რწმენით აღდგენილი VII საუკუნის ტაძარი და მონასტრული ცხოვრება - კვირის პალიტრა

რწმენით აღდგენილი VII საუკუნის ტაძარი და მონასტრული ცხოვრება

ჩვენი ყოველდღიური რეჟიმის ფონზე განსაკუთრებით იგრძნობა, მათგან მომავალი საოცარი სიმშვიდე. რამდენიმე ისეთი შეკითხვის დასმამაც მომიწია, ერში მყოფ ადამიანებს ძალიან რომ გვაინტერესებს, მათთვის კი ცხოვრების ჩვეულებრივი წესია... VII-VIII საუკუნეებში აგებული წმინდა გიორგის მონასტერი ჩვენს წინაპარს თითქმის მიუვალ ადგილას აუშენებია, რათა მტრის შემოსევის დროს საიმედო თავშესაფარი ყოფილიყო. ამიტომაც საუკუნეების წინ ტაძარმა ასობით ადამიანი მტრისგან იხსნა, თუმცა, ლეგენდის თანახმად, მომხდურმა იქამდეც მიაღწია და მონასტერს შეფარებულები გაანადგურა. დახოცილთა სისხლით მიწა წითლად შეიღება. აქედან შემორჩა იქაურობას ყიზილდერესის (თურქ. - წითლად შეღებილი მიწა) სახელი.

2005 წელს სამმა მონაზონმა საზოგადოების თანადგომით აღადგინა, გადახურა და იქ დამკვიდრება გადაწყვიტა. დღემდე იქ არიან. მონასტრის წინამძღვარი დედა ქეთევანი და დედა თამარი რედაქციაში გვესტუმრნენ და მონასტრის აღდგენისა და ცხოვრების შესახებ გვიამბეს.

- წმინდა გიორგის მონასტრის შესახებ ჩვენამდე ძალიან მწირმა ცნობებმა მოაღწია. დღემდე არ არის ცნობილი, ვინ ააშენა მონასტერი. მხოლოდ მისი აგების თარიღი ვიცით და ის, თუ რომელი წმინდანის სახელს ატარებს. იქაურობა იმიტომ ავირჩიეთ, რომ მონასტერი დანგრევის პირას იყო, მხოლოდ კედლებიღა დარჩენილიყო.

ადგილი, სადაც მონასტერია აშენებული, ხეობაშია. მტრის შემოსევის დროს სოფლის მოსახლეობა ოჯახებს იქ ხიზნავდა, მეომრები კი გარშემო იყვნენ განლაგებული. გადმოცემით, თურქებმა მიაგნეს იქაურობას და სასტიკად გაუსწორდნენ. ტაძარი ასპინძიდან ხუთი კილომეტრის დაშორებით, ასპინძასა და სოფელ ოთას შორის მდებარეობს. მისი აღდგენა 2005 წლიდან, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტ თეოდორეს ლოცვა-კურთხევით დავიწყეთ. ტაძარი არათუ მოქმედი არ იყო, სახურავიც, სარკმლები და კარებიც კი არ ჰქონდა შერჩენილი. ფრესკები თითქმის გადაშლილია და მისი რესტავრაცია ძალიან დიდ სიფრთხილეს მოითხოვს, მათი აღდგენა ჯერ კიდევ შორეული პესპექტივაა. თუმცა, შესაძლებელია... უფლის შეწევნით უკვე წირვა-ლოცვა ვატარებთ და მონასტრის ტიპიკონსაც ვასრულებთ. აქვე ავაშენეთ კელია, ანუ სახლი, სადაც ვცხოვრობთ.

მოსახლეობა არც ისე ახლოს არის, მაგრამ ზოგჯერ მაინც ამოდიან. უფრო გაზაფხულსა და ზაფხულზე, რადგან ჩვენკენ მკაცრი ზამთარი იცის. მისი სიმკაცრე კი განსაკუთრებით ჩვენთან იგრძნობა, რადგან მთის წვერზე ვართ, ამიტომ შეშას ვიმარაგებთ. თავდაპირველად, რამდენიმე წელი ელექტრონი არ გვქონდა, შემდეგ ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა თავისი თანხებით გამოგვიყვანა. ჩვენ ამაზე ვერც ვიოცნებებდით, რადგან დიი თანხასთან იყო დაკავშირებული.

- მკაცრი კლიმატის გამო, ალბათ, ძნელია იქ ცხოვრება.…

- არა, არ არის ძნელი. დილის ხუთის ნახევარზე ვდგებით, ხუთზე უკვე ლოცვა გვაქვს. შემდეგ ტრაპეზი და მორჩილების საათი და ისევ ლოცვა. სამ საათზე გვაქვს წმინდა გიორგის პარაკლისი. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ტიპიკონის მიხედვით ხდება.

