ღვინის ჩაი საქართველოში გამოიგონეს - კვირის პალიტრა

ღვინის ჩაი საქართველოში გამოიგონეს

"ღვინის ჩაის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენ მოვიძიეთ, სპეციალური კვლევაც ჩავატარეთ და მსგავსი პროდუქტი ვერსად ვნახეთ. ახლა ვცდილობთ, პატენტი მივიღოთ და საქართველო ღვინის ჩაის მწარმოებელი პირველი ქვეყანა გახდეს"

"ღვინის ჩაი გრანულების სახით გამოვა, პაკეტებში. თვისებები იგივე ექნება, რაც საფერავს აქვს და რაკი ალკოჰოლს არ შეიცავს, საინტერესო იქნება მუსლიმანური ქვეყნებისთვის, სადაც ალკოჰოლის მიღება აკრძალულია"

"ღვინის ჩაი" - ასე უწოდეს ავტორებმა უნიკალურ პროდუქტს, რომელიც ღვინის დამუშავების პროცესში მიიღება. მისი წარმოება კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორმა, გიორგი ნატროშვილმა და ამავე სასწავლებლის კურსდამთავრებულმა გიორგი ბუკიამ გადაწყვიტეს. ღვინის ჩაი უნიკალური ქართული პროდუქტია, რადგან მისი ანალოგი მსოფლიო ბაზარზე არ არსებობს. სიახლეზე გვიამბობს კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი და საწარმოს თანადამფუძნებელი გიორგი ნატროშვილი.

- ღვინის ჩაი მამაჩემმა, ირაკლი ნატროშვილმა შექმნა, რომელიც პროფესიით ფარმაცევტია. ეს გამოგონება მას ჯერ კიდევ 1990-იან წლებამდე ჰქონდა, თუმცა მისი ხორცშესხმა ვერ შეძლო. მამამ გამოიკვლია საფერავის თვისებები და დაადგინა, რომ ის მეტად სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის. ისედაც, შავ ღვინოს მრავალი სასარგებლო თვისება აქვს. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ღვინო შეიცავს უამრავ ანტიოქსიდანტს, რომლებიც ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის. ღვინის ჩაი ამ თვისებებს ინარჩუნებს - ის ღვინოს უტოლდება გემოთი და სასარგებლო ნივთიერებების შემცველობით.

- როგორ გადაწყვიტეთ მამის გამოგონების პრაქტიკაში დანერგვა?

- იდეის განხორციელება მე და ჩემმა სტუდენტმა, გიორგი ბუკიამ გადავწყვიტეთ. ის ჩემი ბიზნესპარტნიორი გახდა. ღვინის ჩაის წარმოებას რამდენიმე თვეში დავიწყებთ, ნოემბერში უკვე გამოვუშვებთY პროდუქციას სავაჭრო ქსელში.

- როგორი სახე ექნება ღვინის ჩაის?

- ის გრანულების სახით გამოვა, პაკეტებში. თვისებები იგივე ექნება, რაც საფერავს აქვს და რაკი ღვინის ჩაი ალკოჰოლს არ შეიცავს, ალბათ, საინტერესო იქნება მუსლიმანური ქვეყნებისთვის, სადაც ალკოჰოლის მიღება აკრძალულია.

- ჩვეულებრივი ჩაის მსგავსად მზადდება, თუ სხვა მეთოდი არსებობს?

- ღვინის ჩაის მომზადება ადვილია: ცხელ წყალში ჩადებთ გრანულებს, დაასხამთ მდუღარე წყალს და ჩაი შავი ღვინის ფერს შეიძენს. შესაძლებელია დატკბობაც. ღვინის ჩაის ანალოგი მსოფლიოში არ არსებობს. ჩვენ მოვიძიეთ, სპეციალური კვლევაც ჩავატარეთ და მსგავსი პროდუქტი ვერსად ვნახეთ. ახლა ვცდილობთ, პატენტი მივიღოთ და საქართველო ღვინის ჩაის მწარმოებელი პირველი ქვეყანა გახდეს.

- საფერავის გარდა, ღვინის ჩაისთვის ქართული ვაზის სხვა ჯიშების გამოყენებაც ხომ შეიძლება?

- ჩვენებური ვაზის ყველა ჯიშს აქვს თავისი გამორჩეული თვისებები და მათი გამოყენება ღვინის ჩაისთვის სასურველია.

- როგორც ვიცი, ღვინის ჩაის პროექტი "სტარტაპ-საქართველოს" გამარჯვებულია...

- ამ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის მე და ჩემმა პარტნიორმა საკონკურსო განაცხადი შევავსეთ, ავტვირთეთ ბიზნესგეგმა და 100 ათასი ლარის ოდენობის დაფინანსება მოვიპოვეთ. დაახლოებით 10 წელიწადში ეს თანხა სახელმწიფოს უკან უნდა დავუბრუნოთ. ვგეგმავთ წარმოებული ღვინის ჩაის ექსპორტით გატანასაც, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა სივრცეში, სადაც კარგად იცნობენ ქართულ ღვინოსა და მის სასარგებლო თვისებებს.

ხათუნა ჩიგოგიძე