პატარა საქართველო და ვაზის 525-ზე მეტი ჯიში - კვირის პალიტრა

პატარა საქართველო და ვაზის 525-ზე მეტი ჯიში

მევენახეობა და მეღვინეობა საქართველოში უძველესი და უნიკალური დარგია. ქართველ ერს ვაზის გაშენებისა და მოვლის თითქმის 7000 წლიანი ტრადიცია აქვს, რომლის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული ქართველი ერის ისტორიასთან.

ჩვენი შემოქმედებითი ბუნება და განსაკუთრებული სიყვარული ვაზისა და ღვინისადმი ქართულ კულტურაში, ტრადიციულ წეს-ჩვეულებებში, არქიტექტურაში, ორნამენტში, ჭედურობაში, მხატვრობაში, პოეზიაში, სიმღერასა და ხელოვნების სხვა დაგებში გამოიხატა.

ჩვენი სამშობლო ადგილობრივი, ქართული ვაზის ჯიშების სიმრავლისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია. ამ პატარა დალოცვილ მიწაზე ქართული ვაზის ჯიშის 525- ზე მეტი სახეობაა თავმოყრილი. თითოეული რეგიონი გამორჩეულია მაღალხარისხოვანი და უნიკალური საღვინე ვაზის ჯიშით, რომლის შესახებაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ვენახების აღრიცხვისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსი დავით მაღრაძე გვესაუბრა:

- მიმოხილვა სამეგრელოდან დავიწყოთ. ეს ისტორიული კუთხე ოჯალეშით გამოირჩევა. იგი ყველაზე გავრცელებული, ადგილობრივი ჯიშია, რომელიც ისტორიულად ბანძის მიკროზანასა და სალხიონოში გვხვდება. ასევე, ცნობილია, რომ ოჯალეშის პირველი კომერციალიზაცია დადიანებსა და აშილ მიურატს უკავშრდება. მიურატი სალომე დადიანის ქმარი გახლდათ, რომელიც თავის მხრივ საფრანგეთის საიმპერატორო ოჯახის წევრი და ნაპოლეონ III-ის ადიუტანტი იყო.

შემდეგია გურია - აჭარის რეგიონი, სადაც ისტორიულად საკმაოდ პოპულარული ჯიშია ჩხავერი, ხოლო აჭარაში ვხვდებით ბროლას. ჩხავერი ხეზე შეშვებული მოჰყავდათ, ანუ ხეს სიმაღლეზე მიუყვებოდა. ასევე გურიაში ვხვდებით ისეთ ჯიშებს როგორიცაა, საწურავი, კანური თეთრი, ჯანი. ასე რომ, როდესაც ამ რეგიონს ესტუმრებით იცოდეთ, რომ ზემოაღნიშნული ვაზის ჯიშის ღვინოები ერთ - ერთი საუკეთესოა და აუცილებლად დააგემოვნეთ.

არ იქნება სწორი, რომ საქართველოს ერთ - ერთ უძველეს ისტრიულ კუთხეს აფხაზეთს გვერდი ავუაროთ. ბატონი დავითის თქმით, ამ ულამაზეს კუთხეში ისეთ პოპულარულ ვაზის ჯიშსს შევხვდებით როგორიცაა, ამლახუ. ასევე გავრცელებული იყო ჩხავერი და ოჯალეში.

გადავინაცვლოთ რაჭაში, რომლის მთავარ მამოძრავებელ ჯიშებად ალექსანდროული და მუჯურეთული მიიჩნევა. ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი ჰაერი და კლიმატი ბრწყინვალე ღვინო ხვანჭკარას ქმნის, რომელიც როგორც ჩვენში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთაც, ძალიან პოპულარულია.

რაც შეეხება ლეჩხუმის რაიონს, აქ ორბელურ ოჯალეშს საკმაოდ დიდი როლი აკისრია. ასევე მნიშვნელოვანი ჯიშებია ტვიში და უსახელოური. ამ ვენახებს, კავკასიონის ქედის გავლენით, მაღალი შაქრიანობის დაგროვების უნარი გააჩნიათ, რაც ნახევრადტკბილ ღვინოს იძლევა. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ტვიშის მიკროზონაში ვხვდებით ცოლიკოურის ჯიშის ვენახებს. საბოლოოდ, როგორც ირკვევა, რაჭა-ლეჩხუმი ვაზის ჯიშების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და სახელგანთქმული მხარეა.

იმერეთი საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის უძველესი და უმთავრესი რეგიონია. აქ არსებული უნიკალური ვაზის ჯიშები დასავლეთ საქართველოსა და მთლიანად ქეეყნის საამაყოდაც უნდა მივიჩნიოთ. ქვემო იმერეთში ვხვდებით ერთ-ერთ გამორჩეულ და ყველასთვის ცნობილ ალადასტურს. ასევე მნიშვნელოვანი როლი უჭირავს კრახუნას. ზემო იმერეთში საუკეთესო პროდუქციას იძლევა ციცქა და ცოლიკაური, რომელიც განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში იყო გავრცელებული და დღესაც წამყვან ჯიშად რჩება.

თუკი ამ რეგიონებში მევენახეობა მნიშვნელოვნად წამოიწევს, ზევით აღნიშნული ჯიშები მოწინავე პოზიციებს დაიკავებენ.

მოგეხსენებათ, ქართლი უძველესი ქართული კულტურის აკვანია. აქ გვხვდება ყურძნის ისეთი ჯიშები, როგორიცაა: ჩინური, გორული მწვანე, შავკაპიტო, თავკვერი. ამ რეგიონში ერთ - ერთი ყველაზე გამორჩეულია ასურეთული, რომლის გავრცელება გერმანელებს უკავშირდება .

აუცილებელია დიდი ყურადღება მივაპყროთ ისტორულად ერთ - ერთ ყველაზე მძლავრ კუთხეს სამცხე - ჯავახეთს. მისი წარსულის შემხედვარე, სამწუხაროა, რომ დღესდღეისობით მევენახეობა ფაქტობრივად გამქარალია, მითუმეტეს, ასპინძაში, რომლის ისტორიული ტერასებიც მნახველს ყოველთვის აოცებდა. ასპინძაში კომუნისტების დროს მოჰყავდათ ხიხვი და ფრანგული პინო. საბედნიეროდ, ამჟამად დაწყებულია ვენახის გავრცელება - აღორძინება, რის შედეგადაც მესხურ შავსა და თეთრს შევხვდებით.

და ბოლოსკენ კახეთი - უძველესი, უნიკალური და მდიდარი მევენახეობის რეგიონი, რომლის ისტორიული ფესვებიც ღრმად არის წასული. ძნელია ამ კუთხეში რომელიმე კონკრეტული ჯიშის ერთიმეორეზე წინ დაყენება, მაგრამ მიანც უნდა გამოვარჩიოთ საფერავი და რქაწითელი, რომელიც როგორც ამ რეგიონის, ისე მთლიანად საქართველოს სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. ეს ჯიშები საერთაშორისო ვენახებია და საქართველოს ფარგლებს გარეთაც, დიდ ტერიტორიაზე მოჰყავთ. მაგალითად: - მოლდოვაში, უკრაინაში და სხვ.

კახეთის მრავალფეროვნებითა და ბარაქიანობით ნებისმიერი უცხოელი სტუმარი იხიბლება, ხოლო ამ ღვინოების დაგემოვნების შემდეგ კი აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

გიორგი მოსაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)