ჭეშმარიტად 25 დეკემბერს იშვა იესო ქრისტე!
ჭეშმარიტად 25 დეკემბერს იშვა იესო ქრისტე!
02-01-2012
ქრისტეშობის თარიღთან დაკავშირებული ძველი და ახალი ცნობების ანალიზი

კაცობრიობა უკვე დიდი ხანია სარგებლობს ტერმინებით "ახალი ერა" და "ჩვენი ერა". ათვლა ქრისტესშობიდან იწყება. უფრო დიდი ხანია მიმდინარეობს დავა იმის შესახებ სინამდვილეში რომელ წელს დაიბადა იესო ქრისტე. ამასთან, ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ქრისტესშობის ზუსტი თარიღის დადგენა, რადგან კანონიკურ სახარებებში ბევრი "გადაულახავი წინააღმდეგობაა". სინამდვილეში კი სახარებებში არავითარი შეუსაბამობა არ არის, უფრო მეტიც, მათში ასახული ქრონოლოგიური მინიშნებები საშუალებას გვაძლევს დავათარიღოთ მთელი რიგი უმნიშვნელოვანესი მოვლენები იესო ქრისტეს ცხოვრებაში.
მოგვებმა ქრისტესშობა ციური სხეულების მოძრაობის მიხედვით იწინასწარმეტყველეს. იმ დროს სჯეროდათ, რომ გამორჩეული პიროვნების დაბადების შემთხვევაში ცაზე ახალი ვარსკვლავი უნდა გამოჩენილიყო. მკვლევრები ფიქრობენ, რომ მოგვებს მესიის მობრძანების შესახებ სპარსეთის სამეფოს ტერიტორიაზე მცხოვრები ებრაელებისაგან ინფორმაცია ჰქონოდათ. მაგრამ იმისათვის, რათა ჭეშმარიტი ღვთის რწმენა წარმართებშიც გავრცელებულიყო, უფალმა ცაზე მათთვის ცნობადი ნიშანი გამოაჩინა. იხილეს მოგვებმა ვარსკვლავი და მიხვდნენ, რომ უნდა დაბადებულიყო ახალი მეფე და მას მთელი ქვეყანა ელოდა.

ოთხი უმნიშვნელოვანესი ეპიზოდი:

1. ხარება მარიამისა, რომელიც მთავარანგელოზის ამ სიტყვებით გაცხადდა: "გიხაროდეს მადლით მოსილო: უფალი შენთანაა; კურთხეული ხარ დედათა შორის" (ლუკ. 1:28). აშკარაა, რომ საქმე გვაქვს უშუალოდ ქალწული მარიამის ხარებასთან და დრომდე, ანუ ელისაბედთან მისვლამდე, მთელ სამყაროში ეს ახალი, ძნელად დასაჯერებელი ამბავი მხოლოდ მარიამისთვის იქნებოდა ცნობილი;

2. ელისაბედისა და წუთისოფლის ხარება ღვთისმშობლის ხარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა და იგი მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლის მიერ იქნა გაცხადებული. დაწერილია: "შევიდა (მარიამი. - რ.ჩ.) ზაქარიას სახლში და მოიკითხა ელისაბედი. როგორც კი გაიგონა ელისაბედმა მარიამის მოკითხვა, ყრმა შეიძრა მის მუცელში და აღივსო სულით წმიდით ელისაბედი. ხმამაღლა შეღაღადა და თქვა: კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი! ვინ გამხადა იმის ღირსი, რომ ჩემთან მოვიდა ჩემი უფლის დედა? ვინაიდან, როგორც კი ჩემს ყურს მოსწვდა შენი მოკითხვის ხმა, სიხარულით შეიძრა ყრმა ჩემს მუცელში. ნეტარია, ვინც ირწმუნა, რადგანაც აუსრულდება ყველაფერი, რაც ეუწყა უფლის მიერ" (ლუკ. 1:40–45). ეს იყო მთელი სამყაროს და ყველა იმ ადამიანის ხარება,  ვისაც რწმენა და ნამდვილი მოლოდინი ჰქონდა უფლისა. ელისაბედის სიტყვებს მარიამის წინასწარმეტყველება მოჰყვა: "წყალობა მისი თაობებიდან თაობებამდე ღმრთისმოშიშთა მიმართ. მოავლინა თავისი მკლავის სიმტკიცე და გაჰფანტა ქედმაღალთა გულის ზრახვანი. დაამხო ტახტთაგან ძლიერნი და აამაღლა მდაბალნი. სიკეთით აავსო მშიერნი და ხელცარიელი გაისტუმრა მდიდარნი" (ლუკ. 1:51:53) – ეს სიტყვები ეხება ყველა დროის და ყველა ჯურის ადამიანს, ყველას, ვის ყურსაც შეუძლია ამ საოცარ ამბავს შესწვდეს და ვის გულსაც ძალუძს ეს სიხარული გაიზიაროს;

