არა ძალადობას! - ღმერთის გარეშე დარჩენილი ადამიანი სიყვარულისაგან იცლება, სასტიკდება და ცხოველს ემსგავსება - კვირის პალიტრა

არა ძალადობას! - ღმერთის გარეშე დარჩენილი ადამიანი სიყვარულისაგან იცლება, სასტიკდება და ცხოველს ემსგავსება

ეს კვირა ქალზე ძალადობას ეძღვნებოდა. სამწუხაროდ, ეს თემა კვლავაც მტკივნეულია თანამედროვე საზოგადოებისათვის. არადა, თითქოს, 21-ე საუკუნის მოქალაქეები ვართ და მსგავსი საკითხი მწვავე პრობლემად აღარ უნდა იდგეს ჩვენს ცხოვრებაში. მავანნი ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ ეს მხოლოდ ქართული ყოფის ტკივილია, ქართველი საზოგადოებისათვის დამახასიათებელი და ქართული ტრადიციებით გამოწვეული. არადა, ეს რომ ასე არაა, ამას სტატისტიკაც მოწმობს.

არა მხოლოდ საქართველოში, არა მხოლოდ აღმოსავლურ ქვეყნებში, არა მხოლოდ ინდოეთში - ქალსა და ბავშვზე ძალადობა კვლავაც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების აქილევსის ქუსლად რჩება. მოძალადეს ეროვნება არ გააჩნია - ჯანსაღი ფსიქიკისა და გაწონასწორებული ადამიანი ამას არასოდეს ჩაიდენს, რომელ ქვეყანასა და კულტურასაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი.

იტყვით, სხვისი რად მაინტერესებს, მე ჩემი პრობლემა მაწუხებსო. კი, ბატონო, გეთანხმებით. მე, უბრალოდ, იმას ვერ ვეგუები, როდესაც, ზოგადად, ადამიანის ბუნებისათვის მახასიათებელს მხოლოდ ქართველის ნაკლად მიიჩნევენ და ისე ატეხენ აურზაურს - ნახე, ყველაზე საშინელები ვართ, ჩვენი საშველი არაა. ეს ყველაფერი ჩვენი მახინჯი ტრადიციებისა და რწმენის ბრალიაო. მე ძალიან კარგად მესმის, რომ კრიტიკა აუცილებელია, წარსულისაც და აწმყოსიც, მაგრამ მხოლოდ ჯანსაღი კრიტიკა. დავით გურამიშვილი ბრძანებდა: "ყმაწვილი უნდა სწავლობდე საცნობლად თავისადაო. - ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო..." ილია ჭავჭავაძე კი - დიახ, სწორედ "კაცია-ადამიანის?!" ავტორი - წერდა, რომ იმის ძახილი, რა მხდალები ვყოფილვართ, რა უნიათონი და უვარგისნი - მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ჩაკლას ჩვენში ბრძოლის სურვილი, დაგვარწმუნოს, რომ არარაობანი ვართ და ამით გადარჩენის იმედი მოგვისპოს.

ამ თემას მხოლოდ ქართველთა სირცხვილად ნათლავენ, ქართულ ტრადიციებს აბრალებენ და, თანაც, იქვე "სინანულით" აღნიშნავენ, რომ ეკლესიაც ამ ძალადობის იდეოლოგიური ნიადაგია. განსაკუთრებული გაღიზიანება პატრიარქის ქადაგებამ გამოიწვია. არადა, პატრიარქმა მხოლოდ პავლე მოციქულის სიტყვები დაიმოწმა, რომელთაც თავმოციქული ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში გვეუბნება მორწმუნეებს: ქმარია თავი ოჯახისა, ისევე, როგორც ქრისტე-ეკლესიისა. სწორედ ეს შედარება აღიზიანებთ დღეს მავანთ, კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ კაცი ვერ იქნება მათი თავი. არადა, სწორედ ამ შედარებითაა გადმოცემული სამყაროსეული ჰარმონიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი: ქრისტე თავია ეკლესიისა, იმ ეკლესიისა, რომელიც საკუთარი ჯვარცმის ფასად დაგვიტოვა ადამიანებს დედამიწაზე. ეს ღვთაებრივი სიყვარულის მიუწვდომელი გამოვლინება გახლავთ. და ქმარსაც, რომელიც თავია ოჯახისა, სწორედ ასევე უნდა უყვარდეს ცოლი - ასევე უნდა უფრთხილდებოდეს და იცავდეს თავის ოჯახს.

