"კერპთაყვანისცემა არის ცხენის ფიტულებით ახალი წლის აღნიშვნა და არა წმინდანის საფლავზე მისვლა" - კვირის პალიტრა

"კერპთაყვანისცემა არის ცხენის ფიტულებით ახალი წლის აღნიშვნა და არა წმინდანის საფლავზე მისვლა"

"ჩვენ ურწმუნობაში ვართ ჩავარდნილი, ამას ადასტურებს ე.წ. ცხენის, მაიმუნის და კიდევ სხვა ცხოველთა წელი"

"განა მამა გაბრიელი მოგვიწონებს, თუ მას უფლის ადგილას დავაყენებთ?!"

მამა გაბრიელის საფლავს "სურვილების ასასრულებლად" ათასობით ადამიანი მიადგა. რამდენად სწორია ეს და აქვს თუ არა ამას საერთო მართლმადიდებლობასთან,  ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ ქარელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარს მამა ილია ჩიკვაიძეს.

მამა ილია (ჩიკვაიძე):

- უკვე დიდი ხანია, მამა გაბრიელი ერმა წმინდანად აღიარა. აქედან გამომდინარე დიდი გაბრიელ ბერის ლოცვა-ვედრება ყოველთვის შეეწევა ადამიანებს. ორი სურვილი აგისრულდებათ თუ სამიო, ეგ ცოტა ზღაპრულ საქმედ მეჩვენება. რა, ხუთი რომ ვთხოვოთ, არ შეისმენს უფალი?! ვიღაცას ეს ყველაფერი თოვლის ბაბუისთვისაც შეუდარებია, არადა და ყოვლად მიუღებელია გაბრიელ ბერთან ასეთი მიდგომა.

- ხალხის გარკვეული ნაწილი ვინც იქაა, არაა მრევლი და არც მაინცდამაინც ეკლესიურად ცხოვრობს. ისინი იქ მხოლოდ იმიტომ მივიდნენ, რომ სურვილი ასრულებოდათ. ეს ხალხი არ ამბობს მამა გაბრიელის სავედრებელ ლოცვასაც კი. ასეთი ხალხის ქცევა ერთგვარად კერპთაყვანისმცემლობა ხომ არაა?

- მე ადამიანებს ვერ შევკადრებ და ვერ დავაბრალებ კერპთაყვანისმცემლობას გაბრიელ ბერთან მიმართებაში. კერპთთაყვანისმცემლობა ის არის, ჩვენმა ხალხმა ცხენის ფიტულებით, რომ დაიწყო ახალი წელი და ამას ხსნიან იმით, რომ ცხენის წელი დადგა. ამას აკეთებენ მორწმუნეებიც და არამორწმუნეებიც. აი ეს არის ნამდვილი კერპთაყვანისცემა და არა ის, რომ ვიღაც წმინდანის საფლავზე რამის შესავედრებლად მივიდა. ხალხს განმარტება სჭირდება, რომ მათ შეუძლიათ მამა გაბრიელს შესთხოვონ ნებისმიერ დროს და ის აუცილებლად შეეწევა მათ. თუ ურწმუნო ადამიანმა რამე ისეთი ითხოვა, რაც უფლისთვის სათნო არაა, ბუნებრივია ეს არ აუსრულდება.

- რატომ ვერ ხვდებოდა ამას ხალხის ის ნაწილი, ვინც იქ მივიდა?

- განმარტება აუცილებელია. ჩვენ უნდა ვიყოთ განათლებულნი ჩვენს სარწმუნოებაში. ხალხის ასეთი ეგზალტირება არის ძალიან საშიში, რადგან ჩვენ ვართ ემოციური ერი და ამიტომ შესაძლოა, ხალხი ფსიქოზშიც კი ჩავარდეს და არასწორად წარმართოს თავის სულიერი ცხოვრება. ეს ძალიან საშიშია.

- შესაძლოა ეს ყველაფერი ფანატიზმშიც გადავიდეს?

- ფანატიზმი არის ადამიანის უსიყვარულო მდგომარეობა. წმინდანის თაყვანისცემა აუცილებელია, მაგრამ ხშირად ხდება, რომ წმინდანებს ღმერთის ადგილზე აყენებენ და ეს დაუშვებელია. ეს თვითონ წმინდანებსაც არ მოეწონებათ. განა მამა გაბრიელი მოგვიწონებს, თუ მას უფლის ადგილას დავაყენებთ?! ჩვენ ურწმუნობაში ვართ ჩავარდნილი, ამას ადასტურებს ე.წ. ცხენის, მაიმუნის და კიდევ სხვა ცხოველთა წელი.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)