"წელს ტურისტებმა რამდენიმე ათასი ლარი დატოვეს სოფელში. გაისად მეტი მეყოლება..." - კვირის პალიტრა

"წელს ტურისტებმა რამდენიმე ათასი ლარი დატოვეს სოფელში. გაისად მეტი მეყოლება..."

"ჩვენი სოფელი ზღვის დონიდან 940 მეტრზეა და გაოგნებულია ეს ხალხი - ამ სილამაზის გულგრილად ცქერა არ შეგვიძლიაო"

"აქ დავიბადე, გავიზარდე და ჩემს სოფელში ასეთი ნიჭიერი ქალები თუ იყვნენ, არ ვიცოდი. 80-85 წლის მოხუცებმა თავისი დაქსოვილი წინდები რომ გამოიტანეს, ჩემი უცხოელი სტუმრები გაოცდნენ", - სიამაყით მითხრა შუახევის სოფელ პაპოშვილების ტურისტული სასტუმროს, პატრონმა რევაზ ფუტკარაძემ. ამ დაცლის პირას მისულ სოფელში სასტუმროს გახსნით მან მხოლოდ ოჯახს კი არა, სოფელს ჩაუსახა იმედი.

რევაზ ფუტკარაძე: - გული მტკიოდა, სოფელი რომ იცლებოდა და არაფრის გაკეთება არ შემეძლო. არადა, განათლებულ ახალგაზრდა სპეციალისტს როგორ დააძალებ, სოფელში დაბრუნდი, ლუკმაპური ხომ გექნება და მეტი რა გინდაო. ხეობაში კანტიკუნტად ტურისტები ადრეც ამოდიოდნენ, თუმცა ვერავინ იფიქრებდა, რომ სწორედ ისინი გაგვიჩენდნენ შემოსავლის წყაროს. ეს ბედნიერი შემთხვევის წყალობით მოხდა. ჩვენს ულამაზეს ხეობაში, მდინარე ჩარუხზე, 2012 წელს მიკროჰესი გაკეთდა - საქართველოში დამზადებული პირველი გენერატორი დადგეს. ამას ბევრი დრო და სპეციალისტი დასჭირდა. მთხოვეს, ღამე გაგვათევინეთო. სიამოვნებით დავთანხმდი. გულით ვუმასპინძლეთ და წასვლისას 400 ლარი შემოგვთავაზეს. უარი ვუთხარით, - სტუმარს ფულს როგორ გამოვართმევთ-მეთქი.

მთას მხოლოდ ტურიზმი გადაარჩენს, შემოსავალი ასე უნდა გაიჩინოთ და ახალგაზრდობაც ასე დაამაგროთ სოფელში, თორემ ძალიან მალე ეს მთები მთლიანად დაიცლებაო და სასტუმროს გახსნის იდეა შემოგვთავაზეს - სხვადასხვა პროექტი არსებობს და დაგეხმარებიანო.

დავფიქრდი. ბოლო წლებში ჩვენი ხეობა დაიცალა. თუნდაც ჩვენი სოფლის სკოლაში 300-მდე ბავშვი დადიოდა, ახალა 45-ღა დარჩა. გარდა ამისა, სამი შვილი მყავს და რატომ არ უნდა მეცადა? მოვითათბირეთ მე და ჩემმა მეუღლემ - ვცადოთ და იქნებ მართლაც გამოგვივიდეს რამეო. მამის აშენებული სამსართულიანი გაურემონტებელი სახლი მაქვს. აი, იმ პირველ 400 ლარს ის 1.600-იც დავამატე, ჰესის მშენებლობისას რომ ავიღეთ და მთელ სახლში უპირველესად სველი წერტილები გავაკეთე. საქმე პირველ სართულზე გარემონტებული ორი ოთახით დავიწყე. მერე პროექტიც დავწერე საოჯახო სასტუმროს დაარსებაზე. დამიწუნეს. მერე ჩემს მეუღლეს გაახსენდა, შუახევში, "ქალთა ოთახში" ვიკითხოთ, როგორი პროექტი უნდა დავწეროთ, რომ დაგვაფინანსონო. ჩვენი მოწადინება დაინახეს და დაგვეხმარნენ. ასე მივიღეთ სახელმწიფოს დაფინანსება, 10.000 ლარი და მეორე სართულზე დამატებითი ოთახები და სამზარეულო მოვაწყვე. ოთახებში ბავშვების საწოლებიც დავდგი, რადგან უცხოელების უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვებით გვსტუმრობს. ისინი ჩვენებურ კერძებსაც სიამოვნებით გეახლებიან, წყალიც შეუდარებელია - კამკამა და ცივი. მინერალური წყლები გვაქვს, რომლებიც ჯერ შესასწავლია, თბილი წყლებიც გვაქვს - ჩვენთან ასწლოვანი აბანოებია. ეს ჩვენი სიმდიდრეა, საითაც გაიხედავ, ყველგან წყაროა. ჩემმა პეპერამ დაახლოებით საუკუნის წინ ერთი ასეთი წყარო შინაც შემოიყვანა მუხის მილებით. მისი შთამომავლობა ხომ ვსვამთ, ახლა კი ლამის მთელ მსოფლიოს ვასმევთ, ვინ არ მოდის ჩვენთან - გერმანელები, ბელგიელები, ფრანგები, ნორვეგიელები.…

- მუხის მილებზე ბრძანეთ, საინტერესოა.

