ხევსურული "მთის თაიგული"
ხევსურული "მთის თაიგული"
"დღესაც კი, ჩვეულებრივ ჩაის ხევსურეთში არავინ სვამს. ჩვენს მთებში სასაზღვრო სამსახურია ჩამოყალიბებული. იქ ბიჭებს ჩვეულებრივი ჩაი რომ მიუტანეს, არც იმათ დალიეს, - ბალახების ჩაი გვირჩევნიაო. ჩვენთან უცხოელებიც იყვნენ სტუმრად. მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩოს ატაშე, რომელსაც ისე მოეწონა ჩვენი ჩაი, რომ რამდენიმე ფინჯანი დალია"

დღესაც კი ნაბიჯ-ნაბიჯ მახსოვს ის გზა მთებში, რომელზეც დავდიოდით. განა მცირეს - 40-კილომეტრამდე ბილიკს მაინც გავივლიდით მწვერვალებამდე. მთელი ზაფხული
You must have Flash Player installed in order to see this player.
დავდიოდით და ყველაფერს ფრთხილად ვაგროვებდით - არც ბუჩქებს ვამტვრევდით და არც ბალახებს ვგლეჯდით ფესვებიანად, რომ მეორედაც ამოსულიყო. ასე გვასწავლიდა მამა და ასე ასწავლიდნენ სხვა ხევსურ ბავშვებსაც


მართალია, მედეასა და მედიცინის საერთო ქართულ ფესვებზე აღარავინ დაობს,­ მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ბევრს ვერაფერს სძენს ქართული სამკურნალწამლო საქმის განვითარებას - გარემო უფრო მეტ პოტენციალს ქმნის, ვიდრე ვიყენებთ. შესაბამისად, ამ სფეროში ნაკლებად არიან დასაქმებულნი. ამიტომაც არის გასახარი, რომ ბარისახოელი ომა არაბულისა და ნათია ფსუტურის ოჯახმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და ბარისახოში ადგილობრივი, ეკოლოგიური სამკურნალო მცენარეებისგან ჩაის
მწარმოებელი კოოპერატივი დააარსა. ამით ამ ოჯახმა ორი დიდი საქმე გააკეთა - ხალხის ჯანმრთელობაზეც იზრუნა და ხევსურეთის სოფლებისთვის ხელის გამართვაზეც.

ბარისახოელთა 5 ოჯახისგან შედგენილი კოოპერატივი ბალახების შესაგროვებლად სხვა სოფლის მცხოვრებლებსაც იშველიებს და გასამრჯელოს უხდის. შესაძლოა, ეს თანხა დიდი არ არის, მაგრამ
შრომა, რომელშიც აქამდე არავინ არაფერს იხდიდა, გლეხების ბიუჯეტს ნაწილობრივ მაინც შეეშველება. კოოპერატივის შექმნის მოთავენი ამ საქმის წამოწყებას სავსებით ბუნებრივად მიიჩნევენ, - ჩვენი წინაპრები დღესაც და ახლაც მთის ბალახების ჩაის რომ სვამდნენ, იმიტომაც არიან ჯანმრთელნიო.

ომა არაბული:
- მთის ბალახებისგან ჩაის დამზადება ჩემი ოჯახისთვის იდეა კი არა, ცხოვრების წესი იყო, მერე კი ჩემი მეუღლის, ნათიას უჩვეულოდ ორგანიზატორული ნიჭით, საქმედ იქცა და დღეს უკვე ბარისახოში საწარმო გვაქვს. ხევსურეთში ყველა სამკურნალო ბალახების ჩაის სვამს და პირადად მე და ჩემი და-ძმა სამკურნალო მცენარეების შეგროვებას მამამ ბავშვობიდანვე შეგვაჩვია, ის ექიმი იყო და ამ ბალახებისგან წამლებსაც ამზადებდა, მათ შორის, ხველებისას, დაახლოებით ისეთს, როგორიც ალთეა (ამოსახველებელი ბალახი), მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ოჯახში დამზადებული წამალი ალთეზე მეტადაც ეფექტური იყო. დღესაც კი ნაბიჯ-ნაბიჯ მახსოვს ის გზა მთებში, რომელზეც დავდიოდით. განა მცირეს - 40-კილომეტრამდე ბილიკს მაინც გავივლიდით მწვერვალებამდე და იქაც ვაგროვებდით მცენარეებს. მთელი ზაფხული დავდიოდით, მაგრამ არც ბუჩქებს ვამტვრევდით და არც ბალახებს ვგლეჯდით ფესვებიანად, რომ მეორედ ამოსულიყო. ასე გვასწავლიდა მამა და ასე ასწავლიდნენ სხვა ხევსურ ბავშვებსაც. მოვიტანდით საღამოობით სახეობების მიხედვით კოხტად ჩალაგებულ ბალახებს და ყუნწით შეკრულებს დავკიდებდით ბანზე, რომ ყვავილები არ გაჰფუჭებოდა; ამასობაში ისე ვცნობდით და ვსწავლობდით ამ ბალახებს, ისე ვიყავით დაოსტატებული, როცა სტუმრები მოგვივიდოდა და გვეტყოდნენ, ჩაი დაალევინეთო, რომელ სტუმარს რა დასჭირდებოდა, უმალ ვხვდე­ბოდით - ვის გაცივების, ვის დათბილვის, ვის დაღლილობის, ვის ტკბილად დაძინებისა და ა.შ. დოზებსაც ზუსტად ისე ვამზადებდით, როგორც იმ შემთხვევაში ესაჭიროებოდათ.

