დუშელებს მოსავალი დაუფასდათ - კვირის პალიტრა

დუშელებს მოსავალი დაუფასდათ

"დუშეთის სოფლებში იყრებოდა და ლპებოდა უძვირფასესი ეკოლოგიურად სუფთა ხილი და სამკურნალო მცენარე, რომელზეც უცხოეთში ძალიან დიდი მოთხოვნაა... ახლა საწარმო ქართულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ამუშავებს და აწოდებს საერთაშორისო ბაზარს, მისი საექსპორტო პროდუქტი სხვადასხვა სახეობის ველური ხილი და მცენარეა, რომელიც მრავლად მოიპოვება ჩვენი სოფლების ფერდობებზე. თანაც, ქარხანამ გადაწყვიტა, რომ ნებისმიერ დასაქმებულს შეგროვილი ხილისა თუ ბალახის ტრანსპორტირებისთვის მანქანა ყველა სოფელში უფასოდ გაუგზავნოს"

ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის წინ ამბროლაურში დაარსებული ხილის საშრობი ქარხანა ქვეყნის ერთ-ერთ სამაგალითო და პერსპექტიულ საწარმოდ იქცეოდა. ორგანიზებული მენეჯმენტის წყალობით ქარხანა გაფართოვდა და საქართველოს სხვა რეგიონებიც მოიცვა. მათ შორის არის დუშეთში სოფელ ბიჩნიგაურების ხილისა და სამკურნალო მცენარეების საშრობი ქარხანა, რომელიც რეგიონისთვის ჰაერივით აუცილებელი აღმოჩნდა, - წლების განმავლობაში გადაყრილი და დაუფასებელი მოსავლით იქაურებმა საარსებო თანხის შოვნა დაიწყეს. დუშეთის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო საკონსულტაციო ცენტრის უფროსი ზურაბ სეხნიაშვილი საწარმოს როლისა და საჭიროების შესახებ საუბრობს.

- უკანასკნელი 4 წელიწადში დუშეთში რამდენიმე საწარმო შეიქმნა და დიდი სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ თითოული მათგანის შექმნას დუშეთის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრმა უდიდესი შრომა დაახარჯა. დუშეთი სპეციფიკური მუნიციპალიტეტია, ჩვენი ქვეყნის კუთხეებს შორის ტერიტორიულად ყველაზე დიდი, მაგრამ ყველაზე ნაკლებშემოსავლიანი. აქ ნაკლებად ან საერთოდ ვერ შეხვდებით იმ კულტურებს, რაც სხვა მუნიციპალიტეტებში ფართოდ არის გავრცელებული და საექსპორტოდ გამოიყენება. ჩვენთან 290 მაღალმთიანი სოფელია, სადაც დაახლოებით 33 400 მოსახლე ცხოვრობს. ყველას კარს მივადექით, რათა განგვემარტა, რა სარგებლობას მოიტანდა ეს საწარმოები და როგორ ეშრომათ, რომ შემოსავალი მიეღოთ.

ასევე იყო სოფელ ბიჩნიგაურში, დუშეთის სხვა სოფლებშიც იყრებოდა და ლპებოდა უძვირფასესი ეკოლოგიურად სუფთა ხილი და სამკურნალო მცენარე, რომელზეც უცხოეთში ძალიან დიდი მოთხოვნაა. საბედნიეროდ, გამოჩნდა ორგანიზაცია, ვინც ეს პრობლემა მოაგვარა - რაჭის ხილის საშრობმა საწარმომ, რომელსაც პროდუქცია ევროპაში გააქვს, 2016 წელს სოფელ ბიჩნიგაურშიც გახსნა საწარმო, რომელიც არა მხოლოდ დუშეთის 290-ივე სოფელს ემსახურება, აქ პროდუქციის ჩაბარება მცხეთისა თუ ყაზბეგის სოფლების მოსახლეობასაც შეუძლია, თუკი ამის სურვილი ექნებათ.

- ბიჩნიგაურის საწარმოს გახსნამდე ადგილობრივი ხილისა და სამკურნალო ბალახეულის ეკოლოგიური მდგომარეობაც შემოწმდებოდა...