- ერში მყოფი ადამიანები თუ გაკითხავენ?

- დიახ, რა თქმა უნდა, ხშირად გვსტუმრობენ, ოღონდ აუცილებლად მოძღვრის კურთხევით. რახან თითქმის უკაცრიელი ადგილია, იქ დიდი ხნით დარჩენის ძალა და საშუალება ყველას არ შესწევს. გოგონები ამოდიან ზაფხულში, ასე, ერთი კვირით. ჩაკეტილი მონასტერი გვაქვს და იქ დარჩენა არ არის ადვილი. შესაძლოა, ერთი კვირის შემდეგ სტუმარი მოწყინებაში ჩავარდეს, რადგან სხვანაირი სიმძიმე მოდის ერში მოყოფი ადამიანებისთვის. ასაკსაც გააჩნია, ახალგაზრდებს უფრო უჭირთ. ჩვენს მონასტერში მთავარი საქმე ლოცვაა, რომელთაც არასდროს ვამოკლებთ.

- ალბათ, მეურნეობაც გაქვთ, არა?

- მიწის ნაკვეთი კი გვაქვს, მაგრამ შინაური ცხოველის მოშენებას ვერიდებით, რადგან ტყე ახლოს არის და ნადირის, დათვისა და მგლის ჩამოვარდნის საშიშროება არსებობს. ჩვენი საარსებო წყარო შემოწირულობა და ხელსაქმეა, ვქსოვთ, ვქარგავთ. ჩვენთან ახლოს არსებული მონასტრები, რომელთაც ზაფხულობით ტურისტები სტუმრობენ, ჩვენი ნაშრომის რეალიზაციაში გვეხმარებიან.

ერთადერთი, რაც ძალიან გვინდა და აქამდე თავი ვერ მოვაბით, ფუტკრის მოშენებაა. სკის დასაბინავებლად არაჩვეულებრივი გარემოა, წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყე, გაშლილი მინდორი.

- ხშირად ამბობენ, ბევრი ეკლესიაში იმიტომ დადის, რომ მოდურიაო. თქვენი აზრით, რამდენად ახლოს არის ერი ქრისტიანული წესით ცხოვრებასთან?

დედა თამარი:

- მორწმუნეობის ხარისხი ძნელი შესაფასებელია. მთავარია, ადამიანს სურვილი აქვს, მეტი გაიგოს ქრისტიანულ ცხოვრებაზე. მერე, დროთა განმავლობაში, უფრო მეტს კითხულობს, ლოცულობს და რწმენაში შედის. ასეთ ადამიანს ხელის შეშველებაც უნდა და სწორედ ამისთვის არსებობს მოძღვარი, რომ მას გონებისა და სულის განვითარებაში მიეშველოს. დრო სჭირდება, რომ ადამიანი მიხვდეს, უფალი რამდენად ახლოს არის მასთან. ეს ერთ-ორ თვეში არ ხდება. მორწმუნემ გზა უნდა გაიაროს, დიდი და ძნელი.

- ალბათ, ძნელია ამ გზის არჩევა, უფლისთვის თავის მიძღვნას ვგულისხმობ.

დედა ქეთევანი:

- ამ გადაწყვეტილების მიღებას ძალიან დიდი ხნის მომზადება უნდა უძღოდეს. ერთი ხელის მოსმით ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს ბევრად მძიმე და საპასუხისმგებლო საკითხია, ვიდრე ოჯახის შექმნა. მე 35 წლის ვიყავი, როცა ეს გზა ავირჩიე. მეუღლე გარდამეცვალა, მაგრამ ჩემი მონასტერში წასვლის მიზეზი ეს არ გამხდარა. მანამდეც ქრისტიანულად ვცხოვრობდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ერში დამკვიდრებულია აზრი, თითქოს მონასტერში წასვლას აუცილებლად რაღაც შემთხვევა უნდა უძღოდეს წინ, რაც ასე არ არის. ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანი წასულა მონასტერში, მაგრამ სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ ერში ბრუნდება.

დედა თამარი:

- ერთი კვირაა აქეთ ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები. აუცილებლობა რომ არ ყოფილიყო, არც ჩამოვიდოდით. წლებია მონასტერში ვცხოვრობ, მაგრამ ასევე წლების განმავლობაში ვფიქრობდი, შევძლებდი თუ არა მონაზვნობას. ადამიანის სურვილის გარდა, ეს ღვთის ნება უნდა იყოს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)