- გასაკვირი აღარ არის, რომ ამ საქმის წამოწყება გადაწყვიტეთ, თუმცა კოოპერატივის ჩამოყალიბება რთული იქნებოდა.

- რასაკვირველია. სანამ საწარმო სრული დატვირთვით ამუშავდება, სხვა სირთულეებიც არის, ბაზრებიც მოსაძიებელი გვაქვს, მაგრამ საქმე ხომ დაწყებულია! კოოპერატივის თავმჯდომარე ჩემი მეუღლე ნათიაა და კოოპერატივის საორგანიზაციო საქმეებიც მას აწევს ტვირთად. სხვათა შორის, დეკის ჩაის წარმოება იყო ჩვენი ერთ-ერთი საიმიჯო ნაბიჯი, რითაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერის პროგრამამ დაგვაფინანსა. დეკა უიშვიათესი მცენარეა, ის მხოლოდ ჩვენთან, კავკასიაში და მცირედ - საბერძნეთში ხარობს. დეკას სხვა სასარგებლო მცენარეებიც მოჰყვა და ორგანიზაციამ კოოპერატივ "არაგველების" ჩამოყალიბება 70%-ით დაგვიფინანსა. 30% ჩვენი კოოპერატივის ხუთმა ოჯახმა გავიღეთ და უპირველესად, ბარისახოში ჩაის საწარმო ავაშენეთ ევროპული სტანდარტებით - ჰიგიენითა და ჩაის დამზადების მკაცრი ნორმებით. ტომრებიც კი, რომლებითაც ბალახს ვაგროვებთ, სპეციალური გვაქვს, რომ შეგროვებიდან ჩაის მირთმევამდე ყველაფერი მაქსიმალური ხარისხით გაკეთდეს. რაც მთავარია, თავად ბალახების შეგროვებისას გვაქვს სტანდარტები - არ შეიძლება ბალახებისა და ბუჩქების ისე დაგლეჯა-დაზიანება, რომ ან გადაშენდეს, ანდა Dშემდეგ მოსავალი აღარ მოგვცეს. საწარმო 2015 წლის სექტემბერში გავხსენით და სეზონის ბალახებიც იმ წელსვე შევაგროვეთ - არ გვინდოდა წელიწადის გაცდენა.

- დეკას გარდა, სხვა რა მცენარეებს­ აგროვებთ?

- ვინც იცის და ცნობს, თითქმის ყველა მცენარეს, რომელიც სუფთა გარემოში იზრდება, სამკურნალო ღირებულებები აქვს, მაგრამ მათგან ბევრი გამორჩეულია. ჩვენთან ასეთი გამორჩეული ჩაის დასამზადებელი მცენარის ჯერჯერობით 12-მდე სახეობა გვაქვს შერჩეული; მომავალში კი კიდევ ვაპირებთ დამატებას. ეს მცენარეები, სეზონისა თუ ადგილმდებარეობის მიხედვით, ყველგან შეიძლება მოძებნო, ალპურ ზონაშიც, მდინარეების ნაპირებზეც და ველებზეც. მაგალითად, მოცვი ალპურ ზონაშია, დეკა ალპურშიც არის და ველებზეც ხარობს, მთის ქონდარს კი შედარებით ქვიანი ადგილები უყვარს; კრაზანა თუ გვირილა სათიბებშიც იკრიფება, ველური პიტნა უმეტესად მდინარეების პირასაა. სეზონის მიხედვით ყველაზე გვიანობამდე, აგვისტოს ბოლომდე, მაღალ მთებში კი სექტემბერშიც, ალპური მოცვი შემორჩება ხოლმე. მოცვი ერთ-ერთი ძვირად ღირებულია. ჩვენ ნედლი მოცვი 5 ლარად ჩავიბარეთ; თითქმის ამავე ფასად ჩავიბარეთ ველური ქონდარი, რომელიც მსუბუქია და ჩვენში შედარებით მცირე რაოდენობით არის.

- პროდუქციას, ბარისახოს გარდა, კიდევ რომელ სოფლებში აგროვებთ?

