"ღვთისმშობლის ხატი საქართველომ უნდა მოიწვიოს" - კვირის პალიტრა

"ღვთისმშობლის ხატი საქართველომ უნდა მოიწვიოს"

25 თებერვალი ივერიის ღვთისმშობლის ხსენების დღეა

"საქართველო რომ დღემდე არსებობს, ეს უკვე სასწაულია"

"იქმნება ტაძრის მაშენებელთა ცოცხლებისა და გარდაცვლილების წიგნი. სია უკვე მილიონ ორასი ათასს ასცდა"

25 თებერვალს ყურადღება მახათას მთისკენ იქნება მიმართული, სადაც ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი შენდება. უპრეცედენტო შემთხვევაა: ქტიტორთა სია ძალიან დიდია - ეს ტაძარი ჩვენი საერთო ძალისხმევით შენდება. ტაძრის კედლები უკვე ამოყვანილია. - ნახეთ, როგორ გამოიყურება ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობა? - მეკითხება პაატა ბურჭულაძე, მონიტორს ჩემკენ აბრუნებს და შეხარის ამ სურათს, თითქოს ყოველი მტკაველი, რომელიც მიწიდან ამოზრდილა, მისი საკუთარი გულიდან შენდება, თითქოს ამ კედლებს გულისცემაც აქვთ და ტკივილ-სიხარულის განცდაც.

- ღვთისმშობლის მფარველობა ცხადზე ცხადია. ჩვენ თვალწინ იმდენი სასწაული ხდება, იმდენჯერ ვართ გადარჩენილი უბედურებას, რომ შეუძლებელია, კაცმა ეს შემთხვევითობას მიაწეროს. რამდენჯერ აღმოვჩნდით უფსკრულში, ღმერთმა ამოგვიყვანა. საქართველო დღემდე რომ არსებობს, ეს უკვე სასწაულია. მაგრამ ასე მუდმივად ხომ ვერ გაგრძელდება? თითოეული ჩვენგანი ცოტა მეტი მორწმუნე უნდა გახდეს. ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა ერთ-ერთი მაგალითია იმისა, როგორ ცდილობს ერი რწმენის განმტკიცებას და გადარჩენას. 10 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დამავალა ტაძრის მშენებლობა. ვიფიქრე, მეგობრებს დავუძახებ, ისინი კიდევ სხვებს მოიყვანენ, შევაგროვებთ თანხას და ავაშენებთ ტაძარს-მეთქი... ასე მარტივად არ გამოვიდა. შემდეგ უწმინდესმა ეს სქემა შემოგვთავაზა - დღეს ყველასგან თითო-თითო ლარია შემოწირული.

ადამიანს შეუძლია, არა მარტო თავისთვის, სხვისთვისაც გაიღოს შეწირულობა. მოსახსენებლებში უთითებენ ოჯახის წევრებს, მეგობრებს და გარდაცვლილებსაც. ყოველთვიურად დაახლოებით 250.000 ლარი შემოდის. შეგიძლია გადაიხადო ერთი ლარი და მოსახსენებელში ათი კაცი ჩაწერო. ზოგი ას ლარს იხდის და წერს ოცდაათ ადამიანს. დანარჩენ თანხას უპოვართა მოსახსენებლად გაიღებს. იქმნება ტაძრის მაშენებელთა ცოცხლებისა და გარდაცვლილების წიგნი. სია უკვე მილიონ ორასი ათასს ასცდა.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად მივიდა და ქართველ გაბრიელ ბერს ჩაჰბარდა ათონის მთაზე. როგორ სასწაულებრივადაც მივიდა, ისე უნდა გაქრეს ათონის მთიდან. ეს იქნება ნიშანი, რომ ბერებმა დატოვონ მთა, რადგან ის წყალში ჩაიძირება.

ნაწინასწარმეტყველებია, ღვთისმშობლის ხატი უნდა ჩამობრძანდეს საქართველოში. ის საქართველომ უნდა მოიწვიოს და იწვევს კიდეც. თუ გავითვალისწინებთ, რა ტემპით შენდება ტაძარი, ეს დრო მოახლოებულია.

- თქვენ მსოფლიო ბანი და დიდი ქველმოქმედი ხართ...

- თქვენ ხართ ყველანი ქველმოქმედნი, მე მხოლოდ ორგანიზება შევძელი...

- რა ხდება თქვენს შემოქმედებაში?

- 35 წელია სცენაზე ვარ. კიდევ მინდა ერთი 15 წელი ვიდგე, თუ მიწერია... წლის ბოლომდე ჯერ გერმანიაში, ჰამბურგში მაქვს სპექტაკლები, მერე მადრიდში, ვერონაში, იტალიაში, მეტროპოლიტენში...

