ქეთი მითაიშვილის სრული ბედნიერებისთვის... - კვირის პალიტრა

ქეთი მითაიშვილის სრული ბედნიერებისთვის...

თვითონაც უკვირს, არც კი ვიცი, როგორ "შემომეპარნენ" ეს ყვავილებიო. დიდ მებაღედ არ მიაჩნია თავი, მაგრამ ნამდვილ ბაღზე მეოცნებეს, შინ მოწყობილი ეს პატარა, ლამაზი ყვავილებით დამშვენებული ბაღი ძალიან უყვარს და ცხოვრების ხალისს მატებს. მიზეზთა გამო 2003 წლიდან, ძირითადად, აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს, მაგრამ ცდილობს, საქართველოში წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოვიდეს და თავის ბაღს მოესიყვარულოს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილ დიქტორს, წამყვანსა და პედაგოგ ქეთი მითაიშვილს შინ ვეწვიეთ, რათა თავად მასპინძლისგან მოგვესმინა, როგორ მოიწყო ზღაპრული სილამაზე კორპუსის მე-10 სართულზე და როგორ ინარჩუნებს უსაყვარლეს მინიბაღს.

- 16 წლამდე ქუთაისში ვიზრდებოდი. ეზოში ათასნაირი ხეხილი გვქონდა. დედას ყვავილები უყვარდა. ჩემთან რა ყვავილებსაც ხედავთ, უმრავლესობა, ძირითადად, კაქტუსები, დედას, ასე ვთქვათ, სახსოვარია. სამწუხაროდ, ბევრი დამეღუპა, აქ არ ვიყავი და ვერავინ მოუარა. მათ შორის ამარილისიც იყო, მერე ახალი შევიძინე. ამ ყვავილებზე ვდარდობ, ფაქტობრივად, აქ არ ვცხოვრობ, ხანდახან წელიწადში ერთხელაც ვერ ჩამოვდივარ. მეგობარს ვთხოვე, კვირაში ერთხელ უნდა მოსულიყო და წყალი დაესხა, მაგრამ...

იცით, რა? მცენარე გრძნობს პატრონს. როგორც კი ჩამოვდივარ, საოცრება ხდება ჩემს სახლში - ყველა ერთად იფეთქებს, თითქოს სიხარულით მეგებებიან და ფეიერვერკს მიწყობენ. ყველას ვესალმები და სათითაოდ ჩამოვუვლი, გოგონებო, ბიჭებო, ძალიან ხომ არ მოიწყინეთ? თქვენ მაინც არ მიღალატოთ და არ მიმატოვოთ-მეთქი... მათი სახით საოცრად ერთგული არსებები მყავს გვერდით. ვაწვდი საკვებს, სასმელს და შეძლებისდაგვარად ვკრეჭ ფოთლებს ან ღეროებს. კალა ამას წინათ მოვიტანე - "ქალთა ბედნიერებას" ეძახიან თურმე. ვიფიქრე, მარტო ეგ მაკლია ბედნიერებისთვის-მეთქი და წამოვიღე...

- რომელი გამოდგა უფრო გამძლე?

- ყველაზე გამძლე პალმა, დედას კაქტუსები და ქლოროფიტუმია. ეს უკანასკნელი ძალიან ყოჩაღია და სასარგებლოც - ჟანგბადით ავსებს ოთახს. გამძლე აღმოჩნდა ასპიდისტრაც - მძიმე მდგომარეობაში დამხვდა, მაგრამ გამოვაცოცხლე. ძალიან მიყვარს ჩემი ტყუპის ნაჩუქარი მცენარეები - ცოტნემ ფიკუსი მაჩუქა, საბამ კი ალოე. საბა ერთხელ პატარა ჭიქებში ჩარგული პაწაწკინტელა მცენარეებით მომადგა - ვიღაც ქალი ყიდდა, შემეცოდა და ვიყიდეო. ის ყვავილებიც გავახარე. იები ჩემმა მეგობარმა ლიამ მომიტანა...

- ამ ხავერდისფოთლიანს რა ჰქვია?

- ბეგონიის ერთ-ერთი სახეობაა. თბილისში რომ ჩამოვედი, ესეც ცუდ მდგომარეობაში დამხვდა, მაგრამ გამოვაკეთე. იასამნისფერ ყვავილს "ნაპოლეონის შლაპას" უწოდებენ, ნემსიწვერა კი სურნელოვანია, ფოთოლს რომ თითებს გაუსვამ, სასიამოვნო არომატს დაგიტოვებს. დიდ ფინჯან-ქოთანში ჩარგული ყვავილები, ამერიკაში რომ ვიყავი, გაფუჭდა. ვინერვიულე და ჩემმა მეგობარმა ლიამ გადამირჩინა - შინ წაიღო და მოუარა. ამას წინათ ერთი მეგობარი დამპირდა, ლამაზი ყვავილები მაქვს და მოგიტანო, მაგრამ მეორემ გააპროტესტა, რას ამბობ, აღარაფერი მოუტანო, თორემ მალე ჩვენი ადგილი აღარ იქნება ამ სახლშიო... არადა, ჩემი ბინა დუპლექსია და მეორე სართულზე, 40 კვმ ფართობზე, ორანჟერეის გაკეთებას ვაპირებდი. ლამაზი ზამთრის ბაღი მექნებოდა, მაგრამ...

- გამორჩეულად გიყვართ რომელიმე?

- პალმას გამოვარჩევ, ჩემს სახლში ის იყო პირველი მცენარე. პაწაწუნა იყო, რომ მოვიტანე და ახლა ჭერს ურტყამს თავს. პალმას გვერდითი ფოთლები რომ უყვითლდებოდა, ვაცლიდი. კარგად ვერ გავთვალე და მერქანი გავუშიშვლე. მერე მივხვდი, რომ უნდა გადამეჭრა. ჩემმა მეგობარმა მოიფიქრა და გაშიშვლებულ მერქანს გასალამაზებლად ჩინური ვარდი ავაყოლე. ნელ-ნელა მთლიანად დაფარავს სიშიშვლეს. პალმა უკვე 18 წლისაა, "სრულწლოვანი" და რატომღაც ვაჟად აღვიქვამ, არადა, პალმა, თითქოს მდედრობითი სქესის უნდა იყოს. ამას ისეთი აღნაგობა აქვს, სიძლიერის სიმბოლოდ მყავს - ყველა ყვავილს ზემოდან დაჰყურებს და გეგონება, მფარველობსო.

სოფელი არასდროს მქონია და განვიცდი, ჩემმა შვილებმა მისი ხიბლი რომ არ იციან. ამერიკაში ვისთანაც ვცხოვრობდი, იმ ხალხს პატარა მეურნეობა მოვუწყვე - ეზოში კიტრი, პამიდორი და მწვანილი გავახარე. საოცარი შეგრძნებაა, შენს ნაშრომს რომ უყურებ და აგემოვნებ. მთელი ბავშვობა კორპუსის ბინაში ცხოვრებაზე ვოცნებობდი და დავსახლდი კიდეც. ახლა, ნახევარ საუკუნეს რაც გადავცდი, ვოცნებობ, სადმე, თბილისთან, მდინარის ახლოს ნაკვეთი შევიძინო, პატარა წალკოტად ვაქციო - ხეხილი და მცენარეები გავაშენო, ლამაზი ბაღი და ბოსტანი მოვაწყო...

ირმა ხარშილაძე