ზურნაა თუ დუდუკია... - კვირის პალიტრა

ზურნაა თუ დუდუკია...

ქართული ხალხური მუსიკისა და საკრავების სიყვარული ბავშვობიდან გამოჰყვა. დღესაც ახსოვს, როგორ იპარავდა მამის სალამურს, ცდილობდა, საფუძვლიანად შეესწავლა და ამ ტკბილხმოვან ინსტრუმენტზე დაეკრა. ეს გატაცება მოგვიანებით დიდ სიყვარულად იქცა, რამაც ხალხური მუსიკის ერთგულ ქომაგად აქცია. 1960 წლიდან დღემდე თითქმის ყველა ანსამბლში მოღვაწეობდა. მუშაობდა ჯანო ბაგრატიონთან, ანზორ ერქომაიშვილთან... 1976 წლიდან დღემდე სუხიშვილების სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ორკესტრის მსახიობია.

ჩვენი სტუმარია ხალხური საკრავების ოსტატი ზაურ მერებაშვილი, რომელიც ძველ საკრავზე - ზურნაზე გვიამბობს. ბატონი ზაური მიიჩნევს, რომ ზურნა უსამართლოდ არის "დაჩაგრული".

- წარმოშობით კასპიდან ვარ. ჩემი წინაპარი - ლეგა მერებაშვილი თურმე ოსტატურად უკრავდა ზურნაზე. მამაჩემს კი ყველა ინსტრუმენტს სალამური ერჩივნა. ხელოსანი კაცი იყო. თბილისში რომ წამოვიდოდა, სალამურს იყიდდა და წამოიღებდა ხოლმე. ეს იმიტომ, რომ სალამურს ხან მე ვუმტვრევდი და ხან - ჩემი ძმა, მაგრამ მამა არ გვსაყვედურობდა. მახსოვს, როცა მამა შინ არ იყო, დროს ვიხელთებდი და მის სალამურზე ვუკრავდი. სკოლიდან რამდენჯერ გავპარულვარ, რომ ლელიანში შევსულიყავი და ამ მცენარისგან საკრავი გამომეთალა. მაშინ 10-11 წლისა ვიქნებოდი. დუდუკის, სალამურის ან სტვირის ხმას რომ გავიგონებდი, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ჩასაბერი ინსტრუმენტები ახლაც უზომოდ მიყვარს, ეს ჩემი დიდი გატაცებაა, რომელსაც ამდენი ათეული წელია, ვემსახურები. პირველად ნათესავის ნაჩუქარ ძველ დუდუკზე დავიწყე დაკვრა, რომელსაც ხეირიანი ხმაც კი არ ჰქონდა. დღეს დუდუკსაც ჩემი მარჯვენით ვამზადებ, სალამურსაც, მხოლოდ ზურნას არ ვაკეთებ - მასზე მოთხოვნა ნაკლებია. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დაჩაგრული ინსტრუმენტია.

- რატომ ფიქრობთ ასე?

- ხალხში გავრცელებულია აზრი, რომ ზურნა ქართული საკრავი არ არის, მაგრამ ვინც ამას ამტკიცებს, საკითხში კარგად ვერ ერკვევა. ვერც ერთი ქვეყანა ვერ იტყვის, რომ ზურნა მისია, რადგან მსგავსი საკრავი აქვთ ჩინელებსაც, იაპონელებსაც, თურქებსაც და ირანელებსაც, ზურნაზე უკრავენ სომხებიც, ქურთებიც, აზერბაიჯანელებიც და ჩრდილოკავკასიელებიც. ლეკებს ჰყავდათ ზურნის საუკეთესო ოსტატები, რომლებიც ამ ინსტრუმენტს ამზადებდნენ კიდეც და მასზე შესანიშნავად უკრავდნენ.

- ზურნა ძალიან ჰგავს დუდუკს.

- მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან მათ შორის განსხვავება დიდია: დუდუკს დახურულ სივრცეში უკრავენ, ხოლო ზურნას - გარეთ, ტრიალ მინდორში ან ქუჩაში. მას იმდენად ძლიერი ხმა აქვს, რომ ოთახში ვერც მოუსმენ, ამიტომ ბრძოლის ველზე ან ჭიდაობის დროს უკრავდნენ. ძველად ზურნას ქორწილებშიც ახმიანებდნენ. მე მოვსწრებივარ, როგორ მოჰყავდათ პატარძალი ზურნის თანხლებით, რაც განწყობილებას კიდევ უფრო საზეიმოს ხდიდა. ზურნა და ქართული ჭიდაობა ხომ ერთმანეთისგან განუყოფელი ცნებებია. მთელ მსოფლიოში ზურნის დაკრულზე მხოლოდ ქართველები ჭიდაობდნენ - ეს ჩვენი უძველესი ტრადიციაა. ქართული ჭიდაობა ზურნისა და დოლის გარეშე არ არსებობს. უამისოდ ძველი ფალავნები არც ჭიდაობდნენ, ამის მომსწრე მე თვითონ ვარ: ბავშვობიდან მახსოვს, როგორ თქვეს უარი ჭიდაობაზე ძალიან კარგმა ფალავნებმა მხოლოდ იმიტომ, რომ შეჯიბრებაზე მუსიკა არ იქნებოდა. როგორც ქართული ჭიდაობაა უძველესი, ასეთივეა ზურნაც - ამას ბევრი მტკიცება და ლაპარაკი არ სჭირდება. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ზურნას ქართველი ოსტატები ოდითგანვე ამზადებდნენ.

- რა მასალისგან კეთდება ეს საკრავი?

- ზურნის ტარს ჭერმისგან ამზადებენ, თუმცა იყო ერთი კარგი ოსტატი, ბესო მაისურაძე, რომლისგანაც ვიცი, რომ ადრე ამ ინსტრუმენტს ვაშლის ხისგანაც ამზადებდნენ. ზურნის ნაწილებია ყამიში და ბეჩო, ასევე საჭირო დეტალებია მილი და პრტკალი - მათზე დამოკიდებული საკრავის ხმის სისუფთავე და უნაკლოდ დაკვრა. ზურნას ზემო ნაწილში აქვს პატარა თეფში - ის თუ არ გაუკეთე, ვერ დაუკრავ, ბაგეც დაგეღლება და დაკვრაც გაგიძნელდება. ადრინდელი მეზურნეები უფრო დიდხანს უკრავდნენ, რადგან ჭიდაობა 10 წუთს გრძელდებოდა, ახლა კი მხოლოდ 5 წუთს გრძელდება.

- როგორ რთავდნენ ზურნას?

- ზოგიერთი ძველი ინსტრუმენტი მთლიანად მოვერცხლილია, ასეთი ზურნა ძვირი ღირდა. ზოგი ნაწილობრივ იყო მორთული, ყველაზე ხშირად უბრალო, სადა ინსტრუმენტს ამზადებდნენ.

- მოწაფეები თუ გყავთ?

- როგორ არა, მოწაფეები ადრეც მყავდა და ახლაც მყავს, ისინი თითქმის ყველა ხალხურ ანსამბლში საქმიანობენ - "სუხიშვილებში", "ერისიონში", ანსამბლ "რუსთავში", სხვა ქალაქებშიც - თელავში, გურჯაანში, გორში, ბათუმში... ყოფილ პიონერთა სასახლეში ყოველთვის მყავდა ჯგუფი, რომელსაც ჩემს ცოდნას გადავცემდი. ახლაც ძალიან მინდა, ასეთი ჯგუფი მყავდეს, მზად ვარ, ბავშვებს უფასოდაც ვასწავლო, მაგრამ ახლანდელ პიონერთა სასახლეში ამის საშუალება აღარ არის - იქ ყველაფერი კომერციულ საწყისებზეა გადასული, ბავშვებმა ყველაფერში ფული უნდა გადაიხადონ. მაგრამ ეს ისეთი საქმეა, რომელსაც ვერანაირი ფულით ვერ აწონი: ზოგიერთი ქართული საკრავი უკვე მივიწყებულია, ზოგს ხალხი ახლა ივიწყებს და მათ უცხო ქვეყნები ითვისებენ. სხვათა შორის, ზურნის შესწავლა დღეს უკვე აღარავის სურს. გული მწყდება, რომ სალამურსა და დუდუკზე შეკვეთები მაქვს, ზურნას კი არავინ მიკვეთს... მგონი, ამ პრობლემაზე დაფიქრება ნამდვილად ღირს.

ხათუნა ჩიგოგიძე