- სცენაზე დაუვიწყარი პარტიები რომ შეასრულოთ, სულიერი საზრდოცაა საჭირო...

- ცხადია! საქართველოში გულს მტკენს ამდენი სიდუხჭირე, მაგრამ სასიხარულოა კარგ ხალხთან ურთიერთობა, მათთან, ვისაც უნდა, რომ დაეხმაროს სხვას... უკიდურესად ხელმოკლე ოჯახებს ვნახულობ, მაგრამ ფონდში შემოსულ წერილებს ვერ ვკითხულობ. ისეთი საშინელებები წერია, რომ წავიკითხო, ალბათ ვეღარ ვიმღერებ... ამ შთაბეჭდილებებიდან გამოსვლა რთულია, მაგრამ ესეც ერთგვარად მამზადებს მთავარისთვის... მწვერვალის მიღწევა არ არის ისეთი რთული, როგორიც მისი შენარჩუნება. სცენაზე გამოსვლა მარტო სიმღერა არ არის, სცენაზე გამოსვლა ნიშნავს, რომ დიდი ენერგია უნდა გამოიტანო.

- თქვენ ხმით გააოცეთ მსოფლიო, მაგრამ არანაკლებ გააოცეთ გულღიაობითაც...

- ეს ჩემი დამსახურება არ არის, საქართველოს დამსახურებაა.

- ხასიათს ეროვნება არ აქვს, გულღია და კეთილი ადამიანები ევროპაშიც არაერთი შეგხვდებოდათ...

- და ისინი ჩამოდიოდნენ კიდეც აქ "იავნანას" კონცერტებში მონაწილეობისთვის...

- 3 მარტი გვიახლოვდება. ამ დღეს ველით "იავნანას" საქველმოქმედო კონცერტს.

- 3 მარტს ჩვენს ფონდს უსრულდება 10 წელი. ამ დღეს გაიმართება 24-საათიანი ტელემარათონი "რუსთავი 2"-ის ეთერში, საღამოს 10 საათზე კი - დაიწყება გალა-კონცერტი. ველოდებით ლეგენდარულ ბარიტონს რენატო ბრუზონის და აღიარებულ ტენორს მარჩელო ჯორდანის. ვფიქრობ, ამ დღეს სადღესასწაულო განწყობა ექნებათ იმ ადამიანებს, ვინც 10 წლის მანძილზე ჩვენთან ერთად ეხმარებოდა სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მრავალშვილიან ოჯახებს. "იავნანა" ყველა იმ ადამიანის ფონდია, ვისაც ერთხელ მაინც დაურეკავს ნომერზე 0901 30 30 30.

ჩვენ მეასე სახლის გასაღებს გადავცემთ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ოჯახებში, რომლებსაც დავეხმარეთ, ყველაზე ნაკლები - 5 ბავშვია, ყველაზე მეტი კი - 14, ნახეთ, რამდენს გაუჩნდა თავშესაფარი. ამ ხნის განმავლობაში ათას ბავშვს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი პირობები, მათი რიცხვი კი, ვისაც სხვადასხვა დროს დავეხმარეთ, 7000-ს გასცდა...

ღმერთმა გვაკეთებინოს სიკეთე და ისე წასულიყოს საქმე, სულ მალე აღარავის დასჭირვებოდეს ჩვენი დახმარება...

ვისაც აქამდე არ გაუღია შესაწირი, ამიერიდან შეუძლია ჩაერთოს ამ დიდ საქმეში. ამისთვის საჭიროა, ამოჭრათ და შეავსოთ ანკეტა, რომელიც სტატიას ახლავს. ჩაწერეთ თქვენი ოჯახის წევრების  გვარ-სახელები, როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების. ეს ანკეტა უნდა მიიტანოთ ნებისმიერ ბანკში და მითითებული თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან. თუ ისეთ რაიონში ან სოფელში ცხოვრობთ, სადაც ახლომახლო არც ერთი ბანკი არ არის, მაშინ შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ ფონდ "ივერიისას" მისამართზე: თბილისი, პეკინის ქ. #28. შემოწირულობის გასაღებად კი იმდენჯერ აკრიფეთ ტელეფონის ნომერი 0901777777, რამდენის ფინანსური შესაძლებლობაც გაქვთ. თითო აკრეფილ ნომერზე თქვენი სატელეფონო ანგარიშიდან ერთი ლარი ჩამოიჭრება.