უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლე - კვირის პალიტრა

უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლე

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მხცხოვრებნო თანამემამულენო!

,,აღდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი" (ზატიკი)

ქრისტე აღდგა!

ზეიმობს ანგელოზთა დასი.

ქრისტე აღდგა!

გუგუნებენ ეკლესიის ზარები.

და ჩვენც, მოციქულთა მსგავსად, სიხარულით აღვსილნი ვხმობთ:

ქრისტე აღდგა!

ჭეშმარიტად აღდგა!

,,სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი? სადა არს, სიკვდილო, საწერტელი შენი?!" (Iკორ.15,55).

მაცხოვარმა სიკვდილითა სიკვდილი დასთრგუნა და ადამი და მისი მოდგმა სატანჯველისაგან იხსნა, ცოდვათაგან დარღვეული ჩვენი სული აღადგინა და კაცთა მრავალათასწლოვანი ნატვრა აღასრულა.

ადამიანის შექმნის მიზანი იმთავითვე იყო ღმერთთან მუდმივი მყოფობა, მის განგებულებაში თანამონაწილეობა.

მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების წყარომ ასეთივე სიკეთით დააჯილდოვა კაციც, მაგრამ შემოქმედისადმი ურჩობითა და მისგან განდგომით ჩვენმა პირველმშობლებმა მაცხოვნებელი მადლი დაკარგეს.

მადლი ღვთისაგან მომდინარეობს და მსჭვალავს მთელ სამყაროს; იგი ,,ყოველგან არს და ყოველივეს აღავსებს," მისით მოძრაობენ პლანეტები და სულდგმულობს ყოველი ცოცხალი, მაგრამ სხვა არის მაცხოვნებელი მადლი, რომელიც უხვად მოედინება ყოვლადწმიდა სამების წიაღიდან და ქრისტეს მისტიური სხეულიდან, ეკლესიიდან, და განეფინება ადამის მოდგმას; სინერგიის აღსრულება კი ინდივიდუალურია და პიროვნების ნებაზეა დამოკიდებული:

ზოგიერთნი კმაყოფილდებიან ნათლობით მიღებული მადლით და აღარ ზრუნავენ მის გამრავლებაზე, სხვანი თავისუფალი ნებით ირჩევენ განვითარების საპირისპირო გზას და ბოროტის მსახურნი ხდებიან.

როგორც ერთი, ისე მეორე მდგომარეობა არ მისცემს საშუალებას ადამიანს, შეიცნოს ღმერთი. ამაზეა ნათქვამი ,,სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ მიხვდებით, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ დაინახავთ." (მათე 13,14). ისინი უქმ-ყოფენ თავის ნიჭსა და შესაძლებლობებს და მარადიული ტანჯვისთვის წირავენ სულს.

ღვთის მსგავსება ნებისმიერ პიროვნებაში განაპირობებს სრულყოფილებისაკენ მის სწრაფვას. სრულქმნა კი არის ყოველი ქრისტიანის მოწოდებაც და ვალდებულებაც.

იესო ქრისტე არის მაგალითიც ჭეშმარიტი ადამიანისა და, აქედან გამომდინარე, დადასტურება იმისა, თუ რა საოცარი შესაძლებლობებისაა ჩვენი შინაგანი სამყარო.

მაცხოვნებელი მადლი გვანიჭებს უნარს სნეულთა განკურნებისა, სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა, მრავალ სასწაულთა აღსრულებისა და, რაც მთავარია, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლებისა და განღმრთობისა.

უნდა ითქვას ისიც, რომ, მართალია, იესო ქრისტე ყველა დროის უდიდესი მაგალითია, რომელსაც ვერასოდეს ვერავინ შეედრება, მაგრამ ცალკეულ ეპოქას თავისი ავტორიტეტები, თავისი გამორჩეული პიროვნებები მაინც სჭირდება, რომლებიც ჭეშმარიტი რწმენისა და მამულისათვის თავდადებით ხალხს განამტკიცებენ და სწორი გზის მაჩვენებელნი არიან.

მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის მოციქულნი და მოწამენი, ღმეთშემოსილნი და ღირსნი მამანი და დედანი, ჩვენი დიდებული მეფენი და დედოფალნი, სასულიერო პირნი, თავადაზნაურთა და დაბალი ფენის წარმომადგენელნი საუკუნეთა მანძილზე განამტკიცებდნენ საზოგადოებას.

ათეისტურ პერიოდში ისინი შეცვალა ინტელიგენციის, მუშათა კლასისა და სამხედრო პირების (განსაკუთრებით სამამულო ომის დროს) მაშინდელმა რჩეულმა ნაწილმა (რომ აღარაფერი ვთქვათ ბელადებზე), რომელიც ქვეყნის ერთგვარ ზნეობრივ სახეს ქმნიდა.

ჩვენს დროში კი, თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ესეც მოისპო და, შეიძლება ითქვას, უღირსთა ზეობის დრო დადგა.

ეს მდგომარეობა აუცილებლად უნდა შეიცვალოს, თუ გვსურს, სწორი ნაბიჯები გადავდგათ და სათანადო ორიენტირები თავიდანვე განვსაზღვროთ.