3. მოგვებისათვის კოსმოსი მრავლის მაუწყებელი იყო. მოგვები ასტრონომები და ასტროლოგები იყვნენ, ისინი კარგად იცნობდნენ ზოდიაქოს ნიშნებს. ზეცას მოგვები ღმერთის სიტყვის ამოკითხვის მიზნით აკვირდებოდნენ და მომავალს ვარსკვლავების გადაადგილების მიხედვით წინასწარმეტყველებდნენ. მაცხოვრის მობრძანების შემდეგ წარმართული ნიშნებით ღმერთის ძიების დრო დასრულდა, ღმერთი (უკვე ყველასათვის - რ. ჩ.) გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა საწუთროსათვის და ამაღლდა დიდებით (1 ტიტ. 3:16).

როდესაც მოგვებმა ცაზე ნიშანი დაინახეს,  მიხვდნენ, რომ სამყაროს მოევლინა მეფე! არაჩვეულებრივი მეფე! ყველა დროის, ყველა მეფეთა მეფე! მეფე, რომელსაც ყოველგვარი მეფობის ძალა უნდა გაეუქმებინა. მრავალი ქრისტიანისათვის ეს ღვთაებრივი ნიშანი დღევანდლამდე აუხსნელ საოცრებად რჩება...
აღორძინების ეპოქაში ფიქრობდნენ, რომ მოგვებმა ცაზე კომეტა დაინახეს. სხვები მიიჩნევდნენ, ეს ზეახალი ვარსკვლავი უნდა ყოფილიყო, რომელმაც მთელი ზეცა გაანათა. შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორის, ასტრონომ დევიდ ჰიუსის აზრით, მოგვებისთვის მეფის დაბადების მაუწყებელი შეიძლებოდა პლანეტების გარკვეული განლაგება გამხდარიყო. მას მიაჩნია, რომ ამ ვერსიის მნიშვნელოვანი საბუთმტკიცება ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში ინახება და ეს არის თიხის ფირფიტები, რომელზეც ძველ ბაბილონურ, ანუ მოგვების მშობლიურ ენაზე შემონახული ტექსტები იკითხება. ერთ-ერთ ფირფიტაზე ძვ. წ. აღ. 7 წელს პლანეტების - სატურნისა და იუპიტერის მოძრაობაა გამოსახული. ამ პლანეტებს მოგვებისათვის დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა, რადგან მეფეთა ჰოროსკოპებში, ახალი პიროვნების გამეფებაში მთავარ როლს იუპიტერს მიაკუთვნებდნენ. იუპიტერი მომავალი მეფის სიმბოლო იყო, სატურნი კი ძველი, წარმავალი მეფის ნიშანს წარმოადგენდა. მათი ურთიერთდაახლოება მმართველობის შეცვლას იუწყებოდა, ხოლო თუ ისინი თევზების ზოდიაქოში იკვეთებოდნენ (ეს თანავარსკვლავედი ისრაელის ზოდიაქალური სიმბოლო იყო), ცვლილება ისრაელში უნდა მომხდარიყო. ძველი წელთაღრიცხვის 7 წელს იუპიტერი და სატურნი თევზების თანავარსკვლავედში სამჯერ გადაიკვეთა. ეს მოვლენა ყოველი 820 წლის შემდეგ  მეორდება. ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ იესო ქრისტე ძვ. წ. აღ. 7 წელს უნდა დაბადებულიყო.

