აზარტული ინტერნეტ-თამაშები საქართველოში - კვირის პალიტრა

აზარტული ინტერნეტ-თამაშები საქართველოში

ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი, რაც ბოლო წლების თბილისში ხდება, არის აზარტული ინტერნეტ-თამაშების მასიური რეკლამირება. ასეთი მასშტაბი მსოფლიოში სხვაგან არსად მინახავს. ყველგან მათი რეკლამაა - "მარშრუტკებზე", ავტობუსებზე, უზარმაზარ ვიდეო ეკრანებზე, ბილბორდებზე. საერთოდ, თუ რომელიმე ინდუსტრია მასიურ გარერეკლამირებას ეწევა, ის დიდ ფულს აკეთებს. ისე, ვინ წარმოიდგენდა, რომ აზარტული თამაშების ინდუსტრია სიგარეტების წარმოება-გასაღებაზე უფრო სარფიანი იქნებოდა?

კაზინოები საქართველოში ოცი წლის წინ გაიხსნა. მას შემდეგ ისინი, ცხადია, მომრავლდნენ, მაგრამ ეს იმდენად მაინც არ იგრძნობა. ბევრს ჰგონია, რომ კაზინო ტურისტებზე უფროა გათვლილი და განსაკუთრებით ირანელებსა და სხვა მაჰმადიანური ქვეყნების წარმომადგენლებს იზიდავს. სინამდვილეში მათი მომხმარებლების უმრავლესობა ქართველია.

კაზინო რომ უაღრესად შემოსავლიანი საქმეა, ეს ცხადია. თუმცა, ეს საქმე დიდ შრომას მოითხოვს. კაზინომ ვიზიტორებს კომფორტული ატმოსფერო უნდა შეუქმნას. კრუპიეებს ინტენსირად "ატრეინინგებენ" შეცდომა რომ არ მოუვიდეთ. თუმცა, საბოლოო ჯამში, კაზინო არის ის ადგილი, სადაც ხალხის რაღაც რაოდენობა მიილტვის ხოლმე ყოველდღიურად ფულით ხელში, ტოვებს პროცენტს და მიდის უკან, ანუ კაზინო ნებისმიერ შემთხვევაში იგებს.

ქცევის მეცნიერებაც ადასტურებს, რომ ხალხი იშვიათად თუ წყვეტს თამაშს, როცა "მოგების ზოლშია". თუ იგებ ხომ კარგი, მაგრამ როცა "წაგების ზოლი" იწყება და ქისა უმოწყალოდ ცარიელდება, თამაშის შეწყვეტა ლამის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხად იქცევა ხოლმე. სასურველი ვაშლის ყიდვას მანამ არ მოინდომებენ, სანამ მის საყიდელ ბოლო გროშს არ შეჭამენ. მაშინაც კი, როცა მოთამაშეს იმდენი დისციპლინა მაინც ჰყოფნის, რომ თავი აარიდოს ხაფანგს, კაზინო შენი ფულიდან რაღაცნაირად მაინც აკოწიწებს პროცენტებს - საბოლოო ჯამში, სამიდან ოცდაათ პროცენტამდე. ის, თუ ზუსტად რამდენი პროცენტი გამოვა, თამაშზეა დამოკიდებული.

სათამაშო ავტომატების ცენტრი, ე.წ "სლოტკლუბი" დიდი ტურისტული კაზინოს უფრო ნაკლებხარჯიანი ვერსიაა. ასეთი ცენტრი არანაკლებ შემოსავლიანია. არ ვიცი, საქართველოში რამდენ პროცენტზე გადიან, მაგრამ ამერიკაში სათამაშო ავტომატები მათში ჩაგდებული ფულის ოცდაათ პროცენტს იტოვებენ. ასეთი ბიზნესის გახსნისთვის საჭირო საწყისი კაპიტალი საკმაოდ მცირეა. მაგრამ პრობლემაა დიდი გადასახადები. სათამაშო ავტომატები ძირთადად ისეთ ხალხს იზიდავს, რომელიც საზოგადოების ყველაზე განათლებულ ფენას ჩვეულებრივ არ მიეკუთვნება.

თუმცა, რეკლამის ყველაზე დიდი რაოდენობა ინტერნეტ ფსონებზე მოდის. ეს გასაკვირი არაა, რადგან აზარტული თამაშების ინტერნეტბიზნესი ყველაზე შემოსავლიანია. ალბათ იმიტომ, რომ დიდ ოფლის ღვრას არ მოითხოვს. ბოლო რამდენიმე წელიწადში პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და საქართველოს ბაზრის მოთხოვნებზე მისი მისადაგება ძალიან მცირეხარჯიან საქმედ იქცა. ყველაზე დიდი ეკონომია ფიზიკური ადგილმდებარეობის არარსებობის წყალობით კეთდება. ამ საქმის ყველაზე რთული ნაწილი კი სათამაშო ვაუჩერების გასაღების პუნქტების ქსელის შექმნაა. თუმცა, რეკლამის ასეთი მასიური რაოდენობა გასაღების ქსელზე დიდ მოთხოვნას გარანტირებულს ხდის.

