სხივფენილი დედოფალი - გილოცავთ თამარობას! - კვირის პალიტრა

სხივფენილი დედოფალი - გილოცავთ თამარობას!

დედოფალი სრულიად საქართველოსი, შოთა რუსთაველისა და სხვა პოეტების შთაგონების უშრეტი წყარო, დედა ყველა გაჭირვებულისა და უპოვარისა, შემწყალე და მლოცველი ყველასათვის – თამარი. დღეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თამარ მეფის ხსენებას აღნიშნავს.

გიორგი მესამის მხოლოდშობილი ასული თავის სიცოცხლეშივე დაისვა თანამოსაყდრედ მამამ-საქართველოს კი არა, იმჟამინდელი მსოფლიოს ისტორიისათვის იყო უცხო ქალის აღსაყდრება სამეფო ტახტზე და, ხელი რომ არ შეეშალათ მისი გამეფებისათვის, ამიტომ. მერე გარდაიცვალა გიორგი და ზარ-ზეიმით აკურთხეს საქართველოს ერთპიროვნულ ხელმწიფედ.

მერე. . . გამეფებისთანავე მოინდომეს მისი ხელისუფლების შეკვეცა და შეთქმულება მოუწყვეს. სწორედ მაშინ გაჩნდა ქართული პარლამენტის პირველსახე საქართველოს ისტორიაში ყუთლუ-არსლანის კარვის სახით. ისანში კარვის დაცემა და მეფისაგან მათთვის ძირითადი უფლებების გადაცემა მოითხოვეს. ბრძულად განაგო თამარმა და საზოგადოების პატივცემული ქალბატონები გააზავნა შუამავლად. ქალის მანდილსა და საზრიან სიტყვას სცეს პატივი და ერთგულების ფიცი დადეს ახალი მონარქის წინაშე.

მერე კი დაიწყო ოქროს ხანად წოდებული პერიოდი საქართველოს ისტორიაში:

ბრძოლები: შამქორი და ბასიანი, თამარის მეფობის გვირგვინად რომ ქცეულა.

ეკლესია-მონასტრები: ბეთანია, ქვაბთახევი, ვარძია. . . მნახველს რომ აოგნებს თავისი დიდებულებითა და სინატიფით. . .

ოსტატობა პოეტთა და ხელოვანთა: ბექა და ბეშქენ ოპიზრების საოცარი ჩუქურთმები და `ვეფხისტყაოსნად~ აკინძული ქართული სიტყვა. . .

განამშვენა სრულიად საქართველო: უამრავი ციხე, ხიდი და ქსენონი ააგო. სხეულის დასახიჩრება აკრძალა. ქრისტიანობა ქართველთა ცხოვრების წესად აქცია: არა მხოლოდ სამღვდელოების ან უბრალო ხალხის, არამედ მთელი სამეფო კარისათვის სავალდებულოდ. სიტყვას კი არა, საქმეს ითხოვდა მათგან: არავის ჰქონდა წირვის გაცდენის ან უზნეოდ ცხოვრების უფლება. მაგალითს კი უპირველესად თვითონ იძლეოდა: უპოვართაგან განუკითხველს არავის გაუშვებდა; უბრალო ხალხისათვის საავადმყოფოებს აგებდა და პირადად ამოწმებდა მათ ხარისხს; და გამუდმებით ლოცულობდა.

ყოველი ბრძოლის წინ ღამისთევით წირვას ესწრებოდა. მუხლმოდრეკილი ან იატაკზე ჯვრის სახედ გართხმული იყო მანამ, სანამ ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ამბავს არ მოუტანდნენ. უფლის ნებას მინდობილმა საშინელი სირცხვილი აჭამა მაჰმადიანთა გაერთიანებულ კოალიციას რუქნ-ად-დინის ხელმძღვანელობით და ნებითა ღმრთისაითა დაამარცხა ამპარტავანი სულთანი.

ღამეებს ლოცვასა და ხელსაქმეში ატარებდა-უბრალო ქალივით საკუთარი ნამუშაკევით ინახავდა თავს. საკუთარი ხელით დაართო, მოქსოვა, შეკერა და დაქარგა 7 მღვდლის შესამოსელი.

საქართველომაც შეიყვარა, როგორც შვილმა ტკბილი და მზრუნველი დედა. ყოველ ხიდისა თუ ციხის ნაშალს დღესაც თამარისას ეძახიან საქართველოში.

მერე სიკვდილიც მოვიდა, რადგანაც ჩვეულებრივი მოკვდავი იყო.

ეკლესიამაც და ხალხმაც წმინდანად შერაცხა.

და დღეს მისი ხსენების დღეა.

თამარობას გილოცავთ!

მარიამ ბურჯანაძე (სპეციალურად საიტისათვის)