მოგვიანებით, მეცნიერებმა ახალ საბუთს მიაკვლიეს: როდჯერსის უნივერსიტეტის პროფესორმა, ასტრონომმა მაიკლ მოლნერმა ისრაელის უშუალოდ იმ კუთხის ზოდიაქოს მიაგნო სადაც იესო ქრისტე დაიბადა. მოლნერის ხელთ რომის მმართველობის პერიოდში იუდეაში მოქმედი ძველი მონეტა აღმოჩნდა. მასზე ამ კუთხის მაშინდელი ზოდიაქოს ნიშანი - ვერძია გამოსახული. ის კოსმოსურ სივრცეში მოძრაობს და თან თვალს მის ზურგს უკან დარჩენილ ვარსკვლავს ადევნებს. მოლნერი აგრეთვე კლავდიოს ფტოლემეს ასტროლოგიური ენციკლოპედიით დაინტერესდა და მასში იესო ქრისტეს ცხოვრების წლების შესახებ გარკვეული ინფორმაცია აღმოაჩინა. ფტოლომეს თავის მასალებში ქვეყნების შესაბამისი ზოდიაქოს ნიშნების სახელწოდებები ორჯერ აქვს ჩამოთვლილი და ამ ჩამონათვალითაც დასტურდება, რომ იუდეას ვერძის ნიშანი შეესაბამებოდა. ე. ი. უნდა ვიფიქროთ, რომ მოგვებმა კოსმოსური ნიშანი ვერძის ზოდიაქოში დაინახეს.  მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძვ. წ. აღ. 7 წელს იუპიტერი და სატურნი ვერძის ნიშანში არ გადაკვეთილა.

საგულისხმოა, რომ ერთი წლის შემდეგ, ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილს, ვერძის ზოდიაქოში ისეთი ასტრონომიული მოვლენა განხორცილდა, რომელიც მოგვებს უეჭველად განაცვიფრებდა: პლანეტების მეფე იუპიტერი მთვარემ გადაფარა. მოგვებისათვის ეს მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა ყოფილიყო, რადგან იგი იუწყებოდა, რომ იუდეაში  უნდა დაბადებულიყო მეფეთმეფე, რომლის სიმბოლოც ვერძი იქნებოდა. ამ დროს იუპიტერი სწორედ აღმოსავლეთის ცაზე მოჩანდა. ამიტომ, ციური სხეულების ასეთი გადაადგილების დანახვა მხოლოდ აღმოსავლეთში იყო შესაძლებელი და ეს მოგვებისათვის ცისკრის ვარსკვლავის გადაფარვა იქნებოდა, ანუ ყველაფერი ისე მომხდარა, როგორც ამ ამბის შესახებ წმინდა მათე მახარებელმა გვაუწყა.  მოლნერის და სხვა მეცნიერების აზრით, ის დღე, ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილი, ანუ დღე, როდესაც მთვარემ იუპიტერი გადაფარა, იესო ქრისტეს დაბადების თარიღად უნდა მივიჩნიოთ.

ამრიგად, ევროპელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ იესო ქრისტეს შობის დღე 17 აპრილია. მაგრამ ეს ვერსია ჩვენთვის არადამაჯერებელია. ჯერ ერთი მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, ახალი სტილით 7 აპრილს მარიამის ხარება იყო, ამასთან, ქრისტესშობის აპრილით დათარიღება წმინდა იოანე ოქროპირის, ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელისა და სხვა წმინდა მამების აზრებს ეწინააღმდეგება. ამავე დროს, თუ სახარების ტექსტს დავაკვირდებით აშკარაა, რომ იუპიტერის მთვარით გადაფარვა ის დღე უნდა ყოფილიყო, როდესაც მარიამი ელისაბედთან მივიდა და მუცლადღებულმა იოანე ნათლისმცემელმა, მუცლადღებული იესო ქრისტე შეიგრძნო. და კიდევ, ვარსკვლავმა იუდეა მიუთითა და არა ნაზარეთი ან გალილეა, სადაც ღვთისმშობელს მთავარანგელოზმა იესო ქრისტეს მუცლადღება ახარა. ღვთისმშობლის ხარებას 17 აპრილამდე დაახლოებით 10 დღე, ანუ ის დრო აშორებს რაც მარიამს ნაზარეთიდან იუდეაში, ელისაბედთან ჩასვლისათვის უნდა დასჭირებოდა.
"ადგა მარიამი იმ დღეებში და სასწრაფოდ მიაშურა მთიანეთს, იუდეას ქალაქს" (ლუკ. 1:39). ამავე დროს, ცნობილია, რომ მანძილი ნაზარეთსა და მთიან მხარეს შორის დაახლოებით 100 კილომეტრია და იმ დროისათვის ასეთ ძნელ და გრძელ გზაზე გასამგზავრებლად მარიამს შესაძლებელია თანამგზავრის მოძებნაც დასჭირვებოდა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, მარიამი ელისაბედთან ხარებიდან 8-10 დღეზე ადრე ვერ ჩავიდოდა. ამიტომ, მუცლადღებული იოანე ნათლისმცემლის მიერ ელისაბედისა და სამყაროს ხარებაც 8-10 დღეზე, ანუ 15 აპრილზე ადრე ვერ იქნებოდა...

მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ჩასახვა და განკაცება ტოლფასი მოვლენებია. ამის საბუთად მოვიყვანთ ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელის სიტყვებს, სადაც ის ზორობაბელის დაბადების შესახებ ბრძანებს: "იუდეველები ამბობენ იესო ქრისტეს შესახებ დაწერილი სიტყვები: "შენგან გამოვიდეს", სინამდვილეში ზორობაბელის შესახებ წინასწარმეტყველება იყო, მაგრამ აშკარად იტყუებიან და თავსაც იტყუებენ, რადგან ზორობაბელი ბეთლემში კი არა ბაბილონში დაიბადა: „ზორო“ ნიშნავს თესლს და შობას, ხოლო „ბაბელი“-– ბაბილონს, ანუ ბაბილონში ჩასახულს ან გაჩენილს", როგორც ვხედავთ, „ჩასახული და გაჩენილი“ ადამიანის ამქვეყნად მოსვლის თვალსაზრისით ტოლფასი მოვლენებია. ამიტომ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მარიამისა და ელისაბედის შეხვედრის დღეს, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ამ შეხვედრის დროს საყოველთაოდ გაცხადდა განგებულება საიდუმლოსი: "განათლებად ყოველთა, რაი–იგი არს განგებულებაი იგი საიდუმლოისაი მის დაფარულისაი საუკუნითგან ღმრთისა თანა" (ეფ. 3:9).   "ახალი აღთქმა" ამ დღით, დაახლოებით 17 აპრილით უნდა დაწყებულიყო. მოლოდინი ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონოდა, როგორც იუდეველს, ისე წარმართს, ნიშნები კი სხვადასხვანაირი იქნებოდა, იმ დღიდან მოყოლებული, ღვთაებრივი საიდუმლოს შესაცნობად მხოლოდ ადამიანის მზაობაა საჭირო.

ამასთან, ჩვენი მხრივ დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთის ვერც ჩასახვისა და ვერც განკაცების შესახებ იოანე ნათლისმცემელზე ადრე მოგვები  ვერ შეიტყობდნენ, რადგან წმინდა წერილის მიხედვით, ქრისტეს მობრძანების შესახებ კაცობრიობისათვის პირველს იოანე ნათლისმცემელს უნდა ეწინასწარმეტყველებინა. ეს უნდა ყოფილიყო ხმა "უდაბნოში“მღაღადებლისა". სწორედ ამიტომ, მაცხოვრის შესახებ ჯერ კიდევ მუცლადღებულ იოანეში გაჩენილი პირველი სიტყვა იოანეს დედამ, ელისაბედმა გაახმოვანა. მოგვებს კი ვარსკვლავი, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა ეხილათ.

