ორპირში გახარებული სტევია - კვირის პალიტრა

ორპირში გახარებული სტევია

საშრობი არ მაქვს, სტევიას მხოლოდ 300 კვმ-ზე ვაშენებ და ჩვეულებრივი, მამაპაპური მეთოდით, სუფთად ვახმობ ჩრდილში - 30-40 კილოგრამ გამხმარ სტევიას ვაწარმოებ და ამაში მთელი ოჯახი მეხმარება. არავის ეგონოს, რომ ეს იოლი შრომით მიღებული ფულია, სტევიის მოვლაზე თავს არ დავზოგავ

ტყიბულის სოფელ ორპირში ერთმა კაცმა სტევიის წარმოება თავის ნაკვეთში დაიწყო. არადა, ამ პრობლემის გადაწყვეტაში სახელმწიფოც კი იყო ჩარეული, თუმცა, ამაოდ. ომარ გაბადაძე სტევიას აფთიაქს აბარებს და, ვინ იცის, რამდენ ადამიანს შველის ცხოვრების გაუმჯობესებაში - სტევია ხომ დიაბეტიანებისთვის საკვების საუკეთესო დამატკბობელი საშუალებაა და არა მარტო მათთვის.

ომარ გაბადაძე: - ტყიბულში ჩაის გადაშენების შემდეგ საკუთარ ნაკვეთში ახალი ჯიშის მცენარეებს ვახარებ. ჩემი ეს თვისება რომ იცოდნენ, ალბათ იმიტომ მანდვეს სტევია ჩემმა ნათლიამ, ვახტანგ ცერცვაძემ და მისმა კოლეგამ - ვახტანგ კუტუბიძემ. ორივე დამსახურებული მეცნიერია, ბათუმის ბოტანიკური ბაღის გაშენებაზე ათეული წლები მუშაობდნენ. მითხრეს, ცას ხომ არ გამოვეკერებით და პარკში სტევია განადგურდება, შენ შეგიძლია, ეს ფასდაუდებელი მცენარე გაამრავლო, თავსაც დაეხმარო და ხალხსაცო. სტევია ბათუმის ბოტანიკურ პარკში 80-იან წლებში ჩამოუტანიათ და შემდგომში მომრავლების ნაცვლად გადაშენების პირას მისულა. 2007 წელი იყო, შევახვიე სველ ქაღალდში 5 ძირი სტევია და წამოვიღე ორპირში. ძირები სულ ათიოდე სანტიმეტრის სიმაღლის იყო. ტყიბულის მიწა მის გასახარებლად საუკეთესო გამოდგა - სტევია მხოლოდ ნესტიან ადგილებში ხარობს, ტყიბული კი სწორედ ზომიერად ნესტიანი ზონაა. 5 ძირიდან 4 გავახარე, შემოდგომაზე ამ გახარებული ძირებიდან კალმით კიდევ რამდენიმე ძირი გამოვიყვანე, ანუ კვირტები მიწაში გადავაწვინე, საიდანაც კვლავ ახალი ძირები ამოიზარდა. იმ წლის სექტემბრამდე, სანამ სტევიას ფესვებთან გადავჭრიდი და საზამთროდ ცელოფანს გადავაფარებდი, 1 კილოგრამი ფოთოლი მაინც მოვკრიფე. ეს ჩემი ოჯახის პირველი სტევიის ჩაი იყო.

- გემრიელია?

- ძალიან. სტევიის ფოთლები შეიცავს გლიკოზიდებს, რომელიც შაქარზე 25-ჯერ ტკბილია და შაქართან შედარებით სრულიად უვნებელი. სტევიას 200-მდე სხვა სასარგებლო თვისებაც აქვს. სწორედ ამიტომაც მის გამრავლებასა და წარმოებაზე მთელ მსოფლიოში მუშაობენ.

თუ სხვა ქვეყნებში სჭირდებათ ეს მცენარე, ჩვენ ხელს რატომ ვკრავთ?! როცა სტევიის შემადგენლობას გავეცანი, ისეთი აღტაცებული დავრჩი, გავიფიქრე, რაც უნდა მოხდეს, ამ მცენარის მოვლას არაფრით შევეშვები და აუცილებლად მივაღწევ, რომ გაიყიდოს-მეთქი!

გაზაფხულამდე პატარა სათბური ავაშენე - ეს მცენარე ზამთრის სიცივეს ვერ უძლებს და თუ სათბურში არ არის, ცელოფანი მაინც უნდა გადააფარო, რომ არ გაიყინოს. გაზაფხულზე, როცა სტევიამ ამოიყარა, კვლავ გავამრავლე და მისთვის სასაქონლო სახის მიცემა და აფთიაქებში გატანა განვიზრახე... ჩავედი თუ არა თბილისში, მაშინვე მიმიღო ერთ-ერთი სააფთიაქო საწარმოს მფლობელმა, ჩემი ნაწარმი ულაპარაკოდ დაიტოვა და მითხრა, - ყოველმხრივ შევისწავლით და შედეგს შეგატყობინებთო. რამდენიმე დღეში დამირეკეს, - თქვენი პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს სამედიცინო სტანდარტებს, ჩამობრძანდით და ჩამოიტანეთო. ასე რომ, ჩემი სტევია ამ აფთიაქებში უკვე იყიდება.

ახლა წარმოების გაფართოება და მისი სხვა აფთიაქებში შეტანა მინდა. თუ ხელი შემეწყო, ამას დიდი ხალისით გავაკეთებ - ჩემი სარგებლის გარდა, კეთილ საქმესაც უფრო და უფრო განვავრცობ.

სტევია შეიცავს რკინას, სპილენძს, თუთიას, კალიუმს, მაგნიუმს, ანუ უხვად სასარგებლო ელემენტებს, მასში თითქმის ყველა ვიტამინია თავმოყრილი. ამიტომაც არის სასარგებლო იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც ხილი და ბოსტნეული არ უყვარს. დიაბეტიანებისთვის კი შეუცვლელია, წამალია ღვიძლისა და სიმსუქნით დაავადებულებისთვის და ძალიან კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე - ბავშვს რომ სტევიის ჩაი დაალევინო, მშვიდად და ტკბილად დაიძინებს.

- განზრახული გაქვთ წარმოების გაზრდა, მაგრამ ამისთვის ტექნოლოგიები გაგაჩნიათ?

- სამწუხაროდ, არა. მინდოდა, სტევიის საშრობი შემეძინა და რამდენჯერმე შევაწუხე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ რატომღაც ჩემი დაფინანსება არ მოხერხდა. ვნახოთ, მომავალში რა იქნება. დღეს კი, რადგანაც საშრობი არ მაქვს, სტევიას მხოლოდ 300 კვმ-ზე ვაშენებ და ჩვეულებრივი, მამაპაპური მეთოდით, სუფთად ვახმობ ჩრდილში - 30-40 კილოგრამ გამხმარ სტევიას ვაწარმოებ და ამაში მთელი ოჯახი მეხმარება.

არავის ეგონოს, რომ ეს იოლი შრომით მიღებული ფულია. მცენარეს ფაქიზად, მხოლოდ ორ დუყზე ვკრეფ და დიდი შრომა მიდის, თუმცა კაცი რომ სოფელში ცხოვრობს, მისთვის დამატებითი შემოსავალი უკვე ბევრს ნიშნავს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში, მე სტევიის მოვლაზე თავს არ დავზოგავ.

ეთერ ერაძე