საერთოდ, პიროვნება და საზოგადოება ერთმანეთს ასაზრდოებენ. ცალკეული ადამიანის ჩამოყალიბება, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საზოგადოებაში არსებულ ღირებულებათა სისტემაზე, რომელსაც ხელისუფლებასთან ერთად სარწმუნოებაც განაპირობებს.

როდესაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სირთულეები ჩნდება, აქტიურდება პიროვნებების როლი და მათი ჯანსაღი, მტკიცე პოზიცია დიდ როლს ასრულებს მდგომარეობის გამოსწორებაში.

პრობლემის სათავე უღმერთობა ანუ უმადლობაა. მადლის ნაკლებობა ჩვენ, ქრისტიანებსაც, გვახასიათებს, რადგან ხშირად მხოლოდ სიტყვით ვაღიარებთ უფალს, გულით და საქმით კი შორს ვართ მისგან; ამასთან, ვემსგავსებით სახარებისეულ მართას, რომელიც ცდილობს, მაცხოვარს მიწიერი საქმეებით აამოს და ,,ზრუნავს მრავალთათვის." უფალი კი გვეუბნება, - ,,აქა ერთი არს სახმარ."

ანუ, უპირველეს ყოვლისა, საკეთებელია სულიერი საქმეები და შემდეგ მიწიერი, რომელიც მხოლოდ დამხმარე საშუალებაა გადარჩენისთვის.

ვინც ხორციელ ვნებებსა და გულისთქმებს ღვთის მადლით, დასთრგუნავს და თავის სულში ახალ ადამს ააღორძინებს, განთავისუფლდება ცოდვის ხრწნილებისაგან, სიკვდილის მონობისა და შიშისაგან.

წმინდა წერლიდან ვიცით, რომ პირველქმნილ ცოდვას მოჰყვა მისი შედეგი, - სიკვდილი, სიკვდილს კი, - ჯოჯოხეთი და ეშმაკის მეუფების ტყვეობაში გარდაცვლილთა სულების დამკვიდრება.

ასე გახდა სიკვდილი და ხრწნილება ადამიანის და მის დაქვემდებარებაში მყოფი ხილული სამყაროს ხვედრი.

სიკვდილი ორგვარია - ხორციელი და სულიერი.

ხორციელი სიკვდილი გულისხმობს სხეულის გაყრას უკვდავ სულთან. ამას ვერავინ გადაურჩება.

სულიერი სიკვდილი კი დგება გარდაცვალების შემდეგ, თუ სული ამქვეყნად არ იყო დაკავშირებული ღვთაებრივ მადლთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოდვასთან ერთად ადამიანის სულში შემოდის შიში. ეს ჯერ კიდევ სამოთხეში მოხდა: ადამმა დარღვია რა მცნება, სურდა დამალვოდა უფალს და მერეღა აღიარა, რომ ასე შიშის გამო მოიქცა.

მანამდე მან არ იცოდა, რა იყო ეს გრძნობა.

შიში განუყოფელია დანაშაულისა და ცოდვისაგან; ამიტომაც იგი ჩვენი ცხოვრების თანმდევია; ამქვეყნიურ საზრუნავში დანთქმულ ადამიანს ეშინია სხვისი და საკუთარი თავის, ხვალინდელი დღის, უცხო გარემოსი, მტრების; ეშინია სნეულების, შიმშილის, უსახსრობის და ა.შ. მაგრამ განსაკუთრებით გაურბის სიკვდილზე ფიქრს, რადგანაც ყველაზე მეტად ეს აძრწუნებს.

როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს პიროვნება, თუ მას არა აქვს ღვთის ჭეშმარიტი რწმენა და მთელი არსებით არ არის მინდობილი უფალს, ადვილად დაკარგავს მხნეობას.

გავიხსენოთ პეტრე მოციქული, რომელიც უდიდეს ერთგულებასა და თავდადებას იჩენდა მაცხოვრისადმი, მაგრამ როგორც კი საკუთარ თავს მიენდო და არა უფლის შემწეობას, მაშინვე გაცხადდა მისი ადამიანური ბუნების სისუსტე და უძლურება და განსაცდელში მყოფმა, სასჯელის შიშით, სამგზის უარყო ქრისტე.

შემდეგ კი, როდესაც ჭეშმარიტი სინანულითა და ღვთის მოწყალებით სიმტკიცის კლდედ აღდგა რწმენაში, მისთვის სიკვდილის შიში დაიძლია და პირიქით, ითხოვდა მძიმე ხვედრს, - თავდაღმა ჯვარცმას, - ოღონდ უფალს შეერთებოდა და მასთან ერთად ყოფილიყო განუშორებლად.

ვისაც სულიერი თვალი აეხილება, ხორციელ სიკვდილში შეიცნობს მარადიულ სიცოცხლეს და მიწიერ ყოფაში, - მარადიული სიკვდილის საშიშროებას. ამიტომაც მისთვის გადამრჩენელი ხდება შიში ღვთისა, რათა ცოდვა მოიძულოს, სიკეთეში განმტკიცდეს და სინანულის მადლით განიწმინდოს...”

სრულად იხილეთ გაზეთ ”კვირის პალიტრის” ორშაბათის ნომერში.

TOP.GE