ილია II: შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა, თქვენ და საქართველოს - კვირის პალიტრა

ილია II: შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა, თქვენ და საქართველოს

მამა გაბრიელი შეირაცხა წმინდანად და მისი სახელი იქნება ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი

20 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, წმინდანად შეირაცხა არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) და ეწოდა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი. მისი ხსენების დღედ დაწესდა წმინდანის აღსრულების დღე, 2 ნოემბერი.

არაერთია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულებისა. სწორედ მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის თაობაზე. საპატრიარქოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ წმინდა სინოდის განჩინებაში ნათქვამია, რომ წმინდა სინოდმა გაითვალისწინა მამა გაბრიელის ცხოვრება, სასწაულები, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე, საყოველთაო სიყვარული, აღიარება და ერთხმად დაადგინა: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად". ამავე განჩინებით, მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნება (სავარაუდოდ, შობის მარხვის შემდეგ) და გადაასვენებენ სამთავროს ტაძარში. დაიწერება წმ. არქიმანდრიტის ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი.

ამ დიდებულმა ამბავმა საყოველთაო სიხარულით გააერთიანა საქართველოს მკვიდრნი და უცხოეთში გადახვეწილი ქართველები. ყველანი მადლიერებით ავივსეთ წმინდა სინოდისა და ჩვენი პატრიარქისადმი, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს.

მამა გაბრიელის სულიერი შვილი, სამთავროს დედათა მონასტრის მონაზონი, დედა პარასკევა ჰყვება: - "საბერძნეთში მცხოვრებმა ქალბატონმა გვიამბო: "ერთ საღამოს ხერხემალი ისე ამტკივდა, მოძრაობა აღარ შემეძლო. ლოგინში ჩავწექი და ვფიქრობდი, აღარ წამოვდგები, მირჩევნია, ასე მოვკვდე-მეთქი. ჩამთვლიმა. მამა გაბრიელი ვიხილე. კვერთხი მიწას დაჰკრა და მიწიდან უზარმაზარი მონასტერი აღმოცენდა. მოძღვარს ფეხებში ჩავუვარდი: - რადგან ამოდენა მონასტრის აშენება შეგიძლიათ, ჩემს განკურნებასაც შეძლებთ-მეთქი. მამა გაბრიელმა ორჯერ შემომკრა კვერთხი ხერხემლის დაზიანებულ ადგილას, სიზმარშივე საოცარი შვება ვიგრძენი. მითხრა: "შენ უკვე გამოჯანმრთელებული ხარ". მეორე დღეს საწოლიდან წამოვფრინდი".

ეს ამბავი კი საფრანგეთში მოხდა. ქართველი დედა გულმხურვალედ ევედრებოდა უფალს, გაეცნო ისეთი მოძღვარი, რომელიც შვილის მოსახელე იქნებოდა და შეეწეოდა მის ოჯახს. ერთხელ სიზმარში იხილა ბერი, რომელიც ასე გაეცნო: "მე მცხეთელი გაბრიელი ვარ, მზად ვარ, დაგეხმაროთ. როდესაც ტაძარში თქვენს მეგობარს შეხვდებით, უთხარით, დაჭრას ჩემი კაბა და ამ კაბის ნაწილები შეახვედროს მათ, ვისაც ჩემი დახმარება უნდა". ის ქალბატონი მხატვარია და მეორე დღესვე დაუხატავს სიზმარში გამოცხადებული ბერის გრაფიკული პორტრეტი. შაბათს ეკლესიაში  შეხვდა მეგობარს, რომელმაც მამა გაბრიელზე გამოცემული წიგნი აჩვენა და ურჩია, - წაიკითხე და მამა გაბრიელი შენს შვილს უმფარველებსო. ქალბატონმა წიგნი გადაშალა, მამა გაბრიელის ფოტოსურათს დახედა და - ფოტოსურათზე გამოსახული ბერი სიზმრად ნანახის ასლი იყო, ხოლო ვისაც მამა გაბრიელის სამონაზვნო შესამოსელი უნდა დაეჭრა და გაჭირვებულთათვის დაერიგებინა, ის აღმოჩნდა, ვინც მხატვარს მამა გაბრიელის წიგნის წაკითხვა ურჩია. თურმე სწორედ მას შეუკერავს მამა გაბრიელისთვის სამონაზვნო ჩოხა და ამის შემდეგ გადასულა საფრანგეთში საცხოვრებლად. მხატვარმა ქალბატონმა მამა გაბრიელის პორტრეტი ჩვენს მონასტერს შემოსწირა. საფრანგეთიდან საქართველოს საპატრიარქოს გამოუგზავნეს წერილი, რომელშიც ყველა სასწაულის შესახებ არის მოთხრობილი. მათ სთხოვეს  წმინდა სინოდს, განეხილათ  მამა გაბრიელის წმინდანად შერაცხვის საკითხი.

