბნება, რომ ახლოს ერთი პატარა ბიჭი ცხოვრობს, ძალიან ყოჩაღი, მაგრამ სასიკეთოდ მატყუარაო.

გვიანი საღამო, მოგეხსენებათ, კახეთში სტუმრობის დროა. ლევან ლაზაშვილის ოჯახის დიასახლისებს წინასწარ შევუთანხმდით ვიზიტზე. შეთანხმება აუცილებელია, რადგან ჩემი რესპონდენტი ყოველთვის სახლში არ არის. მართალია, ჯერ 11 წლისაა, მაგრამ მუდმივად საქმეშია ჩაფლული. მეშვიდეკლასელი ბიჭი ოდნავ დაბნეული მიყურებს. სავსე მთვარესავით სახე აქვს, შუბლზე თმა ჩამოჰყრია და თბილად მომზირალ თვალებს ზოგჯერ ფარდასავით ეფარება.

პირველად იმაში გამომიტყდა ლევანი, რომ სწავლა ეზარება, მაგრამ მშობლებსა და მასწავლებლებს ხათრს ვერ უტეხს. თან, მაყვალა მასწავლებელი ისეთი თბილი და წყნარი ქალია, აბა, მის ახსნილ ქართულს როგორ არ მოეკიდოს პასუხისმგებლობით? მაყვალა მასწავლებელმა შემაყვარა ვაჟა-ფშაველაო, - მიმხელს. ნადირობა მიყვარს, მაგრამ შველს არ ვესვრი ალბათ, აი, მგლებსა და დათვებს კი არ დავზოგავ, მაგათ ცხვრის ხორცი უყვართო... დათვი ბრიყვი დრუნჩაა, მხოლოდ ერთ ცხვარს მოიგდებს ზურგზე და ბუნაგისკენ წააძუნძულებს. მგლები კი ვერაგები და ხარბები არიან, მთელ ფარას ყელს დაღადრავენ და დაყრიანო...

ლევანს ფერმერობა უნდა. ძალიან უყვარს ცხვარ-ძროხა. მის ოჯახს ახლა 30 ძროხა ჰყავს, 40 ბოჩოლა, 8 ცხვარი თავად შეიძინა, 15-დან 4 ბოცვერიღა დაიტოვა, რადგან ბევრი ჭამა უნდათ, სულ პირს აცმაცუნებენ და ერთი ძროხის სარჩო ხუთ სულ ბოცვერს ალამს არ უკლავს (ანუ ვერ აძღებს). ლაზაშვილებს ნახირი ახლა ბარში ჰყავთ. ძალიან უყვარს ძროხა, რომელსაც უცნაური სახელი - სვეტა ჰქვია. მართალია, მხოლოდ 10 ლიტრს იწველის, მაგრამ თვინიერია. არასდროს აბრაზებს მწყემსს, წველისას არ ტოკდება და ამიტომ, ლევანი მას არც არასდროს დაკლავს და არც გაყიდის! ჰო, კიდევ ერთ ძროხას დვალი ჰქვია, 20 ლიტრ რძეს ჩამოუწურავენ ხოლმე ვეება ჯიქნიდან. ასეთია უმეტესობა ნახირში, რძეუხვი და ჯიშიანი, მაგრამ სვეტა მაინც ყველას ურჩევნია!

ზაფხულზე, როცა ყვარლის მთებს ყინულისა და თოვლის ჯავშანი მზის ნებით გასძვრება, ნახირი იალაღზე მიჰყავთ. მეორე სემესტრის დასრულების შემდეგ, მამას და მოსახელე პაპას ლევანი ქვიშიანებში ააკითხავს. ამ ალაგს კომუნისტური დროიდან "ლენინის ბინას" ეძახიან. ალბათ, კოლმეურნეობა ატარებდა პროლეტარიატის ბელადის სახელს, ამავე კოლმეურნეობის პირუტყვს აძოვებდნენ იქ და ამიტომ დაარქვეს ასე იალაღს. ამის შესახებ პატარა ფერმერმა არაფერი იცის!