- ბაბუამ მუხის მსხვილი ტოტები გაბურღა, მილებივით ჩააწყო და ასე შემოიყვანა მთიდან წყარო. გაუკვირდათ უცხოელებს, - ონკანს რატომ არ კეტავო? რა უნდა დავკეტო, ან მერე დაგროვილი წყალი სად წავიდეს, გაუშვი, იაროს, მთა გვაძლევს და მთაშივე დაბრუნდეს-მეთქი.

უცხოელები გაოგნებული არიან - ეს სიმდიდრე მართლა თქვენიაო?! ხანდახან შინაც კი არ შემოდიან, სოფელში საპიკნიკე ადგილები მაქვს მოწყობილი და იქ რჩებიან კარვებში. შინ ჭამა არ გაგვაგონო, დროს კედლების ყურებით როგორ გავაცდენთ, ბუნებას უნდა ვუყუროთო. ულამაზესი ხეობა გვაქვს, მშვიდი და წყნარი; ჩვენი სოფელი ზღვის დონიდან 940 მეტრზეა - ამ სილამაზის გულგრილად ცქერა არ შეგვიძლიაო.

- ამას აჭარული კერძებიც დავუმატოთ...

- კულინარიის ხელოვანი ჩემი მეუღლეა. ყველიც ამოჰყავს და აჭარულ კერძებს ამზადებს. ამასთან, საოჯახო ტრადიციაც მოგვდევს - ბაბუამ ეზოში ვარდები გააშენა და ვარდის ლიქიორს ამზადებდა. ეს ტრადიცია მე და მამაჩემმა განვაგრძეთ... სტუმრები უკან გულდაწყვეტილი ბრუნდებიან - ძნელია აქაურობის შელევაო, მაგრამ გვპირდებიან, ისევ ჩამოვალთო. მარეთის ხეობაზე უკეთესი მართლაც იშვიათად შეგხვდება სადმე - ბუნება, ხალხი. აქ დავიბადე, გავიზარდე და არც კი ვიცოდი, თუ ასეთი ნიჭიერი ქალები გვყავდა. უცხოელი ტურისტები სოფელში რომ გავიდნენ და მოხუცებმა თავიანთი ნაქსოვები შესთავაზეს, ისე მოიხიბლნენ, რომ ხელები დაუკოცნეს. გაოგნდნენ, - უსათვალოდ ქსოვენო?! წლეულს ჩემმა ტურისტებმა რამდენიმე ათასი ლარი დატოვეს სოფელში. გაისად მეტი მეყოლება... ეს მიხარია, ჩემი ბავშვობის ადგილები რომ იცლებოდა, დარდით აღარ ვიყავი და ახლა ვხედავ, რაც სასტუმრო ავამოქმედე, სოფელში დარჩენილმა ახალგაზრდობამ უცხო ენების სწავლა დაიწყო - სტუმრებს გიდები სჭირდებათ. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად გაფართოვდება სასტუმრო, მით მეტი დამხმარე დასჭირდება. ესეც დასაქმებაა. მთაში ტურისტების თავშესაფარი ქოხი მაქვს, - თუ კაცი სიარულით დაიღლება, შევა და ჩვენს მისვლამდე შეეფარება.

მთაში ერთი მიტოვებული ბილიკია, ჩემმა მეუღლემ - ექსტრემალური ველოსპორტის ადგილად გამოდგება, ესეც ხომ ტურისტული ხიბლი იქნება. ერთ-ერთი კომპანია დაგვპირდა, ველოსიპედებსაც მე გიყიდით, ოღონდ აქ ხალხი მოიყვანეთო. ათი ველოსიპედი მაინც გვჭირდება, თითო 900 ლარამდე ღირს.

საუბარში ბატონი რევაზის მეუღლეც შემოგვეშველა.

შუშანა ფუტკარაძე: - დილის 7 საათიდან შუაღამემდე მუხლჩაუხრელად ვირჯები, მაგრამ არ ვიღლები, რადგან ჩემი ოჯახის, ჩემი კუთხის პერსპექტივის იმედი გამიჩნდა. აღმოუჩენელი ბაჯაღლოა ჩემი მხარე. ცოტამ თუ იცის, რომ სახელწოდება "მარეთი" ღვინოს უკავშირდება. მარი ჩვენში ქვევრიდან ღვინის ამოსაღები ჭურჭელია, ხეობაში ახლაც გვაქვს. წლების წინ, ხვნისას, ერთი გლეხის გუთანი საუკუნოვან ქვევრებს წამოედო. სხვაც ბევრი რამ არის, რასაც ვერ შეხედავ გულგრილად. სახლი ბოლომდე არც კი გაგვირემონტებია, ფასადიც შეულესავია, მაგრამ სტუმარი არ გვაკლია. არაერთხელ უთქვამთ, - აქ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთო. იმედი მაქვს, ასეც იქნება.

ეთერ ერაძე