ეს წერილი კი მეგობარმა მომწერა და მისი ნებართვით მსურს, თქვენც გაგაცნოთ: ""კახა, ვიფიქრე, რომ შენც უნდა გცოდნოდა ამბავი, რომელიც 1998 წლის 14 ოქტომბერს (სვეტიცხოვლობას) შემემთხვა.

ხომ გახსოვს, 90-იანი წლების თაობის მძიმე და სამწუხარო მდგომარეობა. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ, მეც ნარკომანი ვიყავი. მეგობარმა ცოლ-შვილთან ერთად გამომიარა და წავედით "მცხეთობაზე. ორივე კაიფში ვიყავით."   წამოსვლისას  მეგობრის მეუღლემ, მითხრა, აქ ერთი ბერის საფლავია და იქნებ შევიაროთო. დავთანხმდით, მაგრამ გარეთ დაველოდეთ. ეგ იყო - ირონიულად მივაძახე, - ჩემთვის სანთელი დაანთე და სთხოვე, გადამარჩინოს-მეთქი. საღამოს უბნელმა ბიჭმა შინ ჰეროინი მომიტანა. ხომ უნდა გამესინჯა!.. მერე აღარაფერი მახსოვს... თურმე სასწრაფოს ოთხი ბრიგადა მოვიდა... ყოველი ბრიგადა მოსვლისთანავე 5 მლგრ-მიან 'ნარკანს" მიკეთებდა (სულ 20 გამიკეთეს!). ვისაც მედიცინა ესმის, იცის, ეს მკვდარსაც გააცოცხლებდა. 45 წუთი "მკვდარი" ვიყავი... ვხედავ: მე გაშავებული, ბინტით ხელებგაკრული და თეთრზეწარგადაფარებული იატაკზე ვასვენივარ. დედაჩემი გულწასულია,  კარი ღიაა, მეზობლები სართულის ბაქანზე დგანან, ქალები შიგნით მოსთქვამენ, სასწრაფოს ექიმები გარდაცვალების აქტს წერენ...  მორწმუნე მეზობელი გვყავს, მანანა დ-ელიძე. უხმოდ შემოვიდა, დაიხარა, სახეზე და შუბლზე მამა გაბრიელის ზეთი მცხო, - იქ ცოტა შეეწევაო. ეგ იყო და, წამოვხტი ხელებშეკრული. საავადმყოფოში გამაქანეს, სამი დღე მიკვლევდნენ".

ისევ 20 დეკემბერს დავუბრუნდეთ:  სხდომის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქი სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მიბრძანდა ახალშერაცხილი წმინდანის, არქიმანდრიტ გაბრიელის საფლავი მოილოცა და მრევლს მიმართა:”"მინდა გახაროთ: ერთი საათია, დამთავრდა წმინდა სინოდის სხდომა. მამა გაბრიელი შეირაცხა წმინდანად და მისი სახელი იქნება ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა, ჩვენთან არს ღმერთი!"

ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა კი ბრძანა: "ეს არის უდიდესი მოვლენა ჩვენი ერის ცხოვრებაში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ მეოცე საუკუნის ამ უმძიმეს ხანაში, როდესაც იდევნებოდა რწმენა, ჩვენს ეკლესიაში ცხოვრობდნენ წმინდანები და ისეთი დიდი წმინდანები, რომლებიც სასწაულებს ახდენდნენ. მამა გაბრიელი მრავალ სასწაულს ახდენდა ცხოვრებაში, გარდაცვალების შემდეგაც და აი, დღეის შემდეგ ჩვენ ველოდებით, რომ იგი უფრო დიდ სასწაულებს მოახდენს ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის დიდი სიხარული სრულიად საქართველოსთვის, ეს არის სახალხო სიხარული, იმიტომ, რომ მამა გაბრიელი უკვე იყო აღიარებული წმინდანად ქართველი ერის მიერ. ვულოცავ ქართველ ერს ამ სიხარულს".

შემდეგ უწმინდესი, მღვდელმთავრებთან ერთად, სიონის საკათედრო ტაძარში მიბრძანდა და სამადლობელი პარაკლისი გადაიხადა. „ჩვენ ბევრი წმინდანი გვყავს, მაგრამ მამა გაბრიელი განსაკუთრებულია, განსხვავებულიაო, - ბრძანა უწმინდესმა. წერილს პატრიარქის სიტყვებითვე დავასრულებთ: "ვმადლობთ უფალს, რომ მან საქართველოს მოუვლინა ახალი წმინდანი. მამა გაბრიელი, რომელსაც ეწოდა აღმსარებელი და სალოსი, მომავალში უფრო მეტად დაეხმარება საქართველოს და ჩვენს ეკლესიას. შეგეწიოთ მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევა, თქვენ და საქართველოს. ამინ!"