თანამედროვე ასტროლოგების გამოთვლებით იუპიტერი მთვარემ ახალი სტილით 17 აპრილს გადაფარა და მოგვებისათვის სწორედ ეს იყო სამყაროს მეფის დაბადების ნიშანი. გამოდის, რომ თანამედროვე მეცნიერებმა ქრისტეს დაბადების დასაბუთებულ თარიღს მიაკვლიეს: თუ იუპიტერის მთვარით გადაფარვას და მართლმადიდებლურ კალენდარს შევაჯერებთ ადვილად მივხვდებით, რომ ხარება მარიამისა იყო ძვ. წ. აღ. 6 წლის 7 აპრილს, ხარება ელისაბედისა და მოგვების მიერ ცისკრის ვარსკვლავის ხილვა იყო დაახლოებით 10 დღის შემდეგ - 17 აპრილს და ამ თარიღებიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ქრისტეშობა: ძვ. წ. აღ. 5 წლის 7 იანვარს (ახალი სტილით) და ძველი სტილით -  6 წლის 25 დეკემბერს, აბსოლუტურად ზუსტი ყოფილა. ასევე უკვე აღვნიშნეთ, რომ ვარსკვლავმა მოგვებს ნაზარეთი - მთავარანგელოზის მიერ მარიამის ხარების ადგილი კი არა, იუდეა -  სამყაროს ხარების ადგილი მიუთითა. ბეთლემის შესახებ კი მოგვებმა ჰეროდეს მწიგნობრებისგან შეიტყვეს, ხოლო დაბადების ადგილის შესახებ, სადაც მათ უფალი იხილეს დაწერილია: "აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო. ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს" (მათ. 2:9–10). წმინდა წერილიდან ჩანს, რომ ვარსკვლავი მათ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მიუძღვებოდა. ჩვენ კი გვსურს განვაცხადოთ, რომ მიუხედავად უდიდესი ძალისხმევისა, რის გამოც არ შეიძლება თანამედროვე ევროპელი მკვლევრებისადმი ღრმა პატივისცემით არ განეწყო, მათ თავისი ტრადიციებიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ხარების თარიღს ყურადღება არ მიაქციეს და ხარება უნებლიეთ ქრისტესშობად გამოაცხადეს. ამ უზუსტობის გამო ისინი ერთხმად ამტკიცებენ, რომ ქრისტე არც 25 დეკემბერს და არც 7 იანვარს არ დაბადებულა.  

4. მწყემსთა ხარება. ლინგ აილენდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ეგვიპტოლოგმა და პალეოპათოლოგმა ბობ ბრიერმა  გაარკვია: იმის გამო, რომ წლის სხვა დროს ცივი ღამეებია, იუდეველები საძოვარზე ცხვარს წელიწადში მხოლოდ 6 თვის განმავლობაში აპრილიდან სექტემბრამდე ტოვებენ. ეს ინფორმაცია მან ლუკას სახარების ტექსტთან: "იყვნენ იმ მხარეში მწყემსები, რომლებიც ველად იდგნენ და თავიანთ ფარას დარაჯობდნენ ღამით" (ლუკ. 2:8) შეაჯერა და დაასკვნა: "ვინაიდან, იმ მხარეში მწყემსებს ღამით ველად ფარა არ შეიძლებოდა ჰყოლოდათ, მაცხოვარი დეკემბერში ვერ დაიბადებოდა, ე. ი. მოლნერის გამოთვლები სწორია და ქრისტე აპრილის თვეში უნდა დაბადებულიყო".

რჩება შთაბეჭდილება, რომ თანამედროვე ევროპელი მკვლევრები ლოგიკურ დასკვნამდე მივიდნენ. მათი აზრით, იესო ქრისტე იშვა ძვ. წ. აღ. 6 წლის 17 აპრილს. მაგრამ მათ კვლავ არ გაითვალისწინეს ერთი უმნიშვნელოვანესი რელიგიური ფაქტორი: ებრაული მიშნა (ზეპირი კანონების კრებული) ისრაელის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში საერთოდ კრძალავს საქონლის დიდი სადგომების არსებობას. გამონაკლისს პალესტინის მიდამოებში, ბეთლემთან ახლოს, იმ საქონლის სადგომი წარმოადგენდა, რომელიც ტაძარში მსხვერპლშესაწირად  იყო განკუთვნილი. ანუ ეს არ იყო ჩვეულებრივი ცხვრის ფარა. იგივე ფრაგმენტი მიშნადან გვამცნობს, რომ ამ ადგილზე ცხვრის ფარა მთელი წლის განმავლობაში იდგა, თუმცა ჩვენთვის უმთავრესი ეს მაინც არ არის. ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი მაცხოვრის დაბადების კომენტირების დროს ხაზგასმით ბრძანებს: "უფალი იმიტომ მოგვევლინა ამ ქვეყნად რათა გამოვესყიდეთ უგუნურებისაგან". გამოსყიდვა მხოლოდ შესაწირავის საშუალებით ხდება, რადგან, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "რჯულის მიხედვით, თითქმის ყველაფერი სისხლით განიწმიდება, და სისხლის დათხევის გარეშე არ არსებობს მიტევება". ზემოხსენებულის გათვალისწინებით, აღსანიშნავია ის, რომ ანგელოზებმა ახალშობილი უფლის ხილვა პირველებს სწორედ იმ მწყემსებს ახარეს, რომლებიც შესაწირ ფარას პატრონობდნენ...

