პანტანასა - ონკოლოგიურ სნეულებათა მკურნალი - კვირის პალიტრა

პანტანასა - ონკოლოგიურ სნეულებათა მკურნალი

ჯვარცმის უმძიმეს წუთებში ჯვარცმულმა მაცხოვარმა საკუთარ დედას ანდერძად დაუბარა, შვილად მიეღო წმინდა იოანე მოციქული, ხოლო იოანეს სთხოვა, ღვიძლი შვილივით მოევლო ყოვლადწმინდა ქალწულისათვის. როგორც წმინდა მამები განმარტავენ, იმ წუთებში, ქრისტეს ნებით, მარიამ ღვთისმშობელმა იოანეს სახით მთელი კაცობრიობა იშვილა და ადამიანების დედად იქცა. სწორედ ამიტომაც ითვლება დედის გინება უმძიმეს ცოდვად - ყველასათვის ლოცულობს დედა ღვთისა, მაგრამ მაგინებელთათვის - არა.

გოლგოთაზე მაცხოვრის აღსრულებიდან 20 საუკუნე გავიდა, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მართლაც დედასავით ზრუნავს ცოდვილ კაცობრიობაზე და ევედრება საკუთარ ღვთაებრივ ძეს, დამსახურებული სასჯელი აარიდოს ადამიანებს. ამ ზრუნვისა და წყალობის დამადასტურებელია ის უამრავი სასწაულმოქმედი ხატი, იმედისა და ნუგეშის კელაპტრებად რომ მიმოფანტულან წუთისოფლის ცოდვისმიერ წყვდიადში.

დღეს მხოლოდ ერთ მათგანზე მინდა, გიამბოთ. ამ ხატს "პანტანასა", ანუ "ყოველთა დედოფალი" ჰქვია და ათონის მთაზეა დაბრძანებული. როგორც ცნობილია, ათონის მთა თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რჩეულია, ამიტომაც სწორედ ამ მთაზე განადიდა უამრავი ხატი სასწაულებით უფლის დედამ. ხატზე ყოვლადწმინდა დედოფალი თავისი სამეფო დიდებულებითაა გამოსახული, მაგრამ სახე მიუკარებელი კი არა, სიყვარულითა და მწუხარებითა აქვს სავსე. ეს ხატი თავიდან მცირე აზიაში მკვიდრობდა, ერთ-ერთ მონასტერში, გასულ საუკუნეში კი ბერებმა თავიანთ სულიერ ძმას, იოსებ ისიხატს გადასცეს და გააფრთხილეს, რომ სასწაულმოქმედი ხატი უძღვნეს. მამა იოსებმა ათონზე წამოიღო მე-17 საუკუნეში შექმნილი ეს ფასდაუდებელი საჩუქარი და კელიაში დააბრძანა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისმა მოსწავლემ ვატოპედის მონასტრის მთავარ ტაძარში გადააბრძანა. ხატი მაშინვე განიდიდა სასწაულით-ერთ-ერთი მომლოცველის მიახლოებისთანავე ღვთისმშობლის სახე მზესავით განათდა და ყმაწვილიც უგონოდ დაეცა. როდესაც გონზე მოვიდა, აღიარა, რომ მაგიას მისდევდა და ამიტომაც არ მიუშვა ხატმა თავისთან, შეინანა, აღსარება თქვა და ქრისტიანულ ცხოვრებას შეუდგა.

მას შემდეგ განითქვა "ყოველთა დედოფლის" სახელი, როგორც სულიერ სნეულებათაგან მაკურნებელისა - ბევრია ნარკომანთა განკურნების მაგალითებიც. მაგრამ მალე აშკარა გახდა, რომ ხატი სიმსივნესაც კურნავდა - დაავადებას, რომელსაც მეცნიერებმა მეოცე საუკუნის შავი ჭირი უწოდეს. ბოლო ჟამს ამ სნეულებისაგან სასუფეველი აივსებაო, ამბობდნენ წმინდა მამები და მართლაც ასეა-სიმსივნურ დაავადებათა სტატისტიკა საშინელი და შიშის მომგვრელია. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც, ექიმების დასკვნით, ცოცხლები აღარ უნდა ყოფილიყვნენ, ამ ხატთან პარაკლისის გადახდის შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი სრულად კი არ განიკურნა, არამედ სიმსივნე არსებულ სტადიაზე გაიყინა და აღარ განვითარებულა. უამრავია სრულად განკურნების მაგალითებიც.

ხატის პირველი ასლი რუსეთისათვის დაამზადეს და 11 აგვისტოს ათონიდან რუსეთში ჩააბრძანეს. 21 სექტემბერს კი ხატზე მირონის წვეთები გამოჩნდა და მთელი შენობა სურნელებით აავსო. იგივე მოხდა 4 დეკემბერსაც-ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე.

დედა ღვთისმშობლის შეწევნით, "ყოველთა დედოფლის" ასლი საქართველოშიც ჩამოაბრძანეს და ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში დააბრძანეს. მას შემდეგ ამ ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი რაზმაძე, ყოველკვირეულად იხდის პარაკლისს ხატთან და... აქაც არ დააყოვნა სასწაულმა: როდესაც უსმენ ადამიანებს, რომლებმაც სიმსივნის სხვადასხვა ფორმა და სტადია დაამარცხეს, უსაზღვრო მადლიერებით გევსება გული ქალწულ მარიამის მიმართ. მართალია, მეცნიერება ვერ მოერია სიმსივნეს, მაგრამ ღვთისმშობელი ხომ შეგვეწევა და გვიფარავს. არადა, ამ ვერაგი დაავადებასავით ახლა არც ერთი სხვა სნეულება არაა მოდებული საქართველოში, რაიც უამრავმა ფაქტორმა განაპირობა, ჩერნობილის ავარიიდან დაწყებული, გენმოდიფიცირებული თუ ემულგატორებით გაჯერებული საკვებით დამთავრებული, სტრესზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მაგრამ რაა ეს ყველაფერი ღვთისმშობლის უსაზღვრო მოწყალებასთან შედარებით?! სასწაულმოქმედია არა მხოლოდ ავჭალაში დაბრძანებული ხატი, არამედ ამ ხატის ქაღალდის ასლებიც. განკურნებულთა რიცხვში არიან ბავშვებიცა და მოხუცებიც, ნარკომანებიცა და სიმსივნით სნეულებიც, გულით დაავადებულებიც და ინსულტიანებიც... ამიტომაც მადლიერებით სავსე გული თავისთავად უგალობს ტროპარს "ყოველთა დედოფალს": "სიხარულის მომნიჭებელითა პატიოსნითა ხატითა შენითა გვაცხოვნენ ჩვენ, "ყოველთა დედოფალო", სურვილით მეძიებელნი მადლისა შენისანი; გამოგვიხსენ შენდამი მოლტოლვილნი ფათერაკთაგან, გარეშეზღუდე ყოველთა განსაცდელთაგან სამწყსო შენი, მარადის მხმობელი შემწეობისა შენისადმი!"