"რას ვიფიქრებდი, მეც თუ ქვის კოდვას დავიწყებდი" - კვირის პალიტრა

"რას ვიფიქრებდი, მეც თუ ქვის კოდვას დავიწყებდი"

ოთარ სიხარულიძე: "სადაც ცეცხლია, კეციც ყველგან გაცხელდება. თანაც გამოცხობისას ნაკლები სითბო სჭირდება და უფრო გემრიელ ხაჭაპურსაც აცხობს. იმიტომაც წაიღეს ჩოხატაურული ქვის კეცები ამერიკაში"

მუზეუმის ეზოში ორი ქვა დევს. ერთი ტრადიციული ყურძნის საჭნეხია (საწურავი), რომელსაც ქვას გამოაბამდნენ და გურულ მაგარკანიან ყურძენს წამსვე ღვინოდ აქცევდნენ, მეორე კი ნამდვილი საოცრებაა - ზომლეთელი ჩიჯო ჩიჯავაძის სავარჯიშო ქვა. ჩიჯო ცალი ხელით ამ ქვას სწევდა და ცალით - წვერს იპარსავდა.

პირველად ქვის კეცი ჩოხატაურის ბაზარში ვნახე. ჩავუარე, მაგრამ მაშინვე უკან მივბრუნდი... სოფელ შუაგანახლებაშია ის უცნაური ლურჯი მთა, რომელსაც ჯორის საგორავას ეძახიან და რომლის გულიდანაც საუკუნეებია, ამოაქვთ რბილი ქვა. კეცები ჯერ კიდევ რბილი ქვისაგან ითლება, მაგრამ მერე ისე მაგრდება, უროც ვერაფერს აკლებს. ჩოხატაურში ამ ქვას ისე მოიხმარენ, როგორც სხვები ლითონს ან ხეს. მუზეუმში დაცულია ქვის პირველყოფილი სამეურნეო იარაღები, საჯილდაო (სავარჯიშო) ქვები... მუზეუმის ეზოში ორი ქვა დევს. ერთი ტრადიციული ყურძნის საჭნეხია (საწურავი), რომელსაც ქვას გამოაბამდნენ და გურულ მაგარკანიან ყურძენს წამსვე ღვინოდ აქცევდნენ, მეორე კი ნამდვილი საოცრებაა - ზომლეთელი ჩიჯო ჩიჯავაძის სავარჯიშო ქვა. ეს ქვა მისმა შთამომავლებმა მუზეუმში მოიტანეს და თან ამბავი მოაყოლეს - ჩიჯო ცალი ხელით ამ ქვას სწევდა და ცალით - წვერს იპარსავდაო. როგორია?! ქვის კეცებს კი სოფელ შუაგანახლებაში ოთარ სიხარულიძე აკეთებს - ჯორის საგორავას მთიდან ნედლი ქვა ზურგით გამოაქვს და ყოველ კეცს მამაპაპისეული რკინის საფხეკელათი მამაპაპეული ხერხით თლის. დროდადრო პატარა შვილიშვილიც მიუჯდება ხოლმე. დღეს ქვის კეცები ჩოხატაურიდან უკვე კონტინენტს იქით გააქვთ და, ვინ იცის, მომავალში კიდევ რა მოხდება.

ოთარ სიხარულიძე: - ჩემი სახლიდან კეცების მთამდე ერთი კილომეტრია. იქიდან ქვა ზურგით მომაქვს. რომ ვიანგარიშე, ზურგით 3 ტონა ქვა მაინც მაქვს ნაზიდი. როცა მამაჩემი კეცებს თლიდა, მე მეურნეობის ბრიგადირი ვიყავი. რას ვიფიქრებდი, მეც თუ ქვის კოდვას დავიწყებდი, მაგრამ თითქოს ქვამ "დამიძახა". ცხოვრება ისე გაფუჭდა, რომ ქვის კეცების გარდა შემოსავალი აღარაფერი დამრჩა. მახსოვს, ბავშვობაში მამას ძმებთან ერთად ვეხმარებოდი. ამიტომაც ავიღე წერაქვი და მთისკენ გავწიე. მამაჩემი ამბობდა, - ქვის კეცები ჩვენი მარჩენალი იყო, ჩოხატაურის მთებიდან სამეგრელოში ზურგით გადაგვქონდა და სიმინდზე ვცვლიდით, ზუსტად იმდენ სიმინდს გვაძლევდნენ, რამდენსაც კეცი აიწონიდაო. მხოლოდ პატარა კი არა, სამეგრელოში სანადო კეცებიც გადაჰქონდათ - სანადო კეცი 3-4 ჩვეულებრივი კეცის ტოლაა. მასზე 15-20-კაცისთვის აცხობდნენ ხაჭაპურებს. ახლა ეს კეცები მეც მარჩენლად მექცა. ჩავიტან ჩოხატაურის ბაზარში და თუ იმ დღეს ვერ გავყიდი, ნაცნობებს ვუტოვებ, გამიყიდეთ-მეთქი.

