ყველის "ჩურჩხელის" გემო... - კვირის პალიტრა

ყველის "ჩურჩხელის" გემო...

"პირველად მონაწილეობა სიღნაღის ღვინის ფესტივალზე მივიღე, სადაც ჩემი პროდუქტი ტურისტებსაც მოეწონათ. ამან ღვინის ჩამოსხმა გადამაწყვეტინა... შემდგომ ყველის წარმოებაც შევუერთე - პირველი ღვინისა და ყველის ბრენდი შევქმენი"

"ყველს ვაწარმოებთ ბროწეულის წვენში, თაფლში, თათარაში, ქვევრის რქაწითელში. ბროწეულის წვენში დაძველებულ ყველს სასიამოვნო სიმჟავის გემო აქვს. მე განსაკუთრებით თათარაში დაძველებული ყველი მიყვარს, ჩურჩხელასავით რომ არის მასში ამოვლებული. ახლა ვაპირებთ იტალიური რიკოტას გაკეთებას, ასევე ჰოლანდიური ყველის, გაუდასი და კამამბერისაც"

ფერმერობა 14 წლისამ დაიწყო, როცა პირველად დაწურა ყურძენი და ღვინო დააყენა. მერე ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გაასინჯა და დიდი მოწონებაც დაიმსახურა. ეს იყო მთავარი მოტივაცია, ჩამოესხა ღვინო, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ტიბაანელი ახალგაზრდა ფერმერის, ჯემალ ხატიაშვილის შრომისმოყვარეობამ და მიზანდასახულობამ მალე შედეგიც გამოიღო.

- მეღვინეობით ოჯახური ტრადიციის გამო დავინტერესდი. გადავწყვიტე, მშობლების დაწყებული საქმე გადამებარებინა და ღვინოში ყველის წარმოებასთან (დავარგება) შემეერთებინა. დღეს ღვინოს ბევრი კომპანია ამზადებს, თუმცა არც ერთი არ აწარმოებს საკუთარ ყველს, რომელიც ღვინოში იქნება დაძველებული.

- საინტერესო ბიზნესისტორია ჩანს...

- 14 წლისამ ყურძენი დამოუკიდებლად დავკრიფე და ღვინო ქვევრში დავაყენე, სამი წლის შემდეგ გავხსენი და მეგობრებს გავასინჯე. მოეწონათ. შემდეგ გადავწყვიტე, ის ღვინო მცირე რაოდენობით ჩამომესხა ბოთლებში და ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის მეჩუქებინა. შევიმუშავე ეტიკეტიც და ეს ყველაფერი ცოტა უფრო სოლიდური სახით წარმოვადგინე. პირველად მონაწილეობა სიღნაღის ღვინის ფესტივალზე მივიღე, სადაც ჩემი პროდუქტი ტურისტებსაც მოეწონათ. ამან ღვინის ჩამოსხმა გადამაწყვეტინა... შემდგომ ამას ყველის წარმოებაც შევუერთე - პირველი ღვინისა და ყველის ბრენდი შევქმენი და დავარქვი "ბუტრანა", რასაც სოფელ ტიბაანში არსებულ ვენახებს ეძახიან. ის 14 ჰექტარზეა გაშენებული და ნაწილი ჩვენიც არის.

- ყველის საფერავში დაძველების იდეა საიდან მოვიდა?

- იდეა მამაჩემს, გიორგი ხატიაშვილს ეკუთვნის, საჭირო ტექნოლოგიით დამზადებული ყველი საფერავის სახეობის ღვინოში იდება და ერთ კვირას ძველდება. მერე იქიდან ფერშეცვლილს (მოლურჯოს), ანუ საფერავის ფერზე დამდგარს ვიღებთ და სპეციალურ ოთახ-მაცივარში ვათავსებთ, სადაც ცნობილი ფრანგული კამამბერის კეთილშობილი ობია გავრცელებული. ის მაცივარში ბიოლოგიურად არის დათესილი და შესაბამის ტემპერატურაზე ყველს თვითონ ეკიდება. ყველი საბოლოო სახეს 40 დღის შემდეგ იღებს.