მეორე მხრივ, იესო ქრისტე ბრძანებს: "მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე" (იოან. 10:14), „"შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს" (მათ. 2:6).
მაგრამ მთელი ამ სიხარულის ფონზე ჩაგვესმის იოანე ნათლისმცემლის სიტყვები, რომელიც მან იესო ქრისტეს საუფლო მსახურების დაწყების წინ განაცხადა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს... ახალშობილი მაცხოვარი ბაგაში პირველებმა მწყემსებმა იხილეს. იერუსალიმის ტაძართან ახლოს, ბეთლემში, შესაწირი ფარის მწყემსებმა ახალშობილი ტარიგი ღმრთისა იხილეს.
ამრიგად, ჭეშმარიტად ასე ყოფილა:

ძველი სტილი
ხარება მარიამისა - 25 მარტი (ძვ. წ. ა. 6 წ.)
ხარება ელისაბედისა და მოგვებისა, ანუ საყოველთაო ხარება - 4 აპრილი (ძვ.წ.ა.6 წ.)
ქრისტესშობა -  25 დეკემბერი (ძვ. წ. ა. 6 წ.)
ახალი სტილი
ხარება მარიამისა - 7 აპრილი (ძვ. წ. ა. 6 წ.)
ხარება ელისაბედისა და მოგვებისა, ანუ საყოველთაო ხარება - 17აპრილი (ძვ.წ.ა. 6 წ.)
ქრისტეშობა - 7 იანვარი (ძვ. წ. ა. 5 წ.)

როლანდ ჩხეიძე
აქსელანდრე
10 იანვარი 2014 11:51
ჭეშმარიტად... ჭეშმარიტად 25 დეკემბერს იშვა ქრისტე! დასავლელი მეცნიერები საკმაოდ კარგად ერკვევიან ნებისმიერ სფეროში... ყველგან ლიდერები არიან და წინ უსწრებენ სხვებს, მაგრამ როდესაც საქმე ქრისტიანულ, დოგმატურ საკითხებს ეხება აშკარად სხვა ტოტზე გადიან და ჩიხში ექცევიან. ამის მიზეზი ალბათ მხოლოდ ერთი რამ შეიძლება იყოს: ვერანაირი ცოდნა და განათლება სულიერების გარეშე ვერ იქნება იმის გარანტია, რომ წარმატებას მივაღწიოთ ისეთი საკითხების კვლევაში რაც უფალს უკავშირდება.
gvantsa abashidze
12 იანვარი 2012 14:22
მოცემულ სტატიაში კარგად ჩანს, რომ მხოლოდ მეცნიერების ჩარევით ჭეშმარიტი და უტყუარი დასკვნის გამოტანა საკმაოდ რთულია. მეცნიერული კვლევების ერთმანეთთან დაკავშირებით თითქოს მივდივართ ჭეშმარიტ დასკვნამდე, მაგრამ უზუსტობების შედეგად ეს სიზუსტის შეგრძნება ბათილდება. ყველაფერი გასაგები და ნათელი ხდება წმინდა წერილის "ჩარევის" შემდეგ, რომელსაც ამ შემთხვევაში საბოლოო კვანძის გახსნის ფუნქცია აქვს. სტატიის კითხვისას მკითხველი რაიმე თვალსაზრისს კი არ ეცნობა, არამედ თანმიმდევრული, ლოგიკური მსჯელობითა და ფაქტების შეჯერებით ავტორთან ერთად მიდის საბოლოო, მის მიერვე დასაბუთებულ დასკვნამდე. საინტერესოა, შეძლებს თუ არა ის ფაქტი, რომ ქრისტე "ქრისტეს შობამდე" 5 წლით ადრე დაიბადა, რაიმე ცვლილების შეტანას წელთაღრიცხვის წარმოებაში?
სხვა სიახლეები
ისტორიის თვალსაწიერზე ჩვენს წინაპრებს არავისთან ჰქონიათ ისეთი მჭიდრო სულიერი ერთობა, როგორიც ბერძნებთან. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (რომის იმპერიაში 313 წელს;
დაწვრილებით...
ქრისტეს ენაზე მოგალობე ბერის ექსტრაორდინარული ცხოვრების გზა