- რამდენად ყიდით?

- 20-25 ლარად. ქვის კეცს კაი შრომა სჭირდება - ქანიდან ამოღებით დაწყებული, გაქვავებამდე 6 სახის იარაღით განუწყვეტლივ უნდა იმუშაო. ასე რომ, ძვირად არ ვყიდით, მაგრამ როგორც გიჭირს, ისე გიღირს - მეტად არ გაიყიდება, არ აქვს ხალხს მეტი შემოსავალი. სამაგიეროდ, მყიდველიც არ აგებს, ქვის კეცს ძალით თუ არ გატეხ, სულ გექნება. ქვის კეცზე გამომცხვარ ხაჭაპურსა თუ მჭადს არაფერი სჯობია - ბუნების გემო აქვს! ახლა მითხარით, რა ჯობია, უცხოური ტაფები, საღებავი ცეცხლზე დადგმისთანავე რომ გაძვრება და გვწამლავს, თუ ის ქვა, რომელიც ჩვენს მიწაში სუფთად არის შენახული?

- მაგას რა კითხვა უნდა. ალბათ ქვის კეცს ბუხარში ახურებდნენ და ასე აცხობდნენ ხაჭაპურს, გაზქურაზე როგორ უნდა მოიხმარო?

- მოუხმარებელი რა სჭირს! სადაც ცეცხლია, კეციც ყველგან გაცხელდება. თანაც გამოცხობისას ნაკლები სითბო სჭირდება და უფრო გემრიელ ხაჭაპურსაც აცხობს. იმიტომაც წაიღეს ჩოხატაურული ქვის კეცები ამერიკაში. პირველად ზურა შევარდნაძე რომ მოვიდა ჩვენს სოფელში - 20 ქვის კეცი მჭირდებაო, შორს დაიჭირეს - ბიძია, რას გვაშაყირებო! ზურამ ღომის საცეხვი ქვის ჩამურებიც გვთხოვა. ეს ჩამურები ჩვენს მამა-პაპებს წყლის წისქვილების გვერდით ჰქონდათ გამართული, წისქვილი ხის უროს ატრიალებდა, რომელიც ჩამურში ჩაყრილ ღომს ცეხვავდა. აგი ჩამურები ზურას ჩამოსვლამდე ეზოში მაქვს დაწყობილი. რომ ვუყურებ, ასე მგონია, ჩვენი ქვა რაღაც ჯადოძალით გიზიდავს. ჩემი შვილიშვილები ამ ჩამურების გარშემო თამაშობენ, არ სცილდებიან, გეგონება, მაგნიტი აქვსო.

- ყველაფერ ბუნებრივს ძალა აქვს, მით უმეტეს, ქვას. მაგრამ ძალა, ჩანს, აქაურებსაც გაქვთ - ჩოხატაურელი ჩიჯო ჩიჯავაძე 150-კილოიანი ქვით თან ვარჯიშობდა, თან წვერს იპარსავდაო.

- ასეც იქნებოდა... ჩოხატაურში ჭინკის ქვაც გვაქვს. ძველი ხალხი ამბობდა, - ჭინკების თავშესაფარი იყოო. მეტად ლამაზი ქვაა. რაც მთავარია, წმინდა ქვებიც გვაქვს, დიდება უფლის სახელს. ბოლო ხანს სოფელ ხევში ქვაიჯვარამ სასწაული მოახდინა. ეს ქვაიჯვარა რატომღაც სასაფლაოდან გამოუტანია სოფელს და შარაგზაზე დაუდგამს. ერთ აქაურ ქალს შვილიშვილი გაუხდა მძიმედ ავად და იმას დაესიზმრა, - სოფელს უთხარი, ქვაიჯვარა თავის ადგილზე დააბრუნოს და შვილიშვილს მოგირჩენო. დააბრუნა სოფელმა ქვაიჯვარა თავის ადგილზე და ბაღანაც მორჩა.

- თქვენ ერთადერთი კაცი ხართ, ვინც ქვის კეცებს აკეთებს.

- ვნახოთ. იქნებ მიმბაძველიც გამომიჩნდეს. ჩვენი ქვა ერთხელ თუ გაიტანეს ამერიკაში, ვინც ამ კეცზე გამომცხვარი ხაჭაპურის გემოს გაიგებს, მომავალშიც გაიტანს. მერე, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, იქნებ მთელ მსოფლიოშიც იაროს. იქნებ ტურისტიც მოვიდეს ჩვენს სოფელში, - ქვეყანა ამ ტურიზმით ცხოვრობს და სხვაზე ნაკლებად ლამაზია ჩოხატაური?! ასე თუ მოხდა, კეცების დამზადებას სოფელი ხელს არ გაუშვებს.

ეთერ ერაძე