ცხენზე ამხედრებული ლევანი, ხუთ საათს აღმართს გაუჩერებლად მიუყვება იმ მხარეს, ახლა დიდი თეთრი მწვერვალი რომ მოჩანს. ამ გზას ერთად გადიან სამი თაობის ლაზაშვილები. უფრო, პაპას ადევნება უყვარს პატარა მწყემსს, რადგან ლეო პაპა ძველ ამბებს და მწყემსურ ისტორიებს საინტერესოდ უყვება შვილიშვილს...

მართალია, ლევანს ფერმერობა გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ გაკვეთილებზე წყნარად ჯდომა და მასწავლებლის მოსმენა აუცილებლობად მიაჩნია. დასვენებებზე კი უყვარს საერთო ჟრიამულში ჩაბმა, ფეხბურთის თამაში, თან - თავდამსხმელის პოზიციიდან. 27 მოსწავლეა კლასში და ყველა რაღაცით გამორჩეულია... მაგალითად, ელენე ქინიძე კლასში ყველაზე ლამაზი გოგონაა და ყველა საგანს კარგად სწავლობს. ის მარტო ბეჯითი კი არა, კარგი მოცეკვავე და თანაკლასელია. ლევანთან ერთად 7 წელია, "პარაში" ცეკვავს. მართალია, ბიჭს "მთიულური" უყვარს ცეცხლოვნობის გამო, მაგრამ ელენეს ხათრით, ნაზ "ქართულსაც" ასრულებს... შეიძლება, ბევრმა არ იცის და ელენე თავის "ნაპარნიკს" დავალებებს აწერინებს. ზოგჯერ ავიწყდება ლევანს სახლში დავალების შესრულება და ამიტომ, ფაცხაფუცხით იწერს კლასელისგან!

პატარა მწყემსი აღიარებს, რომ ხშირად, გაკვეთილზე ფიქრები ბარიდან მთაში გაჰპარვია, ღელ-ღულებს აჰყოლია ოცნებით და ალპური მდელოების ხავერდებზე ნაიალაღარი ხარივით გაუნავარდებია. მერე ისევ გაკვეთილს უბრუნდება მთელი არსით და მრგვალ ლოყებზე ხელებს შემოილაგებს დაფიქრებული.

ერთხელაც, შინ დაბრუნებამდე, ლევანს უმწეო, წვიმისგან დასველებული და მშიერი ლეკვი დაუნახავს. ნათელა ბაბოსთვის უთქვამს, არც ვიცი, საიდან ამედევნაო... მერე მეორე ასეთივე ლეკვიც რომ მიიყვანა შინ, ბებო მიუხვდა, რომ ბიჭს ამ უმწეოების დახმარების სურვილი ტყუილს აბედვინებდა. ახლა ეზოში ორი მოღონიერებული და მაძღარი ლეკვი დადის, ფერმაში კი 5 ნაგაზი ჰყავთ. ო, ისინი კი ძალიან ავები არიან, არა მარტო ქურდსა და მტაცებელს არიდებენ ძროხებს, არამედ - უცხო პირუტყვსაც.

ამას წინათ ძროხა ვიყიდეთ და ძაღლებს რომ ეუცხოვათ, ყეფით გაიგდეს წინ. რომ არა მწყემსის ყურადღება, ვინ იცის, ახალსულს სად გადაამხეცებდნენო, - უწონებს სიფრთხილეს ლევანი თავის ქოფაკებს! არზანა ხუთეულში გამორჩეულია, ქოსა ნაგაზი ისეთი ფხიზელი და გონიერია, ყველა მწყემსი რომ ინატრებს მისთანას!

საუბრისას ლევანი მიხსნის მესაქონლეობის დეტალებს: 4 კურდღელი ერთი ძროხის ოდენას ჭამს; ძროხა 9 თვეს მაკეობს; მოხბოიანებამდე 2 თვე მაინც უნდა დაასვენო წველისგან, რომ მოგებამდე თავადაც მოკეთდეს და ხბოც მოსრულდეს მუცელში; ცხვარი დიდი სიმდიდრეა და ძროხებთან ერთად უნდა მოამრავლოს. 8 ნერბიდან ორი უკვე დედა-ცხვარია, ორიც მალე დოლს დაიწყებს, 4 კი პატარაა და მომავალ წლამდე მათგან ნამატს არ ელოდება...

გაგრძელება