ისე, საინტერესოა, ინტერნეტში ფსონებს რამდენი ადამიანი დებს? ალბათ, ძალიან ბევრი. ბევრს თუ ექმნება ნეტავ ამის გამო პრობლემა? მე უფრო და უფრო ხშირად მესმის აზარტულ ინტერნეტ-თამაშებზე ნარკოტიკული დამოკიდებულების ისტორიები. ახლახანს ერთმა მითხრა, რომ adjarabet.com საქართველოში მეორე ყველაზე პოპულარული ვებ-საიტიაო. აზარტულ თამაშებზე ნარკოტიკული დამოკიდებულების სოციოლოგიური კვლევას მსოფლიოში საკმაოდ ფართოდ აწარმოებენ. თუმცა, საქართველოში ჩატარებული რაიმე მსგავსი კვლევის შესახებ არაფერი მსმენია. ჩემი აზრით, აზარტულ ინტერნეტ-თამაშებს ძირითადად მოწყენილი ხალხი თამაშობს. ალბათ, ბევრი მათგანი უმუშევარია და მიღებულ სოციალურ დახმარებას თამაშებისთვის იყენებს. აშკარაა, რომ მათ ნამდვილად აქვთ ინტერნეტის გამოყენების უნარი. მაგრამ ამის იქით მეტი არც არაფერი უნდათ დროის შინაარსობრივად გასატარებლად - არავითარი პროფესიული ან სხვა ინტერესი.

კვლევით ლიტერატურაში სულ უფრო ხშირად ვხვდებით მინიშნებებს, რომ ყველა ის, ვისთვისაც აზარტული თამაში სერიოზულ პრობლემადაა ქცეული, ქიმიურ ნივთიერებებზე, ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე, ოპიატებსა და სხვა საშუალებებზე დამოკიდებულების გაზრდილი რისკის წინაშე დგას.

აზარტული თამაშების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია მდიდრებზე ღარიბების ფულის გადანაწილებაა. ანუ ესაა ყველაზე გაჭირვებულების ჯიბეებიდან ფულის ამოხაპვა. საჭიროა თუ არა ამაზე რეაგირება? ყოველ შემთხვევაში, მთავრობას ძალიან წაადგებოდა აზარტული თამაშებით გენერირებული შემოსავლების დაბეგვრა (თუ ეს ჯერ არ გაუკეთებია), რაც მრავალი სახელმწიფო გეგმის განხორციელებას შეუწყობდა ხელს. საერთოდ, კაზინოები და სათამაშო ავტომატების ცენტრები დიდ სახელმწიფო ბეგარას იხდიან ხოლმე. ეს ასეც უნდა იყოს.

აზარტული თამაშები სიგარეტსა და ალკოჰოლს წააგავს - ფაქტიურად საზოგადოებისთვის უსარგებლოა, მაგრამ ფანტასტიური მოგება მოაქვს. ამიტომაც ასეთ ინდუსტრიებზე სახელმწიფოს მხრიდან ჩვეულებრივ დიდი გადასახადებია ხოლმე დაწესებული. არ ვიცი, საქართველოში ამ ინტერნეტ ფსონების ფირმების უკან ვინ დგას (საინტერესო კი იქნებოდა ამის გაგება), მაგრამ რაც შეეხება გარე რეკლამირების ბაზარს, მისი უმეტესი წილის მფლობელები უთუოდ მთავრობასთან დაახლოებული პირები არიან და არა მგონია მათ აზარტული თამაშების რეკლამირებით მიღებულ დიდ შემოსავლებზე უარის თქმა აწყობდეთ.

რეაგირების კიდევ ერთი მიმართულება შეიძლება იყოს განათლება, უფრო ზუსტად, აზარტული ინტერნეტ-თამაშების ბიზნეს მოდელში გათვითცნობიერება. განათლების სამინისტრო რომ გამუდმებით აგროვებს სასწავლო მასალის მოცულობას, ალბათ არ ითვალისწინებს, რომ ამას სტუდენტების ყოველდღიურ ცხოვრებასთან რაიმე პირდაპირი კავშირი ნაკლებად აქვს. ამ დროს კი სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ექცევა აზარტული ინტერნეტ-თამაშების პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენის ქვეშ.

იქნებ დროა, ეს პრობლემა მათემატიკური თვალსაზრისით იქნეს განხილული. მაშინ, როცა აზარტული თამაშები კანონით დაშვებულია და მრავალი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელ ნაწილად იქცა, არცერთ ქართულ სახელმძღვანელოში არ ხდება ამ საკითხის განხილვა, ყოველ შემთხვევაში იმ ფორმით, როგორითაც ეს ინდუსტრია მოქმედებს საქართველოში.

ინგლისურენოვანი ვერსია