- ხევსურეთის სოფლებში დღეს, სამწუხაროდ, ცოტა ხალხი ცხოვრობს; ამიტომაც ვცდილობთ, არეალი გავზარდოთ. გვეხმარება ხალხი, მაგალითად, მოწმაოდან, აკუშოდან, როშკიდან, გველეთიდან... შემგროვებლებსაც ყველას ვიცნობთ და ისიც კი ვიცით, ვის რომელი მცენარის შესაგროვებლად როდის ეცლება. ხევსურეთში თიბვის სეზონი ყველას აკავებს ხოლმე, მაგრამ თიბვა შეიძლება სხვა­დასხვა დღეს დაიწყოს. ამიტომაც ერთი შემგროვებელი რომ გვეტყვის, ხვალიდან თიბვას ვიწყებო, უკვე სხვას ვუკავშირდებით ხოლმე. ჩვენში ამ საქმის ფასი და მნიშვნელობა ყველამ იცის. დღესაც კი, ჩვეულებრივ ჩაის ხევსურეთში არავინ სვამს. ჩვენს მთებში სასაზღვრო სამსახურია ჩამოყალიბებული. იქ ბიჭებს ჩვეულებრივი ჩაი რომ მიუტანეს, არც იმათ დალიეს, - ბალახების ჩაი გვირჩევნიაო. როცა კოოპერატივი გავხსენით, ჩვენთან უცხოელებიც იყვნენ სტუმრად. მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩოს ატაშე, რომელსაც ისე მოეწონა ჩვენი ჩაი, რომ რამდენიმე ფინჯანი დალია.

- ჩაის ალბათ ტრადიციული დოზებით აკეთებთ?

- რასაკვირველია. იმ ტრადიციების მიხედვით, რომელშიც ჩაის შაქარს არ ვამატებდით და რომლის სიკეთე საკუთარ ჯანმრთელობაზე გვაქვს გამოცდილი. გარდა ამისა, ვაკეთებთ შერეულ ჩაის, რომელსაც "მთის თაიგული" ვუწოდეთ.

- საინტერესოა, ვისაც სიტკბო უყვარს, ის როგორ მიიღებს თქვენს ჩაის.

- გემოვნებას ნამდვილად გააჩნია; მაგრამ ზედმეტ შაქარს თვით მედიცინა არ ურჩევს ადამიანს. ხოლო ვისაც ტკბილი ჩაი უყვარს, მათთვის მაჟალოს ჩაის ვამზადებთ - ტკბილიც არის, ძალიან სასარგებლოც და არომატულიც. ბევრი ბალახის შეხამება საოცარ გემოს ქმნის, მათ შორის არის დეკისა და მოცვის ჩაი, რომელიც ნამდვილად ყველას გააკვირვებს არომატულობით.

- ხევსურებმა რა თვისებებით ამოირჩიეთ დეკა?

- დეკას მრავალი კარგი თვისება აქვს, მის შემადგენლობაში სასარგებლო ნივთიერებები შედის, მთავარი ღირსება კი დამამშვიდებელი მოქმედებაა - დაღლილ და განერვიულებულ ადამიანს მაშინვე ჩააძინებს ხოლმე. ზოგი ამბობს, ბევრი დეკა არ უნდა დალიოო, მაგრამ არა მგონია, ასე იყოს, თავად მე 5 ჭიქა ჩაიც დამილევია დღეში და მშვენიერ გუნებაზეც ვყოფილვარ. ბაზარი კი, როგორც გითხარით, მოსაძიებელი გვაქვს, ვიმედოვნებ, მოვიძიებთ.
გვიჭირს, წარმოება ახალი დაწყებული გვაქვს, მაგრამ ბუნებრივ და ეკოლოგიურ პროდუქტებზე მოთხოვნილება ყველგან იზრდება და ჩვენი ჩაისთანა ბუნებრივი და ეკოლოგიური კი ბევრი არ იქნება - ხევსურეთს ამ მხრივ რა შეედრება!

ეთერ ერაძე

მკითხველის კომენტარი (3)
ეკა
28 თებერვალი 2017 23:00
დეკის ჩაი ბავშვობაში მაქვს დალეული სასწაული გემო აქვს წნევიანებს და გულმტკი ანებს მკურნალობს.ჩვენც სულ ბალახების და ასკილის ჩაის ვსვამდით პაპას ჩაის ვეძახოდით
maia
21 თებერვალი 2017 14:51
სვანეთში ბევრი სამკურნალო ბალახი და მცენარეა,მათ შორის დეკაც,შეუცვლელია კუჭნაწლავის პრობლემების დროს.
მაგდა
20 თებერვალი 2017 13:49
მაინტრესებს მაღაზიებში იყიდება თუარა თქვენი ჩაი. საერთოდ ჩაის მოყვარული ვარ, და სიამოვნებით შევიძენდი.დასავლეთ საქართველოში ალბათ ხელმისაწვდომი არ არის.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.
1 1
რუბრიკის სხვა სიახლეები