- სხვა სახეობებზეც ხომ მუშაობ?

- კი, ყველს ვაწარმოებთ ბროწეულის წვენში, თაფლში, თათარაში, ქვევრის რქაწითელში. ბროწეულის წვენში დაძველებულ ყველს სასიამოვნო სიმჟავის გემო აქვს. მე განსაკუთრებით თათარაში დაძველებული ყველი მიყვარს, ჩურჩხელასავით რომ არის მასში ამოვლებული. 2 კვირას ვაძველებთ თათარაში ამოვლების შემდეგ, ჯამში კი 3 კვირა სჭირდება.

ახლა ვაპირებთ იტალიური რიკოტას გაკეთებას, ასევე ჰოლანდიური ყველის, გაუდასი და კამამბერისაც.

- თაფლსა და თათარაში დაძველებული ყველი მოტკბო იქნება...

- ეს ორი სახეობა სხვა ყველისგან მკვეთრად განსხვავდება და უფრო მოტკბო გემო აქვს. 2 კვირით იდება თაფლში, შემდეგ ამოგვაქვს და მაცივარ-ოთახებში ვათავსებთ. ბოლოს ვაკუუმში იფუთება და ეტიკეტი უკეთდება.

- 1 კილოგრამზე რამდენი თაფლია საჭირო?

- ნახევარი კილოგრამი. 1 კილოგრამ ყველს 1 ლიტრი საფერავი სჭირდება.

- ეს ყველაფერი ხომ დიდი ხარჯია - ღვინო, თაფლი, თათარა...

- რა თქმა უნდა, და ამიტომ ფასიც შესაბამისი აქვს. მომხმარებელი ჰყავს ჩვენს პროდუქციას.

- 19 წლისა ბიზნესსკოლაში სწავლობ. როგორ ასწრებ?

- მუდმივი პერსონალი მყავს. მე ხან ლექციებზე ვარ, ხანაც საწარმოში.

"საქპატენტში" განაცხადი შევიტანეთ და მალე ჩვენი პროდუქტი ინტელექტუალური საკუთრება იქნება.

მინდა, ძველი ტრადიციები და ახალი იდეები შევაჯერო და ჩამოვაყალიბო სრულიად ახალი ღვინისა და ყველის აქამდე არარსებული ბრენდი საქართველოში.

- ხელის შემშლელად რას დაასახელებდი?

- მინდა ექსპორტზე გავიტანო. არადა, 2019 წლამდე ქართული რძის ნაწარმისთვის ევროკავშირის ბაზარი, მათ შორის, ყველისთვისაც, დახურულია. ფიქრობენ, რომ ჯერ დამაკმაყოფილებელ დონეზე არ არის წარმოება.

- მგონი, ყურძნის მურაბასაც ამზადებ?

- მურაბას ყურძნის 53 სახეობისგან ვაკეთებთ. შემოდგომიდან ვაკუუმში შეფუთული სუფრის ყურძნის გამოშვებასაც ვაპირებთ.

პრობლემა ბევრია, თუმცა ყოველთვის ვცდილობ, გადავჭრა. მაგალითად, ტექნიკური აღჭურვა დიდ თანხებს მოითხოვს. ამისთვის დანაზოგს ვაკეთებ და შევიძინე კიდეც მინიმალური აღჭურვილობა, რომელიც ჩემი საქმიანობისთვის აუცილებელია.

ჩემი, როგორც ფერმერის, მთავარი ამოცანაა, გავზარდო წარმოება და გავაშენო ბიოვენახი, მინდა შევქმნა ინფრასტრუქტურა აგროტურიზმისთვის. დამწყებ ფერმერებს ვურჩევ, მიზანი დაისახონ და ყველაფერი გააკეთონ მის მისაღწევად. ცდას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

ლალი ფაცია