პეტრე და პავლე - თავმოციქულნი ქრისტესნი - კვირის პალიტრა

პეტრე და პავლე - თავმოციქულნი ქრისტესნი

დღეს პეტრეპავლობაა – თავმოციქულების, პეტრესა და პავლეს, ხსენების დღე. ისინი ერთ დღეს გავიდნენ ამ ქვეყნიდან . . ერთ დღეს დააწესა ამიტომაც მათი ხსენება ეკლესიამ. ორივენი ერთადერთი ჭეშმარიტების მქადაგებელნი იყვნენ. . . ორივე მოწამებრივად აღესრულა. მაგრამ განსხვავებული იყო გზა, რომელმაც ისინი ქრისტემდე მიიყვანა.

პეტრე გალილეველი მეთევზის შვილი და ანდრია პირველწოდებულის ძმა იყო. მამის ხელობას მისდევდა და ამით არჩენდა ოჯახს. ცოლ-შვილი რომ ჰყავდა, ამის დასტურს წმინდა წერილში ვკითხულობთ – სწორედ მისი სიცხიანი სიდედრი განკურნა მაცხოვარმა პეტრეს ოჯახში სტუმრობისას. ფიცხი ადამიანი იყო, მაგრამ საოცარი ერთგულება და სიყვარული იცოდა, იმდენად ძლიერი, რომ სწორედ ამ სიყვარულისა და ერთგულების გამო თავად ქრისტემ უწოდა კლდე, რომელზეც დააშენებდა ეკლესიას, რომელსაც ვერ მოერეოდნენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი. უყვარდა, სწამდა და მთელი არსებით ენდობოდა განკაცებულ მესიას. ამიტომაც ყველგან თან ახლდა მას მისი მიწიერი ცხოვრების თითოეულ წუთს. თავისი არსებით ჭეშმარიტი რწმენის განსახიერება იყო – აი, ისეთისა, მთების დაძვრა რომ შეუძლია. ამიტომაც იქცა სამი მთავარი ქრისტიანული სათნოებიდან ერთ-ერთის – რწმენის – სიმბოლოდ. გალილეის ტბაზე მოთევზავე დაინახა უფალმა და მოუწოდა: ”მოვედით და შემომიდექით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”. მაშინვე დააგდო ბადე და გაჰყვა ქრისტეს. და იქმნა არა მხოლოდ მესათხევლე კაცთა, არამედ თავი მოციქულთა. იმ სამ მოწაფეთა შორისაც იყო, მაცხოვარმა რომ დაისწრო ფერისცვალებისას და იაროსის ასულის მკვდრეთით აღდგინებისას. არც მაშინ მიუტოვებია საყვარელი მოძღვარი, როდესაც მის შესაპყრობად მოსული ჯარისკაცები დაინახა – პირიქით, მისი დაცვაც კი სცადა და ხელში შერჩენილი დანით ყური მოაჭრა მოსულთაგან ერთ-ერთს. ის კი არა, კაიაფას ეზოშიც კი შეჰყვა, მაგრამ. . . საშინელი შიშით შეპყრობილმა, უფლის სიტყვისამებრ, მამლის ყივილამდე სამგზის უარყო ქრისტე. მერე იყო საშინელი სინანული, რომელმაც მთელი ცხოვრება გასტანა. სინანული და არა – სასოწარკვეთილება. იმდენად ძლიერი, რომ მამლის ყივილის ყოველ გაგონებაზე ცხარე ცრემლებს ვერ იკავებდა. დაღარული ჰქონდა ამ ცრემლებისაგან მთელი სახე, ჩაწითლებული ჰქონდა თვალები. მაგრამ მაცხოვარმა შეუნდო. . . და არა მარტო შეუნდო, არამე მოწაფეთა და მოციქულთა რიგშიც აღადგინა. და თავმოციქულადაც დაადგინა.

პავლე კი მდიდარი და წარჩინებული ებრაელების შვილი იყო და რომის მოქალაქეობა მემკვიდრეობით სწორედ მშობლებისაგან მიიღო. ტარსელად იწოდებოდა, რადგან ქალაქ ტარსუში დაიბადა. ოჯახმა მას იმ დროისათვის საუკეთესო განათლება მისცა და შემდეგ იერუსალიმში გაუშვა, სადაც გამოჩენილ რაბინს, გამალიელს დაემოწაფა. და, ვითარცა სჯულით ფარისეველი, მოსეს რჯულს მტკიცედ იცავდა და აღასრულებდა. მთელი არსებით სძულდა ყველა, ვინც დაარღვევდა მოსეს სწავლებას. და, რადგანაც ქრისტიანებიც რჯულის დამარღვევლებად მიაჩნდა, საშინელი სისასტიკით ექცეოდა მათ. საკუთარი ნებით წავიდა მღვდელმთავართან და ნებართვა აიღო, შეეპყრო დამასკოს თავშეფარებული ქრისტიანები და იერუსალიმში ჩამოეყვანა. . . და ამ წერილობითი დასტურით ხელში გაეშურა დამასკოსაკენ.