მავანნი კი პატრიარქის მიერ კიდევ ერთხელ შეხსენებულ ამ სახარებისეულ სწავლებას მოძველებულ (აზიატურ) დოგმად მიიჩნევენ და სახარებიდან ამოგლეჯილი ფრაზების არასწორი ინტერპრეტირებით ცდილობენ საზოგადოების მანიპულირებას, რომელიც გაოგნებულია საკუთარ წიაღში მომხდარი საშინელი ფაქტებით. სწორედ ამ დროსაა ძალიან მარტივი, შენს სასარგებლოდ გამოიყენო და მიმართო ამ საზოგადოებაში, თუნდაც საკუთარი თავის მიმართ, დაგროვილი გაღიზიანება. არადა, ქრისტიანობა ოჯახის ყველაზე სრულყოფილ მოდელს გვთავაზობს - ჰარმონიული თანაცხოვრების საუკეთესო საშუალებას. აი, რას გვიწერს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში: "ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე არს თავ ეკლესიისა. . . ვითარცა ეკლესიაი დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი - თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის. . . ესრეთ ჯერ არს ქმართაი ცოლთა თვისთა სიყუარული, ვითარცა ხორცთა თვისთაი, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყუარს. რამეთუ არავინ სადა თავი თვისი მოიძულის, არამედ ზრდინ და ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ხორცთა მისთაგანნი და ძუალთა მისთაგანნი. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაი თვისი და დედაი თვისი და შეეყოს იგი ცოლსა თვისსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც." (ეფეს. 5. 23-31).

7 ქრისტიანული საიდუმლოდან ერთ-ერთი სწორედ ქორწინებაა. და სწორედ იმიტომ, რომ ეს კავშირი მხოლოდ ხორციელ კავშირს სცდება და მისტიკურ ერთობად იქცევა - უფლისა და ადამიანის ურთიერთობის ანალოგად. ასე რომ მართლმადიდებლური გაგებით, ოჯახის თავად ყოფნა უდიდესი პასუხისმგებლობაა მამაკაცისათვის - რომელმაც ყველაფერი უნდა გაიღოს ოჯახისათვის, ისევე, როგორც ქრისტემ თავისი ქმნილებისათვის. ცოლს ისევე უნდა მოუფრთხილდეს, როგორც საკუთარ თავს, როგორც ბროლის ჭურჭელს, რომ არ დაიმსხვრეს, არ შეისვაროს, არ შეიბილწოს . . . ცოლს კი ქმარი უნდა უყვარდეს ისე, როგორც ეკლესიას - სამყაროს შემოქმედი. უყვარდეს, ისმენდეს, ემორჩილებოდეს. ორივეს მოვალეობა სიყვარულის სახელით საკუთარ სურვილებზე ამაღლებაა, ერთმანეთის სიყვარულით მორჩილება, ერთმანეთით ცხოვრება უფალში და ამით სრულყოფისა და სრულყოფილებისაკენ ანუ ღმერთისაკენ სვლა.

ქრისტიანობა გვასწავლის, რომ ქმრის მთელი ცხოვრება ცოლს ეკუთვნის, ისევე, როგორც ცოლისა - ქმარს. და, ისევე, როგორც ყოველგვარი სხვა არჩევანი ცუდსა და კარგს, ბოროტსა და კეთილს, ღმერთსა და ეშმაკს შორის, ასეთი ურთიერთობაც პიროვნული, თავისუფალი ნების გამოვლინებაა - სიყვარულით განპირობებული პიროვნული არჩევანია. სწორედ ესაა ცოლქმრობის ჭეშმარიტი მნიშვნელობა და დანიშნულება. ესაა ნამდვილი ოჯახი. ესაა მოდელი, რომელსაც გვთავაზობს ქრისტე და ეკლესია - სამყაროში ჰარმონიის შენარჩუნების ერთ-ერთი საშუალება..

სწორედ ქრისტიანობამ აღამაღლა ქალი - სწორედ ქალისაგან იშვა განკაცებული უფალი და დედაშვილობა უდიდეს საიდუმლოდ აქცია. და მას შემდეგ ქალს - ღვთისმშობელს უგალობს ამ საიდუმლოთი განცვიფრებული მთელი სამყარო. სწორედ ქალს მიანიჭა უდიდესი პატივი შვილთა სხმისა და დედობისა. სწორედ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის წილხვედრია საქართველო და მოციქულთა სწორად წმინდა ნინო იწოდება. და ის, რომ ჩვენ დღეს ასეთი საშინელი რეალობა გვაქვს. მართლმადიდებლობისა და ქართული ტრადიციების ბრალი კი არაა, არამედ სწორედ იმის ბრალია, რომ ქრისტიანულად არ ვცხოვრობთ. ღმერთის გარეშე დარჩენილი ადამიანი კი, რა ეროვნებისაც არ უნდა იყოს იგი, სიყვარულისაგან იცლება, სასტიკდება და ცხოველს ემსგავსება - უფრო სწორად, ცხოველზე უფრო სასტიკი ხდება.