- არა მხოლოდ პროდუქციის ეკოლოგიური მდგომარეობა, არამედ საწარმოო პროცესის ევროპული ტექნოლოგიებიც ზედმიწევნით არის დაცული. ქართულ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ამუშავებს და აწვდის საერთაშორისო ბაზარს, მისი საექსპორტო პროდუქტი სხვადასხვა სახეობის ველური ხილი და მცენარეა, რომელიც მრავლად მოიპოვება ჩვენი სოფლების ფერდობებზე. არანაკლებ სასიამოვნოა ისიც, როცა რომელიმე გლეხი გეუბნება - ჩემმა ოჯახმა ბალახი თუ ხილი რამდენიმე დღეში შეაგროვა და ამ ფულით ზამთრისთვის საარსებოდ ფქვილი, შაქარი და სხვა აუცილებელი პროდუქტი იყიდაო. თანაც, სანამ ადგილობრივი გლეხი ახალ საქმეს ააწყობს, ქარხანამ გადაწყვიტა, ნებისმიერ დასაქმებულს შეგროვილი ხილისა თუ ბალახის ტრანსპორტირებისთვის მანქანა ყველა სოფელში უფასოდ გაუგზავნოს.

- რომელ პროდუქციას იბარებს ქარხანა?

- ყველა იმ ხილსა თუ სამკურნალო მცენარეს, რომელიც აქამდე ფუჭად ლპებოდა და ხმებოდა. მაგალითად, ასკილს, რომელიც აქამდე არავის სჭირდებოდა, გახმებოდა და ზამთრობით ბუჩქიდან ცვიოდა; მაჟალოს თუ პანტას, რომელიც დუშეთში იმდენი მოდის, რომ ცხოველ-ფრინველიც ვერ აუდიოდა ჭამას. ქაცვს, რომელიც, მართალია, ბევრი არ გვაქვს, მაგრამ რაც არის, უძვირფასესია ჯანმრთელობისთვის. რომელი ერთი ჩამოვთვალო! მართალია, ამ შრომით კოლოსალურად მაღალი თანხა არ შემოსდით, მაგრამ სულ არარაობას ხომ სჯობს? მაგალითად, შარშან ამ ქარხანაში კილოგრამ ასკილს 74 თეთრად იბარებდნენ; ადვილად საკრეფი მართლაც არ არის, მაგრამ თუკი ერთი რომელიმე ოჯახი შეძლებს და ტონა ასკილს ჩააბარებს, 740 ლარს მიიღებს. ეს კი სოფელში მცირე თანხა როდია! ასკილის გარდა კიდევ რამდენი მცენარეა, რომელიც გლეხს შემოსავალს მისცემს.

- მაგრამ ხომ შეიძლება თქვან, რომ მცენარეების შეგროვება მძიმე შრომაა და გასამრჯელო შესაბამისი არ არის...

- აბა, ამაზე რა უნდა ვთქვა? ასეთი შემთხვევებიც ბევრი გვაქვს, როცა მსგავს შრომას ხალხს წამოგორება და სოციალური დახმარების იმედად ყოფნა ურჩევნია. მითხრა კიდეც ზოგიერთმა - კოოპერატივში შესვლა ხელს არ მაძლევს, სოციალურ დახმარებას მომიხსნიანო! ეს ჩვენი უბედურებაა, რომელთანაც ალბათ ხანგრძლივი ბრძოლა დაგვჭირდება.

- მცენარეების შეგროვებისას ხომ არ ნადგურდება რომელიმე უნიკალური მცენარე. მაგალითად, ძირტკბილა, რომელსაც გამხმარი სახით აწვდიან გერმანიას?

- მოდი, ვთქვათ ასე: ევროპას, რომელსაც მაღალი ტექნოლოგიური სტანდარტები აქვს ხილისა თუ სამკურნალო მცენარეების მიღება-გადამუშავებაზე დაწესებული, რატომ უნდა უნდოდეს, რომ ჩვენთან ძვირფასი ენდემი განადგურდეს?! ასე რომ, ევროპული სტანდარტები არა მხოლოდ პროდუქციის დამუშავებაზე, არამედ პროდუქციის მიღებაზეც არის დაწესებული, - არც ერთი მცენარე არ გროვდება ისე, რომ მის განადგურებაზე თუნდაც ეჭვი გაჩნდეს, პირიქით, - რაც უფრო პროფესიონალურად ვაწარმოებთ ამ მცენარეების მიღებას, შესაბამისად მომავალი წლის მოსავალიც მეტი მოვა. ძირტკბილაზეც ასეა. სხვათა შორის, მისი ფესვები მიწაში ფესვთა მთელ ქსელს ქმნის და თითოეული გადაჭრილი ფესვურიდან შეიძლება ახალი მცენარე ამოიზარდოს. მსგავსი ფესვები აქვს დანარჩენ ველურ მცენარეებს, რომელიც ევროპას მიეწოდება.

ეთერ ერაძე