მაგრამ სხვა იყო ნება უფლისა, რომელიც კარგად ხედავდა, რომ პავლეს არსებაში საოცრად დიდი იყო უფლის მსახურების სურვილი. და ემსახურებოდა ისე, როგორც ასწავლეს. ამიტომაც გამოეცხადა დამასკოსაკენ მიმავალ გზაზე, რომ ჭეშმარიტი მსახურება ესწავლებინა მისთვის. გამოეცხადა და ჰკითხა: ”საულ, საულ, რაისა მდევნი მე?” ”ვინ ხარ შენ, უფალო?” -ჰკითხა შეშინებულმა სავლემ, რომელსაც თვალთ დაბნელებოდა უკვე იმ ნათლის ხილვისაგან, გარს რომ შემოერტყა საუბრის ჟამს. ”მე ვარ იესო, რომელსა შენ მდევნი” - მიიღო პასუხად. და ასე, მიწიერი ხედვის დახშობით, აეხილა სულიერი თვალი, რომლითაც იხილა უფალი. შეცნობით კი შემდეგ შეიცნო – როდესაც, უფლისავე გაცხადების თანახმად, ანანიამ მონათლა (მონათვლისთანავე კვლავ დაუბრუნდა თვალის ჩინი); როდესაც, სხვა მოციქულთა მსგავსად, თავად მაცხოვარი განსწავლიდა სამი წლის განმავლობაში. ასე რომ ეს ცოდნა მას ადამიანთაგან არ მიუღია.

ქრისტიანთა სიძულვილით ცნობილი ფარისეველი ქრისტეს რჯულის ფიცხელი აღმასრულებელი, მქადაგებელი და დამცველი გახდა. თავად მოისურვა, ნათლობისას პავლე ეწოდებინათ მისთვის – პავლე, პავლოსი ლათინურად უმცირესს, უკნინესს ნიშნავს. იგი სჯულისმეცნიერი იყო და ეს განსწავლულობა საოცრად ერწყმოდა მის გულში დავანებულ უფლის სიყვარულს. მისი ეპისტოლეები დღესაც თეოლოგიის საუკეთესო ნიმუშებს წარმოადგენს. პავლეს ცხოვრება მშვენიერი მაგალითი და დასტურია იმისა, რომ რწმენა და ცოდნა – განათლება, ერთმანეთის უარმყოფელი და გამომრიცხველი კი არ არის, არამედ შემავსებელი და განმაპირობებელი. პავლე ჭეშმარიტი ცოდნისა და განათლების სიმბოლო იქცა.

პეტრემაც და პავლემაც მოციქულთათვის განკუთვნილი უმძიმესი გზა განვლეს – ცემდნენ, ემუქრებოდნენ, საპყრობილეებში ამწყვდევდნენ, მაგრამ უფლის ანგელოზი უღებდა კარს, ციხის კედლები ვერ იტევდნენ ამხელა მადლსა და ნათელს. . . შიოდათ, სციოდათ, ეცემოდნენ, მაგრამ კვლავ დგებოდნენ და სვლას აგრძელებდნენ. რწმენა, რომელაც ისინი ქადაგებდნენ, სასაცილოდ არ ჰყოფნიდათ ამა სოფლის სწავლულთა და მეცნიერთ. წმინდა იოანე ოქროპირი წერდა: აბა, წარმოიდგინეთ ღარიბი კაცი ცალ ხელში ჯოხითა და მეორე ხელში ბოღჩით, რომელშიც რამდენიმე წიგნი უდევს. კითხვაზე, თუ საით გაუწევია, პასუხად გესმით: რომის დასამორჩილებლად მივდივარო.

ვინ დაუჯერებდა ან ვინ არ დასცინებდა. მათ კი შეძლეს და დაიმორჩილეს – სიტყვით დაიმორჩილეს ქალაქი, რომლის სისასტიკე და ძლიერება, თავზარს სცემდა მაშინდელ მსოფლიოს, ხოლო ფუფუნება და გარყვნილება უზნეობის შხამით წამლავდა ყველაფერს. სიტყვით მოიგეს ეს საშინელი და უთანასწორო ბრძოლა და ქრისტეს ნათლით გააბრწყინეს ქალაქი.

ქრისტიანების დევნისას პეტრე რომში შეიპყრეს, ხოლო პავლე- კესარიაში. ორივე სიკვდილით დასაჯეს: პეტრე, როგორც იუდეველი, ჯვარს აცვეს; ხოლო პავლეს, ვითარცა რომის მოქალაქეს, საპატიო სასჯელი განუკუთვნეს და თავი მოჰკვეთეს. როდესაც სასიკვდილო განაჩენი მოუსმენია, პეტრე სიხარულით აღვსილა, რომ ქრისტეს მსგავსი აღსასრული არგუნეს. მაგრამ, მისივე თხოვნით, თავდაყირა აცვეს ჯვარს, რადგან მიაჩნდა, რომ ამხელა წყალობა არ დაუმსახურებია.

პეტრე ჯვარს აცვეს, ხოლო პავლეს თავი მოჰკვეთეს. მისი სხეულიდან სისხლის ნაცვლად რზემ გადმოხეთქა ნიშნად იმის, რომ მისი სიტყვები, ქადაგება, წერილები მღავალთათვის იქცა და იქცევა სულიერ საზრდოდ უფლისაკენ მიმავალ რთულ გზაზე.