"ყველაზე დიდი ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ბეტონის ამრევ მანქანაში ჩავვარდი. იქიდან ცოცხალი ისტორიაში ჯერ არავინ გამოსულა, ჩემ გარდა"

ვთქვი: "თუ იქნება სათნო უფლისათვის, მე გავხდები მონაზონი, ოღონდ ის გადარჩეს"
დაწვრილებით...
სულთმოფენობიდან ერთი კვირის თავზე, 16 ივნისს, წმინდა მოციქულთა მარხვა დაიწყო. ეს მარხვა 12 ივლისს მოციქულთა - პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრე-პავლობის მარხვა.
დაწვრილებით...
კუკიის სასაფლაოზე ერთი გამორჩეული საფლავია. ბოლო 10 წელია ამ საფლავზე მიმსვლელთა რაოდენობა თანდათან მატულობს. იქ მჯდომარე ანასტასია განისვენებს.

ტრაგიკულმა სიყვარულმა ანასტასია სალოსად აქცია - 65 წელი მჯდომარემ გაატარა
დაწვრილებით...
”ეს სიტყვა იყო ცილისწამება ჭეშმარიტებაზე, გამოთქმული არაწმიდა კადნიერებით (არსებობს წმინდა კადნიერებაც), თქვენთვის დამახასიათებელი მენტორული ტონით”

”თურმე საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი წილხვედრილობა "ლეგენდა და სიმბოლო ყოფილა"

”დღეს ჩვენი ერიშვილები უდიდეს ზნეობრივ დაცემას არიან მიცემული, მაგრამ ისინი ჩვენ გვიყვარან.”
დაწვრილებით...
ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ამ კვირაში ორი დიდი წმინდანის დღეს აღნიშნავს. 12 მაისს ქართველთა განმანათლებელს ანდრია პირველწოდებულს იხსენებს, ხოლო 14 მაისს - წმინდა მეფე თამარს.
დაწვრილებით...
ექვს მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის იხსენებს. შეეწიოს საქართველოს და სრულიად საქრისტიანოს ქრისტეს მხნე მეომარი.
წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი აურაცხელია, გაგაცნობთ რამდენიმეს:
დაწვრილებით...
”როდესაც ადამიანი სანთელს ქუჩაში ყიდულობს, ეს არ არის შესაწირი, ამას არა ღვთისთვის, არამედ საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად აკეთებს, - რომ ნაკლები თანხა გადაიხადოს. ამგვარი მიდგომით ადამიანი ავლენს, რომ ღვთისთვის ცოტა მეტი თანხის გაღება ენანება”

თუ გაჭირვებულია, შეუძლია, სხვა რამ გაყიდოს. ამგვარი ქმედებით ადამიანი ეკლესიას ართმევს”
დაწვრილებით...
გოლგოთამდე მომავალ გზას ზოგი მხოლოდ ფეხით, ზოგი - ფიქრით, ზოგი კი - პეტრე მოციქულივით სინანულის ცრემლებით ამომწვარი თვალებით და უფლისადმი დიდი სიყვარულით გადის...
დაწვრილებით...
პატრიარქს გაეღიმა, მამა გაბრიელმაც ღიმილითვე, სალოსურად უპასუხა: "დავლიოთ?" და პატრიარქს შეჰყვა შენობაში...
დაწვრილებით...
"იყიდება ბრეტონის ავეჯი,მასიური ხის,სასადილო ოთახის კომპლექტი."
"იყიდება გერმანიდან ჩამოყვანილ მანქანიდან მოხსნილი ე კლასის...
3-ოთახიანი, არასტანდარტული პრ. 3(9), 145 კვ.მ. გარემონტებული...
3-ოთახიანი, თუხარელის პრ. 14(15), 100 კვ.მ. გარემონტებული...
რა მოსწონთ თქვენს მეგობრებს
გამოკითხვა
თოქ-შოუ "სახალხო დარბაზი", პარასკევი 16:10 წუთზე, საქართველოში, ძალაუფლება, ყველა დონეზე ”ოცნების” ხელში გადავიდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება?